გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
330210018002730662
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/23784-18

გადაწყვეტილება

17 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - ნ---- ხ--–-–---–ი

წარმომადგენელი - ლ------------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’

წარმომადგენელი - ბ---------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-ს მოსარჩელე ნ---- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 469 112.20 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 430 000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი 39 112.20 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 09 ნოემბერს ნ---- ხ--–-–---–ს, როგორც გამსესხებელს, და მოპასუხეს, როგორც მსესხებელს, შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 2017 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით უნაღდო ანგარიშსწორებით გადასცა 450 000 შშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა აღნიშნული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელთან ერთად. მსესხებლისთვის სესხის გადაცემა განხორციელდა თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 12%-ით, ხოლო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 4 თვე. ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გავიდა სესხით სარგებლობის ვადა და მსესხებელი მაინც არ უბრუნებს გამსესხებელს სესხის ძირ თანხას, მაშინ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გაგრძელდება სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებამდე.

 

2017 წლის 01 იანვარს მსესხებელმა მოსარჩელეს დაუბრუნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი - 20 000 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, მოპასუხის მიერ აღარ განხორციელებულა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.

 

მოსარჩელემ 2018 წლის 10 აპრილს წერილობით მიმართა მსესხებელს და მხარეთა შორის 2017 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების შესაბამისად მოსთხოვა სესხის თანხის და შესაბამისი პროცენტის დაბრუნება, თუმცა მოპასუხის მიერ არ შესრულებულა თანხის გადახდის ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა მასში მითითებულ გარემოებებს. მოპასუხის განმარტებით, სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. დავის დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში მოპასუხემ მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების დადების მომდევნო დღეს - 2017 წლის 10 ნოემბერს, მოსარჩელემ, როგორც საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელმა, სრულად გაასხვისა შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-ს აქტივი სხვა მეწარმე სუბიექტზე - შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-ზე (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------). 450 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა კი როგორც საწარმოს ყოფილმა ბენეფიციარმა მესაკუთრემ და წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარემ, მოპასუხე საწარმოს გადასცა საწარმოს წინაშე არსებული კრედიტორული ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან საწარმო და წილი ახალ მყიდველს უნდა გადასცემოდა უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში. აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის და შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) შორის 2017 წლის 10 ნოემბერს დადებული პარტნიორის/წილის გადაცემის ხელშეკრულების 4.3 პუნქტით.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 09 ნოემბერს შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-ს, როგორც მსესხებელს, და ნ---- ხ--–-–---–ს, როგორც გამსესხებელს, შორის დაიდო სესხის ხელშეკრულებ, რომლის თანახმადაც სესხის ოდენობა განისაზღვრა 450 000 აშშ დოლარით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი - 12%-ით, ხოლო სესხის ვადა 4 თვით.

 

ხელშეკრულების 1.5. პუნქტის თანახმად, სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი უნდა დაბრუნდეს ვადის გასვლისთანავე.

 

ამავე ხელშეკრულების 2.1 და 2.4 პუნქტების თანახმად, სესხის გაცემა ხდება მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, ნაღდი ან საბანკო ანგარიშსწორებით. თუ გავიდა სესხით სარგებლობის ვადა და მსესხებელი მაინც არ უბრუნებს გამსესხებელს სესხის ძირ თანხას, მაშინ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გაგრძელდება სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 09 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული თანხა - 450 000 აშშ დოლარი, მოსარჩელის მიერ ჩარიცხულია მოპასუხის საბანკო ანგარიშზე 2017 წლის 10 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შიდა საბანკო გადარიცხვა (ს.ფ.26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 10 იანვარს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით გადარიცხულია 20 000 აშშ დოლარი. შესრულებულ საგადახდო დავალებაში გადარიცხვის დანიშნულებად მითითებულია 2017 წლის 09 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების ძირის დაფარვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადხდო დავალება (ს.ფ.27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2018 წლის 10 აპრილს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და განესაზღვრა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის დამატებითი ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილი (ს.ფ.28);

- გზავნილები (ს.ფ. 29-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 09 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 469 112.20 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 430 000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი 39 112.20 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა სესხის ხელშეკრულების თვალთმაქცურობაზე, თუმცა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოპასუხეს არც წარმოდგენილ შესაგაბელში და არც სასამართლო სხდომაზე სათანადო ფორმით სადავო არ გაუხდია აღნიშნული გარემოება. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს იმგვარი ტიპის გარიგებას, რომელიც ნამდვილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის მომტანია და მისი ბათილობა დამოკიდებულია უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ შეცილებაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ განუხორციელებია. შესაბამისად, მხოლოდ წარმოდგენილ შესაგებელში მითითება ხელშეკრულების თვალთმაქცურობაზე არ წარმოადგენს მოპასუხის კვალიფიციურ შედავებას და არ უკარგავს წარმოდგენილ ხელშეკრულებას ნამდვილ იურიდიულ ძალას.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას და მოსარჩელისთვის თანხის ნაწილის გახდას. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით შემოიფარგლა მხოლოდ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არ ცნობით და მას სათანადოდ სადავო არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანების ოდენობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ---- ხ--–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 361-ე, 400-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სესხისთვის შეიძლება გათვალიწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გადაცემულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მოპასუხეს კი მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გასვლისა, თანხის დაბრუნების ვალდებულება შესრულებული აქვს მხოლოდ ნაწილობრივ. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 469 112.20 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 430 000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი 39 112.20 აშშ დოლარი.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ ნ---- ხ--–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3 000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (ს.ფ.42-43). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება 4 920.80 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისთვის 4 920.80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ.38-41). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 4 920.80 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---- ხ--–-–---–ის სარჩელი შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-ს მოსარჩელე ნ---- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 469 112.20 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 430 000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი 39 112.20 აშშ დოლარი;

 

2. მოპასუხე შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-ს ნ---- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 000 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

3. მოპასუხე შპს ,,ა-------–ი ღ----ს ს---–ი’’-ს ნ---- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 4 920.80 ლარის ოდენობით;

 

4. ძალაში დარჩეს საქმეზე 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია