გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
080210018002666871
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3354-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე - გ--------- ჩ------–---ი;

ადვოკატი - მ--–--ო ჩ----ე;

მოპასუხე - ზ---- ც---–---ე;

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დავალდებულება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ---- ც---–---ეს მისი მცირეწლოვანი შვილის - ნ-----–--ზ ც---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა 6197 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გ--------- ჩ------–---ს და ზ---- ც---–---ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2011 წლის 17 ივნისს დაბადებული ნ-----–--ზ ც---–---ე. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 20 აპრილიდან. ამჟამად, ერთად აღარ ცხოვრობენ და ბავშვი ცხოვრობს დედასთან. მისი განმარტებით, ბავშვს აქვს აუტიზმის დარღვევა (გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობა მკვეთრად გამოხატული ქცევის პათოლოგიით F84). სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დასკვნის თანახმად, საჭიროა ნ-----–--ზმა გააგრძელოს სხვადასხვა სახის ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია. დასკვნის თანახმად, ბავშვს ესაჭიროება ABA თერაპია, ოკუპაციური თერაპევტის კონსულტაცია, ფუნქციური თამაშის განმავითარებელი სავარჯიშოებით მუშაობა, ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის გამოყენება. ასევე მას ესაჭიროება ბავშვთა ნევროპათოლოგის დანიშნულებით შემდეგი მედიკამენტებით მკურნალობა: ალზიდონი, დეპაკინი ხრონო, პოლმატინი, პანტოგამი, კინდინორმი. აღნიშნული მედიკამენტების ღირებულება შეადგენს 6197 ლარს.

 

ზემოაღნიშნული მედიკამენტებით მკურნალობა აუცილებელია ნ-----–--ზს ჩაუტარდეს ყოველწლიურად. მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვერ ახერხებს ბავშვს ჩაუტაროს მკურნალობის კურსი. შესაბამისად, ითხოვს მამამ მიიღოს დამატებით ხარჯებში მონაწილოება. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დაკისრებული აქვს ყოველთვიურად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით, მაგრამ არ იხდის. მოსარჩელე მძიმე ავადმყოფი შვილის გამო ვერ მუშაობს და არ აქვს საშუალება სრულად უზრუნველყოს ამ ხარჯების მარტო გაწევა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ზ---- ც---–---ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ მართალია მათი შვილი დაავადებულია აუტიზმით, მაგრამ თანაცხოვრების პერიოდში მოსარჩელე საჭიროდ არ თვლიდა ბავშვისთვის სხვადასხვა სავარჯიშოების ჩატარებას, შესაბამისად მისი მოთხოვნები ამასთან დაკავშირებით არის გაზვიადებული და გადაჭარბებული. ამასთან, ნევროპათოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტები აქამდე არასოდეს მოუხმარია ბავშვს, შესაბამისად მათი დანიშვნა ნ-----–--ზისთვის (ფასიდან გამომდინარე) ცალსახად მიანიშნებს დედის მცდელობას, გაზარდოს სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ. მოცემული მედიკამენტების ღირებულება იმდენად დიდი და მიუღებელია, რომ აღნიშნული თანხის მოთხოვნა ამორალურია, მაშინ როდესაც ის იღებს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარს, ზოგჯერ მეტსაც. ამდენად, მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან დედასაც აქვს ვალდებულება იზრუნოს შვილზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გ--------- ჩარქსელიანი 2010 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ზ---- ც---–---ესთან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ნ-----–--ზ ც---–---ე, დაბადებული - 2011 წლის 17 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინება (ს.ფ. 32-43);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ.17).

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. გ--------- ჩ------–---ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების ბინაში და ბავშვის მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ მუშაობს და არ გააჩნია არავითარი შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2018 წლის 28 მარტის შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობით დადგენილია, რომ ნ-----–--ზ ც---–---ის დიაგნოზია: გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობა მკვეთრად გამოხატული ქცევის პათოლოგიით F78.1. ესაჭიროება ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 28 მარტის შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 25-26);

 

3.1.4. 2018 წლის 26 ივნისის შპს ,,ი. ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობით დადგენილია, რომ ნ-----–--ზ ც---–---ის დიაგნოზია: ბავშვთა აუტიზმი F84.0. ესაჭიროება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ინტენსიური კურსი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების მიზნით. განმეორებითი მონიტორინგი 1 წლის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 26 ივნისის შპს ,,ი.ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 18-19);

- ADOS-2 MODULE 1 ALGORITHMS (ს.ფ. 23-24).

 

3.1.5. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გაცემული დასკვნით დადგენილია, რომ ნ-----–--ზ ც---–---ეს აქვს აუტიზმის დარღვევა. აუცილებელია ნ-----–--ზმა გააგრძელოს სხვადასხვა სახის ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია, ასევე იაროს აქტიურად სკოლაში და ჰქონდეს კომუნიკაცია თანატოლებთან. ნ-----–--ზს ესაჭიროება:

* ABA თერაპია (ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპია);

* ოკუპაციური თერაპევტის კონსულტაცია;

* ფუნქციური თამაშის განმავითარებელი სავარჯიშოებით მუშაობა;

* თანატოლებთან კომუნიკაცია და ჯგუფური აქტივობები;

* ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის გამოყენება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვებითი კვლევა (ს.ფ. 27-28);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ-----–--ზ ც---–---ეს ექიმის, ბავშვთა ნევროპათოლოგ - გიორგი პაქსაძის მიერ დანიშნული აქვს მედიკამენტები: ალზიდონი, დეპაკინი ხრონო, პოლმატინი, პანტოგამი, კინდინორმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 9.01.2018 წლის და 2017 წლის 18 დეკემბრის დანიშნულება (ს.ფ. 21-22).

 

3.2.2. ნ-----–--ზ ც---–---ისათვის ბავშვთა ნევროპათოლოგ - გიორგი პაქსაძის მიერ დანიშნული წამლები - დეპაკინი ხრონო (200 ტაბლეტი, ერთეულის ფასი - 0.320 ლარი), პოლმატინი (120 ფლაკონი, ერთეულის ფასი - 47.100 ლარი), პანტოგამი (240 ტაბლეტი, ერთეულის ფასი - 1.070 ლარი) და კინდინორმი (5სტ, ერთეულის ფასი - 25.320 ლარი) - ანგარიშ-ფაქტურით ღირს 6099.40 ლარი, ხოლო ალზიდონი (რაოდენობა 2, ერთეულის ფასი - 49.30 ლარი) დანიშნული აქვს 2 ცალი და ღირს 98.60 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 9.01.2018 წლის და 2017 წლის 18 დეკემბრის დანიშნულება (ს.ფ. 21-22).

- ანგარიშ-ფაქტურა #99 (14/10/18) და ანგარიშ-ფაქტურა #990 (6.10.2018)

 

3.2.3. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ნ-----–--ზ ც---–---ისათვის დანიშნული წამლების საჭიროებას და განმარტავს, რომ ასეთი წამლების მიღება უსაფუძვლოდ მიაჩნია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

აღნიშნულის გამო სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხული იქნა არასრულწლოვანი ნ-----–--ზ ც---–---ის ექიმი, ბავშვთა ნევროპათოლოგი - გიორგი პაქსაძე, რომელმაც განმარტა, რომ ამ ბავშვთან პერიოდულად მიმდინარეობს ფსიქოემოციურ სფეროში გამწვავებები, ეს არის ქცევის დარღვევა და ქცევის პათოლოგია, რომელიც იწყება მოზარდთა და ბავშვთა ასაკში. ასეთი სიმპტომები არის აგრესიული ფონი და ხასიათის თავისებურება. არის პერიოდები, როდესაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის რაღაც ეტაპზე თითქოს მიდის გაუმჯობესებისკენ. დამთავრდება მკურნალობა და თვენახევარში ან ორ თვეში, ისევ იწყება ეს ქცევის პათოლოგია, იმიტომ, რომ ეს ძალიან არის დამოკიდებული ბავშვი რამდენად არის ჩართული ბავშვთა კოლექტივში, როგორია მისი სოციუმი, ანუ ოჯახური გარემო. თუ ოჯახური და გარემო მდგომარეობა არ იქნება ერთად მოწესრიგებული, ასეთი ბავშვების ქცევის ჩამოყალიბება საკმაოდ რთულია. ამიტომ, ამას ჭირდება ხანგძლივი მკურნალობის პროცესი. მკურნალობა არ არის სეზონური, როდესაც ორი-სამი თვე ანუ ერთი კურსი დასრულდება.

 

პირველი კომპონენტი (პანტოგამი) - ეს არის ძირითადი კომპონენტი ნოოტროპული საშუალება, რომელიც აწესრიგებს თავის ტვინის ყველა ფუნქციას და ეს არის ერთადერთი პრეპარატი მსოფლიოში, რომელიც არ არის დამამშვიდებელი, მაგრამ აწონასწორებს ფსიქოემოციურ სფეროს. ეს არის მეტყველების გაუმჯობესებისთვის, ქცევისა და ხასიათის მოსაწესრიგებლად. ამ პრეპარატის კვლევების საიტზე პირდაპირ არის მინიშნებული, რომ ასეთი ემოციური დატვირთვის, ჰიპერაქტიულ ბავშვებს ძალიან კარგად უწესრიგებს ემოციურ სფეროს. მეორე კომპონენტი (კინდინორმი) - ეს არის მცენარეული დამამშვიდებელი. მესამე კომპონენტი (დეპაკინი ხრონო) - ეს არის ანტიკონვერსიული, მაგრამ ამის გამოყენება ხდება ისეთი ბავშვების მდგომარეობის დროს, რომლებსაც პერიოდულად ეთიშებათ გონება, ანუ ძლიერი აღგზნებების დროს მომენტალურად წყვეტენ გარემოსთან კონტაქტს. ამ დროს შეიძლება ტვინის ისეთი ძლიერი სპაზმი განვითარდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულყრები. ამიტომ, ეს კომპონენტი ნ-----–--ზ ც---–---ეს დანიშნული აქვს დიდი ხანია სხვა ნევროლოგის მიერ და მან უბრალოდ გაუგრძელა, რადგან ეს არის ისეთი პრეპარატი, რომელი ექიმიც მას დანიშნავს, მან იცის ის როგორ უნდა აკონტროლოს, ამიტომ ამ ეტაპისთვის მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ცოტა ხანი კიდევ გაეგრძელებინა. თუ მშობელი ექიმს მიმართავს აღნიშნული პრეპარატის მოხსნის მიზნით, რაღაც პერიოდის მერე შესაძლებელია ნელ-ნელა მოიხსნას ეს კომპონენტი. რაც შეეხება პანტოგამს, ის შეიძლება მთელი ცხოვრება დაჭირდეს პაციენტს, ეს არის აღმდგენი, ის არაფერს არ უფუჭებს ორგანიზმს, თუმცა არ არის აუცილებელი ეს ყოველთვიურად მიიღოს. ის პირადად გმობს ზედმეტ მედიკამენტს. თუ მედიკამენტის მიღება მშობელმა შეწყვეტა თვითნებურად, იგი მშობელს აფრთხილებს, რომ ბავშვის ისტორიაში ჩაწერს აღნიშნულის თაობაზე და ექიმი შესაძლო გართულებებზე და გამოვლინებებზე აღარ აგებს პასუხს. ბავშვს, რომელსაც აქვს აუტიზმის F84 სინდრომი მუდმივად საჭიროებს ფსიქოლოგის მეთვალყურეობას, სადიაგნოსტიკო კვლევებს სამედიცინო ცენტრში. პაციენტებს უჩნდებათ ფინასური პრობლემები და ვეღარ ახერხებენ მკურნალობის გაგრძელებას, შემდეგ ისევ ბრუნდებიან ექიმთან და ითხოვენ დახმარებას. რაც მეტია ასაკი და დაკარგული დრო, მით ნაკლებია შემდგომში ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა, ეს არის ამ საკითხის ყველაზე დიდი პრობლემა.

 

ექიმის განმარტებით, გამოწერილი მედიკამენტები ამ ეტაპისთვის აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. დანიშნულება გაცემულია ორი თვის ვადით. რამდენიმე მედიკამენტი არის გაგრძელება იმ მკურნალობისა, რომელიც ბავშვმა უნდა დაამთავროს. ამიტომ, თუ სპეციალური კვლევის საფუძველზე დადგინდება, რომ ბავშვს ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ აქვს, შეიძლება ვადის შემცირება. მკურნალობის აღნიშნული კურსი, რომელიც ამჟამად არის დანიშნული, მიზანშეწონილად მიაჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევა, რადგან ექიმს არ აქვს უფლება მედიკამენტები ერთიანად მოხსნას, შეიძლება ვადები შემცირდეს, მაგრამ ვერ მოხსნის. წამლების შეწყვეტის შემთხვევაში ბავშვს შეიძლება განუვითარდეს გულყრები და ჯანმრთელობას ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას. კვლევა არის ჩატარებული და ამ კვლევის საფუძველზე არის დანიშნული პოლმატინი. ასეთი სირთულის პრეპარატს არცერთი ექიმი კვლევის გარეშე არ დანიშნავს. მკურნალობა დანიშნულია იმიტომ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

 

ბოლო სამი პრეპარატის მოხსნა პირდაპირი კვლევის გარეშე, კატეგორიულად გამორიცხულია. ამ ეტაპზე ექიმი თვლის, რომ აღნიშნული მედიკამენტები უნდა მიიღოს პაციენტმა, თუ ჯერ არ მიუღია, ეს ძალიან დიდი დანაშაულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 15 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე ზ---- ც---–---ეს დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–--ზ ც---–---ის სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობა 4000 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- „ბავშვის უფლებათა“ კონვენცია;

-- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები -Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014; Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX; Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.

 

6.2. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით დასახიჩრებით და სხვა).

 

როგორც აღინიშნა, საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით. არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის, დამატებითი ხარჯის სახით, ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან უზრუნველყო. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-----–--ზ ც---–---ე არის ბავშვთა აუტიზმით F84.0 დაავადებული. ესაჭიროება ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დანიშნულებაა ბავშვის ნორმალური აღზრდის მატერიალური უზრუნველყოფა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით, რომლებიც არ შეიძლებოდა გათვალისწინებულიყო ალიმენტის განსაზღვრის დროს. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება, სწავლის საფასურის გადახდის აუცილებლობა და სხვა. მოქმედი კანონი, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ორივე მშობელი ერთნაირად ვალდებულია შვილების აღზრდაში მიიღონ მონაწილეობა, იძლევა დამატებითი ხარჯების ნაწილის მეორე მშობლისათვის დაკისრების შესაძლებლობას. ეს არის ახალი გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებით გადახდევინება. ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული სახსრების გადახდით. თუ დამატებით ხარჯებში მეორე მშობლის განმეორებით ჩართვის აუცილებლობა წარმოიშობა, მოსარჩელეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებით კვლავ მიმართოს სასამართლოს.

 

6.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

6.4. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

„სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ნ-----–--ზ ც---–---ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვი არის მცირეწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--------- ჩ------–---ის და ზ---- ც---–---ის შვილს - ნ-----–--ზ ც---–---ეს დადგენილი აქვს დიაგნოზი: ბავშვთა აუტიზმი F84.0. ესაჭიროება ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა. ნ-----–--ზს ესაჭიროება:

* ABA თერაპია (ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპია);

* ოკუპაციური თერაპევტის კონსულტაცია;

* ფუნქციური თამაშის განმავითარებელი სავარჯიშოებით მუშაობა;

* თანატოლებთან კომუნიკაცია და ჯგუფური აქტივობები;

* ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის გამოყენება.

ნ-----–--ზ ც---–---ისათვის ექიმის, ბავშვთა ნევროპათოლოგ - გიორგი პაქსაძის მიერ დანიშნული წამლები - დეპაკინი ხრონო (200 ტაბლეტი, ერთეულის ფასია - 0.320 ლარი), პოლმატინი (120 ფლაკონი, ერთეულის ფასი - 47.100 ლარი), პანტოგამი (240 ტაბლეტი, ერთეულის ფასი - 1.070 ლარი) და კინდინორმი (5სტ, ერთეულის ფასი - 25.320 ლარი) - ანგარიშ-ფაქტურით ღირს 6099.40 ლარი, ხოლო ალზიდონი (რაოდენობა 2, ერთეულის ფასი - 49.30 ლარი) დანიშნული აქვს 2 ცალი და ღირს 98.60 ლარი.

 

ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის მკურნალობისათვის გასაწევი ხარჯის - 6197 ლარიდან ნაწილის - 4000 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი);

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან გ--------- ჩ------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ მთავარ სხდომაზე, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------- ჩ------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე ზ---- ც---–---ეს დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–--ზ ც---–---ის (დაბადების თარიღი: 2011 წლის 17 ივნისი) სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

3. მოპასუხე ზ---- ც---–---ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა