გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210017002138141
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ დაკავშირებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28724-17 (330210017002138141)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.12.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე: მ----ლ რ---–---–ი

მოპასუხე: კ------------- ი------–---–-

წარმომადგენელი: რ---–----- ა----–---–ი

დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე კ------------- ი------–---–ს ნებისმიერი ტელეკომპანიის ეთერით უარყოს მის მიერ გავრცელებული განცხადება შემდეგი ფორმულირებით: ,,ჩემს მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია ი------ს საინფორმაციო გადაცემა ა---–------ში, სადაც მითითებულია, ,,მ----------ა ადამიანი მ-–---- რ---–---–ი, მას ხომ არ ავიწყდება ისევე იყო შეგზავნილი გ------–---ის საქმეზე და ისეთივე ის იყო პროვოკატორი, რომ მიეტანა იმასთან ა---–---------“ არ შეესაბამება სიმართლეს;

 

1.2. დაეკისროს კ------------- ი------–-ილს მ----ლ რ---–---–ის სასარგებლოდ, სიმბოლურად 1 ლარის ოდენობით;

(სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა 2018 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე; იხ. ს.ფ. 85)

სარჩელის საფუძვლები

 

კ------------- ი------–---–მა 2017 წლის 21 სექტემბერს ტელეკომპანია ,,ი----იას“-ს გადაცემაში ,,ა---–-------ის“ ეთერში 18 საათზე გაავრცელა მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია, კერძოდ მოპასუხემ განაცხადა: ,,რატომ იცავს მკვლელ დ-------- გ------- მ----–--ეს და თურმე ამ საქმეში ის არის ,,მ-----ე პ---------ან მ----------ა ადამიანი“ და წარსულში ს-------- გ------–---ის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, საიდანაც ინფორმაციას თურმე აწვდის, ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს ა---–-იას“. მ----ლ რ---–---–ი, როგორც ადვოკატი ს-------- გ------–---ის საქმეში მისი ოჯახის წევრების თხოვნით ჩართული იყო, როგორც წინასწარი გამოძიებისას ასევე სასამართლო განხილვისას, აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს მოსთხოვა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და დაზარალებულების ი----- ე-------სა და გ------ გ------–---ის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა. 2017 წლის 21 სექტემბერს, ტელეკომპანია ,,ი----იას“ გადაცემა ,,ა---–-------ის“ ეთერში მოპასუხის მხრიდან განცხადებები გავრცელდა საჯაროდ, მტკიცებითი ფორმით და დანაშაულებრივი გზით ბრალს სდებს ,,მ-----ე პ---------ან მ----------ობაში და ს-------- გ------–---ის საქმეში ჩანერგილი კუდის უფროსის დ----- ა---–-იას აგენტ-პოვოკატორად და ინფორმატორად“. მოპასუხის ქმედება წარმოადგენს არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ საჯარო პირის ცილისწამებას.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნობს;

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

მოპასუხის განმარტებით, მისი განცხადება წარმოადგენს მის აზრს, შეფასებას, მსჯელობას და არა მოსარჩელის მიმართ გავრცელებულ ცილისმწამელბლურ, პატივისა და ღირსების შემლახველ განცხადებას;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 21 სექტემბერს ტელეკომპანია ,,ი----იას“-ს გადაცემაში ,,ა---–-------ის“ ეთერში 18 საათზე კ------------- ი------–-ილმა განაცხადა: ,,მაგ მკვლელებს რატომ იცავენ, აი მ----–--ეს რატომ იცავენ, რომელი აუდიტი ჰყავთ შემოყვანილი საპატრიარქოში ერთი იმან თქვას ის რომ იყო, მ-----ე პ-----ეს ის რომ იყო რა ჰქვია რა მ----------ა ადამიანი რა ქვია, მ-–---- ისა რა ქვია რ---–---–ი, იმას ხომ არ ავიწყდება, რომ ისევე იყო შეგზავნილი გ------–---ის იმაზე, საქმეზე და ისეთივე ის იყო პროვოკატორი, რომ მიეტანა იმასთან ა---–-იებთან“;

 

- იხ. კომპაქტ-დისკი (ს.ფ. 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მნიშვნელოვანი ხასიათის მქონე ფაქტობრივი გარემოება სამართალწარმოების დროს სადავოდ არ ქცეულა. მსჯელობას, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასების შესახებ კი შემოგთავაზებთ სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კ------------- ი------–---–-ს მიერ გამოქვეყნებული სადავო ინფორმაცია წარმოადგენს მოსარჩელე მ----ლ რ---–---–ის სახელის გამტეხ, პატივისა და ღირსების შემლახველ, ცილიმსწამებლურ განცხადებებს, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი;

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW): CASTELS VS. SPAIN; HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; LINGENS VS AUSTRIA; AUTRONIC AG VS SWITZERLAND; STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM; GORELISHVILI VS GEORGIA; JERSILD VS DENMARK; OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM; SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM; MALONE VS THE UNITED KONGDOM; WINGROWE VS THE UNITED KONGDOM; CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA; KYPRIANOU VS CYPRUS; PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK; RADIO FRANCE VS FRANCE; SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM; HRICO VS SLOVAKIA; BARFORD VS DANMARK; FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE; BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY; MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; ALVES COSTA VS PORTUGAL; OTTO PREMINGER INSTITUT VS AUSTRIA; BLADET TROMSO AND STENSAAS VS NORWAY; DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; JANOWSKI VS POLAND; BUSUIOC VS MOLDOVA; MULLER AND OTHER VS SWITZERLAND; WHITE VS SWEDEN; THOMA VS LUXEMBURG;

 

წინამდებარე სამართალწარმოებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება საქმეზე PETRENCO v. MODLOVA (2010 წლის 30 მარტი).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლები;

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება, პერიოდულად შესაძლოა კონფლიქტში შედიოდეს სხვათა უფლებებთან, მაგალითად სხვა პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან; ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ ორი უფლების სწორი ბალანსის საფუძველზეა შესაძლებელი კონკრეტულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების ჩამოყალიბება.

 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ამ საერთაშორისო ხასიათის მქონე სამართლის წყაროს მე-19 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას გააჩნდეს საკუთარი აზრი ჩარევის გარეშე, აგრეთვე, თავისუფლებას, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი მედიის საშუალებით და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი ასევე შეიცავს აზრის, ინფორმაციის, იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების უსაზღვრო თავისუფლებას და მხოლო ვიწროდ განსაზღვრულ და კონკრეტულ პირობებში მიიჩნევს დასაშვებად ამ თითქმის უკიდეგანო თავისუფლების შეზღუდვას (სხვათა უფლებების დასაცავად და სხვა).

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის (გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არსებული რედაქცია) მე-19 და 24-ე მუხლებს, რომლებითაც, საერთაშორისო სამართლის წყაროების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, აღიარებულია აზრის, სინდისის, სიტყვის, აღმსარებლობისა და რწმენის, ასევე მათი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია მათში ჩარევა, თუ მათი განხორციელება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ამ თავისუფლებათა შეზღუდვა კი, დასაშვებია მხოლოდ კანონით (მუხლი 24) და მხოლოდ ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად და სხვა (იხ. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

 

გარკვეულწილად, კონსტიტუციის აღნიშნული რეგულაციები და მასში მოცემული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალი, ნასულდგმულებია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფორმულირებით. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს ნორმას და სწორედ მას დაუთმობს სასამართლო ყველაზე დიდ ყურადღებას (შესაბამის პრეცედენტულ სამართალთან ერთად) და მიაკუთვნებს უმნიშვნელოვანეს როლს ასეთი ღირებულებათა კონფლიქტის გადაწყვეტის ჭრილში.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს და თანაც ეროვნული კანონმდებლობის ზემდგომი სამართლის წყაროა (საქართველოს კონსტიტუციის გარდა), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული საერთაშორისო სამართლის წყაროს მიერ არის დადგენილი ევროპაში გამოხატვის თავისუფლების (FREEDOM OF EXPRESSION) არსისა და ფარგლების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი - მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც:

 

ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების, კონვენციის სხვა მუხლების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (ე.წ. CASE LAW). სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, აღქმულ უნდა იქნეს სამართლის პირდაპირ წყაროდ, თანაც ისეთ წყაროდ, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას სამართლის წყაროთა იერარქიაში. აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებანი და გადაწყვეტილებანი ხსნიან და განმარტავენ კონვენციის ტექსტს, ისინი, სავალდებულო პრეცედენტებია და ამდენად, მოახდენენ თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფონი (მათ შორის საქართველოც) კონვენციის რატიფიცირებას, სახელმწიფოს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა, ევროპის სასამართლოს სამართალი უნდა აღიაროს სავალდებულოდ შესასრულებლად.

 

კონვენცია, ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს. თუმცა, როგორც ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული მიდგომებიდან გამომდინარეობს, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეზები უნდა განიმარტოს ძალიან ვიწროდ. საქმეში - OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM, სასამართლომ განმარტა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს, რომლებიც განმარტებული უნდა იყოს ვიწროდ. ამა თუ იმ „შეზღუდვის აუცილებლობა სარწმუნოდ უნდა იყოს დადგენილი“. მთავარი კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც ევროპის სასამართლომ შეიმუშავა, მდგომარეობს იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, და ის წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების წინაპირობას. აღნიშნული ფუძემდებლური დეფინიცია სასამართლომ ყველაზე უფრო სრულყოფილად გადმოსცა საქმეში -HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; მასში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა გამოხატვის თავისუფლების ორმაგი დატვირთვა და მისი დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობა (აღნიშნული განჩინება ევროპის სასამართლოს ყველაზე უფრო ციტირებად განჩინებას წარმოადგენს). ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა - ლუციუს ვილდჰაბერმა მას „ზარის რეკვასავით ხშირად განმეორებადი დეკლარაცია“ უწოდა (იხ. „გამოხატვის თავისუფლება“; ევა გოცირიძე; თბილისი 2008წ.).

 

სწორედ ჰენდისაიდის საქმეში გამოიყენა ევროპის სასამართლომ ცნობილი ფრაზა - “offend, shock or disturb”; აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“. ევროპის სასამართლო, საზოგადოდ შემწყნარებელია ისეთი იდეებისა და ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებენ იმ პირთა უფლებებს, რეპუტაციას ვისკენაც არის ისინი მიმართული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული პრესა და ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული ცნება - „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსია“ (განსახილველ დავაშიც ხომ ამ ორი უმნიშვნელოვანესი აქტორის მონაწილეობა გვაქვს სახეზე). თუმცა, ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში „ჩარევა“ სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფორმულა - offend, shock, disturb, გაგებული უნდა იქნას არა ისე, რომ შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია თუ იდეა ყოველთვის და აბსოლუტურად დაცულია, არამედ ისე, რომ ასეთი ინფორმაციაც და იდეაც, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული.

 

იმისათვის, რომ შეზღუდვა, ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია რომ ასეთი შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული - ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით. ანუ, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის მაღალი დაცვისათვის, აუცილებელია გარკვეული შემუშავებული რეგულაციები სახელმწიფოს მიერ, რომელიც პირს ნათლად დაანახებს რა წესითაა გათვალისწინებული ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი თავისუფლების შეზღუდვა. საქმეში - SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, ვერ ჩაითვლებოდა გამართლებულად, თუ ის კანონზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმის საფუძველზე განხორციელდა. ნათელი და განჭვრეტადი კანონის თაობაზე რეგულაციას ასევე შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი საქმეებია CASE OF MALONE VS THE UNITED KONGDOM და CASE OF WINGROWE VS THE UNITED KONGDOM და სხვა.

 

ასევე, იმისათვის, რომ შეზღუდვა გამართლებულად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია რომ ეს „კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში; ესენია: სახელმწიფო უშიშროება, დანაშაულის თავიდან აცილება, სასამართლოს ავტორიტეტი, სხვათა რეპუტაცია, სხვა უფლებები (სწორედ ეს ლეგიტიმური მიზანი გახლავს ჩვენი საქმისათვის მნიშვნელოვანი) და ა.შ.

 

თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდა შესაბამისი კანონის გარეშე, ასევე ეს ჩარევა არ ემსახურება ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს, სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე).

 

რაც მთავარია, ამ ორი ასე ვთქვათ - წინარე ეტაპების გადალახვის შემთხვევაში (სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ უმრავლესობა საქმეებისა გადალახავს ხოლმე ამ ორ მოცემულობას), ევროპული სასამართლო უკვე მსჯელობს თუ რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in the democratic society). აღნიშნული, ასევე გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ევროპის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, სწორედ ამა თუ იმ ჩარევის შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ - „აუცილებლობასთან“ იქცევა ხოლმე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის განმაპირობებელ ძირითად ასპექტად. მოპასუხე სახელმწიფოები - ხელშემკვრელი მხარეები, სწორედ მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებაში განხორციელებული ჩარევის დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობას ვერ ასაბუთებენ იმ შემთხვევებიდან უმრავლესობაში, რომლებშიც სტრასბურგი ადგენს მე-10 მუხლის დარღვევას. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა შემთხვევებში, ევროპის სასამართლოს მიერ არ არის ხოლმე შეწყნარებული სახელმწიფოთა მითითებანი შეზღუდვის აუცილებლობასთან (დემოკრატიულ საზოგადოებაში) მიმართებაში.

 

თავის მხრივ, შეფასება - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, მოიცავს ორ კომპონენტს: უფლებაში ჩარევის „აუცილებობისა“ და ჩარევის „თანაზომიერების“ შეფასებას.

 

სასამართლო, განსახილველ საქმეში თავს შეიკავებს ზემოაღნიშნული მე-2 კომპონენტის - „ჩარევის თანაზომიერების“ კრიტერიუმის ზოგად განხილვასა და ამ კონკრეტულ სამართალურთობასთან მიმართებაში შეფასებაზე, რამეთუ ამ საქმეში მოთხოვნილია მხოლოდ დიფამაციური განცხადების საჯაროდ უარყოფა და სიმბოლური ოდენობის არაქონებრივი ზიანი. ევროპის სასამართლო, ჩარევის თანაზომიერების საკითხის უარყოფით გადაწყვეტას, როგორც წესი გამოხატვის თავისუფლებისათვის შეუსაბამოდ მაღალი სანქციით, ან სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყების არაპროპორციული ხასიათით ხსნის; მაგ: საქმეში CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო მოხელეთა დიფამაციას, ევროპულმა სასამართლომ აღიარა უფლებაში ჩარევის აუცილებლობა და მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება, თუმცა ასევე მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება და გამოყენებული სანქციები (თავისუფლების აღკვეთა და სხვა), ნამდვილად არ იყო პროპორციული და შესაძლოა მათ ექონიათ „მსუსხავი ეფექტი“ პრესის თავისუფლებაზე. აღნიშნული გამო, სტრასბურგმა მე-10 მუხლის დარღვევა სცნო (მსგავსი მიდგომებია გამოყენებული საქმეებში - KYPRIANOU VS CYPRUS, PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK, RADIO FRANCE VS FRANCE და სხვა).

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ფორმულიდან - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ყურადღებას გაამახვილებს სწორედ პირველ კომპონენტზე: უფლებაში ჩარევის „აუცილებობა“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმის სათანადოდ შეფასება წყვეტს ხოლმე ევროპის სასამართლოში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართებულობის საკითხს და ასევე ეს ცნება იქნება განმაპირობებელი წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე მსჯელობისას.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თავისთავად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად უნდა განიხილებოდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ამა თუ იმ გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფის დავალება, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული მიდგომის საფუძვლიანობას ადასტურებს თუნდაც ევროპის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოში გამართული „დიფამაციური პროცესი და მისი შედეგები“ (იგულისხმება სასამართლო სამართალწარმოება და ამის შედეგად განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს მიერ), წარმოადგენდა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რისთვისაც სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო. შესაბამისად, ნათელია, რომ სანამ სასამართლო ასეთი ფორმით „ჩაერევა“ და „შეზღუდავს“ გამოხატვის თავისუფლებას (განსახილველ შემთხვევაში - მედიის გამოხატვის თავისუფლებას), მან უნდა შეაფასოს და გაიაროს ის ტესტი, რომლითაც აფასებს ევროპის სასამართლო სწორედ ჩარევისა და შეზღუდვის აუცილებლობას.

 

ევროპის სასამართლოს მიერ, პრეცედენტული სამართლით შემუშავებულია გარკვეული მიდგომები და კრიტერიუმები, გარკვეული გამოკვეთილი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზემოაღნიშნული „ჩარევის აუცილებლობის“ შეფასებაზე; ასეთი ფაქტორები, იმის გათვალისწინებით თუ რომელი ფაქტორი რა მიმართებაშია სხვა ფაქტორთან, ხშირად წარმოქმნილი ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის სხვადასხვა ბალანსს სვამენ. ევროპული სასამართლოსათვის, მნიშვნელოვანია რა სახის ინფორმაცია გავრცელდა - ფაქტი თუ მოსაზრება (ე.წ. - VALUE JUDGEMENT). ვის წინააღმდეგ გავრცელდა ინფორმაცია - პოლიტიკური პირის, თუ სხვა პირი წინააღმდეგ და ა.შ. ქვემოთ ჩვენ ფართოდ ვიმსჯელებთ მოცემული საქმის თავისებურებებზე.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადებების საჯაროდ გავრცელების ფაქტი მხარეთა მიერ სადავო არ არის.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. აზრი, არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია. თუმცა უკვე ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს; ევროპის სასამართლო. მოწოდებულია შეიწყნაროს გარკვეული - თუნდაც მცირე ფაქტობრივი მონაცემების შემცველი ინფორმაცია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი აქტორები როგორებიცაა „საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები“ და პრესის თავისუფლება; ასევე როდესაც გამოხატვა მიმართულია ნაკლებად დაცვადი (ანუ სახელმწიფოს დაცვის ნაკლები მოთხოვნილების მქონე) პირისადმი - ხელისუფლების ორგანოს, ძლიერი ეკონომიკური სუბიექტის, პოლიტიკოსის მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფრაზების მოპასუხის მიერ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის. მოპასუხის მითითებით, ეს გამონათქვამები იყო მისი აზრი, შეფასება და მსჯელობა. სასამართლო არ იზიარებს ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სადავო გამონათქვამები ისეთ კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავს, რომელთა დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია. ხშირად აზრისა და ფაქტის გამიჯვნა რთულია, თუმცა როგორც სპეციალური კანონის, ისე ევროპის ადამიანთა უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზით მათი განსხვავება შესაძლებელია.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ცილისწამება კი არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამ განმარტებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისთვის. ,,აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს, იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს (Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria; Dichand and Others v. Austria).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ, #ას-1477-1489-2011, 3.04.2012). მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინტერვიუში ინფორმაცია და გამონათქვამები მტკიცებითი და არა შეფასებითი ფორმისაა - ,,მაგ მკვლელებს რატომ იცავენ, აი მ----–--ეს რატომ იცავენ, რომელი აუდიტი ჰყავთ შემოყვანილი საპატრიარქოში ერთი იმან თქვას ის რომ იყო, მ-----ე პ-----ეს ის რომ იყო რა ჰქვია რა მ----------ა ადამიანი მ-–---- ისა რა ქვია რ---–---–ი, იმას ხომ არ ავიწყდება ასევე იყო შეგზავნილი გ------–---ის იმაზე, საქმეზე და ისეთივე ის იყო პროვოკატორი, რომ მიეტანა იმასთან ა---–-იებთან“. ანუ, ინტერვიუს დროს გამონათქვამები ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ მსმენელზე დადასტურებული ფაქტის შთაბეჭდილებას ტოვებს. რამე მსჯელობა ან იმაზე მინიშნება, რომ ეს მხოლოდ მოსაზრებაა, არ გვხვდება. ამ განცხადებიდან მსმენელს ნათლად შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მოსარჩელე ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ და საზოგადოებრივად მაღალი მგრძნობელობის საქმეში, ჩანერგილი იყო სპეცსამსახურების მიერ და მათთან მიჰქონდა ინფორმაცია.

 

ცილისწამების შემადგენლობის უმთავრესი ელემენტია სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. სასამართლომ, გამოიკვლია ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობა და მოსამართლის შეკითხვაზე მოპასუხემ ვერ დაასაბუთა რამ განაპირობა ამ შინაარსის ფაქტების გავრცელება და ვერ მიუთითა რის საფუძველზე გაავრცელა მ----ლ რ---–---–ის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები. რომც ჩავთვალოთ, რომ ეს განცხადება წმინდად, აზრის შემცველია, ის მაინც სრულად მოკლებულია რაიმე საფუძველს. მოპასუხეს არ უთქვამს, რომ მან მაგალითად სადმე წაიკითხა, მოისმინა, ან ვინმესგან (ოფიციალური, თუ არაოფიციალური პირისგან) შეიტყო მოსარჩელეზე რაიმე მსგავსი.

 

ამის საპირისპიროდ, მოსარჩელის შუამდგომლობით ი----- ე-------ს (ს-------- გ------–---ის დედა) მოწმედ დაკითხულმა ნათესავმა განმარტა, რომ მოსარჩელეს იცნობს 2006 წლიდან, ის იყო შ--–---–------–--ესთან ერთად ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე. იყო მუქარები რომ რ---–---–ი ჩამოშორებოდა ს-------- გ------–---ის საქმეს. მისი საადვოკატო საქმიანობით კმაყოფილები იყვნენ ი----- ე------ე და გ------ გ------–---ი. მან ასევე უარყო კ------------- ი------–---–-ს განცხადებაში მითითებული ფაქტები და შეაფასა როგორც აბსურდული. ასევე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–---–------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობდა მ----ლ რ---–---–თან ერთად და იცავდნენ ი----- ე-------ს ინტერესებს და ერთად მუშაობის პერიოდში არ შეუნიშნავს საეჭვო არაფერი და არასწორია მოპასუხის განცხადება, რომლითაც მ----ლ რ---–---–ი არის ,,ჩანერგილი“.

 

მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტები ასევე უარყო ს-------- გ------–---ის მამამ წერილობით, სადაც აღნიშნულია რომ ს-------- გ------–---ის ოჯახის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ 2017 წლის 21 სექტემბერს ტელეკომპანია ,,ი----იას“ ეთრში ქ----------------------ის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქ---------------მა ისაუბრა ადვოკატ მ----ლ რ---–---–ზე და სცადა მისი კომპრომენტირება ს-------- გ------–---ის საქმესთან დაკავშირებით უარყოფით ჭრილში. მ----– რ---–---–თან კი მათ აკავშირებთ ხანგრძლივი ურთიერთობა და მის მიმართ აქვთ უდიდესი ნდობა, ის ჩართული იყო, როგორც ადვოკატი, ს--------ს საქმეში და ოჯახთან, მეგობრებთან ერთად დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ გამოვლენილიყვნენ და სამაგალითოდ დასჯილიყვნენ დამნაშავეები, მიუხედავად ზეწოლისა, მ----ლ რ---–---–ს არ უფიქრია ჩამოცილებოდა ამ საქმეს. მეტიც, წლების მანძილზე დიდი ძალისხმევით ამხნევებდა ს--------ს ოჯახს უსამართლობასთან ბრძოლაში. სწორედ ამ შეუპოვარი მახასიათებლების გამო, ადვოკატმა რ---–---–მა დაიმსახურა ს--------ს დედის - ი----- ე-------ს განსაკუთრებული სიყვარული (ს.ფ. 18).

 

მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის თანახმად, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს

 

ამდენად, ეს გარემოებები ცხადყოფს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელდა ფაქტები, რომლების უკანაც არაფერი დგას და შესაბამისად, ზიანს აყენებს მოსარჩელის ღირსებას.

 

სასამართლო აქვე კვლავ დაუბრუნდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედნტულ სამართალს და მოიხსენიებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც ჩვენი სამართალწარმოების ფაბულის მსგავსია; ეს გახლავს საქმე - PETRENCO v. MODLOVA:

 

ამ საქმის მიხედვით, 2002 წელს ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა განმცხადებლის (ბატონი პ-----ენკო) თაობაზე ინფორმაცია, რომ ის გახლდათ საბჭოთა საიდუმლო სამსახურის აგენტი (პუნქტი 6). განმცხადებელმა ეროვნულ (მოლდოვურ) სასამართლოებში იდავა დიფამაციური სარჩელის წარდგენის გზით, თუმცა ვერ მიაღწია წარმატებას; ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იყო აზრი - შეფასებითი მსჯელობა (ე.წ. VALUE JUDGMENT) და ამიტომ ის დაცული უნდა ყოფილიყო ჩარევისაგან.

 

ევროპულმა სასამართლომ, ზოგადად კვლავ განმარტა, რომ სახელმწიფოებს აკისრიათ პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ირთა პირადი და ოჯახური ცხოვრება, როგორც ამას ითავლისწინებს კონვენციის მე-8 მუხლი (პუნქტი 52). მან განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გასცდეს გარკვეულ საზღვრებს (პუნქტი 53). მან ასევე კვლავ გააკეთა ზოგადი განმარტება (რასაც უმრავლესობა ასეთ საქმეებში აკეთებს), რომ უფრო დაცულია გამოხატვა, რომელიც მიმართული პოლიტიკური პირების წინააღმდეგ და რომ მნიშვნელოვანია ფაქტებისა და შეფასებითი მსჯელობის განსხვავება. ამავე დროს შეფასებითი მსჯელობის დროსაც კი უნდა იყოს საკმარისი და დამაჯერებელი ფაქტები, რომლებიც ასე ვთქვათ "ზურგს გაუმაგრებს" გაკეთებულ განცხადებებს (პუნქტი 56).

 

კონკრეტულ ქეისზე კი სასამართლომ ბრძანა, რომ განცხადება, რომელიც ადანაშულებდა პირს აგენტობაში, ვერ იქნებოდა მიჩნეული შეფასებით მსჯელობად და ეს გახლდათ საკმაოდ მძიმე ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელის დასაშვები კრიტიკის ფარგლები იყო საკმაოდ ფართო (განმცხადებელი გახლდათ ფაქტიურად საჯარო პირი), აუცილებელია, რომ მის მიართ გამოთქმული ასეთი ბრალდებები შეიცავდეს საკმარის საფუძვლებს, თუნდაც ის მიჩნეული ყოფილიყო აზრად (პუნქტი 66).

 

ათნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ბრძანა, რომ მოლდოვურმა სახელმწიფომ (გასაგებია, რომ ეროვნული სასამართლოების ხელით), ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებანი, რომელიც მას ეკისრებოდა მე-8 მუხლიდან გამომდინარე და ამიტომ დაადგინა ამ მუხლის დარღვევა.

 

აღნიშნულის მსგავსად, წინამდებარე საქმეში გავრცელებულია საკმაოდ მძიმე ბრალდება მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლის საფუძველშიც არაფერია (ყოველ შემთხვევაში, მოპასუხეს არაფერი უთქვამს სასამართლოში და არაფერი წარმოუდგენია). კიდევ ერთხელ მივუთითებთ, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოში განაცხადა, რომ მისთვის უცნობია რაიმე ინფორმაცია რომელიც შეიძლებოდა, რომ საფუძვლად დასდებოდა სადავო გამონათქვამს. საწინააღმდეგოდ კი, მოსარჩელემ წარმოადგინა შესაბამისი და საკმარისი მტკიცებულებანი (იხ. მსჯელობა ზემოთ).

 

შესაბამისად, ვიღებთ ასეთ მოცემულობას:

 

1. გასაგებია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლსა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონს; შესაბამისად, ევროპული კონვენციის მოთხოვნა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, დაცულია.

 

2. ასევე გასაგებია, რომ მოთხოვნილი შეზღუდვა ემსახურება იმ ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით - "გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს ... სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად". ნათელია, რომ გავრცელებულა ინფორმაციამ ხელყო მოსარჩელის უფლებები.

 

3. სასამართლო თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით, რომლითაც კმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა, ხდება ჩარევა მოპასუხის გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა ასეთი ჩარევა სწორედ რომ აკმაყოფილებს კრიტერიუმს "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში". უდავოა, რომ სადავო ინფორმაცია, მართლაც მოპასუხემ გაავრცელა; დადგენილია, რომ გავრცელებული ინფორმაცია საკმაოდ მძიმე ბრალდების მატარებელი და დადასტურებადი ფაქტის შემცველია; გასაგებია, რომ ასეთი ინფორმაცია ზიანს აყენებს ინფორმაციის ადრესატს; მოპასუხეს არაფერი წარმოუდგენია და საპირისპიროდ - მოსარჩელე მოწმეთა და სხვა წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებანი, რომელიც უარყოფს მოპასუხის განცხადების შინაარსს.

 

გამოხატვის თავისუფლება, ანუ კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლება ხშირად კონფლიქტშია ამავე კონვენცით გარანტირებულ სხვა უფლებასთან, კერძოდ პირადი ცხოვრების უფლებასთან (მუხლი 8). არაერთი გადაწყვეტილებითაა დადგენილი, რომ პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია დაცულია სწორედ მე-8 მუხლით და ასევე მრავალია საქმე, როდესაც ამ ორი მნიშვნელოვანი ღირებულების კონფლიქში რომელიმე გადასწონის და იმარჯვებს.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო, აცნობიერებს რა იმ პოზიტიურ ვალდებულებებს, რომელი მას (სახელმწიფოს) აკისრია კონვენციის მე-8 მუხლით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებამოსილია მოპასუხეს დააკისროს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შესაბამისი ფორმულირებით.

 

6.2. მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელებისას ფიზიკური პირის მიმართ ზიანი არაქონებრივი სახით - პირის პატივისა და ღირსებისა შელახვით არის გამოვლენილი. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, და მას არ გააჩნია ღირებულება, ამ ზიანის დამტკიცებისათვის სპეციალური კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია (№ას-1477-1489-2011 3.04. 2012). კონვენციის მიხედვით, დიფამაციისათვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება უნდა გულისხმობდეს რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანთან პროპორციულობის გონივრულ ურთიერთკავშირს (Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 18.2. მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ვინაიდან, დადგინდა, რომ მოპასუხემ აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებულ მორალური ზიანის ანაზღაურებას გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანის გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა, სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვა მოპასუხისათვის 1 ლარის დაკისრება, როგორც მიყენებული არაქონებრივი ზიანის სიმბოლური ანაზღაურება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მ----ლ რ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. დაევალოს მოპასუხე კ------------- ი------–-ილს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე რომელიმე (ერთ-ერთი) ტელეკომპანიის ეთერის მეშვეობით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი სახით ცნობის გამოქვეყნება:

 

სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ჩემს მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს ტელეკომპანია „ი----იას“ საინფორმაციო გადაცემა "ა---–------ში" გავრცელებული შემდეგი ინფორმაცია - „...მ----------ა ადამიანი რა ქვია, მ-–---- ისა რა ქვია რ---–---–ი, იმას ხომ არ ავიწყდება, რომ ისევე იყო შეგზავნილი გ------–---ის იმაზე, საქმეზე და ისეთივე ის იყო პროვოკატორი, რომ მიეტანა იმასთან ა---–-იებთან“ --- არ შეესაბამება სიმართლეს.

 

1.2. კ------------- ი------–-ილს მ----ლ რ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

 

2. კ------------- ი------–-ილს მ----ლ რ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი