განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
190100118002678310
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-734-18

(№078281017001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გ------------------

 

სტაჟიორ-პროკურორი - ლ-–---------–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - ვ------------------ (დასწრების გარეშე), დაბადებული 1--- წლის 3 ი--–---, ს--------- რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლეობის ა--------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ს--------- რესპუბლიკა, ქ. ა–--------, კ---------- ქ. 22.

 

ადვოკატი: ზ------ დ--–---–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით - ავტომობილის, მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ფონიჭალა-მარნეული გუგუთის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, ქ. თბილისის მხრიდან ქ. მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა „კამაზის“ მარკის ავტომობილი, რუსული ნომრით A----------------- რომელსაც მართავდა ვ------------------. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეთერთმეტე პუნქტის და 34-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მოთხოვნები და გასწრების მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას შეეჯახა მის წინ გზის გვერდულზე მოძრავ „J----------ის” მარკის ტრაქტორს, სახ. ნომრით P-----, რომელსაც მართავდა ნ------ გ---------. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ. გ---------- მგზავრი - შ--- ბ-------- ს--- კ-–---- მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

ავტომობილის, მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ--------- ს---- კ-–----, რომელმაც განმარტა, რომ შ--- ბ-------- ს--- კ-–---- არის მისი მამა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ის ამ პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში. როგორც მისთვის ცნობი-–-- მამა იჯდა ტრაქტორზე, რომელსაც დაეჯახა ტრაილერი. იგი გარდაიცვალა საავადმყოფოში, რომელიც 25-26 დღე გადიოდა მკურნალობას. დედა ამ დროს საქართველოში იყო და ის მიდიოდა მასთან სანახავად, თავად მამის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა საქართველოში, საავადმყოფოში უთხრეს, რომ მამა კარგად იყო, ხოლო მეორე დღეს დაურეკეს გარდაიცვალაო. ბრალდებულისგან მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ 500 000 აშშ დოლარს, ვინაიდან მამას ჰქონდა ვალები, რომელსაც თვითონ იხდიდა, მამის სიკვდილის შემდეგ კი ვალები მისი გადასახდელია. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია არ გააჩნია. მისი ინტერსი არის ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას ზიანი არ აუნაზღაურდება, მოითხოვს ბრალდებული ვ---- კ------------ კანონის შესაბამისად დაისაჯოს. ბრალდებულს თავად არ შეხვედრია სატელეფონო საუბარი ჰქონდა მხოლოდ.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------ გ---------- ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს თ------–------ს რაიონში. ბრალდებულს ვ---- კ------------ არ იცნობს, დაზარალებულს შ--- ბ-------- ს--- კლერს იცნობდა კარგად, მასთან მუშაობდა და ეხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. თ------–------ს რაიონში ინდოელებს ნაყიდი აქვთ მიწის ნაკვეთი, 80 ჰექტრამდე, რომელსაც ამუშავებდნენ. ერთი ტრაქტორი ჰყავდათ და ამ ტრაქტორზე დაიწყო მან მუშაობა, სამი წელი მუშაობდა მათთან. შემდეგ მათ კიდევ შეიძინეს მიწის ნაკვეთები და გაფართოვდნენ, ერთი ტრაქტორი აღარ ჰყოფნიდათ. შ--- ბ-------- ს--- კ-–----ს სიძეს წნორში ჰქონდა მიწის ნაკვეთები აღებული, მან უთხრა, რომ სიძე ს ტრაქტორი უნდა ეთხოვებინა და ამ მიზნით უნდა წასულიყვნენ წნორში და ჩამოეყვანათ ტრაქტორი. შ--- ბ-------- ს--- კ-–---- და თავად წავიდნენ წნორში სამარშუტო ტაქსით, იმ ღამეს იქ დარჩნენ რადგან ტრაქტორს არ ეცალა, ხოლო მერე დილით გათენდა თუ არა გაამზადეს ტრაქტორი, დაუფიქსირეს მისაბმელიანი კულტივატორი და წამოვიდნენ წნორიდან ტრაქტორით. მისაბმელი კულტივატორი იყო ცოტა ფართო და ამიტომ მთელი გზა გრუნტიან გზაზე დადიოდა, მარჯვენა ორი საბურავით ნახევარზე იყო გადასული სავალი ნაწილიდან, მარცხენა საბურავები ასფალტზე იყო, მიდოდნენ მარნეულის მიმართულებით, მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სიჩქარით. მას მარნეულისკენ მიმავალი გზის ნაწილი ჰქონდა დაკავებული მარჯვენა მხარეს. მოძრაობდა საგზაო მოძრაობის წესების სრული დაცვით, ავარიულები ჩართული ჰქონდა, გაბარიტული სანათები ჩართული ჰქონდა, კუთხეებში ლენტები ეკეთა, რომ უკან მომსვლელი მანქანა არ დაჯახებოდა, ახალი ტრაქტორი იყო და ყველაფერი ჩართული ჰქონდა. იქნებოდა დაახლოებით ხუთი საათი, ქუჩის განათება ჩართული იყო თუ არა, არ ახსოვს, სანამ მარნეულში შევიდოდნენ კამაზის მარკის მანქანა ასწრებდა მათ, რომელიც მოძრაობდა დაახლოებით 60 კ/სთ სიჩქარეზე მეტი სიჩქარით, რომელიც გზაზე იყო გადასული და შემდეგ შეიწია მათკენ, თავისი მისაბმელით შეიჭრა მათკენ, ორმხრივი გზა იყო. კამაზის მძღოლი ამ დროს ხიფათს არ არიდებია, თვითონ რაც შეეძლო გადავიდა, თუმცა ხევი იყო და არ ჰქონდა მეტი ადგილი. ტრაილერის უკანა მისაბმელის საბურავი გამოედო მის კულტივატორს და ტრაქტორი გადაატრიალა, სამი ბრუნი გააკეთა, ამის მერე არაფერი ახსოვს, გაითიშა. შ--- ბ-------- ს--- კ-–---- გადმოვარდა ტრაქტორიდან, თავად ტრაქტორში იყო უგონოდ და ვიღაც პიროვნებებმა გადმოიყვანეს. შ--- ბ-------- ს--- კ-–---- სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. როგორც იცის, ტრაილერის მძღოლი გაჩერდა ცოტა მოშორებით, თავად არ უნახავს, ვინც გადმოიყვანა ტრაქტორიდან იმათ უთხრეს, ახლოს არ მოსულა, შორს დაინახა. უკან მომავალ მანქანებს ჰქონდათ მანძილი, რომ განეხორციელებინათ გასწრება. წნორიდან შეჯახების ადგილამდე ბევრმა მანქანამ გაასწრო.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------- ი-----–----- ჩვენებით დადგენი-–--, რომ მოძრაობდა თბილისიდან ბოლნისის მიმართულებით, გზაზე დაინახა, რომ მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, გზაზე გადავარდნილი იყო ტრაქტორი, გაჩერა მანქანა და დარეკა 112-ში, ადგილმდებარეობა ვერ აუხსნა კარგად სად იყო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, შემდგომ ერთმა ბიჭმა დარეკა და ქართულად კარგად აუხსნა. ამასობაში პატრულიც მოვიდა. იქ შეკრებილი ხალხი აღარ მოუშვეს ახლოს, იქ თქვეს რომ კამაზი დაეჯახა ტრაქტორს. მერე ნახა კამაზიც იქ იყო, უკანა მისაბმელის მარჯვენა მხარეს იყო დაზიანებული. შეჯახების ფაქტს თავად არ შესწრებია.

 

მოწმეს წარედგინა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფოტოსურათები.

`

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ---- ზ---------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში გამომძიებლად. შემთხვევის დღეს იყო მორიგე მესამე სახაზო განყოფილების, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იყო გამოძახება, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის 25-ე კილომეტრზე. ადგილზე რომ მივიდა ნახა, რომ ტრაქტორი იყო გადასული გზიდან გვერდულზე, იყო ამობრუნებული მინდორზე, ხოლო დაახლოებით 200-250 მეტრის მოშორებით მარნეულის მიმართულებით გაჩერებული იყო კამაზის მარკის ავტომანქანა თავისი მისაბმელით. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, შედგა სქემა, გადაღებული იქნა ფოტოსურათები. შემთხვევის ადგილზე გვერდულთან იყო ორი ამონაკაწრი, სადაც მოხდა შეჯახება ტრაქტორისა და სატვირთო ავტომანქანის სავალ ზოლში გვერდულზე, ხაზთან, ვინაიდან გამოძიების პროცესში დადგენილი იქნა, რომ ტრაქტორი მარჯვენა საბურავებით მოძრაობდა გრუნტიან გზაზე, ხოლო მარცხენა საბურავებით ასფალტზე და ასფალტთან კიდურზე იყო ეს ორი ამონაკაწრი, რომელიც იყო შეჯახების ადგილი. ამონაკაწრი ასფალტზე შეჯახების ადგილად იმიტომ ითვლება, რომ როდესაც მოხდა ეს შეჯახება უკანა მისაბმელის საბურავი ხვდება ამ გუთანს, გუთანი ედება იმ ადგილს ხდება ამოკაწვრა, აქედან გამომდინარე ითვლება ეს შეჯახების ადგილას. შემთხვევის ადგილზე რომ მივიდა მძღოლი ვ. კ------------ თავის მანქანასთნ იყო, ხოლო ტრაქტორის მგზავრები უკვე გადაყვანილი იქნენ საავადმყოფოში. ტრაქტორი გადავარდნილი იყო მინდორზე და გუთანი დაშლილი იყო ნაწილებად, ასევე გაფუჭებული იყო ტრაქტორის გადასაფარებელი. რაც შეეხება კამაზს მას ე.წ. ,,უგოლნიკი“ ჰქონდა ამოტეხილი. მის მიერ დათვალიერებული იქნა კამაზი, საბურავს ჰქონდა შავი ზოლი, შავი ამონაკაწრი ჰქონდა მისაბმელის უკანა მარჯვენა საბურავს. მის მიერ შემოწმებული იქნა ვ------------------ სიმთვრალე სიფხიზლეზე, დადგინდა რომ იყო ფხიზელი, შემდეგ დაკითხული იქნა მოწმის სახით თარჯიმნის თანდასწრებით, როგორც ახსოვს, მან დაკითხვაში უჩვენა, რომ უკანა ხედვის სარკეს გახედა და დაინახა რომ ტრაქტორს საჭე აუკანკალდა, გასწრების დროს მან გაიგო ხმა და მოშორებით რომ გაჩერდა ნახა, რომ უკანა სათადარიგო საბურავის ჩასადები, რკინის, ე.წ. ,,სამკუთხედი“ იყო გაღუნული, ხოლო ტრაქტორი გადასული იყო გზიდან ტრიალ მინდორზე. მის მიერ ასევე გამოკითხული იქნენ მოწმეები, დანიშნული იქნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ავერსის საავადმყოფოდან ამოღებული იქნა ავადმყოფობის ისტორია, ასევე ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილი იქნა ბრალეულობა. ამის შემდეგ საქმე გადაეცა სხვა გამომძიებელს.

 

ამასთან განმარტა, რომ ტრაქტორის მძღოლი მოძრაობდა წესების სრული დაცვით, აღნიშნული დადგენი-–--, როგორც ტრაქტორის მძღოლის ჩვენებით, ასევე ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხვის დროს კამაზის მძღოლმაც ვ---- კ-------------–, რომ მან 100-150 მეტრში ნახა გვერდულზე გადასული ტრაქტორი, რომელიც მოძრაობდა ნელა, თავის გზაზე. ტრაქტორს, რომელსაც უკან გუთანი ჰქონდა მიბმული შუა გზაზე ვერ იმოძრავებდა, ვინაიდან ტრაქტორის სიჩქარე არის დაბალი, თუ შუა გზაზე იმოძრავებს გადაკეტავს გზას და კახეთიდან მარნეულში მოძრაობდა, ყოველთვის რაც ჰქონია პრაქტიკა ტრაქტორი ყოველთვის მოძრაობს მარჯვენა გრუნტიან გაზე, აღნიშნული ტრაქტორი გრუნტიან გზაზე სრულად არ იყო გადასული. ამასთან იყო დღის შუქი და მაშუქების ჩართვა სავალდებულო ამ დროს არ იყო.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-–-- ჟ------ ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში გამომძიებლად. მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ სს საქმე, კერძოდ ბრალდებულ ვ---- კ------------, ადვოკატისა და თარჯიმნის თანდასწრებით გააცნო დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, ასევე გამოკითხა ბრალდებულის სახით. სხვა საგამოძიებო მოქმედება მას არ ჩაუტარებია. რაც შეეხება ბრალდებულის მიმალვას, მას ამის თაობაზე არაფერი უხსენებია დაკითხვის დროს. შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შეტანილი იქნა საღამოს საათებში, ხოლო სხდომა ჩანიშნული იქნა მეორე დღეს, როგორც მისთვის ცნობილია ბრალდებული არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და ამჟამად ბრალდებულის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 აპრილის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N002574718 დასკვნით დგინდება, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია შემთხვევაში მონაწილე „კამაზი“-ის მძღოლის ვ------------------ს ქმედებით, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის სესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 11-ე პუნქტის და 34-ე მუხლის 5-ე პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით შეთხვევაში მონაწილე ტრაქტორის მძღოლ ნ------ გ----------- არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო სატრასპროტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ე------ გ---–--–-–---–-- და დამატებით განმარტა, რომ ბიუროში წარდგენილი იყო დადგენილება ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ასევე წარდგენილი იყო საქმის მასალები, რის საფუძველზეც მის მიერ გაცემული იქნა ზ/აღნიშნული დასკვნა.

 

ზოგადად ამონაკაწრი ჩნდება შეჯახების დროს, აღნიშნული ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ იმ ადგილზე უნდა მომხდარიყო შეჯახება, რომელსაც ტოვებს რამე მყარი საგანი, ამ შემთხვევაში ეს ამონაკაწრი შეიძლება დარჩენილიყო ან ტრაქტორის დეტალით. ამონაკაწრი ისეთი დეტალით ჩნდება, რომელიც ახლოს არის გზის ზედაპირთან და შეჯახების დროს რკინის მყარი დეტალი მოვა ასფალტის საფართან კონტაქტში, მაშინ ტოვებს ამონაკაწრს. ამ შემთხვევაში კონკრეტულად რომელმა დეტალმა დატოვა ამონაკაწრი ვერ დადგინდა, მაგრამ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ორივე მძღოლი განმარტავს ერთი და იგივეს, რომ ტრაქტორი მოძრაობდა გვერდულზე, მარჯვენა საბურავებით გრუნტიან გვერდულზე, ხოლო მარცხენა საბურავები იყო სავალი ნაწილის კიდესთან, შესაბამისად განვითარდებოდა ისე, როგორც ორივე მძღოლი განმარტავს საქმის მასალებში. საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავდა ტრაქტორის მძღოლს ემოძრავა, ისე როგორც მოძრაობდა. ამასთან, როგორც ტრაქტორის მძღოლი განმარტავს, დაკითხვის ოქმში, შემხვედრი მანქანები არ მოძრაობდნენ, გზის სიგანე იძლეოდა იმის საშუალებას, რომ კამაზის მძღოლს მეტი მანძილი დაეცვა ტრაქტორთან და გაესწრო უსაფრთხოდ. იმ შემთხვევაში თუ ტრაქტორის მძღოლი აიღებდა საჭეს მარცხნივ და დაიწყებდა მოძრაობას კამაზის მიმართულებით, ამ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით გუთანი გადაადგილდებოდა მარჯვნივ, შესაბამისად გუთანთან ვერ მოვიდოდა მისაბმელი კონტაქტში, მისაბმელი მაშინ კონტაქტში უნდა მოსილიყო ტრაქტორის წინა ნაწილთან. თუ ტრაქტორის მძღოლი აიღებდა საჭეს, სხვა მექანიზმი განვითარდებოდა, რასაც ადგილი არ ჰქონია ამ შემთხვევაში, ტრაქტორის მძღოლის მანევრს რომ გამოეწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, მკვეთრად რომ აეღო საჭე მარჯვნივ, როგორც სქემით ირკვევა ძალიან მკვეთრად უნდა შეეცვალა მას მიმართულება, რომ გუთანი მოხვედრილიყო კამაზის სამოძრაო ზოლში.

 

ზოგადად როდესაც გამსწრები ავტომობილი გამოდის გასწრებაზე, ის ვალდებულია დაიცვას შესაბამისი გვერდითი ინტერვალი, გაითვალისწინოს თავისი ავტომობილის აქეთ-იქით ოდნავ გადაადგილება, იმ ავტომობილის აქეთ-იქით გადაადგილება, რომელსაც უნდა გაასწროს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს შესაბამისი ინტერვალი, რომ მათ შორის კონტაქტი არ მოხდეს. გასასწრები ავტომობილის მძღოლს კანონი უკრძალავს ხელი შეუშალოს გასწრების მანევრს, სიჩქარის მომატებით ან სხვა მანევრით. ამ შემთხვევაში ტრაქტორი მოძრაობდა სავალი გზის ნაწილზე, უსწორმასწორო გზაც იქნებოდა და აქედან გამომდინარე ტრაქტორის მძღოლი რაღაც მოქმედებებს გააკეთებდა, ეს უნდა გაეთვალისწინებინა იმ ავტომობილის მძღოლს, რომელიც გასწრებაზე მიდიოდა. ამასთან როგორც ჩვენებით ირკვევა არ მოდიოდა შემხვედრი ავტომობილი, კამაზის მძღოლს ჰქონდა ადგილი და უნდა მიეღო ზომები, შორიდან უნდა დაეწყო გასწრების მანევრის შესრულება, თავისი ა/მანქანის გაბარიტებიც უნდა გაეთვალისწინებინა, დიდი მანქანა იყო და მისაბმელი ჰონდა ჩაბმული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით კამაზის მძღოლს უნდა შეერჩია გვერდითი უსაფრთხო ინტერვალი. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილები იმოძრავებდნენ და თავისი ზოლის სიგანე არ ეყოფოდა გასწრების მანევრის შესასრულებლად, უნდა მიეღო ზომა ავტომობილის შენელებისათვის და როცა განთავისუფლდებოდა საპირისპირო სავალი ზოლი განეხრციელებინა გასწრება.

 

მისთვის უცნობია რა ჰქონდა ჩაბმული ტრაქტორს, გუთანი მათი კვლევის ობიექტი არ იყო, თუ იქნებოდა ქართული წარმოების შეძლო მას ემოძრავა საერთო მოხმარების გზებზე, თუმცა განმარტა, რომ მიუხედავად ტრაქტორის მისაბმელი გუთანის გაბარიტებისა, რომც ყოფილიყო ზომაზე ფართე, ავტოსაგზაო შემთხვევა კამაზის მძღოლის ბრალეულობით იქნებოდა, თუმცა სხვა საკითხია რას დაარღვევდა ტრაქტორის მძღოლი, რაც მათი ექსპერტიზის კვლევის საგანს არ წამოადგენს. ამასთან, ავტომაშუქი რომ არ ყოფილიყო მოცემულ შემთხვევაში ჩართული, ამას ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალეულობასთან კავშირში არ ექნებოდა, ვინაიდან დღის საათებში მაშუქებს მნიშვნელობა არ აქვს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N0069920317 დასკვნის მიხედვით შ--- ბ-------- ს--- კ-–----ს სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის ტრავმული დაჟეჟილობა და შეშუპება, გამწვავებული კრუპოზულ-დაჩირქებული პნევმონიით. სამედიცინო საბუთების მონაცემებით სიკვდილი დადგა 25.11.2017 წლის 06:05 საათზე, გვამის გამოკვლევის მონაცემები (25.11.2017 წლის 23:40 სთ) არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ დროს.

 

გვამის გამოკვლევის და სამედიცინო საბუთების მონაცემებით შ--- ბ-------- ს--- კ-–----ს გვამზე აღინიშნება: თავის ტვინის და ღეროს დაჟეჟილობა მრავლობითი დაჟეჟილობის უბნებით; მარცხნივ თხემ-საფეთქლის მიდამოს მაგარი გარსის ქვეშ სისხლჩაქცევა; ორმხრივ თხემის წილების ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა; მარჯვნივ სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა; მარჯვნივ იღლიის შუა ხაზზე მე-2-3-4-5-6 ნეკნების მოტეხილობა; ტრავმული მარჯვენამხრივი პნემვმოთორაქსი; ფილტვების დაჟეჟილობა; მარჯვენა ლავიწის სამკერდე ბოლოს მოტეხილობა; ჰემოპერიტონეუმი; ღვიძლის გახეთქვა; ნაჭდევები მარჯვენა წვივის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლის დროს და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და დამდგარ შედეგთან (სიკვდილთან) უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან.

 

გარდა ზემოაღნიშული დაზიანებებისა, შ--- ბ-------- ს--- კ-–----ს გვამზე აღინიშნებოდა ოპერაციის შემდგომი ჭრილობები მუცლის წინა შუა ხაზზე, მუცლის და გულმკერდის მარჯვენა გარეთა ზედაპირზე, ტრაქეოსტომიის შემდგომი ჭრილობები. ზემოაღნიშნული წარმოადგენს სამედიცინო მანიპულაციის კვლევებს და წარმოებულია მკურნალობის მიზნით.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა მ------ ლ------------ და დამატებით განმარტა, რომ შ--- ბ-------- ს--- კ-–----ს ჰქონდა თავის ტვინის და ღეროს დაჟეჟილობა, თავის ტვინის ღერო ნიშნავს გადასვლის ადგილს ტავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის, ერთ ერთი სოცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოა, იმიტომ რომ ბევრ ცენტრს შეიცავს, სუნთქვის ცენტრს შეიცავს, სუნთქვის რეგულირება აქედან ხდება, გულის რეგულირებაც აქედან ხდება. მას ამის დაჟეჟილობა ჰქონდა და შეშუპება იყო თავის ტვინისაც და ღეროსიც, ამის გამო ღრმა კომაში იმყოფებოდა დიდი ხნის განმავლობაში, რამაც გამოიწვია სუნთქვის უკმარისობა. ამ დაჩირქებამ პლევმონია გამოიწვია. საბოლოო ჯამში ამ ერთობლიობამ გამოიწვია სიკვდილი. სიკვდილი შეეძლო თუ არა გამოეწვია არასწორ მკურნალობას ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, ამას ჭირდება ექსპერტიზა და ცდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, თუმცა მას რამე ეჭვი რომ გასჩენოდა ამის თაობაზე ხელმძღვანელობას ჩააყენებდა საქმის კურსში. ზოგადად გახანგრძლივებული კომის მდგომარეობაში მთავარი გართულება არისხოლმე პლევმონია ან თირკმელის უკმარისობა გადასხმების ფონზე, შ--- ბ-------- ს--- კ-–---- იყო უგონო მდგომარეობაში. საავადმყოფოში შეყვანისას მას არ ჰქონდა პლევმონია, ერთადერთი ჰქონდა ტრავმის გამო პლევმოთორაქსი, რაც ნიშნავს პლევრაში ჰაერის მოხვედრას, რაც იწვევს ფილტვის შეკუმშვას, რასაც კოლაბირება ჰქვია და სუნთქვის უკმარისობას იწვევს, რაც ცალკე აღებულიც მძიმე დაზიანებაა.

 

3.2. საქართველოს შსს საექსპერტო-რიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 08 ნოემბრის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2522/სტ დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედება-შეჯახებით.

 

სატვირთო ავტომობილი „კამაზი“ სახ. N--------- მისაბმელით სახ. N----------- და ტრაქტორი სახ. N-------. დათვალიერებულ იქნა ქ. რუსთავში, საჯარიმო ავტოსადგომზე, ბუნებრივი განათების პირობებში. წარმოდგენილი სატვირთო ავტომობილი „კამაზი“ სახ.N--------- მისაბმელით სახ. N-----------ი ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას მისაბმელზე, მარჯვენა გვერდითა ნაწილში აღენიშნება მარჯვნიდან მარცხნივ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური სახის დაზიანებები, რის შედეგადაც მას დაზიანებული აქვს მისაბმელის საბურავებს შორის არსებული დამცავი ძელი. საბურავები დაბერილ მდგომარეობაშია.(იხ. ფოტოსურათი, N1, ფოტო N1,2,3,4)

 

სატვირთო ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა და თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვირვ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის.

 

დათვალიერებულ იქნა წარმოდგენილი სატვირთო ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. აღნიშნულ სისტემებში ყველა კვანძი და დეტალი სახეზეა და ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ სწორად. საჭის რგოლის მობრუნებით ბრუნვა მართვად თვლებს გადაეცემა ნორმალურად. სამუხრუჭე სატერფულზე მექანიკური ზემოქმედებით, ფეხის დაჭერით, სისტემა მოქმედებაში მოდის სწორად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან მივდივართ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სატვირთო ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

 

წარმოდგენილი ტრაქტორი სახ. N--------ის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას მარცხენა ნაწილში აღენიშნება ავარიული ხასიათის მექანიკური სახის დაზიანებები, რის შედეგადაც მას დაზიანებული აქვს მარცხენა ორივე საბურავის დისკი. აგრეთვე დაზიანებული აქვს ძარის სხვადასხვა დეტალები. საბურავები დაბერილ მდგომარეობაშია. (იხ. ფოტოსურათი N1, ფოტო N5,6,7,8).

 

ტრაქტორზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა და თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის.

 

დათვალიერებულ იქნა წარმოდგენილი ტრაქტორის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. აღნიშნულ სისტემებში ყველა კვანძი და დეტალი სახეზეა და ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ სწორად. საჭის რგოლის მობრუნებით ბრუნვა მართვად თვლებს გადაეცემა ნორმალურად. სამუხრუჭე სატერფულზე მექანიკური ზემოქმედებით, ფეხის დაჭერით, სისტემა მოქმედებაში მოდის სწორად. ყოველივე ზემოაღწერილიდან წარდგენილი ტრაქტორის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ლევან ჭუბაბრიამ და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს დეპარტამენტში შევიდა დადგენილება სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სადაც წარდგენილი იქნა ორი ავტომობილი, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო კითხვები, თუ რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა წარდგენილ ავტომობილებს, გამართული იყვნენ თუ არა ისინი ავტოსაგზაო შემთხვევამდე. მის მიერ დათვალიერებული იქნა აღნიშნული ავტომობილები ქ. რუსთავში, საჯარიმო ავტოსადგომზე და გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა.

 

3.2 ფორმა N1-ით დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში 2017 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N078281017001. კერძოდ, ა/წ 28 ოქტომბერს დაახლოებით 17:20 სთ-ზე ფონიჭალა მარნეული გუგუთის ს/გზის 25კმ/ზე ერთმანეთს შეეჯახა სატვირთო ა/მ „კ----------------- O-, რომელსაც მართავდა ს--------- რესპუბლიკის მოქ:03.07.1--- წ/დ ვ----- კ------------ და ტრაქტორი ს/ნ P-----, მართავდა თ------–------ს რ/ნ ს. ხ--––- მცხ: 09.05.1969 წ/დ ნ------ გ---------, ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მგზავრი, ინდოეთის მოქალაქე შ--- ბ--------- ს---ი სხეულის დაზიანებით გადაყვანილ იქნა ქ. მარნეულის საავადმყოფოში.

 

3.2 2017 წლის 28 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ფონიჭალა-მარნეულის გეგუთის საავტომობილო გზის 25 კმ/ზე მარნეულის რ/ნ-ში დაუსახლებელ პუნქტში, სადაც ნებადართულია მოძრაობა 90 კმ/სთ სიჩქარით. გზის საფარი არის ასფალტირებული, უდეფექტო, ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილი საერთო სიგანით 8,0 მეტრი. მარნეულის მიმართულებით სამოძრაო ზოლი 4 მეტრია. შუაში დატანებულია წყვეტილი ზოლი, ასევე მიყვება გვერდულები. მარნეულის მიმართულებით 3,7 მ. თბილისის მიმართულებით 2,5 მეტრში. ათვლის წერტილად აღებულია საგზაო ნიშანი 1.7.2 მეორეხარისხოვანი გზის შეერთების ათვლის წერტილიდან თბილისის მიმართულებით 20 მეტრში მარნეულისკენ სავალ ზოლში გვერდულიდან 0.5 მეტრში და მის შემდეგ 0,7 მეტრში არის ამონაკაწრი ასფალტზე, რომელიც არის შეჯახების ადგილი. ათვლის წერტილის პირდაპირ მინდორში ასფალტის კიდიდან 9.0 მეტრში იმყოფება „ჯონდორის“ ფირმის ტრაქტორი სახ. P----- აღნიშნული ტრაქტორის მარჯვენა მხარე წინა ნაწილი ასფალტიდან დაშორებით 10,3 მეტრში, ტრაქტორის წინ 2 მეტრში დევს რკინის გუთნის ელემენტი, რომელიც გვერდულიდან არის 8,5 მეტრში. ათვლის წერტილიდან მარნეულის მიმართულებით 250 მეტრში გაჩერებულია გვერდულზე ა/მანქანა „კამაზი“ მისაბმელით, სახ. N-------- 23. ტრაქტორს დაზიანებული აქვს ტენტონი, სახურავი, მოგლეჯილი აქვს გუთანი, კამაზის უკანა მისაბმელის მარჯვენა მხარეს აღენიშნება საბურავზე შავი ხაზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ შედგა სქემა.

 

3.9. პიროვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ ამონაწერით დადგენი-–--, რომ ვ---- კ------------- საქართველოს საზღვარის გადაკვეთა, 2018 წლის 28 თებერვალს.

 

3.16. სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, დაადგინა მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით -

 

ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ვ------------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს ვ------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.17. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო დაზარალებულის ნ------ გ---------- ბრალეულობით და მას მოძრაობისას არ ჰქონდა დაცული საგზაო მოძრაობის წესები, იგი მოძრაობდა გზის სავალ ნაწილზე, მის მისაბმელს არ ჰქონდა სათანადო აღნიშვნები, არ არის ცნობილი ამ მისაბმელის გაბარიტები და არ არის შესწავლილი მისი გადაადგილების მართებულობა. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი მასალების, მოწმეთა ჩვენებებით, საექსპერტო დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებების და მათ მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის ვ------------------ს ბრალეულობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული მოსაზრებები კი ვერ აქარწყლებს ამ მტკიცებულებებში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი, გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღსანიშნავია, რომ ნორმა ბლანკეტურია და ზოგადად მიუთითებს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი რეგულირებულია 2014 წლის 1 მარტის კანონით ,,საგზაო მოძრაობის” შესახებ, რომლის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს

 

სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში შ--- ბ-------- ს--- კ-–----ს სიცოცხლე.

 

დანაშაულის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

დანაშაულის სუბიექტი არის ის, ვინც მართავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას ტრანსპორტის, ან მოცემული სახის ტრანსპორტის მართვის უფლება, ე.ი. სახეზეა საერთო ამსრულებელი. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: 1. ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას; 2. მძიმე შედეგს, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. 3. წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს.

 

სუბიექტური მხრივ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაუფრთხილებელია, შეიძლება განხორციელდეს თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ფონიჭალა-მარნეული გუგუთის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, ქ.თბილისის მხრიდან ქ.მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა „კამაზის“ მარკის ავტომობილი, რუსული ნომრით A----------------- რომელსაც მართავდა ვ------------------. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეთერთმეტე პუნქტის და 34-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მოთხოვნები და გასწრების მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას შეეჯახა მის წინ გზის გვერდულზე მოძრავ „J----------ის” მარკის ტრაქტორს, სახ. ნომრით P-----, რომელსაც მართავდა ნ------ გ---------. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ.გ---------- მგზავრი - შ--- ბ-------- ს--- კ-–---- მიღებული დაზიანებიების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შესაბამისად სამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ და ზემოხსენებულ მტკიცებულებათა შეფასება-გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ რ----–------------ მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

ბრალდებულ რ----–------------ მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით - ავტომობილის, მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, ვ---- კ------------ მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ავტომობილის, მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

მასვე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე ს----ზე არსებული ნივთმტკიცება - ,,JOHN DEERE“ მარკის ტრაქტორი, სახელმწიფო ნომრით P----- (განთავსებულია ავტოსადგომზე) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

ვ------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად

განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

მასვე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2. ვ------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ვ---- კ------------ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ,,JOHN DEERE“ მარკის ტრაქტორი, სახელმწიფო ნომრით P----- (განთავსებულია ავტოსადგომზე) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, 1 თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი