გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002241620
საქმე №3/1-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
სხდომის მდივანი - ნინო არაბული
მოსარჩელე: გ---- მ–------ე
წარმომადგენელი: კ----–-- ს------ა
მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი: ა---- ჩ--------ი
მესამე პირები: მ------ ო-----–--–---–ი, გ------- ო-----–--–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ------ ო-----–--–---–ის სახელზე იარაღის რეგისტრაციის შესახებ 1988 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ მომსახურების სააგენტოს გ------- ო-----–--–---–ის სახელზე, იარაღის რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 2 დეკემბრის N001583 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
მოსარჩელემ მიუთითა, რომ გარკვეული პერიოდის წინ დაკარგა სანადირო თოფი ,,ი–---“ N8------. მას აქვს მისი შეძენის და ნებართვის საბუთი. ამის შესახებ განცხადებით აცნობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ძებნის გამოსაცხადებლად და მათი წერილობითი პასუხით შეიტყო, რომ აღნიშნული იარაღი ირიცხება გ------- ო-----–--–---–ზე. მოსარჩელე უთითებს, რომ იმ დროს, როდესაც ძებნა იყო გამოცხადებული მის თოფზე შესაბამისი ნომრით, სხვა პირს არ უნდა დაერეგისტრირებინა აღნიშნული. ამის უფლება არ ჰქონდა არც მოპასუხეს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. იარაღის რეგისტრაცია მაშინ ჩაითვლება უკანონოდ, როდესაც რეგისტრაციის დროს მოქმედი წესები არ არის დაცული. გასაჩივრებული რეგისტრაცია არ არის პირველადი და განხორციელდა ერთი პირის მიერ მეორეზე გადაცემით, გაცემული ნებართვის საფუძველზე. თავის მხრივ იარაღზე ნებართვის გაცემას აქვს თავისი წესი და პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი. 2018 წლის 12 ნოემბერს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის N162 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ მესამე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის უფლებით) ან იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის და ტარების უფლებით) მისაღებად მაძიებელი წერილობითი განცხადებით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფიზიკური პირი წარადგენდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლს, საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ასლს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელ ცნობას და 2 ფოტოსურათს ზომით ¾(ფერადი). მოპასუხემ მიუთითა, რომ გ---- მ–------ის სახელზე ცეცხლსასროლი იარაღი ,,ი– 4-“ ნომრით 8------ რეგისტრირებული არ არის, ხოლო ,,ი– 4- მ“ ნომრით 8------ რეგისტრირებულია 1988 წლიდან მ------ ო-----–--–---–ზე, რომლისგანაც გადაფორმდა 2008 წელს მის შვილზე. მოპასუხემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ახორციელებს იარაღის რეგისტრაციას და შესაბამისად ნებისმიერი იარაღის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა მომსახურების სააგენტოში არსებულ მონაცემებს. მომსახურების სააგენტოში დაცულია შსს-ს მონაცემები, მათ შორის 1988 წლიდან. ამგვარი რეგისტრაცია არ არის აღმოჩენილი გ---- მ–------ის სახელზე. ამიტომ უსაფუძვლოა მისი სასარჩელო მოთხოვნა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გასათვალისწინებელია, რომ იმდროინდელი კანონმდებლობით, კერძოდ, 1994 წლის ,,ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იყო იარაღის დაკარგვის შემთხვევაში შსს-თვის დაუყოვნებლივ შეტყობინება.
მესამე პირი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სადავო იარაღი რეგისტრირებული იყო მ------ ო-----–--–---–ზე 1988 წლიდან და ეს მონაცემები დასტურდება მომსახურების სააგენტოში. 2008 წელს კანონის შესაბამისად და დადგენილი წესით რეგისტრირდა გ------- ო-----–--–---–ზე. რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 4 დეკემბრს გ---- მ–------ემ განცხადებით მიმართა სსიპ მომსახურების სააგენტოს, მიუთითა, რომ წლების წინ დაკარგა სანადირო თოფი ,,ი–---“ N8------, ამის შესახებ აცნობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით ძებნის გამოსაცხადებლად 2006 წლის 4 ოქტომბერს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის 2 დეკემბერს იარაღი დარეგისტრირდა გ------- ო-----–--–---–ზე და მოითხოვა რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2017 წლის 4 დეკემბრის განცხადება.
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 24 ნოემბრის წერილით გ---- მ–------ეს ეცნობა, რომ იარაღის რეგისტრაციისა და მისი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გასცემს სსიპ მომსახურების სააგენტო. 2015 წლის 30 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ სსიპ მომსახურების სააგენტო აღარ შედიოდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და წარმოადგენდა ცალკე სტრუქტურულ დანაყოფს. შესაბამისად არ მოეპოვებოდათ ინფორმაცია სანადირო თოფი ,,ი–---“ N8------ ძებნის გაცხადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 24 ნოემბრის და 30 ნოემბრის წერილები.
3.3. სსიპ მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის წერილით გ---- მ–------ეს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, ამიტომ ვერ შეძლებდნენ მის გაცემას. განემარტა, რომ გასაჩივრების უფლება ჰქონდა წერილის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის წერილი.
3.4. 2015 წლის 22 მარტს, გასაუბრებისას შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორთან მ------ ო-----–--–---–მა მიუთითა, რომ სანადირო თოფი ,,ი–---“ N8------ მისი საკუთრება იყო და რეგისტრირებული ჰქონდა. თოფი აჩუქა შვილს - გ------- ო-----–--–---–ს და დაარეგისტრირდა მასზე. მან განმარტა, რომ თოფი აჩუქა მეგობარმა ურან საძაგლიშვილმა დაახლოებით 18-20 წლის წინ. ჩუქებისთანავე დაირეგისტრირა სათანადო წესით და არ შექმნია პრობლემა. მეგობარს საიდან ჰქონდა თოფი, მისთვის უცნობია. ჩუქების ფაქტი დაადასტურა ურან საძაგლიშვილმა 2015 წლის 23 მარტს, გასაუბრებისას, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ თოფი ნაჩუქარი ჰქონდა ნათესავისაგან, 1978 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2015 წლის 22 მარტის და 23 მარტის გასაუბრების ოქმები.
3.5. 2015 წლის 20 მარტს, გასაუბრებისას შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორთან, გ------- ო-----–--–---–მა განმარტა, რომ სანადირო თოფი ,,ი–---“ N8------ 2008 წელს აჩუქა მამამ, მ------ ო-----–--–---–მა და დაირეგისტრირა თავის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2015 წლის 20 მარტის გასაუბრების ოქმი.
3.6. 2015 წლის 19 აგვისტოს, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა მიმართა საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსს და მოითხოვა სანადირო თოფი ,,ი–---“ N8------, 12 კალიბრის შესახებ სრული ინფორმაცია. მიმართვაში აღნიშნულია, რომ პოლიციას მიმართა გ---- მ–------ემ და მიუთითა, რომ ზემოხსენებული იარაღი შეიძინა 1988 წელს, მისი დაკარგვის თაობაზე განაცხადი წლების მანძილზე არ გაუკეთებია. ამჟამად თოფი რეგისტრიებული გ------- ო-----–--–---–ზე და ედავება დაბრუნებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2015 წლის 19 აგვისტოს, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მიმართვა.
3.7. 2015 წლის 19 ოქტომბერს სსიპ მომსახურების სააგენტოს სანებართვო სამსახურის უფროსმა მიმართა საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს - იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსს და აცნობა, რომ მათთან არსებული კომპიუტერულ და საარქივო მონაცემთა ბაზის მიხედვით გ---- მ–------ის სახელზე სანადირო თოფი ,,ი–---“ N8------, 12 კალიბრი რეგისტრირებული არ არის. საარქივო მასალებში მოიძებნა მის სახელზე შსს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გაცემული ნებართვის საფუძველზე ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა და ანალიზის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად გ.მ–------ემ განაცხადა აღნიშნული იარაღის დაკარგვის შესახებ. განიმარტა, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის მიხედვით სანადირო თოფი ,,ი–---“ N8------, 12 კალიბრი რეგისტრირებულია შსს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ სამმართველოს გორის განყოფილების მიერ 02.12.2008 წლიდან, გ------- მ------ის ძე ო-----–--–---–ზე. მან აღნიშნული იარაღი ხელახალ რეგისტრაციაში გაატარა იმავე განყოფილებაში 05.07.2012 წელს და გაიცა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა NID0124166.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:სსიპ მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 19 ოქტომბრის მიმართვა.
3.8 2006 წლის 4 ოქტომბერს გ---- მ–------ის პირადი განცხადებით დაიწყო ძებნა გლუვლულიან სანადირო თოფზე ,,ი–---“ N8------, 12 კალიბრის. მასვე მიეცა ცნობა, რომ აღნიშნული თოფის დაკარგვის თაობაზე 2006 წლის 4 ოქტომბერს მიმართა პოლიციას და განაცხადა, რომ დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში ოთხმოცდაათიან წლებში. რეგისტრირებული ჰქონდა შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში 1988 წლიდან ნებართვის ნომერი 9/721.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2006 წლის 4 ოქტომბრის განცხადება და ამონაწერი ძებნის გამოცხადების;
შსს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გაცემული ნებართვის საფუძველზე ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა და ანალიზის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა.
3.9 იარაღი ,,ი–--- მ“ N8------, 12 კალიბრი ნებართვის N001583, 2008 წლის 02 დეკემბერს რეგისტრირებულია შენახვა, ტარების უფლებით გ------- ო-----–--–---–ზე 3 წლის ვადით. შემდეგი რეგისტრაცია შესრულდა 2012 წლის 5 ივლისს, იგივე მონაცემებით, დამატებით მითითებულია ცეცხლსასროლი იარაღი - თოფი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: იარაღის სარეგისტრაციო ბაზიდან ამონაბეჭდი.
3.10 გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევევის შემოწმების მთავარი სამმართველო/ დისციპლინური დევნის I სამმართველოს უფროსის წერილით გ---- მ–------ეს ეცნობა, რომ მისი განცხადების საფუძველზე ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმებით გაირკვა, რომ სანადირო თოფი ,,ი–--- მ“ N8------, 12 კალიბრი, 2008 წლის 02 დეკემბერს მომსახურების სააგენტოს ქ.გორის განყოფილებაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საჭირო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე რეგისტრირებულია გ------- ო-----–--–---–ზე. მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევევის შემოწმების მთავარი სამმართველო/ დისციპლინური დევნის I სამმართველოს უფროსის 2016 წლის 12 აპრილის NMIA51600911660 წერილი.
3.11 მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო)/იურიდიული სამმართველო/სამართლებრივი შეზღუდვების სამსახურის უფროსის 2017 წლის 7 სექტემბრის წერილით გ---- მ–------ეს განემარტა, რომ იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაიცემა ინფორმაცია. ამ მოთხოვნასთან შესაბამისობის გამო მას არ მისცეს ინფორმაცია და მიუთითეს, რომ გასაჩივრების უფლება ჰქონდა წერილის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაცია(მთავარი სამმართველო)/ იურიდიული სამმართველო/სამართლებრივი შეზღუდვების სამსახურის უფროსის 2017 წლის 7 სექტემბრის წერილი.
3.12 მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ N 49/7/2/1-01522008 ცნობის თანახმად, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის მიხედვით გლუვლულიანი თოფი ,,ი–---“ M N8------, 12 კალიბრი რეგისტრირებულია 24.07.1988 წლიდან მ------ ბ-–--ის ძე ო-----–--–---–ის სახელზე (ნებართვის N755) და ერთობლივი განცხადების საფუძველზე გადაფორმდა და დღემდე რეგისტრირებულია 02.12.2008 წლიდან გ------- მ------ის ძე ო-----–--–---–ის სახელზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით გლუვლულიანი თოფი ,,ი–---“ M N8------, 12 კალიბრი რეგისტრირებულია ძებნილ იარაღთა ბაზაში 13.02.2015 წლიდან, როგორც დაკარგული (შსს- ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების 09.02.2015 წლის N283847 წერილით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ N 49/7/2/1-01522008 ცნობა.
3.13 მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N MIA31801181468 წერილით გორის რაიონულ სასამართლოს ეცნობა, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით 1988 წლიდან დღემდე გ---- მ–------ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის NMIA31801181468 წერილი;
3.14 გ---- მ–------ის სახელზე გლუვლულიან სანადირო თოფზე ,,ი–---“ N8------, 12 კალიბრის, გაცემულია ნებართვა 18.07.1988 წლიდან ნებართვის ნომერი 9/721 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ნებართვა N 9/721.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის N162 დადგენილება
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის N162 დადგენილების, რომელიც მოქმედებდა სადავო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს: ბ) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას; გ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას; ხოლო მესამე მუხლი განსაზღვრავდა ამისათვის დადგენილ წესს:
1. იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის უფლებით) ან იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვისა და ტარების უფლებით) მისაღებად ნებართვის მაძიებელი წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის ან იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მისაღებად წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის მიერ:
ა.ა) იარაღის შენახვისა და ტარებისათვის პასუხისმგებელი პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ბ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ა.გ) იარაღის შენახვისა და ტარებისათვის პასუხისმგებელი პირის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.ბ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ბ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
ბ.დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სსიპ მომსახურების სააგენტოს 2008 წლის 2 დეკემბრის N001583 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ამიტომ სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად სწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები და რამდენად კანონიერად მოხდა მათი სამართლებრივი კვალიფიკაცია. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, ასევე მნიშვნელოვანია გაირკვეს რამდენად ერთიდაიგივე იარაღის რეგისტრაციაა სადავო და თუ ეს ერთიდაიგივე იარაღია, ვის აქვს მასზე უკეთესი სამართლებრივი უფლება.
ამ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს გ------- ო-----–--–---–ის სახელზე აღნიშნული იარაღის რეგისტრაციის ბათილად ცნობას, იმ საფუძვლით, რომ ეს იარაღი მას ეკუთვნოდა და ამის დამადასტურებლად უთითებს მის მიერ წარმოდგენილ ნებართვის მოწმობას, რომელიც გაცემულია 18.07.1988 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და რომელიც ინახება მასთან. სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ნებართვის რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ბაზაში და შემდეგ ასახულიყო მოწმობაში. კომპიუტერული ბაზის შექმნის შემდეგ იარაღის სააღრიცხვო მონაცემები, რომლებიც ინახებოდა შსს-ში გადაეცა მომსახურების სააგენტოს და მისი მეშვეობით ხდება მონაცემების დადგენა და სათანადო ინფორმაციის გაცემა. ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით 1988 წლიდან დღემდე გ---- მ–------ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი რეგისტრირებული არ არის. ამავე დროს დადგენილია, რომ იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ N 49/7/2/1-01522008 ცნობის თანახმად კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის მიხედვით გლუვლულიანი თოფი ,,ი–---“ M N8------, 12 კალიბრი რეგისტრირებულია 24.07.1988 წლიდან მ------ ბ-–--ის ძე ო-----–--–---–ის სახელზე (ნებართვის N755). სასამართლო ითვალსწინებს, რომ 2006 წლის 4 ოქტომბერს გ---- მ–------ის პირადი განცხადებით დაიწყო ძებნა გლუვლულიან სანადირო თოფზე ,,ი–---“ N8------, 12 კალიბრის და იგი უთითებდა რომ თოფი დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში ოთხმოცდაათიან წლებში, რაც მან დაადასტურა სასამართლო განხილვისას ახსნა-განარტებაში. გარდა იმისა, რომ მან არ შეასრულა იმ დროს მოქმედი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, დაკისრებული ვალდებულება - იარაღის მფლობელს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობებინა შინაგან საქმეთა ორგანოებისათვის, ამ პერიოდისათვის მ------ ო-----–--–---–ს უკვე რეგისტრირებული ჰქონდა სადავო იარაღი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მ------ ო-----–--–---–ის სახელზე რეგისტრირებულ იარაღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. იარაღის შეძენასთან დაკავშირებით გაესაუბრნენ თავად მ------ ო-----–--–---–ს, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული იარაღი აჩუქა მეგობარმა. ამ უკანასკნელმა დაადასტურა გასაუბრებისას ეს ფაქტი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ერთი მხრივ გ---- მ–------ის სახელზე გაცემული ნებართვის მოწმობაში და მერე მხრივ მ------ და გ------- ო-----–--–---–ების სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციებში ემთხვევვა იარაღის ნომერი, კალიბრი, თუმცა განსხვავდება მოდელი სახელწოდება - პირველ ჩანაწერში არის ,,ი–“ და მეორე ჩანაწერში ,,ი–” M. ამ მონაცემებით იარაღის იდენტიფიცირების შესაძლებლობის დასადგენად სასამართლო სხდომაზე მოსმენილი იქნა სპეციალისტის - ექსპერტ-ბალისტიკოსის ზეპირი კონსულტაცია, რომელმაც განმარტა, რომ იარაღის იდენტიფიცირება შესაძლებელია მისი ნომრით, რომელიც მხოლოდ ერთ იარაღს ენიჭება და ამოტვიფრულია კონდახსა და კალაპოტზე. ნომერი ციფრებით გამოსახული, ენიჭება თითოეულ იარაღს და პრაქტიკულად არ მეორდება. ასევე, დაადასტურა, რომ ნიშანი ,,M“ ნიშნავს მოდერნიზებულს და გაუმჯობესებულს. არ გამორიცხა სხვადასხვა მოდელის იარაღზე ერთი ნომრის აღნიშვნა. თუმცა განმარტა, რომ მის პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია დადგენა, ერთიდაიგივე იარაღის მონაცემები არის თუ არა მითითებული გ---- მ–------ის სახელზე გაცემული ნებართვის მოწმობასა და მ------ და გ------- ო-----–--–---–ების სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციებში. ამას გარდა, მ------ ო-----–--–---–ის სახელზე სადავო იარაღის რეგისტრაცია განხორციელებულია 1988 წლის 24 ივლისს, მას შემდეგ იგი ფლობდა და განკარგავდა მას და შემდეგ გადაუფორმა შვილს. ესე იგი შეასრულა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ რეგისტრაციაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალიწინებული შემთხვევებისა.
რაც შეეხება, მეორე სასარჩელო მოთხოვნას - სსიპ მომსახურების სააგენტოს 2008 წლის 2 დეკემბრის N001583 გადაწყვეტილებას, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ N 49/7/2/1-01522008 ცნობის თანახმად კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის მიხედვით გლუვლულიანი თოფი ,,ი–---“ M N8------, 12 კალიბრი რეგისტრირებულია 24.07.1988 წლიდან მ------ ბ-–--ის ძე ო-----–--–---–ის სახელზე (ნებართვის N755) და ერთობლივი განცხადების საფუძველზე გადაფორმდა და დღემდე რეგისტრირებულია 02.12.2008 წლიდან გ------- მ------ის ძე ო-----–--–---–ის სახელზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით გლუვლულიანი თოფი ,,ი–---“ M N8------, 12 კალიბრი რეგისტრირებულია ძებნილ იარაღთა ბაზაში 13.02.2015 წლიდან, როგორც დაკარგული (შსს- ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების 09.02.2015 წლის N283847 წერილით).
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მ------ ო-----–--–---–ის სახელზე, 1988 წლის 24 ივლისის, იარაღის შესახებ და სსიპ მომსახურების სააგენტოს გ------- ო-----–--–---–ის სახელზე, იარაღის შესახებ 2008 წლის 2 დეკემბრის N001583 რეგისტრაცია კანონიერია.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, ამგვარ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარია. გ---- მ–------ის მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (რეფერენსი 1---------) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.გ---- მ–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მ------ ო-----–--–---–ის სახელზე იარაღის რეგისტრაციის შესახებ 1988 წლის 24 ივლისის და სსიპ მომსახურების სააგენტოს გ------- ო-----–--–---–ის სახელზე 2008 წლის 2 დეკემბრის N001583 იარაღის რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. გ---- მ–------ის მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (რეფერენსი 1---------) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4.გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული