გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2125-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ი-----–--------ა
წარმომადგენელი - ნ----------–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 26 თებერვლის №0------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–--------ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ი-----–--------ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2018 წლის 04 სექტემბრის N0-------- წერილით დგინდება, რომ მოსარჩელე ი-----–--------ა დევნილად დამისამართებულია ქ. თბილისი, ი---------------------- ,,------------------------–------------ის’’ შენობაში 1997 წლიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2018 წლის 04 სექტემბრის N0-------- წერილი - ს/ფ 113-115
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა - ს/ფ 116-118
3.1.2. 2018 წლის 07 თებერვალს ი-----–--------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის საცხოვრებელი ფართის მიღება მოითხოვა. განცხადებაში განმარტა, რომ იმ პერიოდში როდესაც მისი ოჯახის წევრების დაკმაყოფილება მოხდა საცხოვრებელი სახლით, იგი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ და მისთვის არ მომხდარა გადაცემა საცხოვრებელი ფართის. 2018 წლის 06 თებერვალს დაბრუნდა საქართველოში, ცხოვრობს ქ. თბილისი, ი---------------------- ,,------------------------–------------ის’’ შენობაში, რომელიც ავარიულია, იქ ცხოვრება სახიფათოა, რის გამოც მოხდა სხვა დევნილების გაყვანა.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ი-----–--------ას 2018 წლის 07 თებერვლის განცხადება - ს/ფ. 54
3.1.3. 2016 წლის 05 დეკემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სხდომაზე განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ.თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ.თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ”ჰუალინგ ჯგუფისგან“ გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ასევე დამატებით განიხილა სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზე დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისათვის, ამ ეტაპზე უარი უთხრა იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ, მაგრამ არ ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე. კომისიის გადაწყვეტილებით მათი საკითხის განხილვა განხორციელდება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე.
ხსენებული კომისიის გადაწყვეტილებით ი-----–--------ას ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №1-- სხდომის ოქმი - ს/ფ 42-53
3.1.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის N0------------ გადაწყვეტილებით ი-----–--------ას განემარტა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, განხილულ იქნა ქ. თბილისში, ი--------------------------, ს-----------------------–------------ში, როგორც ნგრევად ობიექტში, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ობიექტში რეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად არ მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლებით უზრუნველყოფას, კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N1--), მათი საკითხი განხილული იქნებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით გათვალისწინებული ,,დევნილთა საცხვორებლით უზრუნველყოფის წესის’’ შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის N0------------ წერილი - ს/ფ 11
3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 03 ივლისის MIA 0------------ წერილით, ი-----–--------ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების შესახებ ინფორმაციით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ რამოდენიმეჯერ იქნა საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი თბილისის აეროპორტის გავლით - 2016 წლის 07 ივნისს გავიდა საქართველოდან ბელორუსია - მინსკის მიმართულებით და დაბრუნდა საქართველოში 2018 წლის 06 თებერვალს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 03 ივლისის MIA 0------------ წერილი - ს/ფ. 82-84
3.1.6. მოწმეების - ს-----–----------ას და ვ-–-------------------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ი-----–--------ა ნამდვილად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ი--------------------------, ს-----------------------–------------ის შენობაში, თუმცა გარკვეული პერიოდი მუშაობის მიზნით, ადგილზე არ იმყოფებოდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოწმეთა ჩვენებები - იხ.: სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–--------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში, საკითხის გადაწყვეტისას მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის N0------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული წერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე - ი-----–--------ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილია, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2018 წლის 04 სექტემბრის N0-------- წერილითა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტით, რომ მოსარჩელე ი-----–--------ა დევნილად დამისამართებულია ქ. თბილისი, ი---------------------- ,,------------------------–------------ის’’ შენობაში 1997 წლიდან. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს, ხოლო ამავე მუხლის ”ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
ამავე წესის მეორე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
სასამართლო მიუთითებს ამავე წესის მე-4 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.
მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ თბილისში, ი---------------------------ში მდებარე ს-----------------------–------------ის შენობა, რომელიც მოსარჩელის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირების დროებითი რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ შენობაში მცხოვრები ოჯახების (მათ შორის - მოსარჩელის) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელე ი-----–--------ას ფაქტობრივად არ ცხოვრობს ქ. თბილისში, ი---------------------------ში მდებარე ს-----------------------–------------ის შენობაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით მოსარჩელე დამისამართებულა ი---------------------------ში მდებარე ს-----------------------–------------ის შენობაში. ასევე დადგენილია, რომ მოწმეების - ს-----–----------ას და ვ-–-------------------–--ის ჩვენებებით, ი-----–--------ა ნამდვილად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ი--------------------------, ს-----------------------–------------ში, თუმცა გარკვეული პერიოდი მუშაობის მიზნით, ადგილზე არ იმყოფებოდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული შემოწმების დღეს მოსარჩელის მისამართზე არყოფნის ფაქტი და გარკვეული პერიოდით საქართველოში არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ დასკვნის გაკეთების ერთადერთი საფუძველი. საქმეზე დადგენილი გარემოებები აბსოლუტურად არ გამორიცხავს იმას, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს აღარ წარმოადგენს თბილისში, ი---------------------------ში მდებარე ს-----------------------–------------ის შენობა.
სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევადი ობიექტების მდგომარეობის დადასტურების საშუალებად მიჩნეულია სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, ამგვარი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა პირი მისამართზე არ ყოფილიყო, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტად არის აღიარებული და შესაძლოა მასში მცხოვრები პირის მდგომარეობა დროებით არ იძლეოდა ბინაში ცხოვრების საშუალებას, ან არსებობდა სხვა გარემოება.
ამდენად, სასამართლო ვერ გაზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ ი-----–--------ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელდა მონიტორინგი მის რეგისტრაციის მისამართზე, რომლის დროსაც იგი ადგილზე არ იმყოფებოდა და დადგინდა რომ იგი არ სარგებლობდა სახელმწიფოს მიერ მისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოში არ ყოფნა არ წარმოადგენს ამავე მისამართზე ი-----–--------ას ფაქტობრივად ცხოვრების გამომრიცხველ გარემობას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ მოსარჩელე არ სარგებლობდა მასზე გადაცემული მართლზომიერ მფლობელობაში საცხოვრებელი ფართით.
6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 26 თებერვლის N0------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–--------ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობის და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ი-----–--------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 26 თებერვლის №0------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–--------ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ი-----–--------ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი