გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
820210018002408190
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210018002408190 (2-220/18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ფ--------------------ი“

წარმომადგენელი - ვ--–--------------------ე

 

მოპასუხე - თ----–---------ე

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეს თ----–---------ეს შპს ,,ფ--------------------ის“ სასარგებლოდ 1999.00 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 800 ლარი, სარგებელი 152 ლარი, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 1047 ლარი.

 

1.2. მოპასუხეს თ----–---------ეს მოსარჩელე შპს ,,ფ--------------------ის“ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 50 ლარის გადახდა.

 

1.3. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 27 ნოემბერს შპს ,,ს----–-----ს“ (გამსესხებელი) და თ----–---------ეს (მსესხებელი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #7----- და მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად მსესხებელს 2016 წლის 26 დეკემბერს უნდა მოეხდინა სესხის ძირითადი თანხის და საკომისიოს (პროცენტი) 152 ლარის გადახდა. მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა დადგენილ ვადაში, რითაც დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო 1104 ლარი (ძირი თანხის 800 ლარის 1,3%, ყოველდღიურად 10.4 ლარის ოდენობით 28.12.2016 წლიდან 25.02.2017 წლამდე, ჯამში 624 ლარი. ხელშეკრულების 10.4 პუნქტიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტიდან სესხის ძირი თანხის 800 ლარის 60%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვის თარიღი 25.02.2017 წელი, ჯამში 480 ლარი, 57 ლარზე მოხდა ვალის პატიება, გადასახდელი დარჩა 423 ლარი).

 

1.4. შპს ,,ს----–-----ს“ და შპს ,,ფ-------------------ს“ შორის დადებული სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ,,ს----–------ა“ შპს ,,ფ-------------------ს“ დაუთმო მოთხოვნა თ----–---------ის მიმართ, კერძოდ დათმობილი მოთხოვნის სრული ოდენობა - 1999.00 ლარის, მათ შორის ძირითადი თანხა 800 ლარი, სარგებელი 152 ლარი, პირგასამტეხლო 1047 ლარი.

 

მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, არ ახდენს თანხის დაბრუნებას და ზიანს აყენებს მოსარჩელეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მასსა და ,,ს----–-----ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და გაიტანა სესხი. ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ მოახერხა თანხის შეტანა. თანახმაა გადაიხადოს საკრედიტო ვალდებულებით ნაკისრი ძირი თანხა 800 ლარი, დაკისრებულ ჯარიმას და პროცენტებს ვერ გადაიხდის ფინანსური პრობლემების გამო. მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტები, ასევე პირგასამტეხლოს თანხები არის არარეალური.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 27 ნოემბერს შპს ,,ს----–-----ს“ და თ----–---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #7----- და მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი

- 2016 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები

- საგადასახადო დავალება

 

3.1.2. შპს ,,ს----–-----ს“ და შპს ,,ფ-------------------ს“ შორის დადებული სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ,,ს----–------ა“ შპს ,,ფ-------------------ს“ დაუთმო მოთხოვნა თ----–---------ის მიმართ, კერძოდ დათმობილი მოთხოვნის სრული ოდენობა - 1999.00 ლარის, მათ შორის ძირითადი თანხა 800 ლარი, სარგებელი 152 ლარი, პირგასამტეხლო 1047 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

- ცნობები მოთხოვნის დათმობის თაობაზე

- ახსნა-განმარტება

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად მსესხებელს 2016 წლის 26 დეკემბერს უნდა მოეხდინა სესხის ძირითადი თანხის და საკომისიოს (პროცენტი) 152 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-2016 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება;

-ახსნა-განმარტებები

 

3.2.2. მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო ძირი თანხის 800 ლარის 1,3%, ყოველდღიურად 10.4 ლარის ოდენობით 28.12.2016 წლიდან 25.02.2017 წლამდე, ჯამში 624 ლარი. ხელშეკრულების შეწყვეტიდან 25.02.2017 წლიდან სესხის ძირი თანხის 800 ლარის 60%-ის ოდენობით, ჯამში 480 ლარი, 57 ლარზე მოხდა ვალის პატიება, გადასახდელი დარჩა 423 ლარი. მთლიანობაში პირგასამტეხლო 1047 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი,- 2016 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვისა და მხარეების ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ფ--------------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 463-465-ე, 623- 625-ე, 867-ე, 891-895-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 102-ე, 103-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საბანკო მომსახურების და საკრედიტო მომსახურეობის სფეროებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს შპს ,,ს----–-----ს“ და თ----–---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #7----- და მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად მსესხებელს 2016 წლის 26 დეკემბერს უნდა მოეხდინა სესხის ძირითადი თანხის და საკომისიოს (პროცენტი) 152 ლარის გადახდა.

მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

ამრიგად, ხელშეკრულებაზე თანხმობით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი სარგებელი, რომლებიც არ სცდებიან გონივრულობის ფარგლებს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული დათქმულ დროს. კერძოდ, თ----–---------ემ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა 800 ლარი, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა, რითაც დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ფ--------------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული თანხის - 800 ლარის და პროცენტის 152 ლარის დაბრუნება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია სრულად. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სცნო სარჩელი ძირი თანხის ნაწილში, ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

6.2. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ძირი თანხის 1,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას (თვეში იგი შეადგენს 39%-ს, ხოლო წელიწადში 468%-ს), რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. სასამართლოს ასევე შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია ხელშეკრულების 10.4 პუნქტიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტიდან სესხის ძირი თანხის 800 ლარის 60%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს განაკვეთი.

 

მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 104.70 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ასევე გადახდილი იქნა იურიდიული მომსახურების ხარჯი 50 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს თ----–---------ეს მოსარჩელე შპს ,,ფ--------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

9.1. მოსარჩელე მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილით - ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია იმ ზარალის გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოპასუხეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში. მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 268-269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ფ--------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.2. მოპასუხეს თ----–---------ეს (პ/ნ 6----------) შპს ,,ფ--------------------ის“ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 1056.70 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 800 ლარი, სარგებელი - 152 ლარი, პირგასამტეხლო 104.70 ლარი).

 

1.3. მოპასუხეს თ----–---------ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე შპს ,,ფ--------------------ის“ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 50 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელე შპს ,,ფ--------------------ის“ (ს/ნ 4--------) სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი