გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2018
საქმის ნომერი
330310018002276744
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/556-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ნ--- ჯ--------“;

წარმომადგენელი - ნ----- ქ------;

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

წარმომადგენელი - თამარ გ--------–---;

 

მოპასუხე - საქართველოს მთავრობა;

წარმომადგენელი - ზ---- თ-------–---–ი;

 

მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ---- კ------–-–---–ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 თებერვლის N4-- განკარგულება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N2--- განკარგულება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N2--- განკარგულება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობის მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა მის მიერ წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2017 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული იქნა NAT1-------0 ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკის) შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის ზოგად დახასიათებაში სხვა მახასიათებლებთან ერთად, მიეთითა ფერი - ღია ყავისფერი (Desert) ან კოიოტი ყავისფერი (Coyote Brown) ან საორიენტაციო მოდელის (ვიზუალის) ფერის შესაბამისი/მსგავსი, ფეხსაცმლის სარჩული, სარჩულის ბოჭკოვანი შემცველობა (ბადე ქსოვილი), 100% ნეილონი ან 100% პოლიესტერი.

 

NAT1-------0 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა რვა პრეტენდენტი: მოდელების სახლი მატერია, შპს ,,ნ--- ჯ--------“, შპს ,,S------”, შპს ,,თ-----“, შპს ,,ნ-----------“, A----- B--- LLC, N-------- F------- (S-------) Co., Ltd, შპს ,,პ---------- ი------“. აღნიშნული ტენდერი პრეტენდენტების მიერ გასაჩივრებული იქნა ხუთჯერ, რის გამოც 2017 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის 6 დეკემბერს სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება NAT1-------0 ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სატენდერო პროცედურებისთვის განსაზღვრული ვადების (დოკუმენტაციის დაზუსტება/განხილვა და ხელშეკრულების გაფორმება) გათვალისწინებით 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ვერ მოესწრებოდა ბათინკის შესყიდვა. ამდენად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება NAT1-------0 ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) საშუალებით ფეხსაცმელი (C------------: ბათინკების (C-----------) შესყიდვის სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N1 სხდომის ოქმი (ტ.2, ს.ფ. 115-132);

-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) საშუალებით ფეხსაცმელი (C------------: ბათინკების (C-----------) შესყიდვის სატენდერო კომისიის 2017 წლის 6 დეკემბრის N9 სხდომის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 222-226);

-ამონაწერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული ბაზიდან (ტ.1, ს.ფ. 190, 221)

 

4.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ NAT1-------0 ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შემდგომ აწარმოა ბაზრის კვლევა. კერძოდ, წერილებით მიმართა ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს, მათგან შემოთავაზებების მიღების მიზნით.

 

შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ 2017 წლის 11 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ მათ შეთავაზებას წარმოადგენდა წყვილი, შავი ფერის, ჩინური წარმოების მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკის) მიწოდება 155.79 ლარად, ხოლო 2017 წლის 14 დეკემბრის წერილით შეიცვალა საქონლის ღირებულება და შეთავაზებული იქნა პროდუქციის მიწოდება 122 ლარად.

 

პრეტენდენტებისაგან მიღებული პასუხების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეადგინა ფასების ცხრილი. ცხრილში სხვა კომპანიების შეთავაზებებთან ერთად მიეთითა Y-------- T------ VE D----ს (YDP) მიერ გაკეთებული შეთავაზება, რომლის თანახმად, ერთი წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის ღირებულება შეადგენდა 37 დოლარს, დღგ-ს გარეშე, დაზუსტებული მიწოდების ვადა - 4-6 კვირა, მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი/A.S. 30-320/YDS. ცხრილში ასევე მიეთითა შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ (N------ მიერ გაკეთებული შეთავაზება: ერთი წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის ღირებულება 122 ლარი, დღგ-ს გარეშე, დაზუსტებული მიწოდების ვადა - 15-17 დღე, მწარმოებელი ქვეყანა - ჩინეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-პრეტენდენტების შეთავაზებები (ტ.1, ს.ფ. 74-99);

-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილი ფასების ცხრილი (ტ.1, ს.ფ. 73);

 

4.3. 2017 წლის 08 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ N MOD 1------------ წერილით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს. წერილში მიუთითა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელების (ბათინკი) შესყიდვის მიზნით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული NAT1-------0 ტენდერი არაერთხელ გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, რამაც გამოიწვია აღნიშნული შესყიდვებისათვის განსაზღვრული ვადების გაჭიანურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვის პროცედურებისთვის განსაზღვრული ვადების (დოკუმენტაციის დაზუსტება/განხილვა, ნიმუშის წარმოდგენა/განხილვა, საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა/განხილვა და ხელშეკრულების გაფორმება) გათვალისწინებით, 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, მაღალყელიანი ფეხსაცმელების (ბათინკი) შესყიდვა სატენდერო პროცედურებით ვერ მოესწრებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება NAT1-------0 ტენდერის შეწყვეტის შესახებ. ამდენად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ეთხოვა შემდგომი რეაგირების განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 08 დეკემბრის N MOD 1------------ წერილი (ტ.1, ს.ფ. 128-129);

 

4.4 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა N MOD 4------------ წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. წერილში მიუთითა, რომ 2017 წლის შესყიდვის გეგმით გათვალისწინებული 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელების (უდაბნოსფერო) შეძენა ტენდერის საშუალებით ვერ მოხერხდა. ამჟამად პირად შემადგენლობაზე გაცემულ მაღალყელიან ფეხსაცმელებს ვადა ეწურება მიმდინარე წლის ბოლოს (საცავში არსებული ნაშთი შეადგენს 585 წყვილს). აღნიშნულიდან გამომდინარე, შტაბმა მიზანშეწონილად მიიჩნია უახლოეს პერიოდში შეძენილ იქნას 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა წერილში აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ექსპლუატაციის ვადა იზრდება 1 წლამდე, მნიშვნელოვანია შეძენილ იქნას მაღალი ხარისხის მაღალყელიანი ფეხსაცმელები (უდაბნოსფერი). ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ მათ მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. სამხედრო ქვედანაყოფების გამოკითხვების, მათი შეფასებებისა და ანალიზიდან გამომდინარე შტაბმა მიზანშეწონილად მიიჩნია თურქული წარმოების (Y-------- 30-320) მაღალყელიანი ფეხსაცმლის შეძენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ეთხოვა განეხილა ზემოაღნიშნული მაღალყელიანი ფეხსაცმელების შესყიდვის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 დეკემბრის N MOD 4------------ წერილი (ტ.1, ს.ფ. 130);

 

4.5. 2017 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა N MOD 5------------ მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და მოახსენა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) შესყიდვის მიზნით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული NAT1-------0 ტენდერი არაერთხელ გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, რამაც გამოიწვია აღნიშნული შესყიდვებისათვის განსაზღვრული ვადების გაჭიანურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვის პროცედურებისთვის განსაზღვრული ვადების (დოკუმენტაციის დაზუსტება/განხილვა, ნიმუშის წარმოდგენა/განხილვა, საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა/განხილვა და ხელშეკრულების გაფორმება) გათვალისწინებით, 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, მაღალყელიანი ფეხსაცმელების (ბათინკი) შესყიდვა სატენდერო პროცედურებით ვერ მოესწრებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება NAT1-------0 ტენდერის შეწყვეტის შესახებ.

 

მოხსენებით ბარათში ასევე მიეთითა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 დეკემბრის N1------ წერილით ირკვევა, რომ ამჟამად პირად შემადგენლობაზე გაცემულ მაღალყელიან ფეხსაცმელებს ვადა ეწურება მიმდინარე წლის ბოლოს (საცავში არსებული ნაშთი შეადგენს 585 წყვილს) და მიზანშეწონილია უახლოეს პერიოდში შეძენილი იქნას 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი. ასევე, ექსპლუატაციის ვადა იზრდება 1 წლამდე, ამიტომ მნიშვნელოვანია შეძენილ იქნას მაღალი ხარისხის მაღალყელიანი ფეხსაცმელი (უდაბნოსფერი). N1------ წერილში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იქნა ბაზრის კვლევა. მიწოდების ვადისა და მოთხოვნილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის გათვალისწინებით ყველაზე კარგი შემოთავასება წარმოადგინა Y-------- T------ VE D----მ, ერთეულის ფასით: 37 აშშ დოლარი, მიწოდების პორობით: 45-60 დღე C----------- რომელიც ამასთან არის ზემოხსენებული ფეხსაცმლის მწარმოებელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა გამოთქვა მზადყოფნა, სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში მიემართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფახსაცმლის შესყიდვის თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით, აღნიშნული საკითხის საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე გასატანად (განკარგულების პროექტის შესაბამისად).

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 დეკემბრის N MOD 5------------ მოხსენებით ბარათს თან ერთვოდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი და მისი განმარტებითი ბარათი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 დეკემბრის N MOD 5------------ მოხსენებითი ბარათი (ტ.1, ს.ფ. 131-132);

-,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ტ.1, ს.ფ.135);

-განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე (ტ.1, ს.ფ. 133-134);

 

4.6. 2017 წლის 26 დეკემბერს, შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ დირექტორმა წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და აცნობა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს მიმართა თავდაცვის მინისტრს და შეთავაზა 30 000 წყვილი ბათინკის (ფერი შავი, მთლიანი ტყავის ზედაპირით და ტყავის სარჩულით) უმოკლეს ვადებში მიწოდება. შეთავაზებაში ერთადერთი პრობლემა იყო ფერის თავსებადობა მისიებში მონაწილე ჯარისკაცებისთვის, რომლებიც უდაბნოსფერ ბათინკს ხმარობენ. შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ დირექტორი აღნიშნავს, რომ მათ მიერ შეთავაზებული ბათინკით არათუ უარესდებოდა NAT1-------0 ტენდერით დადგენილი პირობები, არამედ პირიქით, უმჯობესდებოდა, ვინაიდან შეთავაზებული საზედაპირე ტყავიც და სარჩულიც არის უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავი, ხოლო ძირი რეზინი. წერილში აღნიშნულია, რომ შპს ,,ნ--- ჯ--------მ“ შეთავაზებაზე მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ შეუსაბამობაში იყო NAT1-------0 ტენდერის მოთხოვნასთან ფერის გამო, თუმცა იგივე მიდგომა ვერ დაინახეს გენშტაბის მიერ კონკრეტულად მოთხოვნილ თურქული წარმოების Y-------- 30-320 ბათინკის მიმართ, რომელიც სერიულად იწარმოება სარჩულის გარეშე, შესაბამისად, აუარესებს NAT1-------0 ტენდერის პირობებს, რის მიხედვითაც მოთხოვნილი იყო, რომ შეთავაზებული მოდელი უნდა ყოფილიყო სერიული წარმოების და უნდა გააჩნდეს პოლიესტერის ან ნეილონის სარჩული.

 

შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ დირექტორი მიუთითებს, რომ Y-------- 30-320 მოდელი ხარისხით ძალზედ ჩამორჩება მათ მიერ შეთავაზებულ ბათინკს. საძირე მასალად გამოყენებულია არა რეზინი, არამედ თერმოპოლიურეთანი, რომელიც რბილია, სრიალებს, მსუბუქია, ადვილად კარგავს ფორმას, ვერ უძლებს მძიმე ამუნიციით ექსპლუატაციას და სხვა. ამდენად, პრეტენდენტმა მიიჩნია, რომ მათი შეთავაზება უკეთესი იყო ბიუჯეტის ეკონომიის, ხარისხის და ასევე მიწოდების ვადების თვალსაზრისით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ დირექტორის 2017 წლის 26 დეკემბრის წერილი (ტ.1, ს.ფ. 29-31);

 

4.7. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულის მეშვეობით წარდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს SMP1-------- მიმართვა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ. მიმართვის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა 22500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (C----------- - ფეხსაცმელი) შესყიდვა.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულებით, დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს SMP1-------- მიმართვა და შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად მიემართა საქართველოს მთავრობისთვის.

 

განკარგულებაში მიეთითა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, სატენდერო პროცედურების გამოყენებით ვერ მოახერხა შესყიდვის განხორციელება, რადგან მის მიერ მოცემული საქონლის შესყიდვისათვის გამოცხადებული NAT1-------0 ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 6 დეკემბერს შეწყვეტილ იქნა. ამასთან, ვინაიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 დეკემბრის MOD 4------------ წერილის თანახმად, მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვა უნდა მოხდეს შეზღუდულ ვადებში, მოცემული შესყიდვის განხორციელების მიზნით, შესყიდვის ობიექტის შესასყიდად შესყიდვის ელექტრონული პროცედურების გამოყენება, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისათვის საჭირო ვადებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესყიდვის ელექტრონული პროცედურების დაცვით განმეორებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, არსებობს რისკი იმისა, რომ შეზღუდულ ვადაში ვერ მოხდეს მითითებული შედეგის მიღება. ამასთან, სააგენტომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, აღნიშნული შესყიდვა განხორციელდეს მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში. ამდენად, სააგენტომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვის განხორციელების საჭიროება, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცა თანხმობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესყიდვების დასადგენად მიემართა საქართველოს მთავრობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 34-36);

 

4.8. 2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა N MOD 6------------ წერილით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და შემდგომი მსვლელობისათვის წარუდგინა ,,მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი.

 

საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა N2--- განკარგულება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგინდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) შესყიდვა, ღირებულებით 832 500 აშშ დოლარი, C---------- მიწოდების პირობით, ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის N MOD 6------------ წერილი (ტ.2, ს.ფ. 25);

-საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N2--- განკარგულება ,,მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“ (ტ.2, ს.ფ. 26-27);

 

4.9. 2018 წლის 24 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია ,,Y--------------------------------------t“ A.S.-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N5-, მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა 22 500 წყვილი, უდაბნოსფერი მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ბათინკი), რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 832 500 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 24 იანვრის N5- ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 102-112)

 

4.10. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 15 თებერვალს მიღებული იქნა განკარგულება N4--, რომლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულის მეშვეობით წარდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს SMP1-------- მიმართვა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულებით დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს SMP1-------- მიმართვა და შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად მიემართა საქართველოს მთავრობისთვის. SMP მოდულში SMP1-------- მიმართვასთან დაკავშირებით შპს ,,ნ--- ჯ--------სა“ და შპს ,,თ--------------------------“ მიერ წარდგენილი იქნა მოსაზრებები, რომლებიც არ ყოფილა განხილული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულების გამოცემისას.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 თებერვლის N4-- განკარგულებაში მიეთითა, რომ შპს ,,ნ--- ჯ--------სა“ და შპს ,,თ--------------------------“ მიერ წარდგენილი მოსაზრებები ეხებოდა მიმწოდებლის შერჩევისა და შესყიდვის ობიექტის ფასის განსაზღვრის საკითხებს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“, ასევე მისი დანართის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვაზე, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების აუცილებლობიდან, მსჯელობისას სააგენტო იხილავს საკითხს, ღონისძიების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათზე და იმ ფაქტზე, თუ რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, სააგენტოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენდა კონკრეტული მიმწოდებლის შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, შპს ,,ნ--- ჯ--------სა“ და შპს ,,თ--------------------------“ მოსაზრებების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულების გამოცემისას განხილვა, არ გამოიწვევდა საქმეზე სხვაგვარი შედეგის დადგომას. ამდენად, სააგენტომ ძალაში დატოვა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 თებერვლის N4-- განკარგულება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულების ძალაში დატოვების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 265-266);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- და 2018 წლის 15 თებერვლის N4-- განკარგულებები, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N2--- განკარგულება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს მთავრობა წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს და აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია: სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერი არის 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების (გარდა ამ პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული იქნა NAT1-------0 ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკის) შესყიდვის მიზნით.

 

7.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ NAT1-------0 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა რვა პრეტენდენტი: მოდელების სახლი მატერია, შპს ,,ნ--- ჯ--------“, შპს ,,S------”, შპს ,,თ-----“, შპს ,,ნ-----------“, A----- B--- LLC, N-------- F------- (S-------) Co., Ltd, შპს ,,პ---------- ი------“. აღნიშნული ტენდერი პრეტენდენტების მიერ გასაჩივრებული იქნა ხუთჯერ, რის გამოც 2017 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება NAT1-------0 ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სატენდერო პროცედურებისთვის განსაზღვრული ვადების (დოკუმენტაციის დაზუსტება/განხილვა და ხელშეკრულების გაფორმება) გათვალისწინებით 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ვერ მოესწრებოდა ბათინკის შესყიდვა. ამდენად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება NAT1-------0 ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) საშუალებით ფეხსაცმელი (C------------: ბათინკების (C-----------) შესყიდვის სატენდერო კომისიის 2017 წლის 6 დეკემბრის N9 სხდომის ოქმი არ გასაჩივრებულა და NAT1-------0 ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და იგი განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმების წესს, აგრეთვე გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, გამარტივებული შესყიდვა, კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრების ფარგლებში, შესაძლებელია: ა) 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.

 

მითითებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებამდე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეათანხმოს სააგენტოსთან, ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესაბამისად, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, თანამდებობის პირს ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებისა და მომართვის სააგენტოში წარდგენის შესახებ.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულის მეშვეობით წარდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს SMP1-------- მიმართვა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ. მიმართვის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა 22500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (C----------- - ფეხსაცმელი) შესყიდვა.

 

აღნიშნულ მიმართვას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 დეკემბრის N MOD 5------------ მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) შესყიდვის მიზნით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული NAT1-------0 ტენდერი არაერთხელ გასაჩივრდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, რამაც გამოიწვია აღნიშნული შესყიდვებისათვის განსაზღვრული ვადების გაჭიანურება, რის გამოც 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, მაღალყელიანი ფეხსაცმელების (ბათინკი) შესყიდვა სატენდერო პროცედურებით ვერ მოესწრებოდა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება NAT1-------0 ტენდერის შეწყვეტის შესახებ.

 

მოხსენებით ბარათში ასევე მიეთითა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 დეკემბრის N1------ წერილით ირკვეოდა, რომ ამჟამად პირად შემადგენლობაზე გაცემულ მაღალყელიან ფეხსაცმელებს ვადა ეწურება მიმდინარე წლის ბოლოს (საცავში არსებული ნაშთი შეადგენს 585 წყვილს) და მიზანშეწონილია უახლოეს პერიოდში შეძენილი იქნას 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი. ასევე, ექსპლუატაციის ვადა იზრდება 1 წლამდე, ამიტომ მნიშვნელოვანია შეძენილ იქნას მაღალი ხარისხის მაღალყელიანი ფეხსაცმელი (უდაბნოსფერი).სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იქნა ბაზრის კვლევა. მიწოდების ვადისა და მოთხოვნილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის გათვალისწინებით ყველაზე კარგი შემოთავაზება წარადგინა Y-------- T------ VE D----მ, ერთეულის ფასით: 37 აშშ დოლარი, მიწოდების პორობით: 45-60 დღე C----------- რომელიც ამასთან არის ზემოხსენებული ფეხსაცმლის მწარმოებელი.

 

სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი მომართვა ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, რის შედეგადაც, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ წარდგენილი მომართვა აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას ენიჭება სტატუსი „თანხმობა გაცემულია“.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულებით, დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს SMP1-------- მიმართვა და შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად მიემართა საქართველოს მთავრობისთვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სახეზე იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისცა თანხმობა მიემართა საქართველოს მთავრობისთვის, 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (C----------- - ფეხსაცმელი) გამარტივებული შესყიდვის წესით, შესყიდვის ჩატარების დასადგენად.

 

7.5. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა N MOD 6------------ წერილით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და შემდგომი მსვლელობისათვის წარუდგინა ,,მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი.

 

საქართველოს მთავრობამ სრულად გაიზიარა როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია და წარდგენილი პროექტის საფუძველზე მიიღო 2017 წლის 27 დეკემბრის N2--- განკარგულება. აღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, მთავრობამ დაადგინდა, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) შესყიდვა, ღირებულებით 832 500 აშშ დოლარი, C---------- მიწოდების პირობით, ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე და მესამე პირი ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკის) შესყიდვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი, პრეტენდენტების მიერ მისი ხუთჯერ გასაჩივრების გამო, 2017 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 დეკემბრის N MOD 4------------ წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ამჟამად პირად შემადგენლობაზე გაცემულ მაღალყელიან ფეხსაცმელებს ვადა ეწურება მიმდინარე წლის ბოლოს (საცავში არსებული ნაშთი შეადგენს 585 წყვილს). აღნიშნულიდან გამომდინარე, შტაბმა მიზანშეწონილად მიიჩნია უახლოეს პერიოდში შეძენილი ყოფილიყო 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპლუატაციის ვადა იზრდებოდა 1 წლამდე, მნიშვნელოვანი იყო შეძენილი ყოფილიყო მაღალი ხარისხის მაღალყელიანი ფეხსაცმელები (უდაბნოსფერი).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე გაცემულ მაღალყელიან ფეხსაცმელებს ექსპლუატაციის ვადა ეწურებოდათ 2017 წლის ბოლოს, საცავში არსებული ნაშთი შეადგენდა მხოლოდ 585 წყვილს და 2017 წლის 11 დეკემბერს ჯერ კიდევ არ იყო შესყიდული არცერთი ბათინკი, 2018 წლის 1 იანვრიდან კი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უნდა მომხდარიყო 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის გადაცემა. ამდენად, ცხადია 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ახალი ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, მისი დასრულება და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის საქონლის მიწოდება 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ვეღარ მოესწრებოდა, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე იყო გადაუდებელი აუცილებლობა და ამ საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით დაიწყო კანონით დადგენილი, შესაბამისი პროცედურების განხორციელება. კერძოდ, თავდაპირველად მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესყიდვების დასადგენად, საქართველოს მთავრობისთვის მიმართვაზე თანხმობის მისაღებად, ხოლო თანხმობის მიღების შემდგომ მიმართა საქართველოს მთავრობას, რომელმაც დაადგინა 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკის) გამარტივებული წესით შესყიდვა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება, გამარტივებული შესყიდვის წესით შეესყიდა მაღალყელიანი ფეხსაცმელები, ეფუძნებოდა მისგან დამოუკიდებელ, ობიექტურად შექმნილ გარემოებებს, რის გამოც სამინისტრო აღმოჩნდა გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე, სრულდებოდა 2017 წელი, სრულდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე გაცემული მაღალყელიანი ფეხსაცმელების ექსპლუატაციის ვადა, საცავში არსებული ნაშთი შეადგენდა მხოლოდ 585 წყვილს, სამინისტროს კი ახალი ბათინკები ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესყიდული. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს ელექტრონული ტენდერი გამოცხადებული იყო 44 000 წყვილ ფეხსაცმელზე, ხოლო გამარტივებული შესყიდვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა მხოლოდ 22 500 წყვილ ფეხსაცმელზე, ანუ იმ რაოდენობაზე, რაც კონკრეტულად იმ მომენტისთვის იყო საჭირო და მათი შეძენა წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, ხოლო დარჩენილ ოდენობაზე 2018 წელს, გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე უტყუარად დასტურდება, რომ გამარტივებული ტენდერის გამოცხადება გამოწვეული იყო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შექმნილი გადაუდებელი აუცილებლობით, რაც საფუძვლად დაედო სწორედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N2--- განკარგულების გამოცემას.

 

7.6. სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მომართვა საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ან სტუმრებს (თუ ისინი სისტემაში სტუმრის სტატუსით შესვლის შემდეგ, დამატებით გაივლიან ავტორიზაციას Facebook-ის ანგარიშის მეშვეობით) აქვთ შესაძლებლობა, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, წარადგინონ მოსაზრება შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას აგრეთვე იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე დაინტერესებული პირების მიერ გამოხატულ მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ მიერ SMP მოდულში SMP1-------- მიმართვასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა მოსაზრება, რომლებიც არ ყოფილა განხილული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულების მიღებისას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 15 თებერვალს მიღებული იქნა N4-- განკარგულება.

 

განკარგულებაში მიეთითა, რომ შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ მიერ წარდგენილი მოსაზრება ეხებოდა მიმწოდებლის შერჩევისა და შესყიდვის ობიექტის ფასის განსაზღვრის საკითხებს. ამასთან აღინიშნა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვაზე, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების აუცილებლობიდან, მსჯელობისას სააგენტო იხილავს საკითხს, ღონისძიების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათზე და იმ ფაქტზე, თუ რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი. ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, სააგენტოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენდა კონკრეტული მიმწოდებლის შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ მოსაზრების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულების გამოცემისას განხილვა, არ გამოიწვევდა საქმეზე სხვაგვარი შედეგის დადგომას. ამდენად, სააგენტომ ძალაში დატოვა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებითად არ ყოფილა განხილული შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ 2017 წლის 26 დეკემბრის წერილი, ვინაიდან წერილებში დაყენებულ საკითხებს შემხებლობა არ ჰქონდათ სააგენტოს მიერ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ, თანხმობის გაცემის საკითხთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პოზიციას და განმარტავს, რომ შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ 2017 წლის 26 დეკემბრის წერილში მითითებული გარემოებები, სადაც პრეტენდენტი აცხადებდა, რომ მის მიერ გაკეთებული შეთავაზებები აუმჯობესებდა ტენდერის პირობებს და სჯობდა თურქული კომპანია Y-------- T------ VE D----ს შეთავაზებას, ვერ ჩაითვლებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ, საქართველოს მთავრობისთვის მიმართვაზე, თანხმობის გაცემის საკითხზე გამოხატულ მოსაზრებად. სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 26 დეკემბრის წერილში შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ დირექტორები არ აფიქსირებდნენ პოზიციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის თანხმობის გაცემის საკითხზე. ისინი მხოლოდ მიუთითებდნენ, რომ უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მათთვის გაუგებარი იყო რატომ სურდა სამინისტროს თურქული წარმოების, უსარჩულო ბათინკების შესყიდვა, მაშინ როცა ჯერ გადაწყვეტილიც არ იყო შეძლებდა თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელებას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განხილვის საგანს სწორედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ, საქართველოს მთავრობისთვის მიმართვაზე თანხმობის გაცემა და არა, შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ შეთავაზების განხილვა წარმოადგენდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულების გამოცემისას შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ 2017 წლის 26 დეკემბრის წერილის განხილვა არ გამოიწვევდა სააგენტოს მიერ სხვა შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას, რის გამოც არ არსებობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 თებერვლის N4-- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.7. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში სადავოდ არის გამხდარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 თებერვლის N4-- განკარგულება და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N2--- განკარგულება.

 

აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მიეცა თანხმობა გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიემართა საქართველოს მთავრობისთვის, ხოლო თავის მხრივ საქართველოს მთავრობამ დაადგინა გამარტივებული შესყიდვა. ამდენად, შემსყიდველ ორგანიზაციას როგორც სააგენტომ, ასევე მთავრობამ მისცა უფლება გამარტივებული შესყიდვის წესით შეეძინა საქონელი, რომლის შესყიდვაც ჩვეულებრივ პირობებში ელექტრონული ტენდერის გამოცხადების გზით უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს არსებითად საფუძვლად დაედო ორივე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ სახეზე იყო შესყიდვის განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა და შესყიდვა მიზნად ისახავდა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 თებერვლის N4-- განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N2--- განკარგულების ბათილად ცნობა, თუმცა მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს რატომ არის ამ აქტებით დადგენილი გადაწყვეტილებები უკანონო და რატომ უნდა იქნეს ისინი ბათილად ცნობილი. შპს ,,ნ--- ჯ--------ს“, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ და შესაბამისად, მოცემული სარჩელის ფარგლებში არსებითად სადავო საკითხზე - არსებობდა თუ არა გამარტივებული შესყიდვის განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა და შესყიდვა მიზნად ისახავდა თუ არა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებას, არც არგუმენტაცია და არც პოზიცია არ გააჩნია. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული 2017 წლის 6 დეკემბრის N9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ, ესე იგი შპს ,,ნ--- ჯ--------“ დაეთანხმა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის აპელირებებს იმ გარემოებებზე, რომ გამარტივებული შესყიდვით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერის პირობების დარღვევით (აუცილებელი პირობა იყო, რომ ბათინკს ქონოდა სარჩული და შეძენილი იქნა უსარჩულო ბათინკი) და თანაც მაღალ ფასად შეისყიდა 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ბათინკი), არანაირი შემხებლობა არა აქვს მოცემული სარჩელის ფარგლებში განსახილველ დავის საგანთან. ის გარემოება, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ არ მოიწონა შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ შეთავაზება და ხელშეკრულება გააფორმა თურქულ კომპანია Y-------- T------ VE D----სთან, არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ, თანხმობის მიცემის თაობაზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე თავად განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელის მიზანს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სხვა ტენდერებში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პრევენცია წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ, სარჩელში დაფიქსირებული და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული კომპანია Y-------- T------ VE D----სგან მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკის) შესყიდვას, თუმცა აღნიშნული შესყიდვის შესახებ მხარეებს შორის 2018 წლის 24 იანვარს დადებული N5- ხელშეკრულება, მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ მიერ წარმოდგენილი სარჩელის დავის საგანს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- და 2018 წლის 15 თებერვლის N4-- განკარგულებების, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N2--- განკარგულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7.8. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობების მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ნ--- ჯ--------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე