გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2018
საქმის ნომერი
330310018002271230
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/447-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ი----“, ლ-------–---–-------–---–-

წარმომადგენელი - ბ------------–---–ი

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ს--–----------------

 

მესამე პირები (16.2) - გ-------------–---–ი, თ-----------–---–ი, ლ-–-------–---–ი

წარმომადგენელი - ლ-–--------–--ე

 

მესამე პირი (16.1) - სს ,,თ-----------’’

წარმომადგენელი - თ--------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 აპრილის №----- ბრძანება ,,ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №0---------------) ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების შესახებ’’;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 26 ივნისის №------ ბრძანება ,,ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------), სასტუმროს განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირებმა - გ-------------–---–მა, თ-----------–---–მა და ლ-–-------–---–მა მხარი დაუჭირეს მათ მიერ საქმეზე წარმოდგენილ წერილობით პოზიციას და სარჩელზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

3.2. მესამე პირმა - სს ,,თ----------მა’’ დაზუსტებული წერილობით პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ქ. თბილისში, ლ----–------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ-------–---–-------–---–-ს (ფართი - სართული 2, 78.47კვ.მ., სხვენი - 77.22 კვ.მ., ფართი - სართული 1, ლიტ ,,ა’’ – 22.57 კვ.მ.) და შპს ,,ი----ს’’ (ფართი - სართული 1, 42.29 კვ.მ., სარდაფი - 52.56 კვ.მ.) სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 92.00კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2.

 

4.1.2. ქ. თბილისში, ჩ---------------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ-–-------–---–ის (1.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი), გ-------------–---–ის და თ-----------–---–ის (89.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 91.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; 0---------------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 129.19; იპოთეკარი: სს ,,თ-----------’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 23.05.2017 (ტომი 1, ს.ფ. 13-14);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 31.03.2018 (ტომი 1, ს.ფ. 139-140).

 

4.1.3. ზონალური საბჭოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი №-------) თანხმობა მიეცა ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) თანასაკუთრების ეზოში არსებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭებაზე.

 

4.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 აპრილის №----- ბრძანებით, ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: №0---------------) თანასაკუთრების ეზოში არსებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, მიენიჭა ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები.

 

4.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №------- ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ლ-–-------–---–ის 2017 წლის 01 მარტის №--------- განცხადება და დამტკიცდა თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, განემარტა დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელი იყო კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად და იგი ძალაში იყო მისი გაცემის თარიღიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზონალური საბჭოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება (დოკუმენტი №-------) (ტომი 1, ს.ფ. 241-242);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 აპრილის №----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 22);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 43-49).

 

4.1.6. ზონალური საბჭოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი №-------) თანხმობა მიეცა ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) სასტუმროს განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემაზე.

 

4.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 26 ივნისის №------ ბრძანებით, ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) სასტუმროს განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

 

4.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №------- ბრძანებით შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №------- ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა სასტუმრო.

 

4.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 ივლისის №------- ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №------- ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ საპროექტო ობიექტის მშენებლობის სახეობად დაფიქსირდა რეკონსტრუქცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზონალური საბჭოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება (დოკუმენტი №-------) (ტომი 1, ს.ფ. 298-299);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 26 ივნისის №------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 42);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 50-52);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 ივლისის №------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 53-55).

 

4.1.10. საქმეში წარმოდგენილია ი/მ ,,რ------------–------–--------------------------------------------------’’-ს 2017 წლის 28 სექტემბრის №-------- საექსპერტო-ტექნიკური დასკვნა ქ. თბილისში, ტ------------------- (ნაკვეთის №0---------------) ტერიტორიაზე არსებული ავარიული 1/2 საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სასტუმროს შენობის მშენებლობის პერიოდებში შესაძლო უარყოფით ზეგავლენაზე მომიჯნავედ მდებარე შენობების მიმართ. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ტ------------------- ავარიული ორსართულიანი სარდაფისა და სხვენის მქონე საცხოვრებელი სახლის სადემონტაჟო სამუშაოები უნდა წარიმართოს მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობით დადგენილი შრომის, ელექტრო, ხანძარუსაფრთხოებისა და ბუნების დაცვითი ღონისძიებების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის პირობებში, არსებულ შენობებზე უარყოფით ზეგავლენასაც ადგილი არ ექნება. კედლების მექანიკური ან სხვა დაზიანების შემთხვევაში სამშენებლო ფირმა ვალდებულია იზრუნოს მათი საექსპლუატაციო მდგომარეობის სასწრაფო აღდგენაზე. შესაბამისად, ექსპერტის მიერ, დადებითად შეფასდა საპროექტო გადაწყვეტილებები და მიეცა რეკომენდაცია დასამტკიცებლად.

 

4.1.11. შპს ,,ს--’’-ს 2017 წლის 29 დეკემბრის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის თანახმად, ტ--------------------ში, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 1/2 საცხოვრებელი სახლი ექვემდებარება დემონტაჟს. სახლის დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულყოფილად, მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების დაცვით განხორციელების პირობებში, მოსალოდნელი არ არის დემონტაჟის სამუშაოების უარყოფითი ზემოქმედება №31 და №33 შენობების ტექნიკურ მდგომარეობაზე.

 

4.1.12. შპს ,,მ------ს’’ 2018 წლის 08 ივნისის №8 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ტ-------------------ში მშენებარე ორ სართულიან სასტუმროზე გაცემული სანებართვო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობა სრულ შესაბამისობაშია მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან. განხორციელებული მშენებლობა სრულ შესაბამისობაშია საპროექტო დოკუმენტაციასთან და ზიანს არ აყენებს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განლაგებულ ნაგებობებს (უძრავ ქონებებს). ამავე დასკვნის თანახმად, პროექტით განსაზღვრული უძრავის ქონების ძირითადი კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია და პროექტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელება ვერც შემდგომში მოახდენს უარყოფით ზეგავლენას მომიჯნავე ნაგებობებზე (უძრავ ქონებებზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი/მ ,,რ------------–------–--------------------------------------------------’’-ს 2017 წლის 28 სექტემბრის №-------- საექსპერტო-ტექნიკური დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 189-197);

- შპს ,,ს--’’-ს 2017 წლის 29 დეკემბრის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 210-226);

- შპს ,,მ------ს’’ 2018 წლის 08 ივნისის №8 ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 106-109).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ი----ს’’ და ლ-------–---–-------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-32 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 აპრილის №----- ბრძანება ,,ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №0---------------) ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების შესახებ’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 26 ივნისის №------ ბრძანება ,,ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------), სასტუმროს განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 აპრილის №----- ბრძანების ბათილად ცნობა ,,ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №0---------------) ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების შესახებ’’. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა (,,თანაბარი შესაძლებლობების სივრცე’’).

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების წინაპირობებს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,განაშენიანების რეგულირების წესებით’’ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური(ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა)ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება ,,განაშენიანების ძირითადი დებულებებითა’’ და ,,განაშენიანების რეგულირების წესებით’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, რომელიც არეგულირებს ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

 

7.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 15.1 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად(ქვეზონებად). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამოყოფილ ერთ-ერთ კონკრეტულ ფუნქციურ ზონას წარმოადგენს საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3), ეს არის დაბალი ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს, ხოლო ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთ კონკრეტულ ფუნქციურ ზონას ასევე წარმოადგენს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) - საშუალო ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (მათ შორის გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) და საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3). ამასთან, ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3) განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს შერეული ტიპის საცხოვრებელი სახლები. დასაშვებია ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კი განსაზღვრულია შემდეგი სახით: კ1=0.5; კ2=1.5; კ3=0.3; მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი - 300/400 კვ.მ------; მინიმალური სიგანე-9/12 მ------; მინიმალური სიღრმე - 20/25 მ------. მითითებული წესების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ში (სსზ-1) შესაძლებელია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული თითოეული სახეობის არსებობა არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 60%-ის. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კი განსაზღვრულია შემდეგი სახით: კ1=0.5/0.7; კ2=3.5; კ3=0.2; მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი - 600/700 კვ.მ------; მინიმალური სიგანე - 15/20 მ------; მინიმალური სიღრმე - 25/30 მ------.

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა და წესების, აგრეთვე მიწათსარგებლობის გეგმების მოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც თავისი მახასიათებლებით (ფართობი, კონფიგურაცია) არ შეესაბამება ზონის განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, იძენს განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო ტერიტორიებისათვის დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყება ადგენს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ინდივიდუალურ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას, არ უნდა ლახავდეს მესაკუთრეთა და საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 24-ე მუხლზე, რომელიც ასევე შეიცავს მსგავსი შინაარსის ჩანაწერს, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები და შენობები-ნაგებობები, რომლებიც არ შეესაბამებიან განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებს წინა მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, წარმოადგენენ განპირობებულ (იძულებით) შეუსაბამო უძრავ ობიექტებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განპირობებული (იძულებით) შეუსაბამო უძრავი ობიექტებითვის, განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული პირობით, ხდება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას, არ უნდა ლახავდეს სხვა მესაკუთრეთა ინტერესებს, და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არსებული განაშენიანების გეგმარებით, მოცულობით-სივრცით და ესთეტიკურ პარამეტრებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ჩ---------------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, არის 91.00კვ.მ და მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-სა (სსზ-1) და საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3). ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3) მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი უნდა იყოს 300/400 კვ.მ------, ხოლო ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ში (სსზ-1) მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი უნდა იყოს 600/700 კვ.მ------. დასახელებული გარემოებები კი იმაზე მიუთითებს, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი თავისი პარამეტრებით არ შეესაბამებოდა ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას, ხოლო წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ქალაქგეგმარებითი კვლევა და საექსპერტო დასკვები მიუთითებდა, რომ შენობა იყო მწვავედ ავარიული, უსახური, მდებარეობდა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, გეგმარებით კარკასზე და არ შეესაბამებოდა არსებულ განაშენიანებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებდა საპროექტო მიწის ნაკვეთისათვის ინდივიდუალური პარამეტრების დადგენის აუცილებლობასა და მიზანშეწონილობას. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 აპრილის №----- ბრძანება ,,ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №0---------------) ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების შესახებ’’ გამოცემულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.4. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 26 ივნისის №------ ბრძანების ბათილად ცნობა ,,ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------), სასტუმროს განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №------- ბრძანებით შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №------- ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა სასტუმრო.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ დანართი 1-ის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასტუმროს განთავსება წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვებ სახეობას, რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. ამავე დანართი მე-6 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სსზ-1-ში სასტუმრო მოიაზრება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად დასაშვებ სახეობათა შორის, შესაბამისად, ამ ნაწილში საპროექტო ობიექტი არ საჭიროებდა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოპოვებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 22-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაიცემა კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის: ა) კ-1 და კ-2 კოეფიციენტების განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებისთვის; ბ) გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე, რაც განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას; გ) შეუსაბამო სტატუსის მქონე უძრავი ობიექტების გამოყენებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული ქმედებისათვის; დ) იძულებით (განპირობებული) შეუსაბამო უძრავი ობიექტებისათვის ინდივიდუალური პარამეტრების დასადგენად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უძრავი ობიექტის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა დასაშვებია, თუ დასაბუთდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოება: ა) გამონაკლისი საჭიროა ტერიტორიის რაციონალური და ეფექტური გამოყენებისთვის; ბ) არ იცვლება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე იყო ყველა პირობა, რათა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ყოფილიყო ბრძანება სასტუმროს განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მათი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარეობს უშუალოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მათზე რეალურად განთავსებულია ერთი შენობა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთები ერთმანეთისგან გამიჯნულია, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული მსჯელობა არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით და საკადასტრო გეგმებით დგინდება, რომ საპროექტო და მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონება, წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ საკუთრების უფლების ობიექტს და მათ ერთმანეთთან არ აქვთ სამართლებრივი კავშირი.

 

7.5. მოცემული საკითხის გადაწყვეტის მიზნით გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 აპრილის №----- ბრძანება ,,ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №0---------------) ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების შესახებ’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 26 ივნისის №------ ბრძანება ,,ქ. თბილისში, კ--–--------------–------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------), სასტუმროს განთავსების მიზნით, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე მესამე პირებმა განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (სადავო ბრძანებების საფუძველზე მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა). სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე, უდავოდ არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს.

 

7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ი----სა’’ და ლ-------–---–-------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,ი----სა’’ და ლ-------–---–-------–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ი----ს“ და ლ-------–---–-------–---–-ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 (ორასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი