განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/49-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჩ-----------------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი - 2----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ქ-----–----, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ა--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის მე-111 მუხლი და 1501 მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
თარჯიმანი - ე-–-------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ქ-----–---–-, კ----------- მფლობელობაში არსებულ სახლში, ჩ---------------- 2018 წლის მარტსა და აგვისტოში სისტემატური ყვირილითა და დარწმუნებით, იცოდა რა მისი ასაკი, აიძულებდა თავის არასრულწლოვან შვილს ჩ-----------------, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა ი-------------. 2018 წლის მარტში ჩ---------------- დაინიშნა ი-------------, აგვისტოში ჩაინიშნა ქორწილის თარიღი, ხოლო 2018 წლის 8 სექტემბერს მათ უნდა ჰქონოდათ ქორწილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII). განსახილველ საქმეში, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებმა უდავოდ ცნეს. ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რასაც დაეთანხმა მისი ადვოკატი. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
2.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათები, სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის 31 აგვისტოს #1---------- და 2016 წლის 14 აპრილის #0-------- წერილები, 2018 წლის 26 ივნისის #0----------- მინდობილობა, დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმეების - ჩ-----------------, ჩ----------------ს, ნ----------------, გ-----------–---–--, ბ--–----------, თ----–--–----–----, რ------------------ და ს--------------- გამოკითხვის ოქმები, ე.წ. „სქრინშოთები“, ამოღების ოქმი და სხვა მათთან დაკავშირებული მტკიცებულებები. სასამართლო მოკლედ მიმოიხილავს მათ, კერძოდ: დაზარალებულმა ჩ----------------- (დაბადებულია 2----–-–------------------) განაცხადა, რომ 2015 წელს დაამთავრა 9 კლასი, ხოლო მისი სოფლის სკოლაში არ არის საშუალება შემდგომი განათლების მიღების. მისი სწავლის გაგრძელების ნაცვლად მამამისს - ჩი--------------- სურს მისი საურვილის საწინააღმდეგოდ გაათხოვოს მის თანასოფლელზე ი-------------. 2018 წლის მარტის თვეში ნიშნობის აღსანიშნავად მის ოჯახში გაიშალა სუფრა და ამის დასტურად ოქროს სამკაულები მიართვეს. იგი იცნობს ი-----------, თუმცა არ უყვარს და არ სურს მასზე დაქორწინება. მას სურს სწავლის გაგრძელება, რის უფლებასაც გათხოვების შემთხვევაში მეუღლე არ მისცემს. აგვისტოში მისი ნების საწინააღმდეგოდ ასევე ქორწილის თარიღიც დაინიშნა, რომელიც უნდა გამართულიყო იმავე წლის 8 სექტემბერს. აღნიშნული ხდება მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, იგი კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა აიძულებენ ოჯახის წევრები და ნათესავები, განსაკუთრებით მამა, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ უწევს. ეს უკანასკნელი უყვირის, რა დროსაც ეშინია მას, იგი ნერვიულია. აგრეთვე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს სისტემატურად, ეუბნება რომ, თუ არ გათხოვდება სოფელში იტყვიან, რომ ჩ------ და მამასისი ცუდი ადამიანები არიან. ამას იმეორებს იმდენჯერ, რამდენჯერაც უარს ამბობს დაქორწინებაზე. ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ქორწილისთვის მამამ გამოიტანა კრედიტი, როდესაც აგვისტოში ჩაინიშნა ქორწილის თარიღი და სწორედ მაშინ ყვირილითა და დარწმუნებით აიძულებდა ცოლად გაყოლოდა მისთვის არასასურველ კაცს. ნიშნობის შემდეგ უნდა, რომ დააბრუნოს სამკაულები, თუმცა ვერ ბედავს, რადგან ყველა ცუდი თვალით შეხედავს მამას. ანალოგიური დაადასტურა ბრალდებულმა ჩ-----------------–, რომ მისი შვილის ნების საწინააღმდეგოდ ყვირილითა და დარწმუნებით აიძულებდა დაქორწინებულიყო ი-------------. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა 2016 წელს მამამისის მიერ მისი იძულებით ქორწინების მცდელობა, რაზეც გამოძიებაც დაიწყო, თუმცა მშობლები შეპირდნენ, რომ მხოლოდ მისი სურვილით მოხდებოდა აღნიშნული, რის გამოც გამოკითხვისას თქვა, რომ დაქორწინებას არავინ აიძულებდა და გამოძიებაც შეწყდა. მოწმე ნ---------------- (დაზარალებულის ყოფილი მასწავლებელი) დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით ჩ------ უკავშირდებოდა მას და სთხოვდა დახმარებას, რის გამოც მის მიერ მოხდა შესაბამისი რეაგირება, მანვე წარადგინა ე.წ. „სქრინშოთები“, სადაც ასახულია მათი მიმოწერა დაზარალებულის ნება-სურვილის გარეშე ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც აღნიშნული მასალებიც ადასტურებს. გარდა ამისა, მოწმემ ახსენა ასევე 2016 წლის ფაქტიც, რა დროსაც ჩ------მ უთხრა მას ქორწინების იძულებასთან დაკავშირებით. მოწმეებმა გ-----------–---–-- და ბ--–----------, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან, დაადასტურეს ჩ----------------- სპეციალურ თავშესაფარში გადაყვანის ფაქტი, რომელზეც დაზარალებული დასთანხმდა, რათა აეცილებინა არასასურველი, იძულებითი ქორწინების ფაქტი. მოწმე რ------------------ რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოადგილეა სოფელ წ--–------–-, დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია, რომ ჩ---------------- დანიშნული იყო და ქორწილი უნდა გამართულიყო სექტემბერში, რომელიც გაიმართებოდა სოფლის საერთო მოხმარების დარბაზში. მისთვის ასევე ცნობილია 2016 წლის ფაქტის შესახებ. სასამართლოს შეფასებით ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჩ----------------ს მიერ იმ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 1501 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: შვილი. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1501 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, იქორწინოს საკუთარი შეხედულებისამებრ, იმ პირზე, ვისთანაც სურს, რადგან ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ობიექტური მხრივ ქორწინების იძულება შეიძლება განხორციელდეს პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, კერძოდ კი შევიდეს ქორწინებაში პირთან მისი ნების საწინააღმდეგოდ. დანაშაული დამთავრებულად მიიჩნევა იძულების განხორციელების მომენტიდან, ანუ როდესაც პირს აიძულებენ დაქორწინდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ და არა აქვს მნიშვნელობა, მოახერხა თუ არა დამნაშავემ მიზნის მიღწევა, მოხდა თუ არა ქორწინება ფაქტობრივად, თუნდაც არარეგისტრირებული. სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული განზრახვის არსებობას მოითხოვს. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დასჯადია იგივე ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ დასტურდება ის ფაქტი, რომ ჩ----------------- სისტემატური ყვირილის, ასევე დარწმუნების გზით, რომ ქორწილის ჩაშლის შემთხვევაში მათზე ცუდად ილაპარაკებდნენ სოფელში, ფსიქიკური ზემოქმედებით განახორციელა ქორწინების იძულება თავისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ, რითაც ჩაიდინა სსკ-ის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 1501 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლოს შეფასებით, ის მოქმედებები, რაც ბრალდებულმა განახორციელა ჩ----------------- მიმართ უნდა შეფასდეს, როგორც იძულება, რადგან იმ ვითარებაში, რომელშიც დაზარალებული იმყოფებოდა ამ მოქმედებებმა მიაღწია იმ ზღვრამდე, რაც იძულებულს ხდიდა დაზარალებულს შეესრულებინა მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედება - დაქორწინებულიყო მისთვის არასასურველ პიროვნებაზე, ამას ნიშნობის ფაქტიც ადასტურებს და ქორწილის თარიღის დანიშვნაც. ამ მიმართებით სასამართლო აღნიშნავს ასევე შემდეგ გარემოებებს: ჩ---------------- იყო არასრულწლოვანი, უმუშევარი, მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო და სრულად დამოკიდებული იყო მამაზე, რომელიც ოჯახის „მარჩენალი“ იყო, რაც აძლიერებდა დაზარალებულზე ზემოქმედების ხარისხს; გარდა ამისა, ჩ----------------- არ ჰქონდა საშუალება დაეტოვებინა სახლი და სწავლა გაეგრძელებინა სხვა ტერიტორიულ ერთეულში, სადაც 9 კლასის შემდგომი განათლების მიღებაა შესაძლებელი და იგი იძულებული იყო ცხოვრება განეგრძო იმ სივრცეში, სადაც მასზე ზემოქმედებისათვის მოწყვლადი გარემო იყო შექმნილი.
3.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ქორწინების იძულების ასეთი გაგება შეესაბამება ასევე „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციას (ე.წ. სტამბულის კონვენცია), რომელიც რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 5 აპრილს და რომლის 37-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ზრდასრულ ადამიანს ან ბავშვს აიძულებს ქორწინებაში შესვლას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ჩ----------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ჩ----------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ჩ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას.
4.2. ჩ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის).
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. სასამართლოს აზრით, დაუშვებელია ერთი კონკრეტული პირის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებით ზოგადი პრევენციის მიზნების მიღწევა, სხვა პირებზე თვალსაჩინო მაგალითის შექმნა და ამით, ამ კონკრეტული პირის ინდივიდუალური შეფასების თუნდაც ნაწილობრივი უგულებელყოფა.
5.3. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1501 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ერთი სახის სასჯელია გათვალისწინებული - თავისუფლების აღკვეთა, რა უნდა იქნეს გამოყენებული ჩ----------------ს მიმართ, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. ამასთან, სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ჩ----------------სათვის იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, რისი საჭიროებაც მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე საერთოდ არ არსებობს.
5.5. ჩ----------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მასთან, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სანქციის ქვედა ზღვარი, რაც სასამართლოს შეფასებით, სრულად საკმარისია სასჯელის მიზნების შესასრულებლად. მოცემული საკითხის შეფასებისას შემამსუბუქებელი გარემოებები გადაწონის დამამძიმებელ გარემოებას.
5.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ჩ----------------ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს „არასაპატიმრო სასჯელი“ (იგულისხმება პირობითი მსჯავრი, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის გარდა აღნიშნული მუხლი სხვა სახის სასჯელს არ ითვალისწინებს), თუმცა სასამართლოს არ მიაჩნია, რომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის სრულად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლიანი იქნება ჩ------------------- მიმართებით. მიხედავად იმისა, რომ კანონის ფორმალური მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, როგორც დანიშნული სასჯელის როგორც სრულად (სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ისე ნაწილობრივ (სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი) პირობით მსჯავრად ჩასათვლელად, არ ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად უნდა იქნეს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შეფასდეს მათი გამოყენებით მიიღწევა თუ არა სასჯელის მიზნები ადეკვატურად.
5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია პრეამბულაშივე მიუთითებს მოცემული დანაშაულის მავნე შედეგებზე, კერძოდ, „ევროპის საბჭოს სახელმწიფოები დიდი გულისტკივილით აღიარებენ, რომ ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, გაუპატიურება, იძულებითი ქორწინება, ეგრეთ წოდებული „ღირსების“ სახელით ჩადენილი დანაშაული და სასქესო ორგანოების დასახიჩრება, რაც წარმოადგენს ქალებისა და გოგონების ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას და ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორუფლებიანობის მიღწევის საქმეში“. ქალთა წინააღმდეგ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) 21-ე საერთო რეკომენდაციაში (XIII სესია, 1994) აღნიშნულია, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და, კერძოდ კაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფენ მეუღლის თავისუფალი არჩევისა და მხოლოდ თავისუფალი და სრული თანხმობით ქორწინების თანაბარ უფლებებს. ქალთა უფლება თავისუფლად აირჩიონ მეუღლე და იქორწინონ, მათი ცხოვრების, ისევე როგორც ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის, უმნიშვნელოვანესი ასპექტია.
5.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ადამიანის ცხოვრებაში, რამაც შესაძლოა, ადამიანის მთელი მომავალი ცხოვრება განსაზღვროს, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ამიტომ, ასეთ გადაწყვეტილებებში იმგვარი ჩარევა, რომელიც ადამიანის ნების იგნორირებას, მისი პოზიციის სრულ უგულებელყოფას გულისხმობს ადამიანს უუფლებოდ და უუნაროდ წარმოაჩენს, რაც წარმოუდგენელი და დაუშვებელია ისეთ საზოგადოებაში, რომელიც ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს და რომლის ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება. ქორწინების იძულება პირს ამ პროცესის არა სუბიექტად, არამედ ობიექტად აქცევს და იგი განიხილება, როგორც „ნივთი“, რომლის „განკარგვა“ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი. ეს პრობლემა განსაკუთრებით წარმოჩინდება მშობლების მიერ შვილის იძულებაში დაქორწინდეს მათთვის და არა მისთვის სასურველ ადამიანზე და მიაჩნიათ, რომ შვილზე „ზრუნვა“ იმასაც გულისხმობს, რომ არა მარტო ჩაერიონ, არამედ მის გარეშეც კი მიიღონ გადაწყვეტილებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ადამიანის პირადი გადაწყვეტილების სფეროა და ლახავს მის უმნიშვნელოვანეს უფლებებს, რაც სასამართლოს მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
5.9. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს სასჯელის ნახევარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩ------------------- მიმართებით, სწორედ ზემოაღნიშნული ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული, შემდეგ გარემოებათა გამო: თავისუფლების აღკვეთის გარკვეული ნაწილის რეალური აღსრულების აუცილებლობის კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს ქმედების მძიმე ხასიათს და საშიშროებას (იხ. ზევით), იმას, რომ ქმედება არასრულწლოვანს ეხებოდა, იძულებით ქორწინებას ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრის მხრიდან, ჩ----------------მ ნაწილობრივ განიცადა იძულებითი ქორწინების გარკვეული შედეგიც (ნიშნობა) და წარმოსადგენია რამდენად რთულ მდგომარეობაში იქნებოდა იმ კონკრეტულ დღესაც და მას შემდგომაც, მარტიდან სექტემბრამდე, ასევე იმას, რომ ჩ----------------- იცოდა ამგვარი ქმედების დასჯადობის შესახებ (ამ ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულმა არ იცოდა ამის შესახებ, რადგან ჯერ კიდევ 2016 წელში დაიწყო გამოძიება ზუსტად ანალოგიურ ფაქტზე, რომელიც შეწყდა, რადგან ჩ----------------მ უარყო იძულების ფაქტი, მისი მშობლების დაპირების გამო, რომ 18 წლამდე არ ჩაერეოდნენ ამ საკითხში, აგრეთვე არაერთი მოწმე მიუთითებს აღნიშნულზე, რაც უდავოდაა ცნობილი დაცვის მხარის მიერ); ხოლო თავისუფლების აღკვეთის გარკვეული ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის აუცილებლობის კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს იძულების ხასიათსა და ხარისხს, რაც მხოლოდ სიტყვიერ იძულებას უკავშირდება, იგი არ არის ნასამართლევი, ქორწინებას ადგილი არ ჰქონია (შედეგი არ დამდგარა) და განსაკუთრებით, დაზარალებულის პოზიციას, რომ სურს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მამა ოჯახს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჩ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 1501 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 1 წელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ჩი--------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 5 ოქტომბრიდან.
3. მსჯავრდებულ ჩ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.
4. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ჩი--------------- დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
6. ნივთმტკიცება - მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ჩ-----------------.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი