გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2760-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - დ----------------ა
წარმომადგენელი - მ-------–------ია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის N--- ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - დ----------------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.
ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე დევნილად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ვაკე, ი. ჭ--------------------, ს-----------------------–------------ი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 22).
3.2. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, დ----------------ა რეგისტრირებულია: ქ. თბილისში, ვ-----------------------------------------------------–-------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, ს----------–------------------------; სარეგისტრაციო ნომერი: 0--------.
დევნილთა აღრიცხვის სისტემიდან - მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, 2013 წლიდან დ----------------ას ოჯახის ფაქტობრივ მისამართად ფიქსირდება თბილისი, ს----------–------------------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა (ს.ფ. 45);
- ამონაწერი დევნილთა აღრიცხვის სისტემიდან - მონაცემთა ბაზიდან (ს.ფ. 47).
3.3. დ----------------ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დაზუსტების მიზნით, 2016 წლის 21 ივლისს ,,ს------------------------–------------ის შენობაში სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელდა მონიტორინგი. დ----------------ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე განხორციელდა გასაუბრება დედასთან - მ------------სთან. მ------------ს განმარტებით, დ----------------ა ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობდა არა ,,ს------------------------–------------ის“ ყოფილ შენობაში, არამედ მისამართზე: ქ. თბილისი, ყ---–-------------- (ქირით).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2016 წლის 21 ივლისის მონიტორინგის შედეგი (ს.ფ. 44).
3.4. საქართველოს ოკუპირებული ტერტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის N--- სხდომის ოქმის თანახმად, განხილულ იქნა საკითხი ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტებისა და აღნიშნულ ობიექტებში დამისამართებული და/ან ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების შესახებ. აღნიშნულ ობიექტებს შორის მითითებული იყო ქ. თბილისი, ჭ--------------------, ,,ს----------------------–-------------“. ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტების მცხოვრები დევნილი ოჯახები უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ საგამონაკლისო წესით, კრიტერიუმების გარეშე. ამასთან, გადაწყდა, რომ ქ. თბილისში, ახლადაშენებულ ობიექტზე არსებულ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა წარმოდგენილიყო იმ დევნილი ოჯახების მონიტორინგის შედეგები (ოქმი), რომლის საფუძველზეც კომისიის მიერ მიღებულ იქნებოდა გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ამავე სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სწორედ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი მოხელეების მიერ შედგენილი მონიტორინგის ოქმი.
კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, რაც შეეხებოდათ ნგრევად ობიექტებში რეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად არმცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მათი საკითხი განხილულ იქნებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით გათვალისწინებული საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე. ოქმის თანახმად, ამგვარ პირთა შორის მითითებულ იქნენ დ----------------ა და ნ-----–-----------ია, N0--------, ი-–- ჭ--------------------, ,,ს-----------------------–------------ი.
3.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის N--- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N---), ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა დ----------------ას ოჯახს. ქ. თბილისში, ჭ--------------------, ,,ს----------------–-------------ის“ შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის სხდომის ოქმი N---;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის N--- ბრძანება (ს.ფ. 20).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----------------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტრიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სადავო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფდა დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის (შესაბამისი კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
სასამართლო მიუთითებს ამავე წესის მე-4 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.
მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
ამასთან, ამავე წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ დეპარტამენტი არ განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ხოლო მე-3 მუხლის მე- 12 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება მინისტრს.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და იგი რეგისტრირებულია ,,ქ. თბილისში, ჭ--------------------, ,,ს-----------------------–------------ის“ შენობაში. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ აღნიშნული ობიექტი შეფასებული იქნა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ სასტუმროში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის რეგისტრაცია თბილისში, ჭ--------------------, ,,ს-----------------------–------------ის“ შენობაში, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ დ----------------ას ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა რეგისტრაციის მისამართზე, კერძოდ: იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით დ----------------ა რეგისტრირებულია: ქ. თბილისი, ვაკე, ჭ---------------------, ,,ს------------------------–------------ის“ ყოფილ შენობაში; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, ს----------–------------------------; სარეგისტრაციო ნომერი: 0--------; დევნილთა აღრიცხვის სისტემიდან - მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, 2013 წლიდან დ----------------ას ოჯახის ფაქტობრივ მისამართად ფიქსირდება თბილისი, საბურთალო ს-------------------. ამასთან, დ----------------ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დაზუსტების მიზნით, 2016 წლის 21 ივლისს ,,ს------------------------–------------ის შენობაში სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელდა მონიტორინგი. დ----------------ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე განხორციელდა გასაუბრება დედასთან - მ------------სთან, რომელმაც მიუთითა, რომ დ----------------ა ფაქტობრივად ცხოვრობდა არა ,,ს------------------------–------------ის“ შენობაში, არამედ მისამართზე: ქ. თბილისი, ყ---–--------------.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ეტაპზე, როდესაც შესაბამისი კომისიის მიერ განიხილებოდა ნგრევადი ობიქტიდან - ,,ს------------------------–------------ის“ ყოფილი შენობიდან, კრიტერიუმების გარეშე იქ მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, დადასტურდა, რომ მოსარჩელის ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა. გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მათი რეგისტრაციის ადგილზე და სხვა თავშესაფარი არ გააჩნდათ. ხოლო რაც შეეხებოდა ნგრევად ობიექტებში რეგისტრირებულ, მაგრამ ფაქტობრივად არმცხოვრები დევნილი ოჯახების (მათ შორის დ----------------ა და ნ-----–-----------ია, N0--------, ი-–- ჭ--------------------, ,,ს-----------------------–------------ი) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, კომისიის გადაწყვეტილებით, მათი საკითხი განხილულ იქნებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით გათვალისწინებული საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დ----------------ა, როგორც დევნილი რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ,,ქ. თბილისში, ჭ--------------------, ,,ს-----------------------–------------ის“ ყოფილ შენობაში, თუმცა მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა რეგისტრაციის მისამართზე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ოჯახი აღირიცხა როგორც დევნილი ოჯახი, ეს გულისხმობს, რომ იგი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელთა სიაშია. ამდენად, სამინისტროს უნდა ემსჯელა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების არსებობა, რომ მოსარჩელე წლებია ფაქტობრივად არ ცხოვრობს ქ. თბილისში, ჭ--------------------------------------------------–--------------- შენობაში, გამორიცხავდა კრიტერიუმების გარეშე მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამდენად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ქ. თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე მისი განსახლების საკითხი. ამასთან, კომისიის სხდომის ოქმით განიმარტა, რომ ნგრევად ობიექტებში რეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად არმცხოვრები დევნილი ოჯახების (მათ შორის მითითებულია მოსარჩელის ოჯახი) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილულ იქნებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით გათვალისწინებული საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, ის გარემოება, რომ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისა და დაინტერესებული პირისათვის გადაცემის ვადები, არ წარმოადგენს იმგვარი ტიპის პროცედურულ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მითუმეტეს იმ გარემოებების არსებობის პირობებში, როდესაც მხარემ მოახდინა თავისი უფლების რეალიზება და სადავო აქტი გაასაჩივრა კანონით გათვალისწინებული ვადებისა და პროცედურების დაცვით.
ამდენად, სასამართლოს მიიჩნევს, რომ სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის №--- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №--- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ----------------ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დ----------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე