გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002703111
N2/967-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.12.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე ა--------- მ--------,თარჯიმანი: ი-------–------;
მოპასუხე გ--------------–-,დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ--- კ---------–- მოსარჩელე ა--------- მ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 3500 ლარის გადახდა;
2018 წლის 08 ივნისს ქ.თბილისში ქ------------------–-- გამზირზე მოპასუხე გ--- კ---------–-- დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას. საპატრულო პოლიციის მიერ მოპასუხის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი. მოპასუხემ ნებაყოფლობით არ აუნაზღაურა მოსარჩელეს მიყენებული ზიანი, რომლის ოდენობამაც შეადგინა 3754 ლარი, კერძოდ, ავტომანქანის ნაწილების ღირებულება 1037 ლარი, ექსპერტის მომსახურების თანხა - 240 ლარი, საჯარიმო სადგომზე გადასახდელი თანხა - 187 ლარი, დაზიანებული ავტომანქანის გადაყვანის ღირებულება 300 ლარი, დაზიანებული დეტალების შეცვლისათვის ხელოსანზე გადახდილი თანხა 850 ლარი. მოსარჩელე თავისი მანქანით ახდენდა მგზავრთა გადაყვანას თბილისიდან ქ.ა---–---–--–-. ვინაიდან მოპასუხის ბრალით დაზიანდა მისი მანქანა, იძულებული გახდა, რომ მგზავრები სხვისი ავტომანქანით გაემგზავრებია, რისთვისაც მძღოლს გადაუხადა 200 ლარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ორჯერ მოუწია ქ.თბილისში ჩასვლა, რაშიც დახარჯა 240 ლარი ბენზინისთვის, 100 ლარი კვებისათვის. იგი ტაქსაობდა და დღეში საშუალოდ ღებულობდა 20 ლარს. მან ერთი თვე ვერ მიიღო შემოსავალი, რითაც მიადგა 600 ლარის ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ--- კ---------–-- წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 767 ლარის ნაწილში. მოპასუხემ შესაგებლში ასევე მიუთითა, რომ იგი თვითონვე აპირებდა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებას, რისი უფლებაც არ მისცა მოსარჩელემ.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მხარი დაუჭირა შესაგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 08 ივნისს ქ.თბილისში ქ------------------–-- გამზირზე მოპასუხე გ--- კ---------–-- დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ოპელ ვექტრას მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით X------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საპატრულო პოლიციის 2018 წლის 08 ივნისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N ემ243042;
3.1.2 საპატრულო პოლიციის 2018 წლის 08 ივნისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N ემ243042 დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა გ--------------–-.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საპატრულო პოლიციის 2018 წლის 08 ივნისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N ემ243042;
3.1.3. მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით X------ ევაკუატორის მომსახურებით გადაყვანილ იქნა მთაწმინდა-კრწანისის ფილიალის ვარკეთილის სერვის-ცენტრში, რაზეც მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა მომსახურების თანხა 187 ლარის ოდენობით;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- საგადახდო ქვითარი N108837986;
3.1.4. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 05 ივლისის დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2001 წელს დამზადებული ,,ოპელ-ვექტრას" მოდელის ავტომანქანაზე, სახელმწიფო ნომრით X------ , მიყენებული ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 767 ლარს. ამავე დასკვნის შესაბამისად, მითითებულ თანხაში გათვალისწინებულია სარემონტო სამუაშაოებისათვის გათვალისწინებული თანხებიც.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 05 ივლისის N004630518 დასკვნა;
3.1.5. მოსარჩელემ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დასკვნის გაცემის მიზნით გადაიხადა მომსახურების თანხა 240 ლარის ოენობით;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სალაროს შემოსავლის ორდერი N151749;
- ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიღება-ჩაბარების აქტი N3004614118;
3.1.6. მოსარჩელის მიერ დაზიანებული ავტომანქანა გადაყვანილ იქნა ქ.თბილისიდან ქ.ა-----–--–-, რისთვისაც გადაიხადა 300 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ქვითარი NFM00167895;
3.1.7. მოსარჩელის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაწეულმა ხარჯებმა (ავტომანქანის გადაყვანა, ექსპერტიზის ჩატარება , ავტომანქანის სარემონტო სამუშაოები) შეადგინა საერთო ჯამში 1494 ლარი (767+240+187+300);
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 05 ივლისის N004630518 დასკვნა;
- საგადახდო ქვითარი N108837986;
-ქვითარი NFM00167895;
- სალაროს შემოსავლის ორდერი N151749;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ნაწილობრივ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ საწინააღმდეგო რაიმე სახის დოკუმენტის წარმოდგენა ვერ უზრუნველყო.
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 992-ე, 463-ე, 464-ე, 408-ე, 409-ე, 414-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად, ეკისრება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხე მხარეს სადაოდ არ გაუხდია ავტოავარიაში მისი ბრალეულობის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშული ნორმიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად ბრალის მიუხედავად დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის რისკის განხორციელებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანი დადგა გ--------------–-ს მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად, მისივე საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.4. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი ნორმის თანახმად, აუცილებელია, რომ მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან საერთო ჯამში, ზიანის 3500 ლარის მიყენების ფაქტი. მხოლოდ ზეპირი განმარტება საფუძვლად ვერ დაედება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კი, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------------–-ს ბრალეული ქმედებით მოსარჩელეზე მიყენებულმა ზიანმა, საერთო ჯამში შეადგინა 1494 ლარი (ავტომანქანის აღდგენისათვის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი 767 ლარი, ექსპერტიზის ჩატარების საფასური 240 ლარი, ევაკუატორის მომსახურების 187 ლარი და დაზიანებული ავტომანქანის ქ.თბილისიდან ქ.ახალციხეში გადაყვანისათვის გადახდილი 300 ლარი) და სწორედ ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე;
ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოპასუხე გ--- კ---------–-- სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა--------- მ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე გ--- კ---------–- (პ.ნ 1----------) მოსარჩელე ა--------- მ--------ის (პ.ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს საერთო ჯამში 1494 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე გ--- კ---------–- (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს შემდეგ კოდზე: 300193150;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი