გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
330210118002502990
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს--------------------------------ი"

წარმომადგენელი - ბ----------------–ია

მოპასუხე - შ--------–-–------–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შ--------–-–------–ს მოსარჩელე სს „ს--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3761 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 8------ს შ--------–-–------–ი, კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით შეეჯახა სს „ს--------------------------------ში“ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით O-------. სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეულია მოპასუხე.

 

ზარალი მზღვევლის მიერ შეფასებულია 3761 ლარად, რაც აუნაზღაურდა დამზღვევს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით შ--------–-–------–მა არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით O-------, სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული არ არის, იგი არ არის მითითებული სადაზღვევო ხელშეკრულების დანართი N2-ში. შესაბამისად, არასწორად მოხდა სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურება და მოსარჩელის მიმართ მას თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისში, ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე, მ---------------ის მიმდებარედ, 2016 წლის 8------ს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა სს „საქართველოს ნ---------------------------------–იის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება („ტოიოტა კოროლა“ გამოშვების წელი 2015, სახელმწიფო ნომრით O-------).

 

სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული იქნა შორენა შეწირული, რომელიც მართავდა კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით A------. საჯარიმო ქვითარი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ახსნა-განმარტებები;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

- შემთხვევის ადგილის სქემა.

 

3.1.2. ავტომობილზე „ტოიოტა კოროლა“ მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა ჯამში 3761 ლარით, რაც 2016 წლის 17 ივნისს სს „ს--------------------------------ის“ მხრიდან ანაზღაურებულია სს „საქართველოს ნ---------------------------------–იის“ სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო დავალება N----;

- სადაზღვევო შემთხვევის აქტი N------;

- შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ 08.06.2016 წლის აქტი N---------.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო სს „სს „ს--------------------------------ში).

 

სს „საქართველოს ნ---------------------------------–იასა“ (მზღვეველი) და სს „ს--------------------------------ის“ (შემსყიდველი/დამზღვევი) შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამზღვევის მიერ ავტოტრანსპორტის სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, თანდართული ტექნიკური პირობების დანართი N1-ისა და დანართი N2-ის შესაბამისად. მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, დანართი N2-ით განსაზღვრული დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა, დამზღვევის მოთხოვნის შემდეგ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

 

დანართი N2 მოიცავს ფასების ცხრილს, კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მითითებით.

 

მხარეთა შეთანხმებით, მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ინდივიდუალური სადაზღვევო პოლისის გაცემა. აღნიშნულ პოლისებზე მთლიანად ვრცელდება ხელშეკრულების, ასევე დანართების პირობების მოთხოვნები და სადაზღვევო პოლისები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება ითვალისწინებს დანართით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა ჩამონათვალში ცვლილების შეტანას.

 

სახელმწიფო ნომრით O------- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პოლისში (N------) აღნიშნულია, რომ მზღვეველს წარმოადგენს სს „ს--------------------------------ი“. აღნიშნული გარემოებების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დასახელებული სატრანსპორტო საშუალება იყო სს „ს--------------------------------ის“ მიერ დაზღვეული და მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას იმ მანქანაზე, რომელიც მის მიერ იყო დაზღვეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პოლისი;

- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება;

- საგადასადახდო დავალება;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი; 2. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ შ--------–-–------–მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში შ--------–-–------–ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა მიყენებული ზიანის დამზღვევისათვის ანაზღაურება, რითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გადავიდა მოსარჩელეზე, მზღვეველზე - სს ,,ს--------------------------------ზე“

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 112,83 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოტივით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს--------------------------------ი"- ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შ--------–-–------–ს სს ,,ს--------------------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3761 ლარი;

 

3. მოპასუხე შ--------–-–------–ს სს ,,ს--------------------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 162.83 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე