განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
330100118002249810
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/7--18

(გამოძიების №0-----------)

8 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----–----------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს--–---------------, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს------------------------–--------. (მონაწილეობის გარეშე)

 

ადვოკატები - ვ---------------, მ------–------–-–---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ინდივიდუალური მეწარმე ს--–--------------- (ს/ნ 3----------) რეგისტრირებულია 2--- წლის 2----------- დღგ-ს გადამხდელად კი რეგისტრირებულია ასევე 2--- წლის 2----------- მისი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია ქ. თ---–--------–-------–----------------. ი.მ. „ს--–---------------ს“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა სახეობის პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია. ს--–---------------ს, როგორც ინდ.მეწარმეს, ევალებოდა გადაეხადა საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, ს--–---------------მ განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1.2. შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა ი.მ. „ს--–---------------ს“ კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 23.01.2--- - 01.0-.2---- წლების საანგარიშო პერიოდი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--- წლის 2-------- საგადასახადო შემოწმების აქტით (შესამოწმებელი პერიოდი: 23.01.2--- – 01.0-.2---- ი/მ ს--–---------------ს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად სულ დაერიცხა 449 366 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის (წლიური საშემოსავლო და დღგ) სახით - 299 577 ლარი. აღნიშნული დარიცხვა განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით: ბაზაში არსებული ინფორმაციით (შესყიდვის ზედნადებით, ფაქტურებით) მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა დეკლარირებულთან შედარებით 1 073 236 ლარით მეტი საქონლის შესყიდვა; რეალიზაციას ახდენდა როგორც დოკუმენტურად, ასევე საცალოდ. დეკლარირებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასი დაბალი იყო დოკუმენტებით რეალიზაციასთნ შედარებით. შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხდა დეკლარირებული შემოსავლების, ასევე საქონლის მოძრაობების გაშიფვრა, და ამავდროულად გამოვლინდა დოკუმენტურად დადასტურებული არადეკლარირებული საქონლის შესყიდვა. რეალიზაციაში ჩართული იქნა ზედმეტად გამოვლენილი შესყიდვები, რამაც გამოიწვია შემოსავლის გაზრდა და ასევე დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

 

1.3. ხსენებული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 22.05.2--- წელს გამოცემული იქნა N----- ბრძანება, რომლის მიხედვითაც ი.მ „ს--–---------------ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 449 366 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 299 577 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ 25.05.2--- წელს გამოცემული იქნა N----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 299 577 ლარი (სულ - 575 852.49 ლარი). აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 16.07.2--- წელს.

 

1.4. ს--–---------------ს მიერ 2--- წლის 14 აგვისტოს N----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი შეტანილ იქნა შემოსავლების სამსახურში, რაც შემოსავლების სამსახურის 06.10.2--- წლის N----- ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და 18.12.2--- წლის დასკვნით ინდ. მეწარმეს დარიცხული ძირითადი გადასახადი შეუმცირდა წლიურ საშემოსავლო გადასახადში 24 567 ლარით, დღგ-ს გადასახადში 26 217 ლარით.

 

1. 5. აღნიშნულზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 23.12.2--- წელს გამოიცა N----- ბრძანება, რომლის მიხედვითაც ი/მ ს--–---------------ს დარიცხული ძირითადი გადასახადი შეუმცირდა - 50 784 ლარით; ასევე, 23.12.2--- წელს გამოიცა N0----- საგადასახდო მოთხოვნა, რის მიხედვითაც გადამხდელს დარიცხული ძირითადი გადასახადი შეუმცირდა - 50 784 ლარით. გადამხდელის მიერ ხსენებული გადაწყვეტილება 08.0-.2--- წელს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, რაც 31.03. 2--- წლის N---- ბრძანებით, დარჩა განუხილველი.

 

1.6. გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრება არ მომხდარა.

 

1.7. ს--–---------------მ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის 2------ ლარის გადახდას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აუდიტორმა თ------------–---–მა, რომელმაც აწარმოა ი.მ. „ს--–---------------ს“ სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა 2--- წლის 2-------- საგადასახადო შემოწმების აქტის სისწორე და განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2--- წლის 2------------- - 2--- წლის 1----------–----- საანგარიშო პერიოდს. შემოწმდა წლიური საშემოსავლო, დამატებითი ღირებულების, ქონების და საშემოსავლო გადასახადები. ი.მ „ს--–---------------“ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული იყო 2--- წლის 2-------------. ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოცემული იქნა შესაბამისი აქტი, რომლის თანახმადაც ინდივიდუალურ მეწარმე „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 449 366 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი: 299 577 ლარი, ჯარიმა 149 789 ლარი. მანვე განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა ზემოაღნიშნული შემოწმების აქტი. იგი პირადად შეხვდა ს--–---------------ს და მის წარმომადგენელს, მოისმინა მათი პოზიცია. ს--–---------------ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 23 დეკემბრის ბრძანებით ინდივიდუალურ მეწარმე „ს--–---------------ს“ ძირითადი გადასახადი შეუმცირდა 50 784 ლარით, ხოლო ჯარიმა 25 392 ლარით.

 

2.2. მოწმე მ-----–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ს--–---------------სთან აკავშირებს მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა, რომელსაც უწევდა ბუღალტრულ მომსახურებას. ეს უკანასკნელი, როგორც ინდივიდუალური მეწარმე ეწეოდა შერეული საქონლით ვაჭრობას. მოწმის საქმიანობაში კი შედიოდა დეკლარაციების შევსება და მათი წარდგენა საგადასახადო ორგანოში. დეკლარაციის შევსებისას ყველა მითითებას იღებდა ს--–---------------საგან, რომელიც უშალოდ უძღვებოდა სამეწარმეო საქმიანობას. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ს--–---------------ს მითითებით სრულად არ მოუხდენია რეალიზებული პროდუქციის დადეკლარირება, რათა ბიუჯეტში არ გადაეხადა გადასახადი.

 

2.3. მოწმე ს--------------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ს--–--------------- გაიცნო მ-----–--–-–---–ის დახმარებით. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეადგენინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარსადგენად, რის საფუძველზეც მოხდა დარიცხული თანხის კორექტირება. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა მ-----–--–-–---–ი და სთხოვა დახმარება. კვლავ შეადგინეს საჩივარი, რომელიც წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომელიც დარჩა განუხილველი.

 

2.4. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ლ--–----–----–---–-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2--- წლის ზაფხულის პერიოდში ისრაელიდან დაუკავშირდა ს--–--------------- და უთხრა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა მისი, როგორც ინდივიდუალური მეწარმის შემოწმება და დაერიცხა სოლიდური თანხა. ს--–---------------მ განუმარტა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე შემოწმების აქტი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. მოხდა გარკვეული თანხით შემცირება. აღნიშნული გადაწყვეტილება მისმა წარმომადგენელმა გაასაჩივრა მეორედ 2--- წელს, თუმცა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ს--–---------------ს თხოვნით მინდობილობის საფუძველზე მივიდა შემოსავლების სამსახურში, სადაც შეიტყო რომ ს--–---------------ს ერიცხებოდა სოლიდური თანხა ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც შეატყობინა ს--–---------------ს.

 

2.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა: ს-------------ამ და ვ--–-----------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს საპროცესო ნორმების დაცვით, ხოლო მათში მონაწილე პირებს რაიმე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2.6. საჯარო რეესტის ამონაწერის თანახმად, ს--–--------------- ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2--- წლის 2-----------

 

2.7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორის - თ------------–---–ის მიერ შემოწმებულ იქნა ინდივიდუალურ მეწარმე „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) საქმიანობა და გამოიცა შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

2.8. ზემოაღნიშნული აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 2-------- ბრძანებით ინდივიდუალურ მეწარმე „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 449 366 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი: 299 577 ლარი, ჯარიმა 149 789 ლარი.

 

2.9. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს უფროსის 2--- წლის 1------------ წერილით დასტურდება, რომ 2--- წლის 2------- ი.მ. „ს--–---------------ს“ „საგადასახადო მოთხოვნა“ N----- გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გადამხდელი გაეცნო საკუთარ ვებ-გვერდზე 2--- წლის 16 ივლისს.

 

2.10. ინდივიდუალურ მეწარმე „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) მიერ 2--- წლის 14 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში შეტანილი იქნა წერილობითი საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 6 ოქტომბრის N----- ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.

 

2.11. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 23 დეკემბრის ბრძანებით დასტურდება, რომ ინდივიდუალურ მეწარმე „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, დარიცხული გადასახადი შეუმცირდა სულ 76 176 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი: 50 784 ლარი, ჯარიმა 25 392 ლარი. ინდივიდუალურ მეწარმე „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 24 567 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 24 567 ლარით.

 

2.12. ინდივიდუალურ მეწარმე „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) მიერ 2--- წლის 8 თებერვალს შემოსავლების სამსახურში შეტანილი იქნა წერილობითი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 2-------------- N0----- „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 31 მარტის N---- ბრძანების თანახმად ინდივიდუალურ მეწარმე „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) მიერ 2--- წლის 8----------–-- საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

 

2.13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის 2--- წლის 1--------–-- წერილით დასტურდება, რომ ი. მ. „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული არ არის.

 

2.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 19 აპრილის და 2--- წლის 09 დეკემბრის წერილებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2--- წლის მაისიდან - 2--- წლის 1--------–-- ჩათვლით ი. მ. „ს--–---------------“ მოსარჩელე მხარედ არ ფიქსირდება.

 

2.15. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის 2--- წლის 08 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ ი. მ. „ს--–---------------ს“ (ს/ნ 3----------) საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული არ არის.

 

2.16. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2--- წლის 0------------- წერილით დასტურდება, რომ ი.მ. „ს--–---------------სთან“ (ს/ნ 3----------) საგადასახადო შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა.

 

2.17. დაცვის მხარე შეეცადა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა მხოლოდ ვარაუდის საფუძველს და რომ მოწმე მ-----–--–-–---–ის, როგორც საქმის ერთერთი ძირითადი მოწმის ჩვენება არ არის სანდო. იგი ცდილობს გაემიჯნოს ს--–---------------ს, რითაც თავიდან აირიდოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში ასევე განავითარა ვერსია, რომ მ-----–--–-–---–ი და სხვა პირები იყენებდნენ ი.მ. „ს--–---------------ს“ სახელს და რომ ს--–--------------- დამნაშავე კი არა მსხვერპლია.

2.18. სასამართლო სარწმუნოდ და საფუძვლიანად ვერ მიიჩნევს დაცვის მხარის პოზიციას, რადგან იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ს--–---------------ს მსჯავრდებისათვის. მოწმეების: მ-----–--–-–---–ის, ს--------------–--ის, ლ--–----–----–---–-ს და თ------------–---–ის ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებთან. მათ შორის არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მოწმეთა აღნიშნულ განმარტებებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან აღძრავდა ეჭვს იმის თაობაზე, რომ მათ რაიმე ინტერესი ამოძრავებდათ, რომ მიეცათ მამხილებელი ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ს--–---------------ს სახელით სხვა პირები ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას აღნიშნულიც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ს--–--------------- ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა ჰქონდა პირადად და წარმომადგენლის მეშვეობით, მის მიერ არაერთხელ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება თანხვედრაშია ერთმანეთთან, პირდაპირ უთითებს ს--–---------------ს დანაშაულებრივი განზრახვისა და ქმედების შესახებ და წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, სასამართლო ურთიერთშესაბამისი, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნევს ს--–---------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას.

2.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პარაგრაფი 32).

 

2.20. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.7. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისათვის. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები. გადასახადებისათვის თავის არიდება, მომეტებული საშიშროების მატარებელი ეკონომიკური დანაშაულია, რომელიც ზიანს აყენებს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას - გადასახადისათვის თავის არიდებას, თუმცა გადასახადის სახეები, გადასახადის გადამხდელები და მათი გადახდის წესი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - საქართველოს საგადასახადო კოდექსში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებაში. ამავე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის მიხედვით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადისაგან თავის არიდება განზრახი დანაშაულია, ესე იგი დამნაშავე შეგნებულად არიდებს თავს მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, კერძოდ, გადასახადის გადახდას. დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია - გადასახადის გადამხდელი. ამ სუბიექტში მოიაზრება როგორც საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე იურიდიული პირის ხელმძღვანელი - დირექტორი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი. ს--–---------------ს როგორც გადასახადის გადამხდელს - ანუ სპეციალურ სუბიექტს ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო - სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, ამის საპირისპიროდ, მან განზრახ თავი აარიდა გადასახადების გადახდას, რის გამოც ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, რითაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 218-ე მუხლის შენიშვნაში კანონმდებლის მიერ დაწესებულ სამართლებრივ შეღავათს, რომელიც შესაბამის სუბიექტს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი.მ. ს--–---------------მ სახელმწიფო ბიუჯეტში 45 დღის ვადაში არ გადაიხადა ძირითადი გადასახადის სახით დარიცხული 2------ ლარი, რაც სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას, არ მომხდარა მისი გადავადება ან კორექტირება და გადახდის ვალდებულება არ ყოფილა შეჩერებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს--–---------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს--–---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის საკითხთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებაზე, კერძოდ: ბრალის აღიარება, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადება და თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმებია, რაც პირს არაფერს ავალდებულებს, პირიქით, საკანონმდებლო დონეზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დუმილის უფლება და უფლება კანონით ნებადართული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამდენად, არასწორია ვალდებულების არ არსებობისას პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები - 932აპ-09, 19.0-.10 და 1053აპ-08, 145.04.09). აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ს--–--------------- თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

 

5.5. ს--–---------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს საქმეზე არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს და არც სასამართლო განხილვის დროს მიუთითებიათ აღნიშნულზე, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას სასჯელის დანიშვნისას იმსჯელოს და შეაფასოს ს--–---------------ს წარსული ცხოვრება, მისი ამჟამინდელი პირადი/ეკონომიკური პირობები და მისი პიროვნება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, ს--–---------------ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ დადგენილა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ს--–---------------ს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-27--ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს--–--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს--–---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მოცემული განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ ს--–---------------ს უფლება აქვს გაასაჩივროს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი