გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე № 3/2175-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ს--–-------------–--ე
წარმომადგენელი - მ---------------
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 15.05.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი)
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 7 მარტის N----------------- გადაწყვეტილება ს--–-------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის A--------- დიპლომის საშუალო პროფესიული განათლების საგანმანათლებლო დოკუმენტად მიჩნევის ნაწილში;
1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ს--–-------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის A--------- დიპლომის უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის მიერ 2005 წლის 15 იანვარს გაცემული, სარეგ. N1988 დიპლომის თანახმად, ს--–-------------–--ე კოლეჯში შევიდა 1992 წელს და 1996 წელს დაამთავრა კოლეჯის დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკის, უცხოური ენა სპეციალობით; ს--–-------------–--ეს სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1996 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ელემენტარული სკოლის მასწავლებლის, ელემენტარული სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დიპლომი (ს.ფ. 15);
3.2. პირადი ბარათის მიხდვით, 1992 წლის 12 აგვისტოს N23 ბრძანებით ც---–----------–--ე ჩაირიცხა ბათუმის პედაგოგიურ კოლეჯში. ამავე ბარათში აღნიშნულია, რომ საშუალო სპეციალურ სასწავლო დაწესებულებაში შესვლამდე ც---–----------–--ეს დამთავრებული აქვს ქედის რაიონის საშუალო სკოლა 1992 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პირადი ბარათი (ს.ფ. 71);
3.3. ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის 1996 წლის 14 ივნისის N30 ბრძანების თანახმად, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის 1996 წლის კურსდამთავრებულ ც---–-------------–---------–---ს გამოეცვალა სახელი და დიპლომის გაცემა დადგინდა ს--–----------------–---------–---ზე.
ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის 1996 წლის 24 ივნისის N33 ბრძანების თანახმად, ს--–----------------–---------–--ზე გაიცა ჩვეულებრივი დიპლომი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (ს.ფ. 78);
- N33 ბრძანება (ს.ფ. 79);
3.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 7 მარტის N----------------- გადაწყვეტილებით ს--–-------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის A--------- ნამდვილობა დადასტურებულ იქნა, ამასთან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნებისთვის დიპლომი გათანაბრებულ იქნა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან. შესაბამისად, საშუალო პროფესიული განათლების A--------- დიპლომის საფუძველზე ს--–-------------–--ეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 7 მარტის N----------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-14);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი (2007 წლის კანონი); უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 1. „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია პროფესიული განათლების III საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი – შესაბამისი პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან. პროფესიული სტანდარტით შესაბამისი საფეხურის არარსებობის შემთხვევაში გათანაბრება მოხდება მის კომპეტენციებთან შესატყვის სხვა საფეხურთან.
დადგენილია, რომ ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის მიერ 2005 წლის 15 იანვარს გაცემული, სარეგ. N1988 დიპლომის თანახმად, ს--–-------------–--ე კოლეჯში შევიდა 1992 წელს და 1996 წელს დაამთავრა კოლეჯის დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკის, უცხოური ენა სპეციალობით; ს--–-------------–--ეს სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1996 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ელემენტარული სკოლის მასწავლებლის, ელემენტარული სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კოლეგიის 1993 წლის 22 აპრილის N3-3 გადაწყვეტილებით დადგენილია რესპუბლიკის საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში მიღების წესები. კერძოდ, რესპუბლიკის საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში/კოლეჯებში, ტექნიკუმებსა და სასწავლებლებში მიიღებიან მოქალაქეები არასრული საშუალო ან საშუალო განათლებით (ს.ფ. 121-122); საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 1992 წლის 20 იანვრის N01 ბრძანებით ასევე დაგენილია უმაღლეს სასწავლებელში 1992 წელს მიღების წესები (ს.ფ. 129-130). საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეგიის მიერ 1993 წლის 18 თებერვლის N2-6 ოქმით დამტკიცებული საშუალო სპეციალური სასწავლებლების სპეციალობათა ნუსხის მიხედვით, 0306 რიგითი ნომრით დადგენილია სპეციალობა - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, კვალიფიკაცია - მასწავლებელი, სწავლების მაქსიმალური ხანგრძლივობა - არასრული საშუალო განათლების ბაზაზე -4 წლამდე (ტ. 126-128).
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან . 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.
გარდა ამისა, საქმეში დაცულია საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს 1990 წლის 19 ნოემბრის N550 ბრძანება, რომლის თანახმად, ამაღლებული დონის კვალიფიკაციის სპეციალიტების მომზადების ექსპერტიმენტის ჩატარებასთან დაკავშირებით ბათუმის პედაგოგიური სასწავლებელი გადაკეთდა უმაღლესი ტიპის პედაგოგიურ სასწავლებლად (ს.ფ. 89-90).
საქმეში ასევე დაცულია საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 1992 წლის 20 იანვრის N09 ბრძანება, რომლის თანახმად, დამტკიცდა რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღების წესი (ს.ფ. 129-130). ასევე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 1992 წლის 15 სექტემრბის N358 ბრძანებით დამტკიცდა პროფესიული სასწავლებლის ტიპური დებულება. ასევე პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო სპეციალური სასწავლებლების ლიცეუმებად და კოლეჯებად გადაკეთებისას განუხრელად უნდა ეხელმძღვანელათ უმაღლესი პროცესიული სასწავლებლის ტიპური დებულებით (ს.ფ. 131-135).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის შედეგად გაიცა ს--–-------------–--ის სახელზე დიპლომი სამართლებრივად არ უთანაბდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას, ვინაიდან ს--–-------------–--ის მიერ განათლების მიღების პროცესში მოქმედი სამართლებრივი ბაზა 4 წლამდე სწავლების შედეგად უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას არ იძლეოდა. ვინაიდან, 4 წლამდე სწავლების შედეგად მიღებული განათლების შედეგად, მართალია, მიიღებოდა კვალიფიკაცია - მასწავლებელი, თუმცა აღნიშნული სასწავლებლის მიერ განხორცილებული სწავლება ამჟამად შეესაბამება პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს ასევე წარმოადგენს ბათუმის პედაგოგიური კოლეჯის მიერ ც---–----------–--ის სახელზე შევსებული პირადი ბარათი, სადაც აღნიშნულიამ რომ ც---–----------–--ე 1992 წლის 12 აგვისტოს N23 ბრძანებით ჩაირიცხა საშუალო სპეციალურ სასწავლებელში (ს.ფ. 71). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებს კანონიერი ნდობის პრინციპზე, ვინაიდან მოსარჩელისათვის კოლეჯში ჩარიცხვისთანავე ცნობილი უნდა ყოფილიყო მის მიერ არჩეული სასწავლო დაწესებულების სტატუსი.
პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის (2018 წლის კანონი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის სახეებია უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 7 მარტის N----------------- გადაწყვეტილებით ს--–-------------–--ის სახელზე გაცემული A--------- დიპლომის დადასტურებული კვალიფიკაცია მათებულად იქნა გათანაბრებული შესაბამისი პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციასთან. შესაბამისად, დავის გადაწყვეტამდე ამოქმედებული საკანონმდებლო აქტი ასევე არ იძლევა სადავო საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის საფუძველს.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს--–-------------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 ლარი, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს--–-------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე