გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12682-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე რუ--–-- აბ-–--ე
წარმომადგენელი დ---------------ია
მოპასუხე შპს ,,გ-----------------"
წარმომადგენლები პე--------–---------------------ო, თე-----------–---–ი, მა----- ე-–---–---–ი, მა--------------ძე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „,გ-----------------ს“, რუ--–-- აბ-–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 აშშ დოლარი, გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსის ექვივალენტით ლარში.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო შუამავლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე ვალდებული იყო მისი გაწეული შრომის შედეგად მოეხდინა მხარეებს შორის სამომავლო გარიგების დადების უზრუნველყოფა. მოპასუხე კომპანიამ აიღო ვალდებულება შუამავლისთვის გადაეხადა გასამრჯელო, რომლის წინაპირობად ასევე მოიაზრებოდა შპს „--------------–------------------–-------“ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივაიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემა და მის საფუძველზე შპს „პ-------------–------------------–-ა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ყველა ის პირობა, რომლის შესრულება სავალდებულო იყო შუამავლისთვის, იმისთვის რომ გასამრჯელო მიეღო. მოპასუხემ მიიღო სარგებელი, რუ--–-- აბ-–--ის გაწეული შუამავლობის შედეგად. კერძოდ დაიდო ხელშეკრულება, რომელიც გრძელვადიანი ინვესტიციაა და უკავშირდება მოპასუხის დიდ ფინანსურ სარგებელს. მიუხედავად მოსარჩელის როლისა ხელშეკრულების დადებისათვის, მოპასუხე ცდილობს თავი აარიდოს ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც გამოიხატება 50 000 აშშ დოლარის გადახდაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს ,,გ-----------------მა“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბრის თვეში შპს „გ-----------------ი“ და შპს „პრ-----------–------------------–ი“ განიხილავდნენ გოლფის მოედნის მშენებლობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას. თუმცა ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დადებულა. ხსენებული გარიგება უნდა გაფორმებულიყო 2015 წლის 25 იანვრამდე, რაც არ განხორციელდა და აქედან გამომდინარე მოსარჩელე მხარეს ეკარგება მოთხოვნის უფლება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი გაურკვეველი შინაარსის შემცველია და არავითარი კავშირი არ გაააჩნია მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 10 დეკემბერს ერთის მხრივ შპს „გ-----------------ს“ და მეორეს მხრივ რუ--–-- აბ-–--ეს შორის დაიდო შუამავლობის ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის მიხედვით, შუამავალი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კომპანიასა და შპს „პ-------------–------------------–-“ შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმება არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა.
3.1.2. 2.2. პუნქტის მიხედვით, კომპანია იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს შუამავალს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელო, მხოლოდ ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად და პირობების დადგომის შემთხვევაში.
3.1.3. 3.1. პუნქტით, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის შუამავლის გასამრჯელო შეადგენს 50 000 აშშ დოლარს.
3.5. პუნქტის მიხედვით, ვინაიდან ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს უძრავ ქონებაზე კომპანიის მიერ გოლფის მოედნის მშენებლობის შესახებ, შუამავალს არ წარმოექმნება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს მიღების უფლება, ხოლო კომპანიას გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება თუ შუამავალი ვერ უზრუნველყოფს 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას შპს „პ-------------–------------------–-ა“ და კომპანიას შორის.
3.1.4. 4.2. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ შუამავალი ვერ უზრუნველყოფს გარიგების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კომპანიას და მესამე პირს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას, წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შუამავლობის ხელშეკრულება (ს.ფ 17-20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ უნდა ადასტუროს იგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგოს ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა შპს „პ-------------–------------------–-“ და შპს „გ-----------------ს“ შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.
მხარეები აქვე შეთანხმდნენ სპეციალურ ვადაზე, რომლის განმავლობაშიც მოპასუხე მხარისთვის უნდა გაეწვია მომსახურება მოსარჩელეს. ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ხელშეკრულება ითლება შეწყვეტილად. ნათელია, რომ მხარეებმა გასამრჯელოს გადახდის უფლება დაუკავშირეს გარკვეული მოქმედების შესრულებას დადგენილ დროში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ხელშეკრულების 2.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, შუამავლის მეშვეობით ნარდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის უნდა გაფორმებულიყო არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა.
საქმის მასალებში 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნარდობის ხელშეკრულება არ მოიპოვება.
სასამართლოს დასკვნით ნარდობის ხელშეკრულება 2015 წლის 25 იანვრამდე არც ზეპირი ფორმით შედგენილა ვინაიდან მოსარჩელე მხარის წარმოდგენილი 2015 წლის 21 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსით ირკვევა, რომ შპს „პ-------------–------------------–-ა“ და შპს „გ-----------------ს“ შორის 2015 წლის 30 აპრილამდე მიმდინარეობდა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის განსაზღვრის შესახებ მსჯელობა. კერძოდ, ამავე მიღება-ჩაბარების აქტით იკვეთება, რომ მხარეებმა 2015 წლის 30 აპრილს ხელი მოაწერეს მხოლოდ ეგრედ წოდებულ განზრახულობათა წერილს და მათ შორის კვლავ მიმდინარეობდა ნარდობის ხელშეკრულების პირობების დამაზუსტებელი მოლაპარაკებანი.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „პ-------------–------------------–-ა“ და შპს „გ-----------------ს“ შორის 2015 წლის 25 იანვრამდე ნარდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და რუ--–-- აბ-–--ემ 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შუამავლობის ხელშეკრულება (ს.ფ 17-20)
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 29)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ რუ--–-- აბ-–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო.
სასამართლოს მოსაზრებით, საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული.
სასამართლო განმარტავს, რომ შუამავლობა მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებებს, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. საშუამავლო საქმიანობაში იგულისხმება საქმიანობა, რომელიც მიმართულია მესამე პირებთან შემკვეთის მიერ ხელშეკრულების დადებისაკენ. საშუამავლო საქმიანობისათვის გასამრჯელოს მოთხოვნის უფლება პირს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაიდება ის ხელშეკრულება, რომელსაც მიზნად ისახავდა შუამავლობა. თუ გამიზნული ხელშეკრულება არ დაიდო, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს გასამრჯელო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „პ-------------–------------------–-ა“ და შპს „გ-----------------ს“ შორის 2015 წლის 25 იანვრამდე ნარდობის ხელშეკრულება, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, არ გაფორმებულა (3.2.1). შესაბამისად, რუ--–-- აბ-–--ემ 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გააჩნია ამავე გარიგებით განსაზღვრული გასამრჯელოს მოთხოვნის უფლება.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე რუ--–-- აბ-–--ის სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. განსახილველ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, ე, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რუ--–-- აბ-–--ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „გ-----------------ის“ მიმართ 50000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე