გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2018
საქმის ნომერი
330310118002366534
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1823-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,მ--“;

წარმომადგენელი - ი-----–- კ---------ე;

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

წარმომადგენელი - ხ------- ხ--–-------ლი;

 

მესამე პირი - შპს ,,თ---–---------------------------------“;

წარმომადგენლები: რ-------- ბ-------–ი, თ---------- რ------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 ოქტომბრის N2--- განკარგულება (დაზუსტებული მოთხოვნა, 21.11.2018 წლის განცხადება);

 

1.2. დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის N6-- განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (დაზუსტებული მოთხოვნა, 21.11.2018 წლის განცხადება).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირის - შპს ,,თ---–---------------------------------ს“ წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმნენ მათ მიერ წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 2017 წლის 08 დეკემბერს შპს ,,თ---–---------------------------------ს“ მიერ გამოცხადებული იქნა NSPA1-------- ელექტრონული ტენდერი S--------ის ანტივირუსული დაცვის ლიცენზიების განახლების შესყიდვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-S--------ის ანტივირუსული დაცვის ლიცენზიების განახლების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 08 დეკემბრის სხდომის ოქმი N1 (ს.ფ. 127-129);

 

4.2. S--------ის ანტივირუსული დაცვის ლიცენზიების განახლების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი იქნა შპს ,,მ--“, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ელექტრონული სისტემის საშუალებით წარედგინა დაზუსტებული დანართი N2, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 27 დეკემბრისა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 31-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმების საბოლოო ვადად განისაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე, არაუგვიანეს 2017 წლის 29 დეკემბრისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- S--------ის ანტივირუსული დაცვის ლიცენზიების განახლების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმი N2 (ს.ფ. 130-132);

 

4.3. შპს ,,მ--“-ს დადგენილ ვადაში (2017 წლის 27 დეკემბერს) დაზუსტებული დანართი N2, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად არ წარუდგენია, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა შპს ,,მ--“-ის დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-S--------ის ანტივირუსული დაცვის ლიცენზიების განახლების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის ოქმი N3 (ს.ფ. 133-135);

 

4.4. 2018 წლის 03 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს, პრეტენდენტის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ N0---- წერილობითი შეტყობინებით მიმართა შპს ,,თ---–---------------------------------ს“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ - დირექტორმა ექსპლუატაციის საკითხებში. შეტყობინებაში მიუთითა: შესყიდვის საშუალება: ელექტრონული ტენდერი; შესყიდვის რეკვიზიტები: SPA1--------; შესყიდვის ობიექტის დასახელება: S--------ის ანტივირუსული დაცვის ლიცენზიების განახლება, CPV48700000, 48761000; პრეტენდენტის რეკვიზიტები: შპს ,,მ--“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, წალენჯიხის ქ. N20, ელექტრონული ფოსტის მისამართი: m--------------@gmail.com ; შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი: 2017 წლის 28 დეკემბრის სატენდერო კომისიის სხდომის N3 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე S--------ის ანტივირუსული დაცვის ლიცენზიების განახლების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,მ--“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,მ--“-ს ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 27 დეკემბრისა უნდა წარედგინა დანართი N2, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად. შპს ,,მ--“-ს დადგენილ ვადაში (2017 წლის 27 დეკემბერი) ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისი ფასების ცხრილი არ წარუდგენია, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა შპს ,,მ--“-ს დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურიდან.

 

2018 წლის 09 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ წერილით მიმართა შპს ,,თ---–---------------------------------ს“ და აცნობა, რომ 2018 წლის 5 იანვრის წერილობით შეტყობინებაში მითითებული არ იყო მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის სამართლებრივი წინაპირობა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,თ---–---------------------------------ს“ ეთხოვა აღნიშნული წერილის მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, წარედგინა ბრძანებით დამტკიცებული დანართის ფორმის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე შესრულებული წერილობითი შეტყობინება, რომელშიც აღწერილი იქნებოდა მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი წინაპირობები.

 

2018 წლის 26 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს, პრეტენდენტის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ N0----- დაზუსტებული წერილობითი შეტყობინებით მიმართა შპს ,,თ---–---------------------------------ს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა. დაზუსტებულ წერილობით შეტყობინებაში 2018 წლის 03 იანვრის შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებთან ერთად, დამატებით მიეთითა, რომ შპს ,,თ---–---------------------------------“ ითხოვდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,მ--“-ს შავ სიაში რეგისტრაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-პრეტენდენტის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ 2018 წლის 03 იანვრის N0---- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 110-111);

-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 09 იანვრის #85 წერილი (ს.ფ. 112);

-პრეტენდენტის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ 2018 წლის 26 იანვრის N0----- დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 113-114);

 

4.5. 2018 წლის 31 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ N393 წერილით მიმართა შპს ,,მ--“-ს და აცნობა, რომ სააგენტოში 2018 წლის 5 და 26 იანვარს წარდგენილი იქნა შპს ,,თ---–---------------------------------ს“ 2018 წლის 3 იანვრის N0---- წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის N129), ასევე 2018 წლის 26 იანვრის N0----- დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაცის N8--), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა SPA1-------- ელექტრონული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის - შპს ,,მ--“-ს (ს/კ 2--------) დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 31 იანვრის N393 წერილის პასუხად, შპს ,,მ--“-მ 2018 წლის 08 თებერვალს წერილით მიმართა სააგენტოს. წერილში მიუთითა, რომ შპს ,,მ--“ არ ეთანხმება შავ სიაში რეგისტრაციას და დამატებით აცნობა, რომ დაზუსტებული პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი იქნებოდა მოგვიანებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 31 იანვრის N393 წერილი (ს.ფ. 118);

-შპს ,,მ--“-ს 2018 წლის 08 თებერვლის წერილი (ს.ფ. 119);

 

4.6. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 05 მარტს მიღებული იქნა N6-- განკარგულება შპს ,,მ--“-ს გაფრთხილების შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,მ--“-ს (ს/კ 2--------) 2018 წლის 6 მარტს მიეცა გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 05 მარტის N6-- განკარგულება შპს ,,მ--“-ს გაფრთხილების შესახებ (ს.ფ. 120-123);

 

4.7. 2018 წლის 15 ოქტომბერს, შპს ,,მ--“-ს დირექტორმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის და მესამე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის N6-- განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 ოქტომბრის N2--- განკარგულებით, შპს ,,მ--“-ს (ს/ნ 2--------) 2018 წლის 15 ოქტომბრის განცხადება (რეგისტრაციის N8---) არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს ,,მ--“-ს დირექტორის 2018 წლის 15 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 168);

-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 ოქტომბრის N2--- განკარგულება შპს ,,მ--“-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 169-170).

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები“.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 ოქტომბრის N2--- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - შპს ,,მ--“-ს უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის N6-- განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების გზითაა შესაძლებელი.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია: სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერი არის 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების (გარდა ამ პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს შპს ,,თ---–---------------------------------ს“ მიერ გამოცხადებული იქნა NSPA1-------- ელექტრონული ტენდერი S--------ის ანტივირუსული დაცვის ლიცენზიების განახლების შესყიდვის მიზნით. აღნიშნულ ტენდერში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოვლენილი იქნა შპს ,,მ--“.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით. მითითებული წესის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.

 

ამავე წესის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტება დასაშვებია ხელშეკრულების დასადებად მიწვევასთან ერთად – თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ საჭიროებს დაზუსტებას და ელექტრონულ ტენდერში არ არის გათვალისწინებული ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულება. ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტებისათვის დგინდება გონივრული, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მოთხოვნილი არ არის, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას, ხოლო მე-7 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭებიდან მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება. ამასთან, მითითებული წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით შპს ,,მ--“-ს დაევალა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ელექტრონული სისტემის საშუალებით წარედგინა დაზუსტებული დანართი N2, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 27 დეკემბრისა. ხელშეკრულების გაფორმების საბოლოო ვადად განისაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე, არაუგვიანეს 2017 წლის 29 დეკემბრისა. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,მ--“-ს დადგენილ ვადაში (2017 წლის 27 დეკემბერს) დაზუსტებული დანართი N2, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად არ წარუდგენია, რის გამოც სატენდერო კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით, განხორციელდა შპს ,,მ--“-ს დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურიდან.

 

7.4. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს შავი სიის წარმოება. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები“ დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით. მითითებული წესის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის N7 ბრძანების მიღებამდე მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების ერთ-ერთი საფუძველია ის გარემოება, როცა პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო, ხოლო მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 5 და 26 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტშო წარდგენილი იქნა შპს ,,თ---–---------------------------------ს“ 2018 წლის 3 იანვრის N0---- წერილობითი შეტყობინება და 2018 წლის 26 იანვრის N0----- დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება, რომლებითაც სააგენტოს ეცნობა SPA1-------- ელექტრონული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის - შპს ,,მ--“-ს (ს/კ 2--------) დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 05 მარტს მიღებული იქნა N6-- განკარგულება შპს ,,მ--“-ს გაფრთხილების შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,მ--“-ს (ს/კ 2--------) 2018 წლის 6 მარტს მიეცა გაფრთხილება.

 

7.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,მ--“-ს დირექტორმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის და მესამე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის N6-- განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 ოქტომბრის N2--- განკარგულებით, შპს ,,მ--“-ს (ს/ნ 2--------) 2018 წლის 15 ოქტომბრის განცხადება (რეგისტრაციის N8---) არ დაკმაყოფილდა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის N6-- განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის N7 ბრძანებით (გამოქვეყნდა 2018 წლის 20 მარტს) ცვლილება შევიდა 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლში, რომელმაც ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველად განსაზღვრა მხოლოდ ისეთი შემთხვევა, თუკი პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამდენად, ცვლილების განხორციელების შემდგომ კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის საფუძვლით დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის შავ სიაში რეგისტრაციას, რის გამოც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის მოქმედება და ადმინისტრაციულმა ორგანოს ძალადაკარგულად უნდა ცნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის N6-- განკარგულება შპს ,,მ--“-ს გაფრთხილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტი განსაზღვრავს მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების აკრძალვიდან გამონაკლის შემთხვევას და ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის N6-- განკარგულება არ წარმოადგენს აღმჭურველ აქტს, მასზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის მოქმედება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიანიჭა უფლება, თავადვე ცნოს ძალადაკარგულად მის მიერ გამოცემული აქტი. ამასთან, საგულისხმოა, რომ მითითებული ნორმა არ განსაზღვრავს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სახეებს, რომლის ძალადაკარგულად გამოცხადების/არგამოცხადების უფლებაც აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა განსაზღვრავს იმ ხუთ გამონაკლის შემთხვევას, რომლის არსებობის პირობებშიც, აქტის გამომცემი ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც კი, ანუ ძალადაკარგულად გამოაცხადოს დაინტერესებული პირისათვის რაიმე უფლების ან სარგებლის მიმნიჭებელი აქტი. ეს ის შემთხვევებია, რომლის დროსაც სხვა პირისათვის მინიჭებული სიკეთე (უფლება ან სარგებელი) ვერ გადაწონის ამ აქტის მოქმედებით დამდგარ შედეგს/ზიანს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები არსებითად კავშირშია ერთმანეთთან და განმარტებული უნდა იქნეს კომპლექსურად. დასახელებული ნორმის კომპლექსური განმარტების შედეგად კი სასამართლო ადგენს, რომ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები ეხება არამხოლოდ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, არამედ სხვა, მათ შორის, მავალდებულებელი, ამკრძალავი ან შემზღუდველი ხასიათის მქონე აქტებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივდივართ იმ მოცემულობამდე, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გარდა, ისიც მხოლოდ ხუთ გამონაკლის შემთხვევაში, სხვა აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია, ვინაიდან განსაზღვრული არ არის ასეთი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების კონკრეტული შემთხვევები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილს. ამასთან, იმ პირობებში, როცა კანონმდებელმა დაუშვა ისეთი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება, როგორიცაა აღმჭურველი აქტი, დაუშვა დაინტერესებული პირისათვის უფლების ან სარგებლის მიმნიჭებელი აქტის გაუქმება, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმის მოქმედება სხვა, მათ შორის, პირისათვის კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზეც უნდა გავრცელდეს.

 

7.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ისეთ შემთხვევას, როცა გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,მ--“-ს გაფრთხილება მიეცა 2018 წლის 6 მარტს. გაფრთხილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს ,,მ--“ სატენდერო პროცედურიდან დისკვალიფიცირებული იქნა ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო, რაც გაფრთხილების მიცემის მომენტისათვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების ერთ-ერთ საფუძველს. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის N7 ბრძანებით (გამოქვეყნდა 2018 წლის 20 მარტს) ცვლილება შევიდა 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლში, რომლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამდენად, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, ამ საფუძვლით დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს აღარ წარმოადგენს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის დეფინიციის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როდესაც გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ნორმატიული აქტის გაუქმება ან შეცვლა სრულად არ ქმნის მითითებული ნორმით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის მოცემულობას. კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტის გაუქმებასთან ან შეცვლასთან ერთად, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სახეზე უნდა იყოს მეორე პირობაც, კერძოდ, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ადმინისტრაციული აქტის მოქმედებით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნული ორივე პირობა კუმულატიურად უნდა არსებობდეს და მხოლოდ ერთ-ერთის არსებობა არ წარმოადგენს მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის N6-- განკარგულება შპს ,,მ--“-ს გაფრთხილების შესახებ ზიანს არ აყენებს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. აღნიშნული განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მიმართულია კონკრეტული კერძო სამართლის იურიდიული პირის - შპს ,,მ--“-საკენ და მისი ძალადაკარგულად გამოცხადებაც მხოლოდ მოსარჩელე მხარის ინტერესს წარმოადგენს, ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 მარტის N6-- განკარგულება ზიანს და მითუფრო მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს და არც შეიძლება მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სახეზეა შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის ფაქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა მხოლოდ ნორმის შეცვლა საფუძვლად ვერ დაედება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის საფუძველზე, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს მეორე პირობა - სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ადმინისტრაციული აქტის მოქმედებით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.

 

7.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს შპს ,,მ--“-ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ--“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე