გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210118002472089
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15928-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს „ბლ---------რ“

წარმომადგენელი - თე----------------–-ა

 

მოპასუხე - სს „ენ----------------------ა“

წარმომადგენელი - შა-–------------ე

 

დავის საგანი - დეპოზიტის დარიცხვის გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „ენ----------------------ას“ დაევალოს - 2018 წლის 22 მაისის №22----- წერილობითი შეტყობინებით შპს „ბლ---------რისაგან“ მოთხოვნილი 3 039 932 ლარის ოდენობის დეპოზიტის დარიცხვისა და გადახდევინების გარეშე, განახორციელოს და ამ საფუძვლით არ შეწყვიტოს შპს „ბლ---------რისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 23 ოქტომბრის განაცხადით, მოსარჩელე შპს „ბლ---------რ“, რომლის იმჟამინდელი სახელწოდება იყო შპს „–--“ დარეგისტრირდა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის - სს „ენ----------------------ას“ მომხმარებლად (აბონენტად) 11 მგვტ სიმძლავრითა და ელექტროენერგიის არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) დანიშნულებით გამოსაყენებლად.

 

ელექტროენერგიის მოხმარება მოსარჩელემ დაიწყო 2017 წლის ნოემბრის თვიდან და 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით მოხმარებულმა, მოსარჩელის მიერ სრულად და წინასწარ ანაზღაურებულმა ელექტროენერგიის ღირებულებამ მთლიანობაში შეადგინა 7 459 754.54 ლარი. კერძოდ:

 

2017 წლის ნოემბრის თვე - 947 73.33 ლარი;

2017 წლის დეკემბრის თვე - 1 178 058.71 ლარი;

2018 წლის იანვრის თვე - 1 351 527.34 ლარი;

2018 წლის თებერვლის თვე - 1 176 192.48 ლარი;

2018 წლის მარტის თვე - 1 304 763.58 ლარი;

2018 წლის აპრილის თვე - 1 501 439.10 ლარი;

 

2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდში დარიცხული ელექტროენერგიის ღირებულება მოსარჩელემ გადაიხადა წინსწრებით, კალენდარული თვის დასრულებამდე, მოპასუხისაგან გამოგზავნილი საპროგნოზე მაჩვენებლის შესაბამისად. იმავე რეჟიმში იწარმოა გადახდებმა 2018 წლის მაისის თვეზეც.

 

2018 წლის მაისში მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო 2018 წლის 22 მაისით დათარიღებული წერილობითი შეტყობინება №22------, რომლითაც მოპასუხემ უკანონოდ, უფლების ბოროტად გამოყენებით, დაარიცხა და მოსთხოვა მოსარჩელეს 30.05.2018წ.-მდე 3 039 932 ლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა, რომლის შეუსრულებლობა ფორმალურად ანიჭებდა მოპასუხეს უფლებას შეეწყვიტა მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის მიწოდება.

 

დეპოზიტის დარიცხვისა და მისი გადახდის მოთხოვნის საფუძვლად, მოპასუხემ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-10 მუხლზე (დროებით სარგებლობის ქონებაზე მომხმარებლად რეგისტრაციის გამო), რომლის გამოყენება აშკარად ემსახურება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას და იმავდროულად ფორმალური თვალსაზრისითაც არ იძლევა მოთხოვნილი ოდენობით დეპოზიტის გადახდევინების უფლებას.

 

მოპასუხის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებასა და უკანონობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ:

1. მომხმარებლად რეგისტრაციიდან მოყოლებული დეპოზიტის დარიცხვამდე პერიოდში არათუ დავალიანებას არ ჰქონია ადგილი, არამედ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმოებდა წინსწრებით, მიუხედავად ასეთი ვალდებულების არ არსებობისა;

2. რეგისტრაციის მომენტიდან დეპოზიტის დარიცხვის შეტყობინებამდე, კომუნიკაციის არაერთი საშუალებით მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისათვის დეპოზიტის დარიცხვის აუცილებლობა და საჭიროება;

3. მოპასუხეს არ უცდია მოსარჩელის მიერ წინსწრებით წარმოებული ანგარიშსწორებისათვის სავალდებულო ხასიათის მიცემა, რაზეც გადახდების წარმოებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ისედაც გამოხატავდა ნებას და შესაბამისად შესაძლო გადაუხდელი დავალიანება, რომლის დეპოზიტით უზრუნველყოფასაც ითხოვს მოპასუხე, პრაქტიკულად ვერ იარსებებდა;

4. დეპოზიტის სახით მოპასუხის მიერ დარიცხული და მოთხოვნილი თანხა პრაქტიკულად 3-ჯერ აღემატება სემეკის ზემოთ მითითებული დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტებით გათვალისწინებულ ოდენობას;

5. დეპოზიტის გადასახდელად მხარე არარეალურ ვადას აწესებს;

6. სახეზე არაა მოპასუხის უპირატესი ინტერესი და/ან გადაუდებლობა, რომელიც გაამართლებდა დეპოზიტის საჭიროებას;

7. ემსახურება სხვა მიზნების მიღწევას, სხვა გარიგების თავზე მოხვევას.

 

2018 წლის 17 აპრილს მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა ახალი შეთანხმების დადება, რომლითაც მოსარჩელე 2019 წლის 01 იანვრიდან ავტომატურად უნდა გამხდარიყო კვალიფიციური საწარმო. ხოლო, მოპასუხე სანაცვლოდ კისრულობდა ვალდებულებას 2019 წლის 01 იანვრიდან ძველი ტარიფებით მიეწოდებინა მოსარჩელისათვის ელექტროენერგია დეპოზიტის დარიცხვისა და მოთხოვნის გარეშე. სწორედ ამ შეთანხმების დადებაზე უარის თქმას მოჰყვა შედეგობრივად მოპასუხის უკანონო გადაწყვეტილება დეპოზიტის დარიცხვის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის განმარტება სს „ენ----------------------ას“ მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე მოკლებულია ყველანაირ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია სადავო გახდეს მხოლოდ დეპოზიტის ოდენობა, ხოლო რაც შეეხება დეპოზიტის დარიცხვას „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ სემეკის 18.09.2008წ. №20 დადგენილების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებს განაწილების ლიცენზიატის უფლებას - პირს, რომელიც დროებით სარგებლობს ქონებით, სადაც აბონენტად არის რეგისტრირებული, მოსთხოვოს იჯარის დეპოზიტის გადახდა და ამ გზით ერთგვარად დაიზღვიოს თავი სააბონენტო დავალიანების წარმოქმნისაგან. შესაძლებელია აბონენტი არსებული მდგომარეობით, სისტემატურად და წინსწრებით იხდიდეს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, თუმცა არავინ იცის რა მოხდება მომავალში. მით უფრო, როცა საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ მომხმარებელთან და მოსარჩელის საშუალო თვიური ხარჯი აღემატება 1 300 000 ლარს. რისკების დაზღვევა, რა თქმა უნდა, შედის ენერგოკომპანიის ინტერესებში და მას ამის სამართლებრივ საფუძველს აძლევს მოქმედი ნორმატიული აქტის ზემოთ ხსენებული დანაწესი. სხვა შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი სრულიად დაუცველია დავალიანების წარმოქმნის რისკისაგან, ვინაიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორება ხდება მას შემდეგ, რაც აბონენტი ფაქტობრივად მოიხმარს ელექტროენერგიის ღირებულებას. ხოლო, აბონენტი იჯარითაა შესული ფართში და არ გააჩნია უძრავი ქონება აბონირების ადგილას, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დავალიანების გადახდევინების მიქცევა. მით უფრო, როცა საუბარია თვეში მილიონნახევრიან მოხმარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ უფლების გამოყენება არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ენერგოკომპანიის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებად.

 

რაც შეეხება უშუალოდ დეპოზიტის თანხის ოდენობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სს „ენ----------------------ამ“ გაითვალისწინა აბონენტის სპეციფიკურობა, მოხმარების დიდი რაოდენობა და ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დავალიანების დარიცხვიდან მისი გადახდის ბოლო ვადამდე არის დაახლოებით 20 დღე - წაკითხვა ხდება თვის პირველ რიცხვებში, დარიცხვა წაკითხვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ასევე დრო სჭირდება ინფორმაციის აბონენტამდე მიტანას (ქვითრის, ანგარიშ-ფაქტურის სახით) და ბოლოს დარიცხული თანხის გადახდისათვის აბონენტს აქვს მინიმუმ ორ კვირიანი ვადა. შესაბამისად, რეალურად გამოდის, რომ სანამ მიმდინარე დავალიანებას დაფარავს, აბონენტს კიდევ მინიმუმ 20 დღე მაინც მიეწოდება ელექტროენერგია და თუ ის ვერ შეძლებს მიმდინარე დავალიანების დაფარვას დადგენილ ვადაში, ამ დავალიანებას ასევე დაემატება იმ 20 დღის ხარჯიც, რომლის განმავლობაშიც აბონენტს ელექტროენერგია მიეწოდებოდა. ანუ, ჯამურად თითქმის 50 დღიანი ელექტროენერგიის მომხმარება გამოდის, რაც, რა თქმა უნდა, საშუალო თვიური თანხის იდენტური ვერ იქნება. სწორედ ამ გათვლებით იყო განპირობებული იჯარის დეპოზიტის დაანგარიშება იმ ოდენობით, რაც წერილობით მიეწოდა მოსარჩელეს და რაც მოპასუხის მოსაზრებით, სამართლიანი და რეალობის სრულად შესატყვისია. მილიონობით ლარის ელ.ენერგიის საფასურს ყველა ჩვეულებრივი აბონენტი არ იხდის. სწორედ აქედან გამომდინარე, ენერგოკომპანიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული აბონენტის მხრიდან „ვალის დატოვების“ რისკები.

 

დეპოზიტის დარიცხვა არის განაწილების ლიცენზიატის უფლება და როცა ენერგოკომპანიამ ჩათვალა საჭიროდ, რომ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული ქმედება, სწორედ მაშინ შეატყობინა აბონენტსაც. კონკრეტულ შემთხვევაში, ენერგოკომპანია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ სემეკის 18.09.2008წ. №20 დადგენილების მე-10 მუხლის მე-21 პუნქტის გათვალისწინებით, დაელოდა 6 თვის გასვლას და ამავე მუხლთან შესაბამისობით დაიანგარიშა დეპოზიტის ოდენობა.

 

საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ ითვალისწინებს დანაწესს (მუხლი 49, მე-111), რომ მომხმარებელი, რომლის საშუალო თვიური მოხმარება აჭარბებს 15 მილიონ კილოვატსაათს, ავტომატურად ჩაითვლება პირდაპირ მომხმარებლად და უნდა მოხდეს მისი რეგისტრაცია კვალიფიციურ საწარმოდ. ენერგოკომპანიის მხრიდან, მას შემდეგ რაც განხორციელდა აბონენტის მოხმარების ანალიზი, მის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის (11 მგვტ) გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობდა იმის შანსი, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ აბონენტი ისედაც გამხდარიყო პირდაპირი მომხმარებელი, შეთავაზებულ იქნა შეთანხმების გაფორმება, რათა კონკრეტული თარიღიდან (01.01.2019წ.) აბონენტი დარეგისტრირებულიყო კვალიფიციურ საწარმოდ და როგორც პირდაპირ მომხმარებელს განეხორციელებინა ელექტროენერგიის შესყიდვა განაწილების ლიცენზიატისაგან დამოუკიდებლად. ასეთი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, კვალიფიციურ საწარმოზე მე-20 დადგენილების მე-10 პუნქტის მოთხოვნები ვეღარ გავრცელდებოდა. აღნიშნული წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ შეთავაზებას აბონენტისათვის და არ გამორიცხავდა ენერგოკომპანიის უფლებას, აბონენტის კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციამდე დაერიცხა მასზე იჯარის დეპოზიტი. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს მეტ ნაკლებად დროში დაემთხვა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია მოსარჩელის განმარტება ენერგოკომპანიის მიერ მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული უფლების შეგნებულად, აბონენტის საზიანოდ და მათზე იძულების მექანიზმად გამოყენების თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ 2017 წლის 23 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, შპს „–--“ (ამჟამინდელი სახელწოდება შპს „ბლ---------რ“) დარეგისტრირდა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის - სს „ენ----------------------ას“ მომხმარებლად (აბონენტად) - №13--------- 11მგვტ სიმძლავრითა და ელექტროენერგიის არასაყოფაცხოვრებო მიზნით გამოსაყენებლად.

 

უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს „–--“ სს „ენ----------------------ას“ აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.10.2017წ. განაცხადი (იხ. ს.ფ. 33-35);

- აბონენტის ბარათი (იხ. 06.12.2018წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. შპს „–--“-მ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და დღეის მდგომარეობით მისი სახელწოდებაა შპს „ბლ---------რ“ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 19-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. შპს „ბლ---------რის“ მიერ სრულად და წინსწრებით იქნა გადახდილი 2017 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. კერძოდ:

 

2017 წლის ნოემბრის თვეში - 947 73.33 ლარი;

2017 წლის დეკემბრის თვეში - 1 178 058.71 ლარი;

2018 წლის იანვრის თვეში - 1 351 527.34 ლარი;

2018 წლის თებერვლის თვეში - 1 176 192.48 ლარი;

2018 წლის მარტის თვეში - 1 304 763.58 ლარი;

2018 წლის აპრილის თვეში - 1 501 439.10 ლარი;

 

აღნიშნულ პერიოდში შპს „ბლ---------რმა“ სს „ენ----------------------ას“ ელექტროენერგიის ღირებულების სახით, წინსწრებით გადაუხადა ჯამში - 7 459 754.54 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ. 36-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.4. სს „ენ----------------------ამ“ 2018 წლის 22 მაისის №22----- წერილით შპს „ბლ---------რს“ აცნობა, რომ ვინაიდან შპს „ბლ---------რი“ აბონენტად რეგისტრირებული იყო დროებით მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის თანახმად, 2018 წლის 30 მაისამდე დეპოზიტზე უნდა განეთავსებინა 3 039 932 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „ენ----------------------ას“ 22.05.2018წ. წერილი (იხ. ს.ფ. 49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. აბონენტის ბარათის თანახმად, შპს „ბლ---------რს“ 2018 წლის 06 დეკემბრის მდგომარეობით, სს „ენ----------------------ას“ მიმართ ერიცხება დავალიანება 6 495 332.09 ლარის ოდენობით, საიდანაც 3 039 932 ლარი არის შპს „ბლ---------რის“ მიმართ დარიცხული იჯარის დეპოზიტი, ხოლო დარჩენილი თანხის ოდენობა, კი წარმოადგენს შპს „ბლ---------რის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელ დავალიანებას.

 

დავალიანების გადაუხდელობის გამო, 2018 წლის 21 ნოემბერს შპს „ბლ---------რს“ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:აღნიშნული

- აბონენტის ბარათი (იხ. 06.12.2018წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ბლ---------რის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3, მე-10 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში „სემეკ“) 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კი განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

 

ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ აბონენტი/მომხმარებელი წარმოადგენს მყიდველს, რომელიც განაწილების ლიცენზიანტთან - გამყიდველთან დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას.

 

სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირის მიერ უძრავ ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ბლ---------რ“ წარმოადგენს სს „ენ----------------------ას“ აბონენტს №13--------. შესაბამისად, იგი მოიხმარს/შეისყიდის ელექტროენერგიას და სანაცვლოდ ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი ღირებულება. ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს „ბლ---------რ“ სს „ენ----------------------ას“ აბონენტად რეგისტრირებულია დროებით მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

 

6.2. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში განსახილველ საკითხს წარმოადგენს იყო თუ არა სს „ენ----------------------ა“ უფლებამოსილი შპს „ბლ---------რისათვის“, როგორც დროებით მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე აბონენტად რეგისტირებული პირისათვის, დაერიცხა დეპოზიტი 3 039 932 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ: ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას.

 

სს „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ 2018 წლის 22 მაისის წერილით შპს „ბლ---------რს“ აცნობა, რომ ვინაიდან შპს „ბლ---------რი“ აბონენტად რეგისტრირებული იყო დროებით მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის თანახმად, 2018 წლის 30 მაისამდე დეპოზიტზე უნდა განეთავსებინა 3 039 932 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ დასახელებული მუხლის შესაბამისად, დეპოზიტის დარიცხვა წარმოადგენს ლიცენზიატის უფლებამოსილებას. დეპოზიტის დასარიცხად სავალდებულო არაა მომხმარებელთან რაიმე წერილობითი შეთანხმების გაფორმება. ამასთან, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების შესაბამისად, ლიცენზიატი უფლებამოსილია დეპოზიტი მომხმარებელს დაარიცხოს, როგორც აბონენტად რეგისტრაციისას, ასევე შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ენ----------------------ას“ ჰქონდა უფლება შპს „ბლ---------რისათვის“, როგორც დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრირებული აბონენტისათვის, დაერიცხა დეპოზიტი დავალიანების გადაუხდელობის ან/და დროულად გადაუხდელობის შემთხვევის უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია სს „ენ----------------------ას“ მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენებას. მისი ქმედება იყო მართლზომიერი და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მისი ეს ქმედება მიზნად ისახავდა მხოლოდ მოპასუხის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას და არ ემსახურებოდა საკუთარი უფლების დაცვას ან აღდგენას.

 

რაც შეეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით, მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სს „ენ----------------------ას“ მხრიდან ადგილი ჰქონდა შპს „ბლ---------რის“ მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას, სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველ რიგში შპს „ბლ---------რის“ მიერ ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის სიმძლავრისა და რაოდენობის გათვალისწინებით. ასევე, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ დეპოზიტის დარიცხვის უფლებამოსილებას მოპასუხეს შესაბამისი ნორმატიული აქტი ანიჭებდა და სახეზე იყო მისი გამოყენების ყველა წინაპირობა.

 

მნიშვნელოვანია, ასევე ის გარემოებაც, რომ საქმის არსებითად განხილვის დროისთვის შპს „ბლ---------რს“ სს „ენ----------------------ას“ მიმართ ერიცხება მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელი დავალიანება, რაც საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბარათის თანახმად, შეადგენს 3 455 400.09 ლარს და რის გამოც, აბონენტს 2018 წლის 21 ნოემბერს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნული გარემოება სასამართლოს კიდევ ერთხელ უქმნის იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ სახეზე იყო სს „ენ----------------------ას“ მხრიდან დეპოზიტის დარიცხვის უფლებამოსილების გამოყენების საჭიროება.

 

თუმცა, ამის მიუხედავად მნიშვნელოვანია განისაზღვროს იყო თუ არა სს „ენ----------------------ა“ უფლებამოსილი მოსარჩელისათვის დაერიცხა დეპოზიტი სწორედ - 3 039 932 ლარის ოდენობით.

 

6.3. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-10 მუხლის მე-2 და მე-21 ნაწილების თანახმად, დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში - ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე მეტი (ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის გაანგარიშების პერიოდის დადგომამდე). აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგიის მოხმარების დაწყებიდან 6 თვის ვადაში გადაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის საშუალო მოხმარების მიხედვით.

 

დადგენილია, რომ სს „ენ----------------------ამ“ შპს „ბლ---------რს“ დაარიცხა დეპოზიტი 3 039 932 ლარის ოდენობით. დადგენილია, ასევე, რომ შპს „ბლ---------რმა“2017 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით მოიხმარა შემდეგი ღირებულების ელექტროენერგია:

2017 წლის ნოემბრის თვეში - 947 73.33 ლარი;

2017 წლის დეკემბრის თვეში - 1 178 058.71 ლარი;

2018 წლის იანვრის თვეში - 1 351 527.34 ლარი;

2018 წლის თებერვლის თვეში - 1 176 192.48 ლარი;

2018 წლის მარტის თვეში - 1 304 763.58 ლარი;

2018 წლის აპრილის თვეში - 1 501 439.10 ლარი;

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შპს „ბლ---------რს“ პირველად დაერიცხა 2017 წლის ნოემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება, თუმცა აღნიშნული დარიცხვა წარმოადგენდა არა ნოემბრის თვის სრული საანგარიშო პერიოდის, არამედ მხოლოდ 8 დღის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას. ამის შემდგომ განხორციელდა 2017 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დარიცხვა - 1 178 058.71 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ვინაიდან სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში - დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე მეტი. ხოლო, 2017 წლის ნოემბრის თვეში მოსარჩელის მიერ მხოლოდ 8 დღის განმავლობაში მოხდა ელექტროენერგიის მოხმარება, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილების მე-10 მუხლის მიზნებისათვის, პირველ საანგარიშო პერიოდად განსაზღვრული უნდა ყოფილიყო 2017 წლის დეკემბერი. აქედან გამომდინარე, კი სს „ენ----------------------ა“ უფლებამოსილი იყო შპს „ბლ---------რისათვის“ დაერიცხა დეპოზიტი არაუმეტეს 1 178 058.71 ლარისა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სს „ენ----------------------ამ“ შპს „ბლ---------რს“ დაარიცხა დეპოზიტი 3 039 932 ლარის ოდენობით, რაც ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნული დადგენილების მოთხოვნებს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-10 მუხლის მე-21 ნაწილზე, სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, როდესაც მომხარებელს დეპოზიტი ერთხელ უკვე დარიცხული აქვს და გარკვეული პერიოდის შემდგომ უნდა მოხდეს მისი ხელახლა გადაანგარიშება ელექტროენერგიის მოხმარების ახალი მონაცემების შესაბამისად (მოხმარების დაწყებიდან 6 თვის ვადაში გადაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის საშუალო მოხმარების მიხედვით). აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კი მოცემულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ პირველად მოხდა მოხმარებლისათვის დეპოზიტის დარიცხვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბლ---------რის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სს „ენ----------------------ას“ უნდა დაევალოს - 2018 წლის 22 მაისის №22------ წერილობითი შეტყობინებით შპს „ბლ---------რისაგან“ მოთხოვნილი 3 039 932 ლარის ოდენობის დეპოზიტის დარიცხვისა და გადახდევინების გარეშე, განახორციელოს და ამ საფუძვლით არ შეწყვიტოს შპს „ბლ---------რისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე სს „ენ----------------------ას“ მოსარჩელე შპს „ბლ---------რის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 5000 ლარის გადახდა. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით, შპს ,,ბლ---------რის'' შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სს ,,ენ----------------------ას'' აეკრძალა ელექტროენერგიით შპს ,,ბლ---------რის'' მომარაგების შეწყვეტა, ამ უკანასკნელის მიერ მოპასუხის დეპოზიტზე თანხის (3 039 932 ლარის ოდენობით) დარიცხვისა და გადახდევინების მოთხოვნის შეუსრულებლობის საფუძვლით (სს ,,ენ----------------------ამ'' უწყვეტ რეჟიმში უნდა უზრუნველყოს მოსარჩელის მომარაგება ელექტროენერგიით დავის დასრულებამდე).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ბლ---------რის“ სარჩელი სს „ენ----------------------ას“ მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. სს „ენ----------------------ას“ დაევალოს - 2018 წლის 22 მაისის №22----- წერილობითი შეტყობინებით შპს „ბლ---------რისაგან“ მოთხოვნილი 3 039 932 ლარის ოდენობის დეპოზიტის დარიცხვისა და გადახდევინების გარეშე, განახორციელოს და ამ საფუძვლით არ შეწყვიტოს შპს „ბლ---------რისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდება.

2. სს „ენ----------------------ას“ მოსარჩელე შპს „ბლ---------რის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 5000 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე