გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/678-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11.12. 2--- წელი ქ. ა---––--ე
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ა---––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი ირმა იაკობაძე
მოსარჩელე: რ--- მ---------ე (მონაწილეობის გარეშე);
წარმომადგენელი: ე--------------–--ე;
მოპასუხე: ქ------- ა----–--ე (მონაწილეობის გარეშე);
წარმომადგენელი: დ-----------–--ე;
დავის საგანი: მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ------- ა----–--ეს რ--- მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 13503 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, რ--- მ---------ეს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება მდებარე ქ.ა---––--ე კ--------ს ქ.3--ში მეორე სართულზე. კ--------ს ქ.N---ში საკუთრებას ფლობს ქ------- ა----–--ე. ამ ორ უძრავ ქონებას აქვს ერთი სადარბაზო და სარგებლობენ ერთი კიბის უჯრედით, რომელიც არის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა საჯარო გზასთან. რ--- მ---------ე აქირავებდა კუთვნილ ფართს და ჰქონდა შემოსავალი, მაგრამ 2010-2011 წლებში ქ------- ა----–--ემ დაიკანონა კიბის უჯრედი, რ--- მ---------ეს ამოუშენა შესასვლელი კარები, სადარბაზოზე დაამონტაჟა კარი, რის გამოც, რ--- მ---------ეს შეეზღუდა საკუთარი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა.
ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 3- ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ--- მ---------ის სარჩელი და მას უფლება მიეცა ესარგებლა ქ------- ა----–--ის საკუთრებაში არსებული აუცილებელი გზით, კერძოდ: კიბის უჯრედით და სადარბაზოზე დამონტაჟებული კარითა და კიბით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2--- წლის 0- აპრილს. მაგრამ ვიდრე ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ შევიდოდა კანონიერ ძალაში, რ--- მ---------ემ დაიწყო მისი კუთვნილი ფართის შესასვლელზე ამოშენებული კედლის დემონტაჟი. ქ------- ა----–--ემ მიმართა შსს ა---––--ის რაიონულ სამმართველოს მოითხოვა ქვიშა-ცემენტის ღიობის დემონტაჟის შეჩერება. ეს კედელი დღემდე ნახევრად ამოშენებულია. მოპასუხის ქმედებით რ--- მ---------ეს ხელი შეეშალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობაში, რითაც მიადგა ზიანი, ვეღარ აქირავებდა მას. ბინა იყო იპოთეკით დატვირთული და ვინაიდან, მოპასუხემ იცოდა მოსარჩელის ფინანსური პრობლემების შესახებ სურდა ხელსაყრელ ფასად უძრავი ქონების შეძენა. 2--- წლის 2- მარტიდან უძრავი ქონება იპოთეკარის ,,თ-------“ ბანკის საკუთრებაშია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქ------- ა----–--ემ არ სცნო სარჩელი და განმარტა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი განთავსებულია ქ.ა---––--ეში, მ.კ--------ს ქ-----ში მდებარე შენობის მეორე სართულზე. მოსარჩელის საკუთრება, მდებარე ქ.ა---––--ეში, კ--------ს ქ-----ში წარმოადგენს ნაგებობას, რომელიც მდებარეობს ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე. მოპასუხემ კანონიერი გზით შეიძინა სადარბაზოში არსებული ფართი. რ--- მ---------ემ ამ ფართის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით, თუმცა სასამართლოს 2--- წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება სასამართლოს მიერ გამოყოფილი აუცილებელი გზით სარგებლობაში ხელის შეშლას, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, იმ დროს, როდესაც მოსარჩელემ გადაწყვიტა კედლის დემონტაჟი, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, შესაბამისად, მოპასუხე არ იყო ვალდებული შეესრულებინა იგი. მოსარჩელე უსაფუძვლოდ მიუთითებს, რომ მოპასუხე არ აძლევდა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლებას და ამის გამო ვერ შესძლო უძრავი ქონების გაქირავება. მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ იგი მიიღებდა შემოსავალს. ამასთან, იგი ითხოვს თანხის დაკისრებას 2--- წლის 3- ოქტომბრიდან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2--- წლის 8 აპრილს. შესაბამისად, მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ------- ა----–--ე არის ქ.ა---––--ეში, მ.კ--------ს ქ----/1-ში მდებარე უძრავი ქონების (კიბის უჯრედი, სარდაფი და მეორე სართული, ფართობით 276 კვ.მ.; საკადასტრო კოდი - 6------------------) მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22 );
3.2.2. რ--- მ---------ის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ა---––--ე, კ--------ს ქ. №---ში; სართული - 2, ფართობი - 86,3- კვ.მ; საკადასტრო კოდი - N6------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20 );
3.2.3. 2--- წლის 2- მარტს დადებული ქონების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე რ--- მ---------ის საკუთრებაში არსებულ ქ.ა---––--ეში, კ--------ს ქ. #3--ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 6-.--.3-·0--.01·5--) საკუთრების უფლება გადაეცა სს „თ----- ბანკს" .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( ს.ფ.22-2-);
- ხელშეკრულება (ს.ფ. 75 );.
3.2.4. ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 3- ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რ--- მ---------ეს მიეცა უფლება ისარგებლოს ქ------- ა----–--ის საკუთრებაში არსებული აუცილებელი გზით, კერძოდ, კიბის უჯრედით – სადარბაზოზე დამონტაჟებული კარით და კიბით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 09 ივლისის განჩინებით. აღნიშნულ საქმეზე ქ------- ა----–--ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 0- აპრილის განჩინებით. შესაბამისად, ა---––--ის რაიონული სასამართლოს მიერ 2--- წლის 3- ოქტომბერს N2-2---13 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2--- წლის 8 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 3- ოქტომბრის N2/2---13წ გადაწყვეტილება (ს.ფ.24 ), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 09 ივლისის N2ბ/6----13წ განჩინება (ს.ფ.32 ), საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 0- აპრილის Nას-9---93--2--- განჩინება (ს.ფ.46 );
3.2.5. ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 3- ოქტომბრის №1--------2/2---13წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2--- წლის 06 იანვარს მოსარჩელე რ--- მ---------ემ სცადა ბინის შესასვლელი კარის გათავისუფლება (ქვიშა-ცემენტის ღიობის დემონტაჟი), თუმცა მოპასუხე ქ------- ა----–--ემ ხელი შეუშალა შესასვლელი კარის გათავისუფლებაში; განცხადებით მიმართა შსს ა---––--ის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა კართან არსებული ქვიშა-ცემენტით ამოშენებული კედლის დემონტაჟის შეჩერება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შსს ა---––--ის რაიონული სამმართველოს 2--- წლის 17 იანვრის N M--------1----- წერილი (ს.ფ. 73 );
3.2.5. სასამართლოს 2--- წლის 5 მაისის N 2/0---1-წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ--- მ---------ის სარჩელი, მოპასუხე ქ------- ა----–--ის წინააღმდეგ, რომლითაც იგი ითხოვდა ქ.ა---––--ე, კ--------ს ქ. N---ში მდებარე მისი საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას და მოპასუხისათვის ბინის კართან არსებული ქვიშა-ცემენტით ამოშენებული კედლის დემონტაჟის დავალდებულებას, თავისივე ხარჯებით;
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 3- ოქტომბრის №1--------2/2---13წ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის (2--- წლის 0- აპრილის) შემდეგ მოსარჩელე რ--- მ---------ის მხრიდან ბინის შესასვლელი კარის გათავისუფლების (ქვიშა-ცემენტის ღიობის დემონტაჟი) მცდელობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ქ------- ა----–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეშლის ფაქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლოს 2--- წლის 5 მაისის N 2/0---1-წ. გადაწყვეტილება (ს.ფ. 180);
3.2.6. ქ------- ა----–--ეს რ--- მ---------ისათვის 2--- წლის 8 აპრილიდან ხელი არ შეუშლია იმ დროისათვის რ--- მ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობაში. უძრავი ქონების დაქირავების უშუალო მსურველი - დაინტერესებული პირის, არსებობის შესახებ რ--- მ---------ეს არ მიუთითებია. არც ადრე პერიოდში ფართის გაქირავების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოდგენილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 411-ე მუხლი, 992-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებად სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდეგნილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით და სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მოცემულ შემთხვევაში, ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 3- ოქტომბრის, 2--- წლის 5 მაისის, 2--- წლის 6 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ზემოაღნიშნული ფაქტები, გარემოებები და სამართლებრივი ურთიერთობები.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ უშლიდა თუ არა ქ------- ა----–--ე ხელს რ--- მ---------ეს საკუთარი უძრავი ქონებით სარგებლობაში იმის გამო, რომ არ აძლევდა საშუალებას ესარგებლა სადარბაზოს კარით და კიბით მიუხედავად იმისა, რომ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ევალებოდა მიეცა აუცილებელი გზით სარგებლობის შესაძლებლობა. ასევე სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მიიღებდა თუ არა რაიმე ფინანსურ სარგებელს უძრავი ქონების გაქირავების შედეგად რ--- მ---------ე და სწორედ აუცილებელი გზით სარგებლობაში ხელის შეშლით ვერ მიიღო ასეთი შემოსავალი. საქმის განხილვით დადგინდა, რომ ქ------- ა----–--ეს რ--- მ---------ისათვის 2--- წლის 8 აპრილიდან ხელი არ შეუშლია იმ დროისათვის რ--- მ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობაში. უძრავი ქონების დაქირავების უშუალო მსურველის - დაინტერესებული პირის არსებობის შესახებ რ--- მ---------ეს არ მიუთითებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე ხელს უშლიდა აუცილებელი გზით სარგებლობაში მას შემდეგ, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაეკისრა ასეთი ვალდებულება. სასამართლოს 2--- წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე რ--- მ---------ის სარჩელი მოპასუხე ქ------- ა----–--ის წინააღმდეგ, რომელიც ითხოვდა მოპასუხე ქ------- ა----–--ისათვის რ--- მ---------ის საკუთრებით სარგებლობაში ხელის შეშლის აკრძალვას და ქ------- ა----–--ისათვის ქ.ა---––--ე, კ--------ს ქ.N---ში მდებარე ბინის კართან არსებული ქვიშა-ცემენტით ამოშენებული კედლის დემონტაჟის დავალდებულებას თავისივე ხარჯებით. სასამართლოში არ წარმოდგენილა მოსარჩელის მიერ მტკიცებულება, რითიც დადასტურდებოდა, რომ სასამართლოს 2--- წლის 3- ოქტომბრის გადაწყვეტილების ფარგლებში, მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ქ------- ა----–--ე არ აძლევდა საშუალებას ესარგებლა სადარბაზოს კარით და კიბით. მოსარჩელის მიერ განსახილველ საქმეში წარმოდგენილ იქნა 2--- წლის 1- აპრილით დათარიღებული სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაცემულია სასამართლოს მიერ 2--- წლის 3- ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა გაურკვეველია, წარადგინა თუ არა მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცელი დანიშნულებისამებრ, მოხდა თუ არა გადაწყვეტილების აღსრულება იძულებით, იმ შემთხვევაში თუ ვერ აღსრულდა გადაწყვეტილება, რამ შეუშალა მის აღსრულებას ხელი და სხვა. ამ გარემოებების შესახებ მოსარჩელეს ინფორმაცია არ წარმოუდგენია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა სასამართლოსაგან სააღსრულებო ფურცლის გაცემა შეუზღუდავად, მთავარია გაირკვეს, მოხდა თუ არა მისი წარდგენა სააღსრულებო ბიუროში და რა მიზეზით ვერ მოხდა მისი აღსრულება.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც დგინდება, რომ მითითებულ მისამართზე ამჟამად უკვე ,,თ-----“ ბანკის საკუთრებაში არსებული ფართის შესასვლელი ნახევრად ამოშენებულია კედლით, ეს გარემოება მოპასუხე მხარესაც არ გაუხდია სადავო, თუმცა ცხადია, რომ მოსარჩელემ 2--- წლის 2- აპრილს შესძლო სადარბაზოს კარით და კიბით სარგებლობა, ამავე დროს იგი განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე ხელს უშლიდა სადარბაზოს კარით და კიბით სარგებლობაში, რაც ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს წარმოადგენს, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მან სხვა დროსაც სცადა საკუთარ უძრავ ქონებაში შესვლა, მაგრამ ქ------- ა----–--ემ შეუშალა ხელი სადარბაზოს კარით და კიბით სარგებლობაში. მხოლოდ ის გარემოება, რომ უძრავი ქონების შესასვლელი კარი სანახევროდ ამოქოლილია კედლით, ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ამის გამო ვერ ახერხებდა კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობას, ვინაიდან, მას შეეძლო მიეღო ზომები კედლის დემონტაჟისათვის და სათანადო დანახარჯების ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით მიემართა მოპასუხისათვის.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იგი აპირებდა უძრავი ქონების გაქირავებას და მოპასუხე მხარის მიერ სადარბაზოს კარით და კიბით სარგებლობაში ხელის შეშლის გამო ვერ შესძლო დაინტერესებულ პირთან შეთანხმება. ეს გარემოება აუცილებელია იყოს დადასტურებული მტკიცებულებებით, რადგან, საჭიროა არსებობდეს მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება, რათა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - მოპასუხეს რომ არ შეეშალა ხელი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობაში მოსარჩელე მიიღებდა გარკვეულ შემოსავალს ფართის გაქირავებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტს, რის გამოც მოსარჩელეს მიადგებოდა ფინანსური ზიანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის ადგილი არ ჰქონია სახელშეკრულებო ურთიერთობას; მოსარჩელის მოთხოვნა მთლიანად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო კუთვნილი უძრავი ქონების გაქირავებით შემოსავალი, რაც გამოწვეული იყო ქ------- ა----–--ის მხრიდან უკანონო მოქმედებით - არ აძლევდა საშუალებას ესარგებლა საერთო მისასვლელი გზით -სადარბაზოს კარით და კიბით.
მოსარჩელე თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძლვალდ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ზიანი უნდა დაეკისროს მას, ვინც სხვა პირთან მიმართებაში ბრალეულად არ შეასრულა აღებული ვალდებულება და ამით არამართლზომიერად შეუქმნა იმგვარი პირობა, რომ შემოსავლის მიღება შეუძლებელი გახდა.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის მხრიდან ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი, რომ ქ------- ა----–--ემ რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში - სასამართლოს 2--- წლის 3- ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, არ მისცა შესაძლებლობა მოსარჩელეს, ესარგებლა კუთვნილი უძრავი ქონებით; შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე და ამით გამოწვეულ მიუღებელ შემოსავალზე.
სასამართლოს 2--- წლის 3- ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, ქ------- ა----–--ეს გაუჩნდა ვალდებულება მიეცა შესაძლებლობა რ--- მ---------ისათვის ესარგებლა მის საკუთრებაში არსებული სადარბაზოს კარით და კიბით. ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2--- წლის 8 პრილს.
ამდენად, 2--- წლის 8 აპრილამდე არ იყო დადგენილი მოპასუხის ვალდებულება მიეცა უფლება მოსარჩელისთვის ესარგებლა კუთვნილი ფართით აუცილებელი გზის საჭიროებიდან გამომდინარე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, რის გამოც სასამართლოში დავის განხილვის განმავლობაში მოპასუხის მიერ საკუთარი პოზიციის დაცვა ვერ იქნება განხილული არამართლზომიერ ქმედებად, დავის განხილვის გაჭიანურებად და მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან თავის არიდების მცდელობად. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ 2--- წლის 8 აპრილამდე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს არ ეკისრება.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს არც ამ პერიოდისთვის ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალისათვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ადგილი ჰქონდეს პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, სახეზე იყოს ზიანი და არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თუ რამდენად სავარაუდო იყო მოპასუხისათვის, რომ მოსარჩელეს მიადგებოდა ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412–ე მუხლის თანახმად, „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“ არ უნდა გავიგოთ მოვალის სუბიექტური შესაძლებლობების მიხედვით. გონივრულად სავარაუდო ზიანი ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის, რომ მითითებული ნორმის მიხედვით გათვალისწინებულია პირდაპირი ზიანი, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინება გამოტანილი იქნა 2--- წლის 8 აპრილს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2--- წლის 1- აპრილს, თუმცა წარდგენილი იქნა იძულებით აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში თუ არა სააღსრულებო ფურცელი და რა მიზეზით არ მოხდა მისი აღსრულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოსათვის უცნობია. სხვა რაიმე შემთხვევა, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ქ------- ა----–--ემ არ მისცა შესაძლებლობა რ--- მ---------ეს ესარგებლა აუცილებელი გზით, სასამართლოში საქმის განხილვით არ დასტურდება. ამასთან, არ დასტურდება ის გარემოება, რომ აუცილებელი გზით სარგებლობაში ხელის შეშლით, მოსარჩელე რ--- მ---------ემ ვერ შესძლო დაინტერესებული პირისათვის კუთვნილი ფართის მიქირავება ან სხვა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ზიანის ანაზღაურება მხარეს ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენება მოვალისთვის არის წინასწარ სავარაუდო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია იმ გარემოების მტკიცება, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სურდა კუთვნილი ფართის გაქირავება კონკრეტულ მსურველზე და მიეცა საშუალება ესარგებლა აუცილებელი გზით და აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე ინფორმირებული იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები; კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ამ ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ მოყვანილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ--- მ---------ისათვის უშუალოდ ქ------- ა----–--ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი, ანუ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის და ბრალეულობა მოპასუხისა, სახეზე არ არის.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო არ მსჯელობს 2--- წლის 6 აგვისტოს სასაქონლო/ფინანსური ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი გარემოებების სისწორესა და მასში აღწერილი მსჯელობის შედეგად მიღებული ,,ზიანის” თანხის ოდენობის საფუძვლიანობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში, რამდენადაც მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი საერთოდ არ დასტურდება.
ამდენად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 406 ლარის ოდენობით.სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სახელმწიფო ბაჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3--ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 2591-ე, 3-4-ე, 3-9-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე რ--- მ---------ის (პ/№4----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ა---––--ის რაიონული სასამართლოს (ქ.ა---––--ე, მებაღიშვილის ქ. №6-) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 3--ე დღისა, გამოცხადდეს ა---––--ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი