გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2478-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მ--- შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - გ------ ვ-----ა
მოპასუხე - გ------ ვ-----ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - გ------ ვ-----ას მოსარჩელე გ------ ვ-----ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 3500 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში 8680 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით , იგი მარტოხელა პენსიონერია და არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. მან საკუთრებაში არსებული ქონება აჩუქა შვილთაშვილს მცირეწლოვან ს--- ვ-----ას. იმის გამო რომ ბავშვის მამა - მოპასუხე გ------ ვ-----ა - მისი შვილიშვილი - უმადურად მოექცა, ნაჩუქარი ქონება გაყიდა, სახლიდან გამოაგდო და იგი ღია ცისქვეშ დარჩა, ამასთან ქონება გაყიდულია და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და ქონების დაბრუნების არანაირი საშუალება აღარ არსებობს, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა, თუმც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წელს მისმა პაპამ - გ------ ვ-----ამ მის შვილს - ს--- ვ-----ას - აჩუქა მარნეულის რაიონის, სოფელ ალგეთში მდებარე უძრავი ქონება, რაც მოგვიანებით სესხის აღების სანაცვლოდ გადაფორმდა მ--- კუ--------ეზე. ბინა რეალურად არ გაყიდულა, რაც ცნობილი იყო თავად მოსარჩელისთვის. ამჟამად ბინა აღარ ეკუთვნის მ--- კუ--------ეს, რადგან მას ვალი დაუბრუნეს და სადავო ქონება ამჟამად საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია მის დაზე - თ----- გ------–---–ზე ( ქონება დაიბრუნეს). იგი ასევე უარყოფს პაპის მიმართ უმადურ დამოკიდებულებას, ხოლო მათ შორის წარმოშობილ კონფლიქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მისმა პაპამ - გ------ ვ-----ამ შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს - ქეთო გოგიას, ამის გამო გახდა მათი ერთად ცხოვრება შუძლებელი, ხოლო პაპის მხრიდან გახმოვანებულ პოზიციას, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უარყოფს და განმარტავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ ამ ფაქტზე დადგინდა გამამართლებელი განაჩენი, ანუ არ დადასტურდა ამგვარი ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე გ------ ვ-----ამ თავის სახელზე რიცხული ქონება აჩუქა თავის შვილიშვილს - ს--- ვ-----ას, რომელიც მცირეწლოვანია. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება მოსარჩელემ გააფორმა 2014 წლის 15 დეკემბერს და უძრავი ქონება, მდებარე მარნეულში, სოფ. ალგეთში აჩუქა თავის 3 წლის შვილთაშვილს, რომლის წარმომადგენლები იყვნენ მოსარჩელის შვილიშვილი გ------ ვ-----ა და მისი მეუღლე ქეთო გოგია.
მტკიცებულება: მხარის ახსნა-განმარტება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან , გ------ ვ-----ას პირადობის მოწმობის ასლი, ჩუქების ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე გ------ ვ-----ას მიერ მ--- კუ--------ეზე უძრავი ქონება, მდებარე მარნეულში, სოფ. ალგეთში ნასყიდობის ხელშეკრულებით არ გასხვისებულა, თავად მოსარჩელეც ადასტურებს, რომ მ--- კუ--------ისგან აიღეს სესხი, რაც ამჟამად დაბრუნებულია (მოპასუხის განმარტებით) და შეს---მისად, იგი აღარ არის მესაკუთრე, ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა თ----- გ------–---–ი, მოპასუხის და და მოსარჩელის შვილიშვილი.
მოსარჩელის განმარტებით, მის შვილთაშვილზე გაფორმებული ჩუქება გაუქმდა, რადგან ქონება მისმა შვილიშვილმა და ამ უკანასკნელის მეუღლემ გაასხვისეს უკანონოდ და მოსარჩელის მიმართ გამოავლინეს უმადურობა. მარნეულში სოფ.ალგეთში მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა ნაგებობასთან ერთად (დაჩები) 3500 აშშ დოლარად 2017 წლის 20 აპრილს მოსარჩელის შვილიშვილმა გ------ ვ-----ამ გაყიდა მ--- კუ--------ეზე. აღნიშნული ქონება მოსარჩელემ აჩუქა თავის შვილთაშვილს ს--- ვ-----ას და მესაკუთრედაც მას მიიჩნევს და არა შვილიშვილს გ------ ვ-----ას, რომელმაც ეს ქონება გაასხვისა. ქონების გასხვისებით ზიანი მიადგა მოსარჩელეს, ვინაიდან იგი ღია ცის ქვეშ დარჩა. ამასთან მისმა შვილიშვილმა მასზე არაერთხელ იძალადა და გამოაგდო სახლიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მტკიცებულება: მხარის ახსნა- განმარტება, ნასყიდობის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მარნეულში , სოფ.ალგეთში მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მ--- კუ--------ე, საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება,მტკიცებულება : საჯარო რეესტრის ამონაწერი.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით ამავე ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა - თ----- გ------–---–ი. საფუძველი ნასყიდობის ხელშეკრულება.
მტკიცებულება : საჯარო რეესტრის ამონაწერი.
როგორც მხარეთა ახსნა- განმარტებით დადგინდა აღნიშნული ქონება არც თავდაპირველად გასხვისებულა მ--- კუ--------ეზე და რეალურად ეს იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თ----- გ------–---–ის სახელზეც ქონება აღირიცხა ვალის გადახდის შემდგომ. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა 3500 აშშ დოლარი, როგორც ბინის გაყიდვის შედეგად მოპასუხის მიერ მიღებული თანხა, არ დასტურდება.
მოსარჩელე არ ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას და განმარტავს, რომ ვინაიდან მ--- კუ--------ე კეთილსინდისიერი შემძენია და მისგან ქონებას ვერ გამოითხოვს, ამიტომ გ------ ვ-----ასგან ითხოვს ზიანის სახით ანაზღაურებას სადავო ქონების გაყიდვის შედეგად მიებული თანხის ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა , რომ მ--- კუ--------ეს ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით არ შეუძენია, მოპასუხე გ------ ვ-----ას გაყიდული ნივთის საფასური არ მიუღია, ფაქტობრივად მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა.
გ------ ვ-----ას მიერ სესხის დაბრუნების შემდგომ მ--- კუ--------ისგან ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა თ----- გ------–---–ზე, რომელიც არის მოსარჩელე გ------ ვ-----ას შვილიშვილი და მოპასუხე გ------ ვ-----ას და.
ამდენად, არ დადასტურდა მოპასუხის მიერ 3500 აშშ დოლარის ნასყიდობის გზით მიღების ფაქტი, რის დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, რადგან კეთილსინდისიერ შემძენისგან ქონების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს, სარჩელში მაინც მიუთითებს, რომ მოპასუხემ მას მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა და გამოიჩინა უმადურობა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ გარემოებას და განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 21 სექტემბერს გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი და მოპასუხე გ------ ვ-----ა გამართლებულია. მართალია განაჩენი კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ მხარემ (მოსარჩელე) მტკიცებულებებით ვერ შეძლო უმადურობისა და შეურაცხყოფის ფაქტების დადასტურება, ხოლო მისი მითითება, რომ მოპასუხემ იძალადა და გამოაგდო სახლიდან და რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დღეის მდგომარეობით დასრულებულია ამგვარი შედეგით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ გაჩუქებული ქონების მ--- კუ--------ეზე გასხვისების და ამის შედეგად გ------ ვ-----ას მიერ 3500 აშშ დოლარის მიღების ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის ზიანი ს მიყენების ფაქტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 529-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ერთი (სახელშეკრულებო), ისე მეორე (დელიქტიდან გამომდინარე) საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა _ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მართალია, ქმედებაში განზრახი ბრალის არარსებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს და იგი პირს შეიძლება დაეკისროს გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისთვისაც, მაგრამ ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს ასევე ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა.
მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაუდასტურა სასამართლოს გ------ ვ-----ას მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის ასანაზღაურებლად 3500 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის დანაწესი ითვალისწინებს ჩუქების გაუქმებას დასაჩუქრებულის უმადურობის გამო . კერძოდ,ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო მოპასუხის მხრიდან მისდამი მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდ უმადურობის გამოჩენის ფაქტი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
გ------ ვ-----ას სასამართლოსს მიერ გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა , მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 260 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე გ------ ვ-----ას სარჩელი მოპასუხე გ------ ვ-----ას მიმართ ზიანის ანაზღაურების სახით 3500 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში 8680 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს .
3. მოსარჩლე გ------ ვ-----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 260 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი