გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
ოსარჩელე - სს ,,სადაზღვევო კ---------------ი"
წარმომადგენლები - ნ-----------–---–ი, ე-–---------–--–ი
მოპასუხე - გ---------------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----------–---ა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ---------------–---–ს მოსარჩელე სს „სადაზღვევო კ---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2303.84 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 06 ივნისს ქ. თბილისში ა---–------ის ქუჩასთან გ---------------–---–ი, კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით შეეჯახა სს ,,ს-----------------------------------–ო“-ში ამჟამად სს „სადაზღვევო კ---------------ში“ დაზღვეულ შპს ,,ზ---------ი“-ს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას SC----------ს, სახელმწიფო ნომრით T--------, სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეულია მოპასუხე გ---------------–---–ი.
ზარალი მზღვევლის მიერ შეფასებულია 2303.84 ლარად, რაც აუნაზღაურდა დამზღვევს.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით გ---------------–---–მა არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალების SC----------ს, სახ. ნომრით T-------- დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არასწორად მოხდა სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურება და მოსარჩელის მიმართ მას თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისში ა---–------ის ქუჩასთან 2017 წლის 06 ივნისს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა შპს ,,ზ---------ი“-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება SC----------ს, სახელმწიფო ნომრით T--------,სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეულია მოპასუხე გ---------------–---–ი, რომელიც მართავდა მისი მართის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით B--------. საჯარიმო ქვითარი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ახსნა-განმარტებები;
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
- შემთხვევის ადგილის სქემა.
3.1.2. ავტომობილზე SC--------- მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა ჯამში 2303.84 ლარით, რაც 2017 წლის 13 ოქტომბერ სს „სადაზღვევო კ---------------ის“ მხრიდან ანაზღაურებულია შპს ,,ზ---------ი“-ს სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალება N3----;
- სადაზღვევო შემთხვევის ზარალის დარეგულირების აქტი N-----------;
- შპს ,,ნ------------ის“ 11.10.2017 წლის ხარჯთაღრიცხვის აქტი N309.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო სს ს-----------------------------------–ო“-ში ამჟამად სს „სადაზღვევო კ---------------ში“.
შპს ,,ზ---------“-სა (მზღვეველი) და სს ს-----------------------------------–ო“-ს (ამჟამად სს „სადაზღვევო კ---------------ი“) (შემსყიდველი/დამზღვევი) შორის 2016 16 ნოემბერს დაიდო ავტომობილის SC----------ს, სახ. ნომრით T-------- დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა შესაბამისი დაზღვევის სერთიფიკატი NM--------.
ავტომანაქანის SC----------ს, სახ. ნომრით T-------- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის სერთიფიკატში (M--------) აღნიშნულია, რომ მზღვეველს წარმოადგენს სს ს-----------------------------------–ო“ (ამჟამად სს „სადაზღვევო კ---------------ი“). აღნიშნული გარემოებების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დასახელებული სატრანსპორტო საშუალება იყო სს ს-----------------------------------–ო“-ში ამჟამად სს „სადაზღვევო კ---------------ში“ დაზღვეული და მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას იმ მანქანაზე, რომელიც მის მიერ იყო დაზღვეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების სერთიფიკატი;
- საგადასადახდო დავალება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი; 2. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ გ---------------–---–მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში გ---------------–---–ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა მიყენებული ზიანის დამზღვევისათვის ანაზღაურება, რითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გადავიდა მოსარჩელეზე, მზღვეველზე - სს „სადაზღვევო კ---------------ზე.“
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,სადაზღვევო კ---------------ი"- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე გ---------------–---–ს სს ,,სადაზღვევო კ---------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2303.84 ლარი;
3. მოპასუხე გ---------------–---–ს სს ,,სადაზღვევო კ---------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 50 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე