გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002564904
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე №3/4768-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

მოსარჩელე - ჯ-----------------

წარმომადგენელი - გ---–---–------

მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ----------–---–-

თარჯიმანი - ქ---------------–-–---–-

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის №---------- გადაწყვეტილება;

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასცეს ჯ-----------------ის სახელზე ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ჯ----------------- არის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე. იგი დაიბადა 1----–-–-------------ს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ეროვნული პასპორტი ასლი (ს.ფ. 36);

 

3.2. 2--- წლის 13 სექტემბრის N----------- ქორწინების მოწმობის თანახმად, დაქორწინდნენ ჯ----------------- და ვ-----------.

 

2--- წლის 13 ოქტომბრის N----------- დაბადების მოწმობა გაიცა რ------------რის სახელზე. მამის გრაფაში მიეთითა ვ-----------, ხოლო დედა - ჯ-----------------. მოწმობის გამცემი ორგანოა სსგს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 64);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 65);

 

3.3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 29.05.2018) თანახმად, შპს რ-------------------–---– (ს/ნ 4--------) რეგისტრაციის თარიღია 16.12.2013. ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი - H6771297 კ----–-------------, ინდოეთი, დირექტორი - 3----------, ვ-----------, ინდოეთი. პარტნიორები - 49% H------- კ----–-------------, 51% - 3----------, ვ-----------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 76);

 

3.4. სს „თიბისი ბანკის“ 2018 წლის 28 მაისის ცნობის თანახმად, ჯ----------------- არის ანგარიშის მფლობელი თიბისი ბანკში და ნაშთი ანგარიშებზე 28.05.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს - 7--- ლარს.

 

სს „თიბისი ბანკის“ 2018 წლის 28 მაისის ცნობის თანახმად, ვ----------- არის ანგარიშის მფლობელი თიბისი ბანკში და ნაშთი ანგარიშებზე 28.05.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს - 4---.41 დოლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სს „თიბისი ბანკის“ ცნობები (ს.ფ.77-78);

 

3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2016 წლის 29 სექტემბრის N---------- განცხადება და ვ-----------ს მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის N---------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2018 წლის 28 თებერვლის N---------- განცხადება და რ------------რს მიეცა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 30 მარტიდან 2019 წლის 30 მარტამდე.

 

რ------------რი არის ვ-----------ისა და ჯ-----------------ის შვილი, დაბადებული 09.10.2--- წელს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.88-89);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 90-91);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 65);

 

3.6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივნისის S---------------- წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ჯ-----------------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივნისის S---------------- წერილი (ს.ფ. 87);

 

3.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის N---------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 29 მაისის N---------- განცხადება და ჯ----------------- უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.94-95);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი. საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის N---------- გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მე-15 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახე არის ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.

 

ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

 

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები რეგლამენტირებულია ამავე დადგენილების მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ამრიგად, პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ამავე მუხლის მე-7 პუნქტისა და უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, ხოლო მისთვის სამართლებრივი შედეგი წარმოშვა გასაჩივრებულმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ჯ-----------------ისათის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტი განმარტავს დისკრეციული უფლებამოსილების შინაარსს. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. მან მხედველობაში უნდა მიიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. ამასთან, გადაწყვეტილებაში ასახოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს იმ მიზნით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ჯ-----------------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამასთან, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სხვა რაიმე საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოს არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ დაუსაბუთებია. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიეღო სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის დაქორწინებული და მის მეუღლეს მინიჭებული აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ასევე მათ ჰყავთ 2--- წელს დაბადებული საერთო შვილი, რომელსაც ასევე ოჯახის გაერთიანების მიზნით მიენიჭა ბინადრობა 2018 წლის 30 მარტიდან 2019 წლის 30 მარტამდე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის გაცემაზე უარის თქმა.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ სადავო აქტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2018 წლის 27 ივნისის N---------- გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რაც ქმნის წანამძღვრებს მისი ბათილად ცნობისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი იქნა ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რაც სამართლებრივ საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ ჯ-----------------ის სახელზე გაიცეს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც ჯ-----------------ს მიანიჭებს საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომელის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის N---------- გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ-----------------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე;

 

4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე