გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/738-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13.12.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - მამუკა ჯ----–-ძე
წარმომადგენელი - მ--–---ონ გ-----ვანიძე
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - გიორგი ც-–--აია
მოპასუხე - კონსტანტინე ჯ----–-ძე
მესამე პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრი.
წარმომადგენელი - მარინე ხ----–იძე
მოთხოვნის არსი- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მამუკა ჯ----–-ძემ 2018 წლის 26 ნოემბერს სარჩელით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ 2018 წლის 21 ნოემბერს გაცემული №003631 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 31 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ნანა მესხაძესთან. 2018 წლის 20 აგვისტოს ისინი განქორწინდნენ. როგორც მამუკა ჯ----–-ძისთვის გახადა ცნობილი (2018 წლის 22 ნოემბერს ჩაბარდა შემაკავებელი ორდერი) 2018 წლის 21 ნოემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ გამოტანილი იქნა მამუკა ჯ----–-ძის მიმართ შემაკავებელი ორდერი №003631. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული აქტი არის უკანონო და უსაფუძვლო როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილი აქვს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის დღეები ყოველი კვირის შაბათ-კვირა და 21 ნოემბერს პოლიციის ძალით წაართვეს შვილი.
1.2. იმერეთის მთავარი სამმართველოს I ოცეულის პატრულ-ინსპექტორის გიორგი ც-–--აიას განმარტებით, მოსარჩელე მამუკა ჯ----–-ძე (მამა), შვილს - მცირეწლოვან კონსტანტინე ჯ----–-ძეს აყენებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ინტენსიურად და მრავალგზის, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში.
2. ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
2.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აქვს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის დღეები ყოველი კვირის შაბათ-კვირა.
მტკიცებულება:
მხარეთა ახსნა - განმარტება.
3. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ც-–--აიას მიერ გაცემულია N003631 შემაკავებელი ორდერი.
მტკიცებულება:
2018 წლის 21 ნოემბერის N003631 შემაკავებელი ორდერი.
3.2. მოწმედ დაკითხულმა ირმა ხელაძემ განმარტა, რომ მამუკა ჯ----–-ძეს სასამართლოს წესით აქვს დანიშნული შვილთან ურთიერთობის დღეები. 2018 წლის 21 ნოემბერს მოწვეული იქნა სოციალურ განყოფილებაში სადაც იმყოფებოდა მამუკა ჯ----–-ძე მცირეწლოვან კონსტანტინე ჯ----–-ძესთან ერთად. ბავშვი მიჯაჭვული იყო მამაზე, თუმცა როდესაც დედამ მოითხოვა ბავშვის მასთან დაბრუნება მამუკა ჯ----–-ძე გახდა აგრესიული.
მტკიცებულება:
მოწმის ახსნა - განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 21 ნოემბერს გამოსცა N003631 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლი მცირეწლოვანი კონსტანტინე ჯ----–-ძე, მოძალადე მამუკა ჯ----–-ძის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას. მამუკა ჯ----–-ძეს აეკრძალა მსხვერპლთან, მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; აეკრძალა მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
7.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.
ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის
,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს მამუკა ჯ----–-ძის მხრიდან კონსტანტინე ჯ----–-ძეზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადგენა.
7.3. საქმის მასალების სრული და ობიექტური განსჯის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მამუკა ჯ----–-ძის მიმართ უნდა გაუქმდეს 2018 წლის 21 ნოემბრის №003631 შემაკავებელი ორდერი, რადგან დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ჯ----–-ძეს დანიშნული აქვს შვილთან ურთიერთობის დღეები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მცირეწლოვანი ბავშვი წინააღმდეგი იქნება მშობელთან ურთიერთობის, ასეთ შემთხვევაში საქმეში ერთვება სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე შეაჩეროს აღსრულება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მამუკა ჯ----–-ძეს მიმართ არსებობს, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე, რადგან შემაკავებელი ორდერი ფაქტობრივად გამორიცხავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან უტყუარად არ დასტურდება მამის, მამუკა ჯ----–-ძის მხრიდან შვილზე - კონსტანტინე ჯ----–-ძეზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში კონსტანტინე ჯ----–-ძის უფლებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მამუკა ჯ----–-ძე ძალადობს კონსტანტინე ჯ----–-ძეზე. რადგან დადგენილია, რომ მამუკა ჯ----–-ძეს მიმართ არსებობს, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე, რადგან შემაკავებელი ორდერი ფაქტობრივად გამორიცხავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას. სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად სასამართლოში ჩატარებული სხდომისა და მხარეთა ახსნა- განმარტებებით სასამართლოზე ვერ გამოვლინდა ის გარემოებები, რაც გამოკვეთდა ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნების არსებობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, თუმცა აღნიშნული დამოკიდებულება სასამართლოს მხრიდან ვერანაირად ვერ დაკვალიფიცირდება ფსიქოლოგიურ ძალადობად ანუ ისეთი ტიპის ურთიერთობის ფორმირებად, რომელიც მსხვერპლში იწვევს ემოციურ ტკივილს.
ვინაიდან საქმის განხილვისას, უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა მამუკა ჯ----–-ძის მხრიდან კონსტანტინე ჯ----–-ძეზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა გაუქმდეს მამუკა ჯ----–-ძის მიმართ, იმერეთის მთავარი სამმართველოს I ოცეულის პატრულ-ინსპექტორის გიორგი ც-–--აიას მიერ, 2018 წლის 21 ნოემბერს გამოცემული №003631 შემაკავებელი ორდერი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს მამუკა ჯ----–-ძის სარჩელი.
2. გაუქმდეს 2018 წლის 21 ნოემბერს გამოცემული №003631 შემაკავებელი ორდერი მამუკა ჯ----–-ძის მიმართ.
3. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე