განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1043-18 (№076190618003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14.12.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - თ----- მ-----
დაცვის მხარე
ბრალდებული მ------- გ--------ი
მამის სახელი: ნ------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ბოლნისის რაიონი სოფელი ნ----------
ადვოკატი: ე--- ნ--------
თარჯიმანი: ე---------- ა-------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მ------- გ--------მა ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 21:25 საათზე ზესტაფონის რაონის სოფელ შროშაში გამავალი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე „ფორდ ტრანზიტი“-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით L------ ავტომობილით მოძრაობისას მ------- გ--------მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი („მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“) და მე-2 პუნქტების („სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები, რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“) მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე გ-- კ-----–---–--ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გ-- კ-----–---–-- იმავე დღეს გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 03 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ------- გ--------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს მ------- გ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მ------- გ--------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლეების რ--- კ--------ს გამოკითხვის ოქმით; მოწმეების ე----- მ-----------ის, გ--–- კ-----–---–--ს, ფ-------- ჩ-----–--ს გამოკითხვის ოქმებით; მ------- გ--------იის აღიარებითი ჩვენებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის სქემით; შემთხვევის ადგილის ფოტოტაბულით; სისხლის ნიმუშის აღების ოქმით; ქიმიურ-ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის №3004525418 დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №004287918 დასკვნით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის N734/ა დასკვნით; შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა მ------- გ--------მა ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით”.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული პირველადაა სამართალში, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი. ის აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ინკრიმინირებულ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულის უფლებამონაცვლე მის მკაცრ დასჯას არ ითხოვს.
მ------- გ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის სასჯელის ერთი მესამედი.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რის გამოც საქმის განხილვისას მათი გამოკვლევა არ მომხდარა, ადგილი არ ჰქონია დანაშაულზე წასწრების ფაქტსაც და მიიჩნევს, რომ მ------- გ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაძლებელია, რაც თავის მხრივ საკმარისია სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------- გ--------ს სასჯელის სახე უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში (4-დან 7 წლამდე თ/ა), უდაბლეს სასჯელთან მიახლოებული ზომით - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ერთი მესამედი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითი მსჯავრით შეცვლა სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის პრევენციული მიზნის განხორციელებას, რის გამოც დაცვის მხარის მოთხოვნა ვერ იქნა გაზიარებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------- გ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2. მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. მ------- გ--------ი დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
4. მ------- გ--------ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 14 დეკემბრიდან.
5. მ------- გ--------იის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (მ------- გ--------ი) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
6. მ------- გ--------ის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
7. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ------- გ--------ის დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
8.1. მოწითალო ფერის ლაქა საკონტროლო სტერილურ ბამბასთან ერთად; თმები; ავტომანქანის მოკაზმულობის ნამსხვრევები 02 პაკეტად, რაც რაც თან ერთვის საქმეს - განადგურდეს.
8.2. ერთი ცალი CD-R დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8.3. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,ფორდ ტრანზიტის“ მოდელის სახელმწიფო ნომრით L------ ავტომანქანა - რომელიც განთავსებულია ზესტაფონის სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომზე (ქ. ზესტაფონი, სტაროსელსკის ქ. N41) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე