გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
190210018002560358
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2-2191-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე- სუ-–--------–----ე

მოპასუხეები- ქე-----------–-ა, ქე---------–---–ი

მოპასუხე ქე-----------–-ას წარმომადგენელი- ნი------------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

aRwerilobiTi nawili

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ქე---------–---–ს სუ-–--------–----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირი 450 ლარი და 2014 წლის 10 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველი თვის პროცენტი თვეში 112.50 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე ქე-----------–-ას სუ-–--------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი 100 ლარი და 2017 წლის 01 მარტიდან ყოველთვე პროცენტის სახით 25 ლარის გადახდა, ასევე 2014 წლის 8 მაისის ხელწერილის თანახმად თანხის ძირი 50 ლარი და 2014 წლის 8 მაისიდან აღსრულებამდე ყოველ თვე 10 ლარის გადახდა .

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 10 აპრილს სუ-–--------–----ეს და ქე---------–---–ს შორის დაიდო ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხემ სუ-–--------–----ისაგან ისესხა სესხის ძირი თანხა 450 ლარი, სესხი იყო სარგებლიანი, მოპასუხეს ყოველ თვე პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 112.50 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 01 მარტს ქე----------––--მ მოსარჩელისგან ისესხა 100 ლარი, რაც დასტურდება ხელწერილით ვალის აღიარების შესახებ, სესხს ერიცხებოდა ყოველთვიური სარგებელი 25 %-ის ოდენობით. მოსარჩელე სუ-–--------–----ე აღნიშნავს, რომ ქე-------------–--ს სესხის აღებისას თან ახლდა მისი მეგობარი ირ--------------ა, სწორედ ამ უკანასკნელთან დაიდო ხელწერილი, თუმცა თანხა ქე-------------–--ს გადასცა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხას ქე-------------–-- გადაუხდიდა და არა ირ--------------ა, თუმცა მოპასუხეს მისთვის არც თანხის ძირი და არც პროცენტი გადაუხდია, 2014 წლის 8 მაისს ქე----------––-- ლი---------–---–თან ერთად კვლავ მივიდა სუ-–--------–----ესთან და ისესხა 50 ლარი, სესხი იყო სარგებლიანი, რომელიც შეადგენდა თვეში 10 ლარს პროცენტის სახით, ქე-------------–--მ ლი---------–---–ს დააწერინა ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ქე-------------–-- გადაიხდიდა როგორც თანხის ძირს, ასევე პროცენტს.

მოსარჩელის განმარტებით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები მას თანხას არ უბრუნებენ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს:

მოპასუხე ქე---------–---–ს სუ-–--------–----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირი 450 ლარი და 2014 წლის 10 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველი თვის პროცენტი თვეში 112.50 ლარის ოდენობით.

მოპასუხე ქე-----------–-ას სუ-–--------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი 100 ლარი და 2017 წლის 01 მარტიდან ყოველთვე პროცენტის სახით 25 ლარის გადახდა, ასევე 2014 წლის 8 მაისის ხელწერილის თანახმად თანხის ძირი 50 ლარი და 2014 წლის 8 მაისიდან აღსრულებამდე ყოველ თვე 10 ლარის გადახდა.

 

2018 წლის 20 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სუ-–--------–----ეს და ქე---------–---–ს შორის შედგა მორიგება, რის გამოც, აღნიშნულ ნაწილში შეწყდა საქმისწარმოება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ქე-----------–-ას წარმოდგენილმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი არ არის მოპასუხის მიერ დაწერილი, ქე-----------–-ას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია სუ-–--------–----ის მიმართ, მართალია, მოპასუხემ 2013 წელს მოსარჩელისაგან ისესხა თანხა, თუმცა აღნიშნული თანხა დაფარულია მოპასუხის მიერ, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ვალის აღიარების შესახებ ხელწერილით დასტურდება, რომ ქე----------––--მ 2013 წელს მოსარჩელისაგან ისესხა 400 ლარი, რომელიც მოპასუხის განცხადებით იმავე წელს დაუბრუნა სუ-–--------–----ეს, მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2014 წლის 8 მაისის და 2017 წლის 08 მარტის ხელწერილებზე, თუმცა აღნიშნული ხელწერილები სუ-–--------–----ის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული.

 

samotivacio nawili

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, 623-ე მუხლებით

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება თავად არის ხელშეკრულება. ცალმხრივი ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. აბსტრაქტული ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხე ქე-----------–-ას სუ-–--------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი 100 ლარი და 2017 წლის 01 მარტიდან ყოველთვე პროცენტის სახით 25 ლარის გადახდა, ასევე 2014 წლის 8 მაისის ხელწერილის თანახმად თანხის ძირი 50 ლარი და 2014 წლის 8 მაისიდან აღსრულებამდე ყოველ თვე 10 ლარის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შედის ვალის არსებობა, რომლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, ვინაიდან მოპასუხემ უარყო მხარეებს შორის რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. სასამართლო საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის ხელწერილს მტკიცებულებად ვერ მიიღებს, ვინაიდან მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს 2013 წლის შემდეგ გაფორმებულ ხელწერილებზე, კერძოდ, 2014 წლის 08 მაისის და 2017 წლის 01 მარტის ხელწერილებზე, რომლებიც საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი არ არის. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარემ უარყო ხელწერილის ნამდვილობა, მნიშვნელოვანია აღნიშნული დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, კერძოდ, სუ-–--------–----ის მოთხოვნას წარმოადგენს ქე-------------–--ს მიერ 2014 და 2017 წლებში გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ ხელწერილებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია, ამასთან, სუ-–--------–----ის ახსნა-განმარტებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილლი ხელწერილი დაწერილია მის მიერ ცალმხრივად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სასამართლო საპროცესო ხარჯები მხარეებს არ დაეკისრებათ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სუ-–--------–----ის სარჩელი მოპასუხე ქე-----------–-ას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი