გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
330210018002700868
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/31866-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბ--–--ი

შესავალი ნაწილი

თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს ,,ყ--------------------–--ი’’

წარმომადგენელი - გ-----------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ჯ----------------------------------ი’’

წარმომადგენელი- ი------------–--–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯო------------------------------ი’’-ს შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სასარგებლოდ 1 068.88 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2016 წლის 04 ივლისს თბ--–--ი, შე---------ს ქუჩაზე შპს ,,ჯ----------------------------------ი’’ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილზე ასევე იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი თა---- ზანგალაძე, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა აღადგინა ავარიული ქსელი, რისთვისაც დაიხარჯა 85.62 ლარი.

2016 წლის 02 აგვისტოს ქალაქ თბ--–--–ი, გუ-----–---–ის #--ის მიმდებარედ შპს ,,ჯო-------------------------------ი’’ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, რაზეც საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ნი--- ლო---------, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 65.55 ლარი.

2016 წლის 28 აგვისტოს ქალაქ თბ--–--–ი, კა-----ს გზ-----–--–--ე შპს ,,ჯ----------------------------------ი’’ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი თე----- ქა-----–---–-, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 917.71 ლარი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი ჯამში - 1 068.88 ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. წარმოდგენილი შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით მოპასუხე დაეთანხმა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2016 წლის 04 ივლისს, 2016 წლის 02 აგვისტოს და 2016 წლის 28 აგვისტოს შპს ,,ჯო-----------------------------ი’’-ს წარმომადგენლები აწარმოებდნენ მიწის გათხრით სამუშაოებს. ამასთან, 2016 წლის 04 ივლისის შემთხვევასთან მიმართებით მოპასუხემ მიუთითა, რომ დაზიანება მოხდა მოქმედი ნორმების უგულვებელყოფით გაყვანილ მილზე, შესაბამისად დაზიანება არ მომხდარა მისი ბრალეული ქმედებით. 2016 წლის 02 აგვისტოს შემთხვევასთან მიმართებით მოპასუხემ მიუთითა, რომ სამუშაოების წარმოებისას მათ მიერ გამოძახებული იქნა მოსარჩელის წარმომადგენლები, თუმცა ვინაიდან ისინი არ გამოცხადდნენ ადგილზე, მოპასუხის წარმომადგენლებმა სამი საათის შემდეგ დაიწყეს მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოება, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელის გაზსადენი მილი და მისი აღდგენა უზრუნველყო თავად მოსარჩელემ. 2016 წლის 28 აგვისტოს შემთხვევაზე მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მართალია წყალმომარაგების მილის აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა მოსარჩელის მილი, მაგრამ კომპანიას არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში, ვინაიდან მათ მიერ გამოძახებული იყო მოსარჩელის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე არ მივიდნენ.

 

მოპასუხემ სამივე შემთხვევასთან მიმართებით სადავო გახადა ავარიული ქსელის აღსადგენად მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა და მიუთია, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტის ან ექსპერტის დასკვნა ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 04 ივლისს, მისამართზე თბ--–--ი, დი------------ი, შე---------ს ქუჩაზე შპს ,,ჯო-------------------------------ი’’-ს თანამშრომლის - თა---- ზა----–---ს მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა შპს ,,ყა-------------- თბ--–--ის’’ დ-25 მმ მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი (ს.ფ.24);

- ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ.26);

- მიმართვა (ს.ფ. 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2016 წლის 02 აგვისტოს, მისამართზე თბ--–--ი, გუ-----–---–-ს გა------ი N8, შპს ,,ჯო-------------------------------ი’’-ს საქმის მწარმოებლის ნი--- ლო---------ს მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა შპს ,,ყ--------------------–--ის’’ დ-110 მმ მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი (ს.ფ.28);

- ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ.30);

- მიმართვა (ს.ფ. 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2016 წლის 28 აგვისტოს, მისამართზე თბ--–--ი, აე------------ს და----–--ა, შპს ,,ჯო-------------------------------ი’’-ს საქმის მწარმოებლის თე----- ქა-----–---–-ს მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა შპს ,,ყ--------------------–--ის’’ დ-90 მმ მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი (ს.ფ.32-33);

- ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ.35);

- მიმართვა (ს.ფ.36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2016 წლის 04 ივლისს, 2016 წლის 02 აგვისტოს და 2016 წლის 28 აგვისტოს მომხდარი შემთხვევების შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დაზიანებული გაზსადენის აღდგენის ხარჯები გაღებულია მოსარჩელის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 04 ივლისს, 2016 წლის 02 აგვისტოს და 2016 წლის 28 აგვისტოს გაზსადენის დაზიანებების გამო მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი, რაც მოიცავს გაზსადენის აღდგენის ხარჯებსა და ავარიის დროს ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ღირებულებას, ჯამში შეადგენს 1 068.88 ლარს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მიყენებული ზიანის დასტურად წარმოდგენილი აქვს შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს მთავარი ინჟინერის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვები, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 04 ივლისის შემთხვევის შედეგად გაზსადენის დაზიანებისას მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 85.62 ლარი, 2016 წლის 02 აგვისტოს შემთხვევის შედეგად გაზსადენის დაზიანებისას მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 65.55 ლარი, ხოლო 2016 წლის 28 აგვისტოს მომხდარი დაზიანების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 917.71 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხარჯთაღრიცხვები (ს.ფ. 25; 29; 34)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მას მიადგა ზიანი 1 068.88 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა ბრალი კი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ამასთან, ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნული დაზიანებების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1 068.88 ლარი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მითითებული მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებები, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი (ს.ფ. 37). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

1.2. მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 068.88 ლარი;

 

2. მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია