განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2018
საქმის ნომერი
160100118002604731
დავის ტიპი
126
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002604731

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/235-18 5 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031210818007)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: თამთა როყვა, დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია, გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ამირან დავაძე

 

ბრალდებული: ფ------ ო-------ი

მამის სახელი: მეჰმან

დაბადებული: 1----–-–----------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–---------–-----------------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ფ------ ო-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. მარნეულში, ლაღიძის ქუჩა N11-ში, ფ------ ო-------ის და ე-–----- ა---------ას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ფ------ ო-------მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო რომ არ ემორჩილება დედამთილს როგორც ოჯახის უფროსს და არ ასრულებს დედამთილის მითითებს, მარჯვენა საფეთქლის არეში მუშტის დარტყმის და მარჯვენა ხელის მაჯის გადაგრეხვის გზით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი თვის მანძილზე სისტემატური გინებით და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის - ე-–----- ა---------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. ფ------ ო-------ის მიერ ე-–----- ა---------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ესმირა ო-------ა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ფ------ ო-------ი არის ე-–----- ა---------ას მეუღლე.

 

ესმირა ო-------ას დაბადების მოწმობის თანახმად, დგინდება რომ იგი დაბადებულია 2010 წლის 23 ივნისს, ხოლო მშობლების გრაფაში მითითებულია დედა -ე-–----- ა---------ა, მამა - ფ------ ო-------ი.

 

შესაბამისად, დადგენილია რომ ფ------ ო-------ი და ე-–----- ა---------ა არიან ერთი ოჯახის წევრები, ხოლო ესმირა ო-------ა არის მათი არასრულწლოვანი შვილი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 24 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N005896218 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (22.08.2018წ) ე-–----- ა---------ას აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვნივ ყურის ნიჟარის წინა მიდამოში, წინამხრის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე, სხივ- მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე და ტერფის ზურგზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების: დაზარალებული ე-–----- ა---------ას, ესმირა ო-------ას გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 21 აგვისტოს ე-–----- ა---------ას სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 22 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ფ------ ო-------მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლის ე-–----- ა---------ას მიმართ.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ფ------ ო-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ფ------ ო-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ფ------ ო-------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ე-–----- ა---------ას და ესმირა ო-------ას გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 21 აგვისტოს ე-–----- ა---------ას სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 22 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N005896218 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ფ------ ო-------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ფ------ ო-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ფ------ ო-------მა ე-–----- ა---------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულთან.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ფ------ ო-------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ფ------ ო-------ს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ფ------ ო-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ფ------ ო-------ზე ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ფ------ ო-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ფ------ ო-------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 21 აგვისტოდან 2018 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე