გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6003-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - შ-------------–------------–---
წარმომადგენელი - ო-----------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ა------------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება;
1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შო------------–------------–-დისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ნებართვის გაცემის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შო-----------–-----------–---მა (S----------------------------------------------–----------------------------------) 2018 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. განმცხადებელმა ჩაიბარა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ვალდებული იყო განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციას გაცნობოდაინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov. ge და http://psh.gov.ge.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შო-----------–-----------–---ის 2018 წლის 15 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 75-78);
- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 68-69).
3.2. შო-----------–-----------–--- კანონიერ ქორწინებაში იმყოფება ალ------------------თან (A-----------------------------------–----------------------------------), რომელზეც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწვეტილებით, გაიცა ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით 2018 წლის 13 ი--------- 2019 წლის 7 მ--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2018 წლის 3 აგვისტოს №--------- ცნობა (ს.ფ. 84);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №---------- გადაწვეტილება (ს.ფ. 87-88).
3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს წერილით შო-----------–-----------–---ს ეცნობა, რომ მის განაცხადს არ ერთვოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ცნობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ. აღნიშნულის დოკუმენტის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრა ვადა 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით. ხარვეზის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება ვერ-გვერდზე www.sda.gov.ge განთავსდა 2018 წლის 29 აგვისტოს, 2------- საათზეი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №----------/7 წერილი (ს.ფ. 64-65);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №--------- (ს.ფ. 66).
3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 29 აგვისტოს №----------/1 წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 10 სექტემბრის №----------------- წერილის თანახმად, დეპარტამენტს №---------- საქმეში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 29 აგვისტოს №----------/1 წერილი (ს.ფ. 70);
- 2018 წლის 10 სექტემბრის N S---------------- საპასუხო წერილი (ს.ფ. 71).
3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის წლის 18 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილებით, შო-----------–-----------–---ს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-19).
3.6. ქ. მაშჰადის საერთო სასამართლოში არსებული ჩანაწერების თანახმად, რომ შო-----------–-----------–--- (მამის სახელი: ქ--------, დაბადების მოწმობის ნომერი: 1------, პ.ნ. 2---------, დაბადების წელი: 19.09.1---, გაცემის ადგილი: ქ. შ-------) არ არის ნასამართლევი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ირანის ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ქ. მაშჰადის პროვინციის გენერალური პროკურატურის 2018 წლის 3 სექტემბრის №----- ცნობა (ს.ფ. 24).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შო------------–------------–-დის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
მითითებული კანონის მე-14 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის სახეებს. აღნიშნული მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.
მითითებული კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-7 მუხლში.
ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად კი ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის 1-ელი და მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა შო------------–------------–-დის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მისგან დამატებით მოითხოვა ირანის ისლამური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ცნობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ. მოსარჩელეს აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა წარედგინა 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით, რაც არ განუხორციელებულა. აღნიშნულის გამო, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღო გადაწვეტილება ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომლის 2018 წლის 10 სექტემბრის საპასუხო წერილის თანახმად, დეპარტამენტს შო-----------–-----------–---ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლები, ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება. საგულისხმოა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, ურთიერთშეჯერების ვალდებულებას. მითითებული ვალდებულების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით (განხორციელებული ქმედება) პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც მიღებული იქნა იგი, გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
შო------------–------------–-დისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი. პრობლემა, რეალურად, წარმოშვა იმ გარემოებამ, რომ განმცხადებლის მიერ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხდა შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შო------------–------------–-დისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის რეალური სამართლებრივი საფუძველი. მხარეთა შორის სადაო არ არის ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრი, კერძოდ, მეუღლე. ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ქ. მაჰშადის პროვინციის გენერალური პროკურატურის 2018 წლის 3 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელე არ არის ნასამართლევი. აღნიშნული ცნობა ირანის საელჩოდან შ--------------–------------–---ის მიმართ გაცემულ იქნა 2018 წლის 14 სექტემბერს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არ განხორციელდა მისი დროულად დამოწმება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ახდენს რა საჯარო და კერძო ინტერესების პრიორიტეტულობის ურთიერთშეპერისპირებას, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის საჭიროების მქონე საჯარო ინტერესი არ იკვეთება, განსხვავებით კერძოსგან, უპირატესად მიიჩნევს მხარის ინტერესს, კერძოდ, იგი არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა დოკუმენტის დროულად გაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (მოსარჩელე არის საქართველოში ბინადრობის ნებართვის უფლების მქონე პირის მეუღლე, არ არის ნასამართლევი) გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შო------------–------------–-დის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შო------------–------------–-დისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის 1-ელი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შო------------–------------–-დისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს შო------------–------------–-დის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შო------------–------------–-დის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №---------- გადაწყვეტილება შო------------–------------–-დისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შო------------–------------–-დისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე;
4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი