გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.12.2018
საქმის ნომერი
140310018002707841
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002707841

საქმე № 3/310-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელეები: ა--- და ლ---- თ----ეები

წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–-

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: უ-- მ-----------–-–---–-

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): ნ-----–---- ო----–---–ი (კანონიერი წარმომადგენლები - დ----- ო----–---–ი და მ------ დ---–-–---–ი), ქ-------, დ-----, ა-- ო----–---–ები, მ------ დ---–-–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე 591 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის მ------ დ---–-–---–ის, ნ-----–----, ქ-------, ა-- და დ----- ო----–---–ების სახელზე № 6-----0--0-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი 6--1--0--1--) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 სექტემბრის № 882009267094-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებს - ა--- თ----ესა (პირ. № 5----------) და ლ---- თ----ეს (პირ. № 5----------) და მესამე პირებს - მ------ დ---–-–---–ის (პირ. № 5----------), ნ-----–----, ქ------- (პირ. № 5----------), ა-- (პირ. № 5----------) და დ----- (პირ. № 5----------) ო----–---–ებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში, ერთმანეთის მომიჯნავედ, საკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთები; მესამე პირებმა უძრავი ქონების საზღვრებისა და ფართის დაზუსტებისა და ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციის მიზნით რეესტრის სამსახურში 2009 წელს წარადგინეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით მესამე პირების საკუთრებაში მოექცა მიწის გარკვეული მონაკვეთი, რაც მათ საკუთრებას წარმოადგენს; მათ კუთვნილ მიწის ფართს კი მესამე პირები გამოიყენებენ გზად.

 

2. მოპასუხეებისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ საზღვრების დაზუსტება სრულად შეესაბამება ამ პირთა საკუთრებაში არსებულ ფართსა და კონფიგურაციას; სისტემური რეგისტრაციები არ არის ზუსტი და საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას; ამ რეგისტრაციის მიხედვით, ო----–---–ების მიწის ნაკვეთს მისასვლელი გზა არ აქვს, რაც ადასტურებს სისტემური რეგისტრაციების უზუსტობას.

 

მესამე პირები გამოთქვამენ თანხმობას, სადავო მონაკვეთი გამოყენებული იქნეს ყველა დაინტერესებული პირის მიერ საერთო სარგებლობის გზად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ა--- და ლ---- თ----ეების სახელზე 2003 წლის 16 მაისიდან საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით № 6--1--0--1-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 4735 მ2 მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბერს მომზადებული ორთოფოტო (მწვანე ფერის გრაფიკული აღნიშვნები), მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა.

 

3.2.2. ლ---- თ----ე გარდაიცვალა 2010 წლის 22 იანვარს.

 

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა

 

3.2.3. მ------ დ---–-–---–ის, ნ-----–----, ქ-------, ა-- და დ----- ო----–---–ების სახელზე 2003 წლის 16 მაისიდან საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით № 6--1--0--1-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 5936 მ2 მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა.

 

3.2.4. ლ---- თ----ის სახელზე 2001 წლის 26 ნოემბრიდან საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით № 6--1--0--1-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 6400 მ2 მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბერს მომზადებული ორთოფოტო (ლურჯი ფერის გრაფიკული აღნიშვნები), მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი.

 

3.2.5. სისტემური რეგისტრაციების მიხედვით, თ----ეებისა და ო----–---–ების მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავეა და მათ შორის საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზა არ ფიქსირდება.

 

მტკიცებულება: მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობები.

 

3.2.6. ო----–---–ების განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5936 მ2 მიწა № 6-----0--0-- საკადასტრო კოდით 2009 წლის 18 სექტემბერს დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა მ------ დ---–-–---–ის, ნ-----–----, ქ-------, ა-- და დ----- ო----–---–ების სახელზე; ნაკვეთის წინა ნომრად მიეთითა საკადასტრო კოდი № 6--1--0--1-- (მათზე სისტემური რეგისტრაციით რიცხული მიწის ნაკვეთი), რა დროსაც განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა სისტემური რეგისტრაციისაგან განსხვავებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი - ნაკვეთის ფართობი მცირედ შემცირებულია, ჩრდილო-დასავლეთით ვიწრო ზოლის სახით მნიშვნელოვნად სცდება სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებული საკუთრების საზღვრებს.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 სექტემბრის № 882009267094-09 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისს მომზადებული ორთოფოტო (ყვითელი და წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები).

 

3.2.7. ამ საკუთრების ამ ფორმით, კონფიგურაციით და პარამეტრებით რეგისტრაციას საფუძვლად დაედო სოფელ ხ---------ში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 31 აგვისტოს № 460 ცნობა, რომლის თანახმადაც, დ----- ო----–---–ი ფლობს 0,59 ჰა მიწის ნაკვეთს, რაზეც გაცემულია № 6--1--0--1-- სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის სისწორეს მეპატრონე არ ეთანხმება, ვინაიდან ნაკვეთში მისასვლელი გზა არ არის ნაჩვენები ნახაზზე;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 სექტემბრის № 882009267094-09 გადაწყვეტილება, სოფელ ხ---------ში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 31 აგვისტოს № 460 ცნობა.

 

3.2.8. დ----- ო----–---–ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორე დაადასტურეს მოსაზღვრე ნაკვეთების მართლზომიერმა მფლობელებმა თ----- ქ-----–---–მა და ლ------ მ–---------ემ, ხოლო ლ---- თ----ემ - არა (არ დახვდათ სახლში);

 

მტკიცებულება: 2009 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ,,მოხსენებითი ბარათი".

 

3.2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბერს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტოს მიხედვით, ო----–---–ების საკუთრების (წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები) რეგისტრაციისას მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური რეგისტრაციის მიხედვით (მწვანე და ლურჯი ფერის აღნიშვნები) ა--- და ლ---- თ----ეების კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთების გარკვეული ფართები;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბერს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტო.

 

3.2.10. ა--- თ----ემ 2017 წლის 21 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სისტემური რეგისტრაციით (№ 6--1--0--1-- საკადასტრო კოდით) არსებული მონაცემების დაზუსტება და ელექტრონულ ფორმატში საკუთრების რეგიტრაცია; მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ორთოფოტოზე მწვანე ფერის აღნიშვნა) ზუსტად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს ო----–---–ების სახელზე რეგისტრირებული მონაცემების მხარეს (მის მომიჯნავედ), რის გამოც ზედდება მოხდა ო----–---–ების ამჟამად რეგისტრირებულ მონაცემებთან, და სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 28 დეკემბრის № 892017255270-03 და 2018 წლის 1 თებერვლის № 892017255270-05 გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბერს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტო, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.11. ლ---- თ----ემ ასევე 2017 წლის 21 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სისტემური რეგისტრაციით (№ 6--1--0--1-- საკადასტრო კოდით) არსებული მონაცემების დაზუსტება და ელექტრონულ ფორმატში საკუთრების რეგიტრაცია; მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ორთოფოტოზე ლურჯი ფერის აღნიშვნა) ზუსტად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს ო----–---–ების სახელზე რეგისტრირებული მონაცემების მხარეს (მის მომიჯნავედ), რის გამოც ზედდება მოხდა ო----–---–ების ამჟამად რეგისტრირებულ მონაცემებთან, და სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 28 დეკემბრის № 892017255469-03 და 2018 წლის 26 მარტის № 892017255469-28 გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბერს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტო, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ო----–---–ების სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური რეგისტრაციით თ----ეების კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთების გარკვეული ფართები.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, ო----–---–ების სახელზე 2009 წლის 18 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა თუ არა ა--- და ლ---- თ----ეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები.

 

სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებსა და მესამე პირებს ერთმანეთის მომიჯნავედ საკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები; ო----–---–ებმა კი უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაციისას რეესტრის სამსახურში წარადგინეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით კი მათ საკუთრებაში უკანონოდ მოექცა მოსარჩელეების კუთვნილი მიწის ნაკვეთების ნაწილი.

 

ამ საკითხის გარკვევის მიზნით უნდა განისაზღვროს ისეთი მტკიცებულება(ები) რომელიც შეიცავს მოდავე მხარეთა საკუთრების შესახებ საკადასტრო აზომვით მონაცემებს და ამავე დროს გააჩნია უტყუარობისა და სიზუსტის, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხი.

 

მოპასუხისა და ო----–---–ების მითითებით, სისტემური რეგისტრაციები უზუსტოა და, კანონმდებლობის მიხედვით, საჭიროებს აუცილებელ დაზუსტებას, რის გამოც ეს მონაცემები არ უნდა იქნეს გაზიარებული და სარწმუნოდ მიჩნეული.

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს 2007 წლის 11 მაისის № 4741 კანონით) მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-1515-ე მუხლებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყოთ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.

 

,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

 

როგორც აღინიშნა, მოსარჩელეებსა და მესამე პირებს ერთმანეთის მომიჯნავედ, მითითებული კანონმდებლობის საფუძველზე - სისტემური რეგისტრაციით, საკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთები;

 

სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მხარეთა პოზიცია, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები არ წარმოადგენს გასაზიარებელ ჩანაწერებს, რადგან ამ რეგისტრაციით დგინდება, რომ მხარეებს საკუთრებაში გადაეცათ კონკრეტული ოდენობის, კონკრეტულ ადგილზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, შესაბამისი კონფიგურაციებითა და პარამეტრებით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების მე-8-მე-9 პუნქტების თანახმად, ამ ბრძანებულების 5-7 პუნქტებში აღნიშნული სამუშაოები განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებებს და მიწის მფლობელთათვის ხორციელდებოდა უსასყიდლოდ; მიწის რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ზონის რეგისტრატორებს შეეძლოთ, ესარგებლათ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესრულებული აგეგმვითი სამუშაოების შედეგებით და დოკუმენტებით (სარეგისტრაციო ბარათები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ნაკვეთის გეგმები და საკადასტრო რუკები), აგრეთვე გამოეყენებინათ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტების განხილვისა და მოწონების შემდეგ ზონის რეგისტრატორი რეგისტრაციას ახორციელებდა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის სიზუსტისა და საიმედოობისათვის პასუხისმგებელი იყო მისი შემსრულებელი, ხოლო მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლდა მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვოდა ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდებოდა ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ;

 

ამგვარი ჩანაწერი (რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ) არც მოსარჩელეების და არც მესამე პირების სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო ჩანაწერებს თან არ ახლავს, რაც მათში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე მიუთითებს.

 

იმავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.

 

ამ პუნქტში მითითებული აუცილებელი დაზუსტება გულისხმობდა მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე მონაცემების დაზუსტების და არა მიწაზე საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის თვალსაზრისით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული სისტემური რეგისტრაციებით დასტურდება, რომ რეგისტრატორის მიერ მოსარჩელეებისა და მესამე პირების სახელზე განხორციელდა ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთების აღრიცხვა;

 

რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრატორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია ნაკვეთის შესახებ, დამატებითი დოკუმენტაცია; დაინტერესებული მხარე კი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეესრულებინა რეგისტრატორის მოთხოვნა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისტემური რეგისტრაციების განხორციელებისას წარდგენილი მონაცემები საკმარისად ჩაითვალა როგორც მოსარჩელეების, ასევე მესამე პირების საკუთრებების რეგისტრაციისათვის (იხ. სარჩელსა და შესაგებელზე თანდართული სისტემური რეგისტრაციები).

 

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა (მე-13.1 მუხ.).

 

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

 

მითითებული კანონის 33.4 მუხლის თანახმად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

 

სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მიწა შეიძლება, არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით; კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ მხარეთა სახელზე სისტემური რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები. ხსენებული ბრძანებულების შემდგომ გამოცემული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის №327 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა მხარეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არ ითვალისწინებდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენას ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში.

 

სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას; ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა (იხ. სუს იგივე განჩინება).

 

გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს და გაზიარებულიც უნდა იქნეს.

 

როგორც აღინიშნა, ა--- და ლ---- თ----ეების მიერ ელექტრონული რეგისტრაციისათვის წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით განსაზღვრული საკუთრების ადგილმდებარეობა და საზღვრები ო----–---–ების საკუთრების მომიჯნავედ სრულად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციით მათ სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბერს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტო).

 

მოსარჩელეებისა და მესამე პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იურიდიულ საზღვრებსა და ადგილმდებარეობასთან მიმართებაში საქმეზე წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი მონაცემების შემცველი მხოლოდ ეს მტკიცებულება (სისტემური რეგისტრაციები).

 

დ----- ო----–---–ის განმარტებით, დაზუსტებული რეგისტრაცია ამ ფორმით და კონფიგურაციით მოახდინა იმის გამო, რომ კუთვნილ ნაკვეთამდე ჰქონოდა მისასვლელი გზა, თუმცა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს თვით რეგისტრაციის კანონიერების გარკვევას და არა ფაქტობრივად არსებულ მდგომარეობას.

 

სასამართლო ამ გარემოებებს ყურადღებას აქცევს იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს სწორედ მათ საკუთრებებთან არსებული საზღვრების რეგისტრაციის სიზუსტის კანონიერება.

 

ამავე დროს, თუკი დ----- ო----–---–ი თვლიდა, რომ სადავო მონაკვეთი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას, მაშინ ეს მონაკვეთი არ უნდა მოექცია მის პირად, კერძო საკუთრებაში.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ საჯარო რეესტრში ო----–---–ების სახელზე საკუთრების რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მეშვეობით, ანუ მხოლოდ მათ მითითებაზე დაყრდნობით, და მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტსა თუ საჯარო რეესტრში დაცულ რაიმე სხვა ინფორმაციას არ ეყრდნობოდა.

 

სისტემური რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტურლი სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას;

 

ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მიახლოებითი საზღვარი არ გულისხმობდა სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტების მომენტში, მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის არაგონივრულ ცვლილებას.

 

მონაცემთა დაზუსტება უნდა განხორციელდეს დაუზუსტებელ მონაცემებეთან მიახლოებული პარამეტრებით; ცვლილების რეგისტრაცია უნდა ემსახურებოდეს მონაცემთა დაზუსტებას, მის შესაბამისობას ფაქტობრივ და იურიდიულ მოცემულობასთან და არა ახალი საკუთრების უფლების წარმოქმნას. დაზუსტებული რეგისტრაცია არ უნდა ზღუდავდეს მესამე პირთა უფლებებს.

 

საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 6 დეკემბრის სიტუაციური ნახაზი, სადაც ორთოფოტოზე დატანილია სისტემური რეგისტრაციისა და დაზუსტებული რეგისტრაციის მონაცემები და სხვაობა მათ შორის;

 

აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ სადავო რეგისტრაციით განხორციელებულია იმ მიწის ნაკვეთების გარკვეული ფართების ო----–---–ების საკუთრებაში მოქცევა, რომლებიც სისტემური რეგისტრაციებით ა--- თ----ისა და ლ---- თ----ის საკუთრებას წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, ნაკვეთის იდენტიფიცირება მოხდა ო----–---–ების სახელზე სისტემური რეგისტრაციით № 6--1--0--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო----–---–ების მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას წარდგენილი მონაცემები არსებითად განსხვავდება მათ სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებულიმონაცემებისაგან - მათი ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს შექმნილია მართკუთხედის ფორმის გრძივი ტერიტორია, რაც არსებითად განსხვავდება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებისგან და ო----–---–ების საკუთრებად აქცევს ა--- და ლ---- თ----ეების კუთვნილი მიწის ნაკვეთების ნაწილს.

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობდა სისტემური რეგისტრაციები, რაც ასახავდა მოდავე მხარეთა საკუთრებების საკადასტრო მონაცემებს, მარეგისტრირებელი ორგანო არ უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ, თუნდაც ორი მეზობლის ხელმოწერით დადასტურებულ მონაცემებს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო----–---–ების მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას წარდგენილი მონაცემები არსებითად განსხვავდება მათ სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებული მონაცემებისაგან - მათი ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს შექმნილია მართკუთხედის ფორმის გრძივი ტერიტორია, რაც არსებითად განსხვავდება სისტემურ რეგისტრაციის მონაცემებისგან და ო----–---–ების საკუთრებად აქცევს ა--- და ლ---- თ----ეების საკუთრების ნაწილს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363 (კ-12) განჩინება); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე, გამოიკვლიოს ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოახდინოს მათ სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში, წარმოადგენს რეგისტრირებულ მონაცემებს და მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია;

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სხვა უტყუარი და უფრო ზუსტი საკადასტრო აზომვითი მონაცემები, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მხედველობაში მიეღო ეს მონაცემები, მით უფრო, რომ, როგორც აღინიშნა, სხვა პირების დაზუსტებული რეგისტრაცია მთლიანად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში დაცული სისტემური რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო რეგისტრაციით ო----–---–ების საკუთრებაში მოექცა ა--- და ლ---- თ----ეების კუთვნილი მიწის ნაკვეთების ნაწილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო, სრულყოფილად გამოეკვლია და დაედგინა საქმის გარემოებები, თუნდაც სისტემური რეგისტრაციის მონაცემებთან შედარების გზით, და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, რასაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მოჰყვა, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს სასამართლოს მიერ მითითებულ მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების ნაწილში და შესაბამისად, ამ ნაწილებში ექვემდებარება ბათილად ცნობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული აქტის კანონიერება; შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობად უნდა განისაზღვროს 100 ლარი.

 

მოსარჩელეების მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე გადახდილია 100-100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქმეს თან ერთვის მოსარჩელეთა მიერ სასამართლო ხარჯების გაღების დოკუმენტაცია (სახელმწიფო ბაჟი 100-100 ლარი), თუმცა ისინი არ შუამდგომლობენ ხარჯების ანაზღაურების შესახებ; შესაბამისად, მოპასუხეზე ხარჯების ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება ვერ მოხდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2009 წლის 18 სექტემბრის № 882009267094-09 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

 

იმის გამო, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ეს ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა--- და ლ---- თ----ეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე 591 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის მ------ დ---–-–---–ის, ნ-----–----, ქ-------, ა-- და დ----- ო----–---–ების სახელზე № 6-----0--0-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი 6--1--0--1--) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 სექტემბრის № 882009267094-09 გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციით აღნიშნულ ა--- თ----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

1.1.1. ა--- თ----ის სარჩელი ამ აქტის სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე 591 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის მ------ დ---–-–---–ის, ნ-----–----, ქ-------, ა-- და დ----- ო----–---–ების სახელზე № 6-----0--0-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი 6--1--0--1--) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 სექტემბრის № 882009267094-09 გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციით აღნიშნულ ლ---- თ----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

1.2.1. ლ---- თ----ის სარჩელი ამ აქტის სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ვახტანგ ქარელაშვილის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერსა და 2018 წლის 8 ნოემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2009 წლის 18 სექტემბრის № 882009267094-09 გადაწყვეტილების მოქმედება, დარჩეს ძალაში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი