გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
080210016001536124
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2441-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ე--------------ი“;

წარმომადგენელი - მ------ კ-------ე, ნ-----–- ღ--------ე;

მოპასუხე - ააიპ ,,ს--–---–---------------ი“;

წარმომადგენელი - თ---------- მ----;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს შემცირება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ააიპ ,,ს--–---–---------------ს“ ფულადი ანგარიშსწორების გადახდა 8208 ლარის ოდენობით.

1.2. შემცირებული იქნეს მოსარჩელეზე დაკისრებული პირგასამტეხლო 8208 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA 160007985) გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე შპს ,,ე--------------ი“. გამარჯვებულად გამოცხადებამდე, მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 22 მარტს და 28 მარტს აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით ჩატარებული იქნა სატენდერო კომისიის სხდომები, რომლებმაც მოიწონეს სატენდერო დოკუმენტაცია და დაადგინეს ტექნიკური შესაბამისობა, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 01 აპრილს მხარეებს შორის შედგა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N87 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდებას და მოპასუხის მხრიდან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვას 53 998.80 ლარის ღირებულების ოდენობით. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 ივნისამდე პერიოდი.

 

2016 წლის 24 აპრილს შპს ,,ე--------------ის“ მიერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის (სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის 4200 ცალი შუა ნაწილის და 600 ცალი დაბოლოების) მიწოდება, რაზედაც გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი N87/1.

 

2016 წლის 14 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება N1, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 15 ივნისის ნაცვლად განისაზღვრა 2016 წლის 15 აგვისტომდე, ხოლო 2016 წლის 18 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N87/2, რომლის საფუძველზეც მოპასუხის თხოვნით შეიცვალა სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის შუა ნაწილი 2975 ცალი და დაბოლოება 510 ცალი. ამასთან, ამავე აქტით მოსარჩელეს დაეკისრა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ვადაგადაცილებულ 76 დღეზე, რომელმაც შეადგინა 8208 ლარი და გაიქვითა საბოლოო ფულადი ანგარიშსწორებისას. ანაზღაურებას დაექვემდებარა 54998.80 ლარის ნაცვლად 45790,80 ლარი. აუნაზღაურებელი სხვაობა - პირგასამტეხლოს 8208 ლარის სახით, კანონშეუსაბამოდ გაქვითული იქნა მოპასუხის მხრიდან. აღნიშნულ 2016 წლის 18 ივლისის მიღება-ჩაბარების N87/2 აქტს ხელი მოაწერა მოსარჩელე შპს ,,ე--------------ის“ დირექტორმა, რომელიც არის თურქი, არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული პირგასამტეხლოს შინაარსი მისთვის არ იქნა განმარტებული. მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მხრიდან ფულადი ანგარიშსწორების სრულად ანაზღაურების თავის არიდების და არაგონივრული პირგასამტეხლოს ოდენობის დაკისრების გზით, აუნაზღაურებელი დარჩა თანხა 8208 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლოა მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 18 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა შპს ,,ე--------------ის“ დირექტორმა, რომელიც არის თურქი, არ იცის ქართული ენა და მისთვის არ განუმარტავთ აქტში დაფიქსირებული პირობები, რადგან წარმოდგენილი მასალებით თვით მხარე ადასტურებს, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი 2016 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი და პირობები და აღნიშნულს ის სადავოდ არ ხდის. ასევე თვით მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ მათ შორის ნამდვილად შედგა სიტყვიერი შეთანხმება უვარგისი ბარიერების შეცვლის თაობაზე, რაც კიდევაც განახორციელა მხარემ, მაგრამ ისიც დაგვიანებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სახელმწიფო შესყიდვების კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, ააიპ ,,ს--–---–---------------ის“ მიერ გამოცხადებულ ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA 160007985) გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ე--------------ი”. აღნიშნულის საფუძველზე 2016 წლის 01 აპრილს შპს ,,ე--------------სა“ და ააიპ ,,ს--–---–---------------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №87 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდებას და მოპასუხის მხრიდან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვას 53 998.80 ლარის ღირებულების ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 ივნისამდე პერიოდი.

 

2016 წლის 01 აპრილის №87 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 94-108).

- სატენდერო კომისიის 2016 წლის 09 მარტის ოქმი №1 (ს.ფ. 109-110).

- სატენდერო კომისიის 2016 წლის 22 მარტის ოქმი №2 (ს.ფ. 28-30).

- სატენდერო კომისიის 2016 წლის 28 მარტის ოქმი №3 (ს.ფ. 31-33).

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №87 (ს.ფ. 21-27).

 

3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, შპს „ე--------------ის” მიერ 2016 წლის 25 აპრილს განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული (სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის 4200 ცალი შუა ნაწილის და 600 ცალის დაბოლოების) 53998.8 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება. მიწოდებულ საქონელზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები.

 

2016 წლის 25 აპრილს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, მხოლოდ ჩაბარებული საქონლის რაოდენობაზე, ხოლო მისი ხარისხობრივი შესაბამისობა სატენდერო დავალებაში მოთხოვნილ მახასიათებლებთან შესაძლებელია დაზუსტდეს ექსპერტიზის დასკვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 2016 წლის 25 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი №87/1 (ს.ფ. 33 ).

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 34).

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 35).

 

3.1.3. 2016 წლის 19 მაისის ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002867916 დასკვნით ირკვევა, რომ ინფრაწითელი სპექტრომეტრული გამოკვლევით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ე.წ. სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი დამზადებულია ეთილენ/პროპილენ/დიენის ტერპოლიმერისგან.

 

აღნიშნულის, გამო 2016 წლის 31 მაისს ააიპ ,,ს--–---–---------------მა“ წერილობით მიმართა შპს ,,ე--------------ს“ და მიუთითა, რომ ვინაიდან 2016 წლის 25 აპრილს მოწოდებული ბარიერების (რაზედაც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი) შემადგენლობა არ შეესაბამებოდა სატენდერო დავალებით მოთხოვნილ პირობებს, მოთხოვა ხელშეკრულების 10.2.5, 10.3.5 და 12.3 პუნქტების საფუძველზე გონივრულ ვადაში მოეხდინა სატენდერო დავალებასთან შეუსაბამო პროდუქციის შესაბამისი პროდუქციით შეცვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 19 მაისის ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002867916 დასკვნა (ს.ფ. 123-133).

- 2016 წლის 31 მაისს ააიპ ,,ს--–---–---------------ის“ წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 133).

 

3.1.4. 2016 წლის 16 ივნისს შპს ,,ე--------------მა“ წერილობით მიმართა მოპასუხე ააიპ ,,სპეციალურ სერვისებს“ და ითხოვა საქონლის მიწოდების ვადის გაგრძელება 20 კალენდარული დღით, 18 ივლისის ჩათვლით, რადგან მათ მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე დასკვნა მზად იქნებოდა 28 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 16 ივნისის შპს ,,ე--------------ის“ წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 134).

 

3.1.5. 2016 წლის 14 ივნისს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება N1, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე, სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

 

2016 წლის 21 ივნისს ააიპ ,,ს--–---–---------------მა“ წერილობით მიმართა შპს ,,ე--------------ს“ და განუმარტა, რომ ვინაიდან მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების 10.3.5 პუნქტი ითვალისწინებს უხარისხო საქონლის შეცვლას, თანახმა არიან საქონლის შეცვლისათვის განისაზღვროს ვადა 2016 წლის 18 ივლისამდე, მაგრამ ამასთან დამატებით განუმარტეს, რომ 2016 წლის 04 მაისიდან დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 108 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 14 ივნისს შეთანხმება N1 (ს.ფ. 39).

- 2016 წლის 21 ივნისის ააიპ ,,ს--–---–---------------ის“ წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 43).

 

3.1.6. შპს „ე--------------ის” მიერ 2016 წლის 18 ივლისს N87/2 მიღება-ჩაბარების აქტით განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სატენდერო დავალებასთან შეუსაბამო სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შეცვლა (სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის 2975 ცალი შუა ნაწილის და 510 ცალი დაბოლოების).

 

მიღება-ჩაბარების აქტით დაფიქსირდა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამავე აქტით მოსარჩელეს დაეკისრა ვადის 76 დღით გადაცილების გამო პირგასამტეხლო 0,2 %-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა დღიურად 108 ლარი, სულ ჯამში კი 8208 ლარი. ანაზღაურებას ექვემდებარება 53 998.80-8208.80=45790.80 ლარი.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირგასამტეხლოს გამოკლებით სრულად მისაღები თანხა მოსარჩელეს ჩაერიცხა 2016 წლის 15 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 2016 წლის 18 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი №87/2 (ს.ფ. 40).

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 36-37).

- 2016 წლის 27 ივლისის და 2016 წლის 15 სექტემბრის საგადახდო დავალებები (ს.ფ. 38, 41).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე--------------ის” სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „ე--------------ზე” დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს 2872.74 ლარამდე და ააიპ ,,ს--–---–---------------ს“ დაეკისროს 5335.26 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლი).

 

6.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

 

6.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, შპს „ე--------------სა“ და ააიპ ,,სპეციალურ სერვისებს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №87 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდებას და მოპასუხის მხრიდან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შესყიდვას 53 998.80 ლარის ღირებულების ოდენობით. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 15 ივნისამდე პერიოდი.

 

6.4. სწორედ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა მოპასუხეს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ამ სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი (361-ე, 400-ე მუხლები). ანუ, ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში შპს „ე--------------ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება უკვე ვადაგადაცილებაა და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოპასუხეს ანიჭებს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.

 

6.6. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება.

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.). პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც ინფორმაციული და არა არსებითია, მით უფრო იმ პირობებში, რომ მისი დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში (ტენდერის პირობებთან შეუსაბამო მასალის შეცვლის გამო) და არა საერთოდ ვალდებულების შეუსრულებლობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,2 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 108 ლარის ოდენობით, სულ 8208 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება 0,07 %-მდე, რაც იქნება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 37,799 ლარი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „ე--------------ის” მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მიერ გადასახდელ პირგასამტეხლოდ ნაცვლად 8208 ლარისა უნდა განისაზღვროს 2872.74 ლარი.

 

6.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ დიდი, იგი უნდა შემცირდეს და მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით უნდა გადაეხადა 2872,74 ლარი. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი აქვს 8208 ლარი.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილია 5335.26 ლარი, რაც ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლიდან გამომდინარე არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „ე--------------ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,სპეციალურ სერვისებს“ მოსარჩელისათვის 5335.26 ლარის დაბრუნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა - იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი.

 

მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 247 ლარი. მოცემულ შემთხვევაში კი ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე ააიპ ,,სპეციალურ სერვისებს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 160,06 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 86,94 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ე--------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. შემცირებულ იქნეს მოსარჩელე შპს ,,ე--------------ი“-სათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 5335,26 ლარით და მოპასუხე ააიპ ,,ს--–---–---------------ს“ მოსარჩელე შპს ,,ე--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 5335,26 ლარის გადახდა.

1.2. მოსარჩელე შპს ,,ე--------------ის“ სარჩელი 2872,74 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

1.3. მოპასუხე ააიპ ,,ს--–---–---------------ს“ მოსარჩელე შპს ,,ე--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 160,06 ლარის გადახდა.

1.4. მოსარჩელე შპს ,,ე--------------ის“ მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი - 86.94 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა