გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
190310018002670851
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-314-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28.12.2018 წელი ქ.რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - აჟ----------------ი

წარმომადგენელი - ვა----------–----ე, მა---------------ი

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - ნე---------------ე

 

მესამე პირი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ლი------------–ი

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ქე-----------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8------------23 (31.07.2018) გადაწყვეტილება;

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №3----- გადაწყვეტილება;

 

1.3 დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც განხორციელდება აჟ----------------ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3.2. მესამე პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კომისიაში განსახილველად გადაგზავნილი მიწის ნაკვეთი არ შეესაბამებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც კომისიის მიერ საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილი აჟ----------------ის განცხადება დარჩა განუხილველი.

 

4.1 დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1 2016 წლის 22 იანვარს აჟ----------------მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა სარეგისტრაციო განცხადება N8----------- და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე ქ. რ----------------------–---------–--–- მიწის ნაკვეთი N1---. წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა 27.08.2015წლის N1/2390 საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქე გ---------ს მცხოვრებს მე-2--------------ში, ქ--–-----–---------–--–ში გამოეყო მიწის ნაკვეთი N1---. აღნიშნული საარქივო ცნობის თანახმად, დოკუმენტაციაში გ---------ის სახელი არ არის მითითებული, ხოლო გვარი და მისამართი ჩაწერილია ფანქრით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ს.ფ 334-339)

 

4.1.2 2016 წლის 28 იანვარს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8-----------03 გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ წარდგენილ საარქივო ცნობაში ფიქსირდებოდა მხოლოდ გვარი, შესაბამისად მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 02.03.2016 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი №8-----------03 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №8-----------03 (28.01.2016) გადაწყვეტილება (ს.ფ 289)

- N8------------06 (02.03.2016) გადაწყვეტილება (ს.ფ 295 )

 

4.1.3. 2017 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა სარეგისტრაციო განცხადება N8----------- და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე ქ. რ----------------------–---------–--–- მიწის ნაკვეთი N1---.

სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული იყო - ააიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 30.03.2016 წლის N1/448 და 31.03.2016 წლის N1/449 საარქივო ცნობები, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 14.06.2017 წლის N2-1266-16 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მუნიციპალურ არქივში დაცული მოსახლეობისათვის გამოყოფილი მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტების რეგისტრაციის ჟურნალის ამონაწერში, მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ აქტის ჩანაწერის, საარქივო დოკუმენტაციაში არსებული ქალაქის შესასვლელში მიწის ნაკვეთის განაწილების სიებში, მითითებული მიწის ნაკვეთი N1--- შესახებ ჩანაწერის - აჟ----------------ისადმი კუთვნილების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N8----------- განცხადება (25.07.2017) (ს.ფ 175-200)

 

4.1.4 2017 წლის 31 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა N8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ სარეგისტრაციო N8----------- განცხადებაზე წარდგენილი არ იყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის თანხმობის შემთხვევაში დოკუმენტაცია გადაიგზავნებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში განსახილველად. მოსარჩელეს მიერ თანხმობის წარუდგენლობის გამო მიღებულ იქნა N8------------04 (05.09.2017) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N8------------03 გადაწყვეტილება (31.07.2017) (ს.ფ 221);

- N8------------04 გადაწყვეტილება (05.09.2017) (ს.ფ 202);

 

4.1.5 აჟ----------------ის მიერ 05.10.2017 წელს სააგენტოში წარდგენილი იქნა N5-------- ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა N8------------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. 2017 წლის 31 ოქტომბრის N4----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8------------03 (31.07.2017) სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიებისა და №8------------04 (05.09.2017) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისს დაევალა N8----------- (25.07.2017) სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 ოქტომბრის N4-----გადაწყვეტილება (ს.ფ 232-239)

 

4.1.6 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8------------05 (31.10.2017) გადაწყვეტილებით N4----- (31.10.2017) გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და მარეგისტრირებელი ორგანომ მიმართა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N8------------05 (31.10.2017) გადაწყვეტილება (ს.ფ 240)

-2017 წლის 01 ნოემბრის N458228 წერილი (ს.ფ 243)

-2017 წლის 22 ნოემბრის N493139 წერილი (ს.ფ 248)

-2017 წლის 22 ნოემბრის N493169 წერილი (ს.ფ 249)

-2017 წლის 22 ნოემბრის N493303 წერილი (ს.ფ 250)

 

4.1.7 2018 წლის 03 იანვარს სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N8------------17 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ან/და წერილობითი თანხმობა რათა დოკუმენტაცია გადაგზავნილიყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიაში განსახილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N8------------17 (03.01.2018) გადაწყვეტილება (ს.ფ 259)

 

4.1.7 მოსარჩელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წლის 12 თებერვლის N71457 მიმართვით, N8----------- სარეგისტრაციო წარმოების მასალები გადააგზავნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, ხოლო ამავე კომისიამ 2018 წლის 24 ივლისის N138 განკარგულებით აჟ----------------ის განცხადება დატოვა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 თებერვლის N71457 მიმართვა (ს.ფ 272)

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 ივლისის N138 განკარგულება (ს.ფ 273-276)

 

4.1.8 2018 წლის 31 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N8------------23 გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელის მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს N461326/17 ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N8------------23 გადაწყვეტილება (31.07.2018) (ს.ფ 309)

-2018 წლის 15 აგვისტოს N461326/17 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 280-321)

 

4.1.9 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე აჟ----------------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 04 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილება (ს.ფ 324-333)

 

4.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2015 წლის 27 აგვისტოს N1/2390 ცნობით, დგინდება, რომ მოქალაქე გ---------ს მცხოვრებს მე-2--------------ში, ქ--–-----–---------–--–ში გამოეყო მიწის ნაკვეთი N1---. აღნიშნული საარქივო ცნობის თანახმად, დოკუმენტაციაში გ---------ის სახელი არ არის მითითებული, ხოლო გვარი და მისამართი ჩაწერილია ფანქრით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2015 წლის 27 აგვისტოს N1/2390 ცნობა (ს.ფ 21-23 )

 

4.2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის N2-1266-16 გადაწყვეტილებით დადგინდა აჟ----------------ისადმი, მუნიციპალური არქივში დაცული მოსახლეობისათვის გამოყოფილი მიწის მიღება - ჩაბარების სახელმწიფო აქტების რეგისტრაციის ჟურნალის ამონაწერში, მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, მითითებული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ აქტის N1--- კუთვნილების ფაქტი. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა საარქივო დოკუმენტაციაში არსებული, ქალაქის შესასვლელში მიწის ნაკვეთების განაწილების სიებში მითითებული მიწის ნაკვეთის N1--- შესახებ ჩანაწერის აჟ----------------ისადმი კუთვნილების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის N2-1266-16 გადაწყვეტილება (ს.ფ 181-182)

 

4.2.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 30 ნოემბრის N1/1805 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნილ იქნა მოქალაქე ჰუ-------ი/გ---------ის სახელზე, ქ--–-----–---------–--–ში 900 კვ.მ ფართის N1--- მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ არსებული დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 30 ნოემბრის N1/1805 მიმართვა (ს.ფ 254-256)

 

4.2.4 N8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილია 899.8 კვ.მ ფართის ოდენობის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე, ქალაქ რუსთავში ქ--–-----–---------–--–ში (ნაკვეთი N1---).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ს.ფ 199-200)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჟ----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

7.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

7.7. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“, „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.

 

სასამართლო მიუთითებს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

7.8 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველის პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტი განმარტავს სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას - სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული აქტი, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილების რეგისტრაციას;

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმეში მოიპოვება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2015 წლის 27 აგვისტოს N1/2390 საარქივო ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ მოქალაქე გ---------ს, მცხოვრებს მე-2--------------ში, ქ--–-----–---------–--–ში გამოეყო მიწის ნაკვეთი N1---. აღნიშნული საარქივო ცნობის თანახმად, დოკუმენტაციაში გ---------ის სახელი არ არის მითითებული, ხოლო გვარი და მისამართი ჩაწერილია ფანქრით.

 

N8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის N2-1266-16 გადაწყვეტილებით კი, დადგინდა აჟ----------------ისადმი, მუნიციპალური არქივში დაცული მოსახლეობისათვის გამოყოფილი მიწის მიღება - ჩაბარების სახელმწიფო აქტების რეგისტრაციის ჟურნალის ამონაწერში, მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, მითითებული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ აქტის N1--- კუთვნილების ფაქტი. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა საარქივო დოკუმენტაციაში არსებული, ქალაქის შესასვლელში მიწის ნაკვეთების განაწილების სიებში მითითებული მიწის ნაკვეთის N1--- შესახებ ჩანაწერის აჟ----------------ისადმი კუთვნილების ფაქტი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოძიებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 30 ნოემბრის N1/1805 მიმართვაში ასახულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნილ იქნა მოქალაქე ჰუ-------ი/გ---------ის სახელზე, ქ--–-----–---------–--–ში 900 კვ.მ ფართის N1--- მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ არსებული დოკუმენტების დამოწმებული ასლები. ამასთანავე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია, 899.8 კვ.მ ფართის ოდენობის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე, ქალაქ რუსთავში ქ--–-----–---------–--–ში (ნაკვეთი N1---)) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2016 წლის 28 იანვარს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8-----------03 გადაწყვეტილებაზე, სადაც მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ ერთადერთ პრობლემას, მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის, წარმოადგენდა ის გარემოება, რომ წარდგენილ საარქივო ცნობაში ფიქსირდებოდა მხოლოდ გვარი, შესაბამისად მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი. N8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე კი მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის N2-1266-16 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილი იქნა საარქივო დოკუმენტაციაში არსებული, ქალაქის შესასვლელში მიწის ნაკვეთების განაწილების სიებში მითითებული მიწის ნაკვეთის N1--- შესახებ ჩანაწერის აჟ----------------ისადმი კუთვნილების ფაქტი. მითითებული გადაწყვეტილებით აღმოფხვრილ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8-----------03 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი გარემოებები, აღნიშნულს ცხადყოფს საქმეში არსებული ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 30 ნოემბრის N1/1805 მიმართვა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2015 წლის 27 აგვისტოს N1/2390 საარქივო ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ აჟ----------------ს გადაეცა N1--- მიწის ნაკვეთი და მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობას წარმოადგენს 900 კვ.მ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არც კი უმსჯელია და შეუსწავლია საკითხი ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად სახეზეა მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

7.9 მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.10 სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

 

7.11 სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

7.13 ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადგილი არ ჰქონია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლას, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის №8------------23 და 2018 წლის 04 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №3----- გადაწყვეტილებები და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აჟ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის №8------------23 და 2018 წლის 04 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №3----- გადაწყვეტილებები და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი