გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4093-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - შა-–---------ძე;
წარმომადგენელი - შად------------ძე;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ბა-------------ძე;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;
წარმომადგენელი - ვა-–-------------იძე;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (უფლებამონაცვლე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) 2017 წლის 12 ივნისის N------ დადგენილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 04 ივნისის N--- ბრძანება.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბი-–--–---------–-------------ის მიმდებარედ ის დაახლოებით 20 წელია ფლობს და სარგებლობს 420 კვ/მ მიწის ნაკვეთს, რაზეც 2004 წელს ააშენა საცხოვრებელი სახლი, რადგან ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნდა და დღეის მდგომარეობით ცხოვრობს აღნიშნულ ფართში. 2017 წლის 22 მარტს ზედამხედველობის სამსახურმა მის მიმართ შეადგინა მითითების აქტი N------, რომელიც ჩაიბარა 2017 წლის 25 მარტს, მითითებით მას განესაზღვრა 7-დღიანი ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. აღნიშნული მითითებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადებისა და ზედამხედველობის წარდგენის მიზნით 31/03/2017 წელს მან სათანადო დოკუმენტაცია შეიტანა თბილისის საკრებულოს ლეგალიზების კომისიაში. 2017 წლის 31 მარტს მან განცხადებით მიმართა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და შეატყობინა, რომ საკრებულოს ლეგალიზების კომისიაში შეიტანა სათანადო მასალები, მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით. 2017 წლის 12 აპრილს ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. 2017 წლის 16 ივნისს მას ჩაბარდა N------ დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომელშიც მითითებულია, რომ 2017 წლის 16 და 23 მაისს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი სხდომები. საქმის განხილვის თარიღის და დროის შესახებ ეცნობა კანონის შესაბამისად არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადდა მოქ. შა-–---------ძე. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 16 და 23 მაისს გამართული სხდომების შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი, არ ჩაბარებია შეტყობინება მის საცხოვრებელ მისამართზე, ასევე არ უნახავს რაიმე შეტყობინება, რომელიც მის სახლში არ ყოფნის დროს ყოფილიყო მითითებულ მისამართზე მიტანილი. ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე მოსარჩელე დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის. მხარემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა 2017 წლის 12 ივნისის N------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა და შენობის დემონტაჟის შემთხვევაში არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს სხდომების ჩატარების შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სამშენებლო სამუშაოები ნამდვილად აწარმოა შა-–---------ძემ. სახეზეა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.
2.2. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შა-–---------ძეს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. უნებართვო სამუშაოების წარმოების ფაქტს ადასტურებს თვითონ მოსარჩელეც. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მას მიმართული აქვს მერიის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიწის ნაკვეთის ლეგალიზების მოთხოვნით, მოპასუხემ განმარტა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ ამ საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერებას არ ითვალისწინებს. ამასთან, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების შემდეგ მიწის ნაკვეთის ლეგალიზება არ წარმოშობს სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. ასევე, საქმის განხილვის თაობაზე შესაბამისი უწყება განთავსებულ იქნა ობიექტის შესასვლელ ჭიშკარზე, თვალსაჩინო ადგილზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 5 სექტემბერის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 0---------------, მდებარე: ქ. თბილისი, სა-----–------------ მიმდებარედ, 2016 წლის 20 იანვრიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 05.09.2016 წ. (ს.ფ. 117-118);
3.1.2. 2017 წლის 21 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულ იქნა ქ. თბილისში, სა-----–-------------ის მიმდებარედ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც შა-–---------ძემ განმარტა, რომ ის დიდი ხანია ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მას მიმართული აქვს ქ. თბილისის საკრებულოსთვის, მიწის ნაკვეთის ლეგალიზების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 21.03.2017 წლის N4------------ ოქმი (ს.ფ. 108-109);
3.1.3. 2017 წლის 22 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შა-–---------ძის მიმართ შედგენილ იქნა N------ მითითება, რომლის თანახმადაც ქ. თბილი-----------–------------ მიმდებარედ შა-–---------ძის მიერ განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ აშენებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მოწყობილია საძირკველი, ღობე და დამხმარე ნაგებობა - ხის ფიცრული (საპირფარეშო). აღნიშნული ობიექტები განთავსებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შა-–---------ძეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამდასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან აღნიშნული ობიექტების დემონტაჟი. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 კალენდარული დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 22.03.2017 წლის N00244 მითითება (ს.ფ. 79-80);
3.1.4. 2017 წლის 31 მარტს შა-–---------ძემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და განმარტა, რომ 22.03.2017 წლის მითითებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, 2017 წლის 31 მარტს მან სათანადო დოკუმენტაცია შეიტანა თბილისის საკრებულოს ლეგალიზების კომისიაში. მხარემ განმარტა, რომ აღნიშული მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული ნაგებობებით სარგებლობს 2004 წლიდან. მხარემ ითხოვა ადმინისტრაციული საქმისწარმოების დროებით შეჩერება და გონივრული ვადის განსაზღვრა დოკუმენტაციის წარმოსადგენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შა-–---------ძის 2017 წლის 31 მარტის განცხადება (ს.ფ. 156)
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათი (ს.ფ. 154);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათი (ს.ფ. 155);
3.1.5. 2017 წლის 12 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შა-–---------ძის მიმართ შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც შა-–---------ძის მიერ არ შესრულდა 2017 წლის 22 მარტის N------ მითითებით გათვალისწინებული პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 12.04.2017 წლის N------ შემოწმების აქტი (ს.ფ. 81-82);
3.1.6. 2017 წლის 12 ივნისს ხელმეორედ გადამოწმდა ქ. თბილისში, სა-----–------------ მიმდებარედ (ს.კ. 0---------------) არსებული ობიექტი და დადგინდა, რომ შა-–---------ძის მიერ არ იქნა დემონტირებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, საძირკველი, ღობე და დამხმარე ნაგებობა - ხის ფიცრული (საპირფარეშო). არ იქნა წარმოდგენილი განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 12 ივნისის მოხსენებითი ბარათი N251 (ს.ფ. 94);
3.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის N------ დადგენილების საფუძველზე მოქ. შა-–---------ძე დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, სა-----–-------------ის მიმდებარედ (ს/კ 0---------------), თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, საძირკვლის, ღობისა და დამხმარე ნაგებობის - ხის ფიცრულის (საპირფარეშო) მოწყობისთვის. შა-–---------ძეს დაევალა ქ. თბილისში, სა-----–-------------ის მიმდებარედ (ს/კ N1--------------), თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და უნებართვოდ მოწყობილი საძირკვლის, ღობისა და დამხმარე ნაგებობის - ხის ფიცრულის (საპირფარეშო) დემონტაჟი. ჯარიმის გადახდა დაევალა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის N------ დადგენილება (ს.ფ. 12-14);
3.1.8. 2017 წლის 26 ივნისს შა-–---------ძემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის N------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 04 ივნისის N--- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა შა-–---------ძის 2017 წლის 26 ივნისის N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის N------ დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შა-–---------ძის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 148-149);
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათი (ს.ფ. 147); თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 04 ივნისის N--- ბრძანება (ს.ფ. 17-24);
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 01 ოქტომბრის N------------- წერილის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შა-–---------ძის მიერ 2017 წლის 31 მარტს წარდგენილ N---------------- განცხადებაზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 01 ოქტომბრის N------------- წერილი (ს.ფ. 216);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც შა-–---------ძის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” №57 დადგენილება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის N------ დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შა-–---------ძე დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, სა-----–-------------ის მიმდებარედ (ს/კ 0---------------), თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, საძირკვლის, ღობისა და დამხმარე ნაგებობის - ხის ფიცრულის (საპირფარეშო) მოწყობისთვის. შა-–---------ძეს დაევალა ქ. თბილისში, სა-----–-------------ის მიმდებარედ (ს/კ N1--------------), თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და უნებართვოდ მოწყობილი საძირკვლის, ღობისა და დამხმარე ნაგებობის - ხის ფიცრულის (საპირფარეშო) დემონტაჟი. ჯარიმის გადახდა დაევალა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (უფლებამონაცვლე: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შა-–---------ძის მიმართ 2017 წლის 22 მარტს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისი, სა-----–------------ მიმდებარედ შა-–---------ძის მიერ განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ აშენებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მოწყობილია საძირკველი, ღობე და დამხმარე ნაგებობა - ხის ფიცრული (საპირფარეშო). აღნიშნული ობიექტები განთავსებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შა-–---------ძეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამდასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან აღნიშნული ობიექტების დემონტაჟი. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 კალენდარული დღე.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შა-–---------ძის მიმართ შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ შა-–---------ძემ არ შეასრულა 2017 წლის 22 მარტის მითითებით გათვალისწინებული პირობები;
6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
6.5. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა.შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები. ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის N------ დადგენილებით შა-–---------ძე დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, სა-----–-------------ის მიმდებარედ (ს/კ 0---------------), თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, საძირკვლის, ღობისა და დამხმარე ნაგებობის - ხის ფიცრულის (საპირფარეშო) მოწყობისთვის. შა-–---------ძეს დაევალა ქ. თბილისში, სა-----–-------------ის მიმდებარედ (ს/კ N1--------------), თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და უნებართვოდ მოწყობილი საძირკვლის, ღობისა და დამხმარე ნაგებობის - ხის ფიცრულის (საპირფარეშო) დემონტაჟი. ჯარიმის გადახდა დაევალა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება, ს.კ. 0---------------, მდებარე: ქ. თბილისი, სა-----–------------ მიმდებარედ არის სსიპ თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება. აღნიშნული განმარტებულია სადავო დადგენილებასა და ბრძანებაში და ამასთან, არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება.
6.6. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.
სასამართლო აქვე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შა-–---------ძემ ნამდვილად განახორციელა მშენებლობა ქ. თბილისში, სა-----–-------------ის (ს.კ. 0---------------) მიმდებარედ (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე), რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საძირკვლის, ღობისა და დამხმარე ნაგებობის - ხის ფიცრულის მოწყობის ნაწილში - საჭიროებდა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დადასტურებას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია შა-–---------ძეს არ გააჩნია.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შა-–---------ძის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის დავალების თაობაზე, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის N------ დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის მოსარგებელს მიმართული ჰქონდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ქ. თბილისში, სა-----–------------ (ს.კ. 0---------------) მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ლეგალიზების მოთხოვნით, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა შეეჩერებინა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე საქმისწარმოება, - სასამართლო განუმარტავს მოსარჩელეს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს გარემოება, თუ პირი მითითებით განსაზღვრულ ვადაში განცხადებით მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით და არა საკუთრების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას არანაირი შემხებლობა არა აქვს და ვერ შეაჩერებს უნებართვო შენობა-ნაგებობის გამო პირის დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესს, თუ დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ მიმართა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძვლები. ამდენად მოსარჩელის არგუმენტები აღნიშნულის საფუძველზე უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მითითებული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობა რაიმე სახის გამონაკლისს არ ითვალისწინებს, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელე მხარის სოციალური მდგომარეობა გათვალისწინებული ვერ იქნებოდა.
მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 მაისისა და 23 მაისის სხდომების თაობაზე მისთვის არ უცნობებიათ კანონით დადგენილი წესით, რაც მიღებული დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილია და თავად მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ, რომ მას ჩაბარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 მარტის მითითება №0-----, რომლითაც შა-–---------ძეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამდასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან აღნიშნული ობიექტების დემონტაჟი. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 კალენდარული დღე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უწყებები განთავსებულ იქნა ქ. თბილისი, სა-----–------------ (ს.კ. 0---------------) მიმდებარედ არსებული ობიექტის ფასადზე, 2017 წლის 08 მაისსა და 17 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან უწყებები განთავსებულ იქნა თვალსაჩინო ადგილას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სხდომების თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად მოსარჩელის ეს არგუმენტიც ვერ იქნება გაზიარებული.
6.7. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 04 ივნისის N--- ბრძანების ბათილად ცნობაც, რომლითაც შა-–---------ძეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 04 ივნისის N--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილ ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შა-–---------ძის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად -100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შა-–---------ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შა-–---------ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი