გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7048-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - რ--- ბ---
წარმომადგენელი - გ------- კ--–--–--ა
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
წარმომადგენელი - თ----- გ--------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილება (რ--- ბ---ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე)
1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ--- ბ---ის მიენიჭება შრომითი ბინადრობის ნებართვა (დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა იხ. 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილება (რ--- ბ---ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე) მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 01 აგვისტოს, ერთის მხრივ შპს „გე ჯ---- მ--------ს“ (ს/ნ 4--------) და მეორეს მხრივ რ--- ბ---ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც „დამსაქმებელმა“ მიიღო „დასაქმებული“ დირექტორის პოზიციაზე. შრომის ასანაზღაურებად თანხად განისაზღვრა 1 000 (ათასი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 1 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 56-57);
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 46-47);
3.1.2. 2017 წლის 28 სექტემბერს, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ--- ბ---მა შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ N1--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 05 ოქტომბერს №1---------/7 წერილით რ--- ბ---ს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენია არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობის სამგზავრო დოკუმენტთან შესაბამისობაში მოყვანილი ქართულენოვანი თარგმანი. (განმცხადებლის სახელი და გვარი პასპორტში მითითებულია "რ--- ბ---", ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობაში "რ--- ბ--- დ---–--- ალი"). შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, რ--- ბ---ს დაევალა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge -ზე განთავსება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 28 სექტემბრის რ--- ბ---ის განცხადება (ს.ფ. 38-41);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 ოქტომბრის №1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 67);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ.12-13);
3.1.3. 2018 წლის 09 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადებით მიმართა მოსარჩელე რ--- ბ---მა და წარადგინა შესაბამისად დამოწმებული პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მიერ გაცემული პასპორტის ნათარგმნი ასლი, სადაც მითითებულია: სახელი: რ---, გვარი: ბ---, მოქალაქეობა: პაკისტანი, დაბადების თარიღი: 01 იანვარი, 1965 წელი, სქესი: მამრ., მამის სახელი: ალი, დ---–---, პირადი ნომერი: 3---------------
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 09 ოქტომბრის განცხადება თ/მ (ს.ფ 50-55);
3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული რ--- ბ---ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-13);
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ--- ბ---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6.1. საქართველოს კონსტიტუცია,6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,6.3. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი,6.4. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი,6.5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტით ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო იმავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენ დოკუმენტებს უნდა ერთვოდეს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, რ--- ბ---მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც რ--- ბ---ს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov. ge და http://psh.gov.ge. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 05 დეკემბერს რ--- ბ---ს დაუდგინა ხარვეზი და განუმარტა, რომ წარმოსადგენი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობის სამგზავრო დოკუმენტთან შესაბამისობაში მოყვანილი ქართულენოვანი თარგმანი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ასევე დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge -ზე განთავსება.
2018 წლის 09 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადებით მიმართა მოსარჩელე რ--- ბ---მა და წარადგინა შესაბამისად დამოწმებული პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მიერ გაცემული პასპორტის ნათარგმნი ასლი, სადაც მითითებულია: სახელი: რ---, გვარი:ბ---, მოქალაქეობა: პაკისტანი, დაბადების თარიღი: 01 იანვარი, 1965 წელი, სქესი: მამრ., მამის სახელი: ალი, დ---–---, პირადი ნომერი: 3---------------
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რ--- ბ---ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 ოქტომბრის ხარვეზით დადგენილი შესაბამისი მტკიცებულება, კერძოდ პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პასპორტის ნათარგმნი ასლი, რომლითაც ნათლად დგინდება, რომ მოსარჩელის სახელსა და და გვარს წარმოადგენს რ--- ბ---ი, ხოლო ალი დ---–--- არის მოსარჩელის მამის სახელი. ცალსახაა, რომ მოსარჩელემ აღმოფხვრა მოპასუხის მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად, რის გამოც აღარ არსებობდა მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილება (რ--- ბ---ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე) და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელე რ--- ბ---ის განცხადებაზე არსებითი მსჯელობა.
სასამართლო მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით - დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ--- ბ---ის მიენიჭება შრომითი ბინადრობის ნებართვა, განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთვის განცხადების განხილვის დავალება, გულისხმობს სწორედ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს რ--- ბ---ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველის მე-2 ნაწილით, მე-10 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ--- ბ---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილება (რ--- ბ---ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე) და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელე რ--- ბ---ის განცხადებაზე არსებითი მსჯელობა.
3. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე რ--- ბ---ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე