განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
080100118002691283
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/950-18 (№041070918002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

13.12.2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: ნ---- ლ------

მამის სახელი: ი-----ი

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–--ი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: გალი, ძ-----ს ქ.N27

მცხოვრები: ქუთაისი, ხ--------ს ქუჩა N5/23-ში

 

ადვოკატი: მ------- ა----------ე

 

თარჯიმანი: ფ------ ქ----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 11:30 საათზე ქუთაისში, ჰერმან გმაინერის N4-ში მდებარე ესოეს ბავშვთა სოფელში N13 საცხოვრებელ სახლში ნ---- ლ------მ იძალადა 4 წლის შვილზე ა-------- ქ------ზე. (ცემა სახის არეში, ბავშვი დარტყმის შედეგად წაიქცა იატაკზე). ძალადობის შედეგად ა-------- ქ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 12 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნ---- ლ------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ნ---- ლ------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ნ---- ლ------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა -თ----- ბ-------ის, ნ----–- გ----–-–---–ისა და ნ-----–- ქ-–----ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ნ---- ლ------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ნ---- ლ------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; წარსულში არასდროს ყოფილა გასამართლებული ან/და გამოვლენილი სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში, შესაბამისად, მისი წარსული ცხოვრება მის კანონმორჩილებაზე მიუთითებს; აღსანიშნავია, რომ ბრალდებული დაზარალებულის დედაა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის, რომ დედამ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედება და მომავალში კვლავ გააგრძელოს შვილზე ზრუნვა. ბრალდებულის განმარტებით, ის მუშაობს 2 ადგილზე - მაღაზია „დეილიში“ და ჩაის ფაბრიკაში, უკვე იქირავა ბინა და უახლოეს პერიოდში აპირებს ბავშვთა სახლიდან 3 მცირეწლოვანი შვილის გადაყვანას და მათზე დედობრივი მზრუნველობის განხორციელებას.

 

ნ---- ლ------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით. აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება ქალს, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე შვილი. ბრალდებულს ჰყავს ასეთი ასაკის 2 შვილი.

ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ნ---- ლ------ს მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ---- ლ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

2. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

3. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ---- ლ------ს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე