გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
080210016001623950
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/2929-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი,თამარ შალამბერიძე

 

მოსარჩელე -მ------ უ--–---

წარმომადგენელი - ე-–--- გ--------

 

მოპასუხე - შპს ,,ქ--------–- ტ------–---- 2---’’

წარმომადგენელი - კ------- კ-----–-–---–ი

 

მესამე პირი - გ---–----(გ---–-----) ფ--–-----დ----–--

 

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, აუცილებელი გზის აღდგენა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს მოპასუხე შპს ,,ქ--------–- ტ------–---- 2---’’-ის მიერ 2016 წლის 19 ივლისს გაცემული საოჯახო საფლავის კეთილმოწყობის ნებართვა #3/162-2016, მისასვლელი გზის ნაწილში და მისი მარწმუნებლის(მ------ უ--–---ს) მფლობელობაში არსებულ საფლავთან მისასვლელი აუცილებელი გზა აღდგენილ იქნეს 2016 წლის 19 ივლისამდე არსებულ მდგომარეობაში.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მ------ უ--–---ს ოჯახი 1931 წლიდან ფლობს საოჯახო საფლავს ქ.ქუთაისში ,,ძ--–-----ის’’ სასაფლაოზე.

 

2016 წლის 19 ივლისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ, შპს ,,ქ--------–- ტ------–---- 2---’’-მა ერთ-ერთი საფლავის მესაკუთრეზე გ---–---- ფ--–----ზე, გასცა საოჯახო საფლავის კეთილმოწყობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც გ---–---- ფ--–----მ საკუთარ საოჯახო საფლავს მიუერთა მანამდე იქ არსებული გასავლელი გზა.

ნებართვაში მითითებული სამუშაოების მიზანი (რკინის კონსტრუქციის შეცვლა) არ შეესაბამება სინამდვილეს. 2016 წლამდე საფლავს რკინის მესერი არ ჰქონია. იგი დამონტაჟდა 2016 წლის აგვისტოში. რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ თითქოსდა ადრე არსებული რკინის მესერის საყრდენის ანუ ცოკოლის არავითარი ნაშთი ან კვალი არ არსებობს.

 

ნებართვა-ნახაზში მითითებული საფლავის ზომის დაცვა რეალურად შეუძლებელია და არცაა დაცული. დ----–--ს საფლავის სიგანე 2,5მ-ია. სინამდვილეში მანძილი საფლავებს შორის (მ-----2007წ., ნ------–--ე-1939წ., ფ-----ე-1943წ., ქ--–------ი-1951წ.), რომელთა შუაში 1997 წელს განლაგდა ფ--–-----დ----–--ს საფლავი, 2 მეტრია. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მათ შორის მოთავსდეს 2,5 მ სიგანის საფლავი და დარჩეს 30 სმ გასავლელი გზა.

 

მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხემ არ მოახდინა რეაგირება ფ--–----ს მიერ გასავლელი გზის მიტაცების ფაქტზე და არც წარუდგინა დოკუმენტი 1997 წლისთვის საფლავზე პირველი მიცვალებულის დაკრძალვის დროს არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ გ---–----(გ---–-----) ფ--–----ს მიმართ საოჯახო საფლავის კეთილმოწყობის ნებართვა გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად რაიმე ურთიერთგამომრიცხავი გარემოება არ არსებობს. რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნებართვა გაცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით. #9 ბრძანება სულ სხვა მიზნით არის შედგენილი. 2მეტრის სიგრძის საფლავი არ იყო არც ძველი და არც ახალი კანონმდებლობით. ტრადიციულად 1სამარის კვადრატულობა დადგენილია 1,5კვ.მ-2.5კვ. მ-ზე, ამიტომ ნაკლები ვერაფრით ვერ იქნებოდა და ვერც იქნება. რაც შეეხება აუცილებელ გზას, გზა მოსარჩელეს აქვს საფლავთან მისასვლელად, ხოლო მესამე პირებთან მიმართებაში შპს ,,ქ--------–- ტ------–-----2---’’ ვერ ჩაითვლება სათანადო მოპასუხედ და არც ხარჯების გაწევის ვალდებულება აქვს მესამე პირების საფლავებთან დაკავშირებით. თავად ექსპერტის დასკვნაშია მითითებული, რომ საფლავის ზომები შესაბამისობაშია გაცემულ ნებართვასთან.

 

მას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან სადავო ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ხოლო აუცილებელი გზის აღდგენის თაობაზე მოთხოვნასთან მიმართებით, არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

 

2.2. მოსარჩელე მ------ უ--–---ს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა გ---–----(გ---–-----) ფ--–-----დ----–--, რომელმაც წარმოადგინა შესაგებელი, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი ოჯახი 1948 წლიდან ფლობს საოჯახო საფლავს ქ.ქუთაისში ,,ძ--–-----ის’’ სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულია მისი ოჯახის წევრები. საფლავი თავიდანვე შემოსაზღვრული და შემოკავებული იყო ჯაჭვებით, რადგან შემოღობვის საშუალება არ ჰქონდა. მიმდებარე საფლავების ჭირისუფლები იყენებდნენ მისი საფლავის ტერიტორიას. შემდეგ ეს ჯაჭვები და ბოძები მოიპარეს. 1997 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საფლავი შემოღობა ბლოკის კედლით, თუმცა მოსარჩელემ მოანგრია ეს კედელი, ხოლო სამშენებლო ნარჩენები დაყარა იქვე მიცვალებულთა საფლავებზე. 2016 წელს კი ოჯახის ახლობლების დახმარებით აღადგინა საფლავის საზღვრები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოსარჩელე ემუქრებოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაუნგრევდა, რაც არ უნდა გაეკეთებინა.

 

მის მიმართ გაცემული საფლავის კეთილმოწყობის ნებართვა კანონიერია, ხოლო სარჩელი უსაფუძვლო.

 

გ---–---- ფ--–----მ სარჩელი არ ცნო არც სასამართლო სხდომაზე იმავე გარემოებებზე მითითებით და დამატებით განმარტა, რომ არის 87 წლის მარტოხელა მოხუცი. ვინაიდან საფლავი ადრე შემოსაზღვრული იყო რკინის ჯაჭვით, ახლომდებარე საფლავების ჭირისუფლები თვითნებურად გადადიოდნენ და მისი საოჯახო საფლავების ტერიტორიას იყენებდნენ გზის შესამოკლებლად თავიანთ საფლავებზე მისასვლელად. ამიტომ იქ თავიდანვე არ იყო გზა. ამ საფლავებს აქვთ სხვა დამოუკიდებლად მისასვლელი გზა. 2016 წელს კი აიღო ნებართვა, რომ შეეცვალა არსებული კონსტრუქცია და შემოღობა საფლავები კანონის სრული დაცვით ზუსტად იმ ზომებში, რაც ჰქონდა მიცემული. თავისი ქვაც კი წინასწარ გააკეთა, რომ შემდეგ არავინ შეეწუხებინა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ------ უ--–--- წარმოადგენს საოჯახო საფლავის მფლობელს ქ. ქუთაისში ,,ძ--–-----ის’’ სასაფლაოზე. საფლავში დაკრძალულია გ-------- მ------- და გ-------- გ-------–ი. #1-50 სასაფლაოს ზომებია - 2.70X2.60, სულ 7.02 კვ.მ (იხ. საფლავის პასპორტის და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ასლები - ს.ფ.15 ). მის მომიჯნავედ განთავსებულია ჭ------ და ა----–--- დ----–-ების, მ------ ქ--–------ის, ლ---–- ჟ--------ფ-----ის, მ-------ი მ----ს, მ--–------ ნ------–--ის და სხვათა საფლავები, რომლებიც შემოღობილია რკინის კონსტრუქციებით.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მ------ უ--–---ს საოჯახო საფლავთან მისვლა ამჟამად შესაძლებელია არსებული სასაფლაოს ქვედა მხრიდან, რომელიც დაშორებულია შესასვლელიდან, ხოლო უმოკლესი გზა, რომელიც მდებარეობს მის მომიჯნავედ, ქ--–------სა და დ----–--ს საფლავებს შორის არსებულ გასასვლელში (30 სმ სიგანის), ამჟამად ჩახერგილია ქვებით და პატარა მცენარეებით (იხ. ადგილზე დათვალიერების დისკი).

 

3.1.3. ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მ------ უ--–--- საოჯახო საფლავზე მისასვლელად ამჟამად სარგებლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეზე განლაგებულ საფლავებს შორის არსებული გასასვლელით (იხ. ადგილზე დათვალიერების ოქმი და დისკი).

 

3.1.4. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ---–----- ფ--–----ზე გაცემული საოჯახო საფლავის კეთილმოწყობის ნებართვა #3/162-ში მითითებული სასაფლაოს კონფიგურაცია და ზომები არ შეესაბამება დღეისათვის არსებული ლითონის კონსტრუქციის შესაბამის მონაცემებს. წარმოდგენილ ტერიტორიაზე აღნიშნული საფლავის ძველი კონსტრუქცია დღეის მდგომარეობით არ აღინიშნება, რის გამოც ტექნიკურად შეუძლებელია მისი ზომების განსაზღვრა. დასკვნაზე დართული ნახაზის მიხედვით (დანართი #1), დ----–--ს საფლავის სიგანე 2.5 მეტრია, სიგრძე 2.80მ ქვემოთა ნაწილში, ხოლო წინა ნაწილის ზომებია 1.80 და 3.40მ.

ამავე დასკვნის მიხედვით, დღეისათვის დამოუკიდებელი, ოპტიმალური მისასვლელი გზა მოსარჩელის მეუღლის მ------- გ--------ს საფლავთან არ არსებობს. აღნიშნულ საფლავთან მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემცირდება მიმდებარედ არსებული საფლავ(ებ)ის ღობის ზომები ისე, რომ მათ შორის შესაძლებელი იყოს გასასვლელის მოწყობა. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული საფლავის სიგანე მოეწყობოდა 2 მეტრის მიხედვით და გაიწმინდებოდა აღნიშნული ტერიტორია ხეებისგან, დ----–-ების საფლავის მიმდებარედ დარჩებოდა ადგილი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო მისასვლელ გზად მ------- გ--------ს და მის მიმდებარედ არსებულ საფლავებთან.

 

3.1.5. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა გ------- რ------ემ მის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დასკვნაში დაფიქსირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გ---–----- ფ--–----ზე გაცემული საოჯახო საფლავის კეთილმოწყობის ნებართვა #3/162-ში მითითებული სასაფლაოს კონფიგურაცია და ზომები არ შეესაბამება დღეისათვის არსებული ლითონის კონსტრუქციის შესაბამის მონაცემებს, გამოწვეულია იმით, რომ საფლავს მართკუთხედის ფორმა არ აქვს, რადგან ჩაჭრილია ერთი გვერდი, რამაც შეცვალა მისი კონფიგურაცია. სხვა მხრივ, გ---–----- ფ--–-----დ----–--ს საოჯახო საფლავის ზომები შეესაბამება გაცემულ ნებართვაში და ნახაზში მითითებულს. თუმცა იმ მიზეზით, რომ გვერდით სხვა პირთა საფლავებიცაა განლაგებული, ზუსტად არ შეიძლება იმის თქმა, თუ რომელი საფლავის მიერ მოხდა გზის შევიწროება. წარმოდგენილ ტერიტორიაზე აღნიშნული საფლავის ძველი კონსტრუქცია დღეის მდგომარეობით არ შეინიშნება, რის გამოც ტექნიკურად შეუძლებელია მისი ზომების განსაზღვრა.

 

3.1.6. დ----–-ების საფლავი არის სამადგილიანი, სტანდარტული საფლავი, რომლის ზომაა 8.50 კვ.მ (იხ. ექსპერტიზის დასკვნის დანართი).

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2016 წლის 12 ივლისს გ---–----- ფ--–----მ განცხადებით მიმართა შპს ,,ქ--------–- ტ------–---- 2---’’-ს და მოითხოვა, დანგრეული ბლოკის კედლის შეცვლა რკინის კონსტრუქციით.

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ივლისს შპს ,,ქ--------–- ტ------–---- 2---’’-ის მიერ ბრძანება #3/162-2016-ის საფუძველზე მოქალაქე გ---–----- (გ---–----) ფ--–----ს ნება დაერთო მის სარგებლობაში არსებულ სასაფლაოზე (საფლავი #1-21), სადაც დაკრძალულია მისი მეუღლე ჭ------ დ----–-- (გარდაცვლილი 1997 წელს) და შვილი ა----–--- დ----–-- (გარდაცვლილი 1997წ.) ეწარმოებინა საფლავის კეთილმოწყობითი სამუშაოები, სამუშაოს ნებართვის ნახაზზე მითითებულ ტერიტორიაზე, ,,ძ--–-----ის’’ სასაფლაოზე (რკინის კონსტრუქციის შეცვლის სამუშაოები). სასაფლაოს ზომებია: 2.50(სიგანე)X3.40(სიგრძე). აღნიშნულისთვის გადახდილია მოსაკრებელი 100 ლარი.

(იხ. განაცხადი ნებართვაზე და ბრძანება, ს/ფ 17, 160-164, 166).

 

3.1.9. საქმეზე წარმოდგენილია მოპასუხე საწარმოს 06.01.12. ბრძანება #9-ის ასლი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ მოქალაქე ვ-–-------- ჭ------ს ნება დაერთო ,,ძ--–-----ის’’ სასაფლაოზე ეწარმოებინა ,,კროშის დაყრა და ქვის დადგმა’’. თუმცა სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, მხარის მიერ ამ ბრძანების დედანი წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, გაურკვეველია ვ-–-------- ჭ------ს პიროვნება, ასევე ვის საფლავზე უნდა ჩატარებულიყო ეს სამუშაოები, ან რა კავშირშია ნახაზზე აღნიშნულ რომელიმე პირთან: მ----; დ----–--, ქ--–------ი. მასში დ----–--ს საფლავის ზუსტი ზომებიც არაა მითითებული (იხ. ს/ფ 167), რაც შედარების შესაძლებლობას მოგვცემდა ნებართვა #3/162-ში მითითებულ და ფაქტიურად არსებულ საფლავის სიგანესთან.

 

3.1.10. სასამართლოს შეთავაზებაზე აუცილებელი გზის მოთხოვნასთან დაკავშირებით სათანადო მოპასუხედ მოსაზღვრე საფლავთა მფლობელების ჩართვის თაობაზე, მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა.

(იხ. 2018 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი, 16:08:00 სთ-დან 16:08:17 სთ-მდე).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან არ დადგინდა სადავო ბრძანების კანონშეუსაბამობა, ხოლო აუცილებელი გზის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხეთა ჩართვაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა, არ არსებობს მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი,-სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 85-ე, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

მოპასუხემ, მისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის, მიუთითა: - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებით დამტკიცებული ”ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ წესზე”;

- 2002 წლის 25-18-24-18 საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივ ბრძანებაზე #488-181/ნ-134-38-ს ,,საჯარო(სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’;

-1948 წლის 20 დეკემბრის საკავშირო სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის ,,საფლავის მოწყობის და დაკავების სანიტარული წესები’’.

 

6.2. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებით დამტკიცებული ”ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ წესი” (რომელშიც შეტანილია ცვლილებები 2017 წლის 29 მარტის ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, თუმცა სადავო პერიოდის გათვალისწინებით, სასამართლო იყენებს მის ძველ რედაქციას) განსაზღვრავს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესს (იხ. ამ ნორმატიული აქტის პირველი მუხლი). ამ წესის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით - საფლავი არის ცალკე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელზედაც განლაგდება ერთი ან რამდენიმე სამარე. ხოლო ,,თ’’ ქვეპუნქტის მიხედვით - ,,საოჯახო საფლავი არის დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხმობით, ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალავად; ”კ” ქვეპუნქტით განმარტებულია ”ჭირისუფლის” ცნება - გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით, სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიას და იხდის მომსახურების ხარჯებს. ,,ნ’’ ქვეპუნქტის მიხედვით საქალაქო სასაფლაოს მმართველი-თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას. ხოლო ,,ც’’ ქვეპუნქტის თანახმად-საფლავის პასპორტი არის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობასა და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასპურტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი.

 

,,ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესის’’ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილ უნდა იქნეს 2,5 კვ.მეტრამდე ფართობის ტერიტორია. მე-2 ქვეპუნქტით კი, საფლავებს შორის დაშორება უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0,5-დან 0,8 მეტრამდე, ხოლო მოკლე მხარეებს შორის არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-10 ქვეპუნტის თანახმად, საქალაქო სასაფლაოზე ადრე გაცემულ საფლავებზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე მმართველის მიერ.

 

ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 ქვეპუნტის მიხედვით, საქალაქო სასაფლაოს სტანდარტული საფლავი სამადგილიანი შეიძლება იყოს 9კვ.მ.

 

6.2. ანალოგიურ ზომებს ადგენს 1948 წლის 20 დეკემბრის საკავშირო სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის ,,საფლავის მოწყობის და დაკავების სანიტარული წესები’’ და 2002 წლის 25-18-24-18 საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება #488-181/ნ-134-38-ს ,,საჯარო(სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის) და კერძო საკუთრების სასაფლაოებზე მიწის გამოყენებისას (დაკავებისას) გარდაცვალების აქტის წინასწარი რეგისტრაციის აუცილებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ---–----- (გ---–----) დ----–-- საოჯახო საფლავს ფლობს 1948 წლიდან, რომელზეც 1997 წელს დაკრძალული იქნა მისი მეუღლე ჭ------ დ----–--, ხოლო 2011 წელს შვილი-ა----–--- დ----–--. მისი კეთილმოწყობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა შემოღობილი იყო ჯაჭვებით, ხოლო რკინის მესერით მოეწყო 2016 წლის ივლისში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საფლავი იმთავითვე სამსამარიანია, ქმნის რწმენას იმისათვის, რომ ჭ------ დ----–--ს და ა----–--- დ----–--ს სამარეთა მარცხნივ არსებული სამარე განკუთვნილია გ---–----- ფ--–-----დ----–--სათვის (იხ. ს.ფ.-). ამ გარემოებისა და აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ქ--------–- ტ------–---- 2---’’-ის გადაწყვეტილება (სადავო ბრძანება) და მასში დაფიქსირებული ზომები შესაბამისობაშია როგორც ძველ, ისე ახალ წესებთან.

 

6.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2012 წლის 06 იანვრის #9 ბრძანების ასლს, რომელშიც დ----–--ს საფლავის სიგრძედ მითითებულია 2 მეტრი, სასამართლო ვერ დაეყრდნობა, რადგან მოპასუხე მხარემ, სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, ამ დოკუმენტის დედანი ვერ წარმოადგინა, ამიტომ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაქკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არა არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

ვინაიდან მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა აუცილებელ გზასთან დაკავშირებით ხელშეშლის აღკვეთისა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სათანადო მოპასუხედ მომიჯნავე საფლავის მფლობელთა ჩართვაზე, სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, მას უარი უნდა ეთქვას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა და სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე არასწორად მიუთითა მოპასუხე მხარე, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

7. სასამართლო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”კ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. იგივე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 38-ე მუხლის ”ა”, ”ბ”, ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

აღნიშნული გარემოებებისა და ნორმების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ------ უ--–---ს (წარმომადგენელი ე-–--- გ--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მ------ უ--–---ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე