გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310018002586199
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/5120-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ე---------–---–ი

წარმომადგენელი - ი-----–-----–--------ი

 

მოპასუხე - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიურო

წარმომადგენელი - თ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ე---------–---–ისათვის ნასამართლობის მოხსნისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენით (საქმე N1/5----15) დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ე---------–---–ს შორის 2015 წლის 15 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება. ე---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენი (საქმე N1/5----15) - ს/ფ 48-50

 

3.1.2. 2018 წლის 26 თებერვალს ე---------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს და ითხოვა, შუამდგომლობის გაწევა მისთვის დარჩენილი პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ, ვინაიდან იგი ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ამასთან არის სპორტსმენი და პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის გამო ვერ იღებს საზღვარგარეთ ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას. აღნიშნულ განცხადებას ასევე ერთვოდა ე---------–---–ის მიერ სხვადასხვა ტურნირებზე მიღებული დიპლომების ასლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- ე---------–---–ის განცხადება თანდართული მასალებით - ს/ფ 59-78

 

3.1.3. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის N M---------------- გადაწყვეტილებით, ე---------–---–ს, მისი 2018 წლის 26 ივნისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მიზანშეუწონლად მიაჩნდა პ/მსჯავრდებულ ე---------–---–ის მიმართ მიემართა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსათვის პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედი კომისიისათვის, მის მიმართ მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის N M---------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 79.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ; ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე). ამავე კანონის 211-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტებითა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებმოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის შუამდგომლობა, ასევე პირის მომართვის საფუძველზე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხები.

 

ამრიგად, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ტერიტორიული ორგანოების - პრობაციის ბიუროების მეშვეობით. კანონით ასევე განსაზღვრულია, რომ დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის სამართლებრივი აქტები პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ. ამასთან, კანონი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შემთხვევას, რაც გარკვეული პირობების არსებობისას შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პირობით მსჯავრდებულისათვის, მსჯავრდებულზე კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს მიერ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიაში წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივნისს ე---------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა წარდგინება სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიაში მისთვის პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის გაუქმების თაობაზე, ვინაიდან იგი ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ამასთან იყო სპორტსმენი და პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის გამო ვერ იღებდა საზღვარგარეთ ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას. აღნიშნულ განცხადებას ასევე ერთვოდა ე---------–---–ის მიერ სხვადასხვა ტურნირებზე მიღებული დიპლომების ასლები. ასევე დადგენილია, რომსსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის N M---------------- გადაწყვეტილებით, ე---------–---–ს, მისი 2018 წლის 26 ივნისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მიზანშეუწონლად მიაჩნდა პ/მსჯავრდებულ ე---------–---–ის მიმართ მიემართა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსათვის პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედი კომისიისათვის, მის მიმართ მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით.

 

სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს MOC 8------------, 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უბრალოდ განემარტა, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მიზანშეუწონლად მიაჩნდა პ/მსჯავრდებულ ე---------–---–ის მიმართ მიემართა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსათვის პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედი კომისიისათვის, მის მიმართ მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით, თუმცა აღნიშნულ აქტში მოპასუხის მიერ არ არის დასაბუთებული თუ რა გარემოებებისა და სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ უნდა გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის MOC 8------------ გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე---------–---–თან მიმართებაში.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი