გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
010210017002182478
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210017002182478

№2/4585-2017წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ევ------------ტ +“

წარმომადგენელი - მა----მ მა--------ე

მოპასუხე - რე--ზ ბე–----ე, დი--ა ბუ------–---ი

დავის საგანი - სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. რე--ზ ბე–----ეს და დი--ა ბუ------–---ს შპს ,,ევ------------ტ +“-ის სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი 2200 აშშ დოლარის ოდენობით;

1.2. რე--ზ ბე–----ეს და დი--ა ბუ------–---ს შპს ,,ევ------------ტ +“-ის სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ სესხის სარგებელი 1660.99 აშშ დოლარის ოდენობით;

1.3. რე--ზ ბე–----ეს და დი--ა ბუ------–---ს შპს ,,ევ------------ტ +“-ის სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ სესხის პირგასამტეხლო 1000 აშშ დოლარის ოდენობით;

1.4. თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით;

1.5. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.6. დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 50 ლარი- გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური, 150 ლარი-სააღსრულებო წარმოების ხარჯი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე რე--ზ ბე–----ე წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მისი განმარტებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

მოპასუხე დი--ა ბუ------–---ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 18.08.2016 წელს მოსარჩელესა და რე--ზ ბე–----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N141028/ბ და შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N141028/ბ, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ რე--ზ ბე–----ეს სესხად გადასცა 2 200 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. რე--ზ ბე–----ე ვალდებული იყო სესხის და მასზე დარიცხული სარგებელი გადაეხადა 12 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად - ყოველთვიურად 249 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა რე--ზ ბე–----ის კუთვნილი ავტონობილი: მაზდა არექს-8.

3.2.2. მოპასუხე რე--ზ ბე–----ის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელესთან 18.08.2016 წელს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გააფორმა დი--ა ბუ------–---მა (პ/ნ 12001078505), კერძოდ: რე--ზ ბე–----ის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის ხელშეკრულება

-სოლიდარული თავდებო

-ცნობა დავალიანების შესახებ

 

მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მოთხოვნას რაზეც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 18 აგვისტომდე, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 115-ე, 417-418-ე, 420 მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

6.2. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N141028/ბ“ და ,,შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N141028/ბ“.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელსეკრულებლის ფარგლებში მოპასუხე რე--ზ ბე–----ის დავალიანებაა ძირი თანხა- 2200 აშშ დოლარი, სარგებელი- 1660.99 აშშ დოლარი.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოსარჩელესა და მოპასუხე დი--ა ბუ------–---ს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული "წერილობითი განცხადებე სოლიდარული თავდებობის შესახებ", რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება რე--ზ ბე–----ის მიერ ნაკისრი ზემოაღნიშნული ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სრულად დაფაროს კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული და არგუმენტირებული შესაგებელი, მოსარჩელის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სესხის ძირი თანხისა და დარიცხული სარგებლის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს პირგასამტეხლოს განსაზღვრას გონივრულ ფარგლებში, რომელიც სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში, აშკარად, შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას. ანუ უფლება უნდა იქნეს გამოყენებული მართლზომიერად და კეთილსინდისიერად.

6.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ით. ასევე, დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხაა 2 200 აშშ დოლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1000 აშშ დოლარი, რაც სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლოს მოსაზრებით, იგი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს. სასამართლო, ვალდებულების ხასიათიდან და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ 100 აშშ დოლარი იქნება გონივრული და სამართლიანი პირგასამტეხლო.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 399 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ 100 აშშ დოლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 283.17 ლარი, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 115.83 ლარის უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის-50 ლარის მოპასუხეებსზე სოლიდარულად დაკისრების შესახებ. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 150 ლარის-სააღსრულებო წარმოების ხარჯის მოპასუხეებზე დაკისრების ნაწილში, ვინაიდან საქმეში არაა აღნისნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ევ------------ტ +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს რე--ზ ბე–----ეს და დი--ა ბუ------–---ს შპს ,,ევ------------ტ +“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 2 200 აშშ დოლარი, სარგებელი 1 660,99 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარი;

 

3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური - 50 ლარი; მოსარჩელის მოთხოვნა 150 ლარის-სააღსრულებო წარმოების ხარჯის, მოპასუხეებზე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

3. მოპასუხეებს რე--ზ ბე–----ეს და დი--ა ბუ------–---ს შპს ,,ევ------------ტ +“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 283.17 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილები სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლადაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე