განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100118002390008
№ 1/124-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21.12.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
სტაჟიორ-პროკურორი - ბარბარა ჩხეიძე
დაცვის მხარე
ადვოკატი - ნ------- ცინცაძე
ბრალდებული - ი----ბ ჯ----–ის ძე კ-------ი, დაბადებული 1----–-–----- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------.
კვალიფიკაცია
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სოცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი----- კ-------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სოცოცხლის მოსპობა.
ი----- კ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქ კ---ში, ა----–----ლის ქუჩაზე, მოძრაობდა ავტომანქანა ,,BMW“, სახელმწიფო ნომრით ,,WV 443 WW”, რომელსაც მართავდა მძღოლი ი----- კ-------ი. მოძრაობისას ი----- კ-------მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და შეეჯახა ქვეითს - 2007 წლის 20 ივნისს დაბადებულ მ-----მ გ----------ეს, რის შედეგადაც მ------ გ----------ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----- კ-------ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 4 იანვარს, 18:09 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კ---ის რაიონული სამმართველოს სამორიგეო განყოფილებაში მიღებული შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომლის თანახმად, ქ------–------------–-----–-----------, ადგილი ჰქონდა ქვეით ბავშვზე შეჯახების ფაქტს.
ის გარემოება, რომ 2018 წლის 4 იანვარს, ქალაქ კ---ში, ა----–----ლის ქუჩაზე, ქვეით მ------ გ----------ეზე შეჯახებისას, ავტომანქანა ,,BMW“-ს (სახელმწიფო ნომრით ,,W--------”) სწორედ ი----- კ-------ი მართავდა, სადავო არ არის და აღნიშნული, დაკითხვისას, თავად ბრალდებულმაც დაადასტურა.
მხარეებს ასევე სადავოდ არ გაუხდიათ მ------ გ----------ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ფაქტი. პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ მ------ გ----------ის სიკვდილის მიზეზია კისრის პირველი მალის მოტეხილობა ზურგის ტვინის გაწყვეტით. გვამს აღენიშნება ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, თავის ტვინში ტრავმული სისხლის ჩაქცევა, კისრის პირველი მალის მოტეხილობა ზურგის ტვინის გაწყვეტით, ღვიძლის ნასკდომი ჭრილობა. დაზიანებები მიყენებულია რიამე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის პერიოდში და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან გარდაცვალების თარიღს.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია ი----- კ-------ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, გამორიცხა მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ ლეტალურ შედეგს შორის.
ადვოკატმა, ერთი მხრივ, საერთოდ უარყო შემთხვევის ადგილზე ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიერ სამუხრუჭე კვალის დატოვების ფაქტი და შეეცადა შპს „ბილდინგ-ექსპერტში“ ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით გამოერიცხა ი----- კ-------ის ბრალეულობა, მეორე მხრივ კი ეჭვქვეშ დააყენა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული სამუხრუჭე კვალის სიგრძე და შესაბამისად, შეჯახებისას, ავტომანქანის მიერ განვითარებული სიჩქარე და ამ მიმართებით წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, დაცვის მხარის პოზიციით, დაუდგენელია შემთხვევის ადგილზე არსებული სამუხრუჭე კვალი დატოვებული არის თუ არა ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიერ, რამდენადაც აღნიშნულთან დაკავშირებით ქიმიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დეტალურად იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, თანდართული სქემის და ფოტოცხრილის გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. კ---ში, დ. ა----–----ლის ქუჩა N----ის წინ მდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენს კ---ი-ი------ის საავტომობილო გზას. საავტომობილო გზა არის მოასფალტებული, მშრალი და უდეფექტო, საავტომობილო გზაზე, ქ. კ---ის მხრიდან ი------ის მიმართულებით არის ოდნავ მოსახვევი მარჯვენა მხარეს. საავტომობილო გზა არის მოასფალტებული, უდეფექტო და განათებული, რის გამოც არის კარგი ხილვადობა. შემთხვევის ადგილი მდებარეობს დასახლებულ პუნქტში. საავტომობილო გზის სიგანეა 11.40 მეტრი, ი------ის მიმართულებით მდებარე საავტომობილო გზის სიგანეა 5,70 მეტრი, ხოლო ქ. კ---ის მიმართულებით მდებარე საავტომობილო გზის სიგანე - 5,70 მეტრი. ი------ის მიმართულებით მდებარე საავტომობილო გზაზე, შუა ღერძულა ხაზიდან 1.80 მეტრის დაშორებით, ასფალტზე, ყრია პლასტმასის ნატეხები. ამ ნატეხებიდან ი------ის მიმართულებით მდებარე ასფალტის კიდემდე მანძილია 4.10 მეტრი, ამავე მიმართულებით მდებარე საავტომობილო გზაზე ნატეხებიდან 4.10 მეტრის დაშორებით ასფალტზე გდია 1 ცალი წინდა, რომელიც ღერძულა ხაზიდან დაშორებულია 3.70 მეტრით, ხოლო ი------ის მიმართულებით მდებარე, ასფალტის კიდიდან დაშორებულია 2 მეტრით. ამავე მიმართულებით მდებარე ტერიტორიაზე დგას ელექტრო განათების ლითონის ბოძი, ბოძიდან წინდამდე მანძილი 4.90 მეტრია, ხოლო ბოძიდან ნატეხებამდე მანძილი - 8.40 მეტრი. ამავე მიმართულებით მდებარე ასფალტზე მკაფიოდ აღინიშნება საბურავის მუხრუჭის კვალი. კვალის სიგრძე შეადგენს 40.10 მეტრს, კვალის დასაწყისიდან შუა ღერძულა ხაზამდე მანძილია 1.70 მეტრი, ხოლო ი------ის მიმართულებით მდებარე ასფალტის კიდემდე მანძილია 4.70 მეტრი. ბოძის გვერდით დგას ნაგვის ბუნკერი. პლასტმასის ნატეხებიდან 35 მეტრის დაშორებით ასფალტზე დაღვრილია ე.წ ,,ანტიფრიზი“ 9 მეტრ სიგრძეზე და ჩამოღვრილიდან 2 მეტრის დაშორებით გაჩერებულია ავტომანქანა ,,BMW“, სახელმწიფო ნომრით ,,W--------”, რომელიც მიმართულია სოფელ ი------ის მხარეს. ავტომანქანის მარცხენა ნაწილიდან შუა ღერძულა ხაზამდე მანძილია 1.80 მეტრი, ხოლო ი------ის მიმართულებით მდებარე ასფალტის კიდემდე მანძილი ავტომანქანის მარჯვენა მხრიდან შეადგენს 2.10 მეტრს. დათვალიერებულ იქნა ასევე შემთხვევის ადგილზე გაჩერებული ავტომანქანა ,,BMW“, სახელმწიფო ნომრით ,,W--------”. ავტომანქანის საჭის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა აღმოჩნდა გამართულ მდგომარეობაში, ავტომანქანის საბურავებში ჰაერის წნევა ნორმალურია. ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა ნაწილი, ძრავის სახურავი. ჩამტვრეულია ამავე მხარის პლასტმასები, ნომერი კუთხეში დეფომირებულია, ხოლო წინა საქარე მინა მარჯვენა კუთხეში გაბზარული, ძრავის სახურავზე მარჯვენა ნაწილში აღინიშნება შეჯახების კვალი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, თანდართული სქემის და ფოტოცხრილის გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას გამომძიებლის მიერ დაფიქსირებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, შედგა სქემა და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა ყველა მნიშვნელოვანი დეტალის ფოტოგრაფირება. სასამართლოში დაიკითხა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი - ზურაბ ა--–------ი, თ------ ჩი---–---–ი, გ------ი მ---------ე და ნ------- ხ------–---–ი, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სიზუსტე. გამომძიებელმა ზ-----ბ ა--–------მა დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული კვალის სიგრძე შეესაბამებოდა სინამდვილეს, რაზეც მიუთითებდა ადგილზე ობიექტურად არსებული ყველა გარემოება, მათ შორის, კვალის მიმართულება, ავტომანქანის ადგილმდებარეობა და კვალის მიმართება აღნიშნულ ავტომობილთან. ზ-----ბ ა--–------ის განმარტებით, აღნიშნული კვალი საეჭვო რომ ყოფილიყო, ამას აუცილებლად აღნიშნავდა ოქმში ან კვლად საერთოდ არ მიუთითებდა. ზ-----ბ ა--–------ის ობიექტურობაზე მიუთითებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე სხვა ზემოაღნიშნულ პირთა ურთიერთთავსებადი ჩვენებებიც, რომელთა ერთობლიობით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ნამდვილად იყო დატოვებული 40.1 მეტრის სიგრძის სამუხრუჭე კვალი, რომელიც მიემართებოდა ავტომანქანა ,,BMW“-სთან არსებულ ჩამონაღვარის გუბესთან. ყურადსაღებია ასევე ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა თავად ი----- კ-------იც, რომელიც გაეცნო ოქმს და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულების შემდეგ მან არ წაიკითხა შესაბამისი ოქმი და ისე მოაწერა ხელი, რადგან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე სხვა პირების - გამომძიებელის და ექსპერტ-კრიმინალისტების ჩვენებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაციის სისწორე. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამომძიებლის და ექსპერტ-კრიმინალისტების არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაზე არ მიუთითებს საქმეში არსებული არც ერთი გარემოება, ი----- კ-------ის განმარტებები კი მოტივირებულია მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, არ არსებობს გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი იმაში, რომ შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალი ნამდვილად წარმოადგენდა ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიერ დამუხრუჭების პროცესში დატოვებულ კვალს, რაც შესაბამისად აისახა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 25 იანვრის №---- სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ თ------ დ-----იძის ჩვენებით დადგენილია, რომ ავტომობილ ,,BMW“-ს, სახელმწიფო ნომრით ,,W--------”, ვიზუალური დათვალიერებით წინა მარჯვენა მხარეს აღენიშნება წინიდან უკან მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული სახის დაზიანებები, კერძოდ, ძრავის სახურავის წინა მარჯვენა ნაწილში ოვალურ-ტალღობრივი დაზიანება. წინა საქარე მინის მარჯვენა ქვედა კიდესთან აღინიშნება წინიდან უკან მოქმედი ძალით განვითარებული დაზიანების ცენტრი, რომლის გარშემოც გაშლილია დაზიანების ბზარები. საბურავები დაბერილ მდგომარეობაშია. ავტომობილზე არსებული დაზიანებები განლაგებულნი არიან ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილში, ერთ ზოლში, შესაძლებელია წარმოქმნილიყვნენ ერთი რაიმე კონკრეტული შემთხვევის დროს და თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. ექსპერტიზის ფარგლებში დათვალიერებულ იქნა წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. აღნიშნულ სისტემებში ყველა კვანძი და დეტალი სახეზეა და ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ სწორად. საჭის რგოლის მობრუნებით ბრუნვა მართვად თვლებს გადაეცემა ნორმალურად. სამუხრუჭე სატერფულზე მექანიკური ზემოქმედებით, ფეხის დაჭერით, სისტემა მოქმედებაში მოდის სწორად. აღნიშნულის გათვალისწინებით მივდივართ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, ავტომობილმა ,,BMW“-მ შემთხვევის ადგილზე დატოვა 40,1 მეტრი მუხრუჭის კვალი. აღნიშნული კვალის დასაწყისის მეოცე მეტრზე, ასფალტის ზედაპირზე აღინიშნება, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი პირველადი ჩამონაყარი. შესაბამისად, ვღებულობთ, რომ შეჯახება მომხდარია სამუხრუჭე კვალის დაახლოებით მეოცე მეტრზე. აღნიშნული კვალის მიხედვით ვანგარიშობთ, ავტომობილის მოძრაობის სიჩქარეს შემთხვევის წინ, დამუხრუჭების დაწყებამდე და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ავტომობილი ,,BMW“, სახელმწიფო ნომრით ,,W--------”, შემთხვევის წინ, დამუხრუჭების დაწყებამდე მოძრაობდა დაახლოებით 88 კმ/სთ სიჩქარით. ჩატარებული გამოთვლა ასევე გვიჩვენებს, რომ როდესაც მძღოლის წინაშე წარმოიქმნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საფრთხე, მაშინ ავტომობილი დაჯახების ადგილიდან დაშორებული იყო დაახლოებით 51 მეტრით. ვანგარიშობთ, თუ რა მანძილი იყო საჭირო დაშვებული 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის მკვეთრი დამუხრუჭებისას, მოცემულ საგზაო პირობებში. ჩატარებული გამოთვლა გვიჩვენებს, რომ როდესაც მძღოლის წინაშე წარმოიქმნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საფრთხე, მაშინ ავტომობილი დაჯახების ადგილიდან დაშორებული ყოფილა დაახლოებით 51 მეტრი მანძილით, ხოლო ავტომობილის სრული გაჩერებისათვის, როდესაც იგი მოძრაობს დაშვებული 60 კმ/სთ სიჩქარით, მას ესაჭიროება დაახლოებით 42 მეტრი მანძილი. ცხადია, რომ კონკრეტულ შემქნილ საგზაო ვითარებაში, მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ი----- კ-------ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცმულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. (მუხლი 33, პუნქტი 1: „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.“)
სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა თ------ დ-----იძემ დაადასტურა ზემოაღნიშნული გარემოებების უტყუარობა და განმარტა, რომ მას ჰქონდა ყველა აუცილებელი მონაცემი გამოძიების მიერ დასმული კითხვების ირგვლივ შესაბამისი დასკვნის გასაცემად. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ იგი წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებულ მონაცემებში ეჭვს შეიტანდა, ამ შემთხვევაში, დასკვნას არ გასცემდა ან მოითხოვდა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას. მისი ჩვენებით, ობიექტურად არ არსებობდა გონივრული ეჭვი სამუხრუჭე კვალის არსებობასა თუ მის სიგრძესთან დაკავშირებით, ვინაიდან კვალის თავისებურებები, ავტომანქანის ადგილმდებარეობა და კვალის მიმართება ავტომანქანასთან ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ, რომ სამუხრუჭე კვალი დატოვებული იყო სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ,,BMW“-ს მარკის ავტომანქანის საბურავების მიერ მკვეთრი დამუხრუჭების პროცესში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 14 ივნისის №--------- დასკვნას, რომლის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლს - ი----- კ-------ს, ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ექსპერტ დ----- გ---–-----ის აზრით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევის ადგილზე ფაქტობრივად აღმოჩენილი კვალის სიგრძე, რომელიც დატოვებულია ავტომობილის საბურავით მკვეთრი დამუხრუჭების პროცესში, შეადგენს 20 მეტრს, რის მიხედვითაც, კვალის დამტოვებელი ავტომობილის სიჩქარე შეადგენს 59 კმ/სთ, მაგრამ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მიერ არის დატოვებული თუ არა, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზის გზით შეუძლებელია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ავტორი უპირობოდ იზიარებს და ექსპერტიზის შედეგებს დაუსაბუთებლად აფუძნებს ი----- კ-------ის დამატებითი გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს, რომლის თანახმად, მას ავტოსაგზაო შემთხვევის წინ, საპირისპირო სამოძრაო ზოლში, შეხვდა ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა მაშუქი ფარები. როდესაც აღნიშნული ავტომანქანის და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის წინა მხარეები ერთმანეთს გაუსწორდნენ, გზაზე შენიშნა ავტომანქანის უკანა მხრიდან გადამრბენი ადამიანი, რომელიც სწრაფად მოძრაობდა. ი----- კ-------ის განმარტებით, მან ვერ მოასწრო დამუხრუჭება და ისე შეეჯახა ქვეითს.
ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მის მიერ მიცემულ განმარტებებს როგორც გამოძიების ეტაპზე, მისი გამოკითხვების დროს, ასევე, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას. 2018 წლის 4 იანვარს, როდესაც ი----- კ-------ი პირველად გამოიკითხა, მან დააფიქსირა მოძრაობის სავარაუდო სიჩქარე, გზის საფარის მდგომარეობა, ამინდი და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა, არ უხსენებია საპირისპირო მოძრაობის ზოლში მოძრავი ავტომანქანა. მოგვიანებით, როდესაც ადვოკატის მიერ მოხდა მისი გამოკითხვა, მან უკვე დააფიქსირა ზემოაღნიშნული ფაქტი. სასამართლოში დაკითხვის დროს, ი----- კ-------მა მის გამოკითხვებში მითითებული გარემოებების განსხვავებასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ პირველი გამოკითხვისას იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და ამის გამო გამორჩა საპირისპირო სამოძრაო ზოლში ავტომანქანის მოძრაობის ფაქტი, თუმცა, მას ახსოვდა თავისი მართვის ქვეშ მოძრავი ავტომანქანის სიჩქარე, მეტეოროლოგიური პირობები, გზის საფარის მდგომარეობა და სხვ. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ჩვენებაში დაფიქსირებულ ორ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებას, რომელიც მისი განმარტებების მცდარობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ერთი მხრივ, მან აღნიშნა, რომ ქვეითთან შეჯახებამდე არ გამოიყენა მკვეთრი მუხრუჭი და სცადა ავტომანქანა ნელა შეეჩერებინა, მეორე მხრივ კი მიუთითა, რომ შეჯახებამდე მას ფაქტობრივად მუხრუჭი არ გამოუყენებია, რადგან ქვეითთან შეჯახება და დამუხრუჭება ერთდროულად განახორციელა. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ ი----- კ-------ის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს და მთლიანად მოტივირებულია მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებით.
ბრალდებულის ამგვარი წინააღმდეგობრივი განმარტებები ექსპერტმა - დ----- გ---–-----მა მიიღო დადგენილ გარემოებებად და სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----- კ-------ს არ ჰქონდა შესაძლებლობა თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა, შესაბამისად, მას არ დაურღვევია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ექსპერტმა არ გაიზიარა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დაეყრდნო მხოლოდ მიკერძოებული პირის - ბრალდებულის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას. ყურადსაღებია, რომ დ----- გ---–-----ი შემთხვევის ადგილზე მივიდა ავტოავარიიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, დასკვნაში კი არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ გაიზიარა მან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული მონაცემები და რა წინააღმდეგობრივი გარემოებები იყო მასში ჩამოყალიბებული.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად ექსპერტმა - დ----- გ---–-----მაც არ უარყო შემთხვევის ადგილზე 40.1 მეტრის სიგრძის კვალის არსებობა, თუმცა, მიიჩნია, რომ აღნიშნული 40.1 მეტრიანი კვალიდან დასაწყისი 20 მეტრი არ შეიძლება დატოვებული ყოფილიყო ავტომობილის საბურავებით, რადგან მისი ფორმა და ხასიათი ეწინააღმდეგება ავტომობილის საბურავით დატოვების ნიშნებს. ექსპერტის მოსაზრებების დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს ისიც, რომ მას არ უმსჯელია თუ რამ წარმოშვა ეს წინააღმდეგობა, რითი განსხვავდებოდა აღნიშნული საწყისი კვალის თავისებურებები ავტომობილის საბურავით დატოვებულ კვალისგან. მას აღნიშნულის განმასხვავებელი ნიშანთვისებები არ დაუსახელებია. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, მან გარკვეულწილად შეცვალა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ აღნიშნული საწყისი 20 მეტრის სიგრძის კვალი, რომელიც ფოტოსურათებზე შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, შეიძლება ჩავთვალოდ მხოლოდ გარკვეულ ჩრდილებად და არა კვალად. ამასთანავე, აღნიშნული განმარტებების საპირისპიროდ, დ----- გ---–-----მა ასევე აღნიშნა, რომ საწყისი 20 მეტრის კვალიდან შესაძლებელია მხოლოდ 5 მეტრი იყოს ავტომანქანის მიერ დატოვებული სამუხრუჭე კვალი, რომელიც სიჩქარის გამოთვლისას მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული, თუმცა, ვერ ახსნა ამგვარი მიდგომა რა საექსპერტო კვლევის მეთოდს შეიძლება დაეფუძნოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ექსპერტ დ----- გ---–-----ის მიერ გაცემულ დასკვნას, რომელიც, ერთი მხრივ, ძირითადად ეფუძნება ი----- კ-------ის წინააღმდეგობრივ განმარტებებს, მეორე მხრივ კი არ ასახავს ობიექტურ რეალობას და არ შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ფოტოსურათებზე დაფიქსირებულ მონაცემებს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის ორი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნის არსებობის პირობებში, ბრალდების მხარის ინიციატივით, დაინიშნა კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მასში მონაწილე ექსპერტები ერთ აზრზე კვლავ ვერ ჩამოყალიბდნენ, კომისიური ექსპერტიზის შედეგები აისახა ცალ-ცალკე გაცემულ დასკვნებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 4 დეკემბრის №------ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტმა თ------ დ-----იძემ ხელახლა შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები და ბრალდების მხარის მიერ დასმული დამატებითი კითხვების ფარგლებში მოამზადა შესაბამისი დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, კვალის დასაწყისიდან მის დასასრულამდე, რომელიც მდებარეობს ჩამონაღვრის მარცხნივ, სურათებზე ორი უძრავი წერტილის აღებით, გაზომილ იქნა მოცემული კვალის სიგრძე, რამაც შეადგინა 33 მეტრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტის მიერ სპეციალური ფორმულის გამოყენებით, გამოთვლილ იქნა ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მოძრაობის სიჩქარე, რამაც შეადგინა 78 კმ/სთ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, მძღოლ ი----- კ-------ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. გზის მონაკვეთი, სადაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, წარმოადგენს დასახლებულ პუნქტს, სადაც ავტომანქანის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ/სთ-ს.
მოცემული კომისიური ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ, ხელახლა დაიკითხა ექსპერტი - თ------ დ-----იძე, რომელმაც ახსნა მანამდე გაცემულ დასკვნასთან არსებული განსხვავებების გამომწვევი ობიექტური მიზეზები. მისი განმარტებით, კომისიური ექსპერტიზის ჩატარებისას მისთვის ცნობილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საწინაამღმდეგო დასკვნის შესახებ, ამასთან, მეორე შემთხვევაში, ექსპერტის წინაშე დასმული იყო დამატებითი კითხვები, რამაც განაპირობა ცვლილების შეტანა საბოლოო დასკვნაში. თ------ დ-----იძის განმარტებით, მას არც ამ შემთხვევაში შეუტანია ეჭვი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში, თუმცა, ყველა მონაცემი ასახა მინიმალური მოცემულობებით. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაშიც დადასტურდა ი----- კ-------ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი. კომისიური საექსპერტო კვლევისას, მან მეტი ყურადღება გაამახვილა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებულ ფოტოსურათებზე ასახული მონაცემებზე, რამაც გამორიცხა ყოველგვარი გონივრულ ეჭვი სამუხრუჭე კვალის სიგრძესთან დაკავშირებით. თ------ დ-----იძის განმარტებით, ი----- კ-------ს დაშვებული სიჩქარით რომ ემოძრავა, მ------ გ----------ე ისე გადაივლიდა საავტომობილო გზას, რომ ავტომობილს მასთან კონტაქტი საერთოდ არ ექნებოდა, შესაბამისად, მძღოლს მუხრუჭის ან რაიმე სხვა მანევრის შესრულება აღარ მოუწევდა. ექსპერტმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ დასკვნაში მითითებულია 33 მეტრი სიგრძის კვალი, რომელიც წარმოადგენს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მიერ დატოვებულ კვალს, უწყვეტად მიემართება ავტომანქანის ჩამონაღვარის გუბესთან, საიდანაც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა ავტომანქანის გადაადგილება 3-4 მეტრით. ამის გამო აღნიშნული კვალი წყდება, შემდეგ კი კვლავ გრძელდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, მისი გაგრძელება ექსპერტმა აღარ გაითვალისწინა სამუხრუჭე კვალის სიგრძის დადგენისას. შესაბამისად, თ------ დ-----იძემ არ გამორიცხა პირველი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ექსპერტ თ------ დ-----იძის პირველი დასკვნა გაცემულ იქნა გამომძიებლის მიერ დადგენილებაში დასმული მთავარი კითხვის ირგვლივ, დაარღვია თუ არა ი----- კ-------მა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, ექსპერტისათვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალები დამუშავდა მხოლოდ ავტომობილის სიჩქარის გამოთვლის მიმართულებით. ამ შემთხვევაში ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა კითხვა, თუ რომელი ავტომობილის მიერ იქნა დატოვებული სამუხრუჭე კვალი და რა სიგრძის იყო იგი. ამდენად, ექსპერტმა შეაფასა საგამოძიებო ორგანოს მიერ მიწოდებული მასალები მასში მითითებული მონაცემების მიხედვით და განსაზღვრა ავტომობილის სიჩქარე შეჯახების მომენტში. მეორე დასკვნა კი, კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში, მომზადდა შინაარსობრივად განსხვავებული კითხვების საფუძველზე, მათ შორის, დასმული იყო კითხვა, შემთხვევის ადგილზე ნამდვილად ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიერ იყო თუ არა დატოვებული სამუხრუჭე კვალი. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ექსპერტმა -თ------ დ-----იძემ მოახდინა სამუხრუჭე კვალის სიგრძის გადამოწმება. შემთხვევის ადგილზე გასვლისას მას აღარ დახვდა ავტომანქანის სამუხრუჭე კვალი, შესაბამისად, მოუწია კვალის გაზომვა ფოტოსურათებზე არსებული მყარი წერტილების აღებით, აქედან გამომდინარე, მან დაკითხვისას მიუთითა, რომ კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში უფრო მეტი ყურადღება მიაქცია წარდგენილ ფოტომასალას. საბოლოოდ, თ------ დ-----იძე მივიდა კატეგორიულ დასკვნამდე, რომ სამუხრუჭე კვალის დასაწყისიდან მის დასასრულამდე, რომელიც მდებარეობს ჩამონაღვრის მარცხნივ, სურათებზე ორი უძრავი წერტილის აღებით, სამუხრუჭე კვალის სიგრძე შეადგენს 33 მეტრს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტის მიერ სპეციალური ფორმულის გამოყენებით, გამოთვლილ იქნა ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მოძრაობის სიჩქარე, რამაც შეადგინა 78 კმ/სთ. რაც შეეხება სამუხრუჭე კვალის დარჩენილ 7.1 მეტრიან ნაწილს, აღნიშნულთან დაკავშირებით თ------ დ-----იძემ მიუთითა, რომ კატეგორიულად არ შეუძლია დაასკვნას, რომ ეს კვალი ი----- კ-------ის ავტომობილის მიერ არის დატოვებული.
სასამართლოს შეფასებით, თ------ დ-----იძის ამგვარი დასკვნა გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია, აღნიშნული 7.1 მეტრიანი კვალიც ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს ეკუთვნოდეს, მაგრამ ექსპერტი აღნიშნულის კატეგორიულ მტკიცებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. მიუხედავად ამისა, 33 მეტრიანი სამუხრუჭე კვალის არსებობის პირობებშისც კი ადგილი აქვს ი----- კ-------ის მიერ კანონით დაშვებული სიჩქარის გადაჭარბების ფაქტს, თ------ დ-----იძის დასკვნებში არსებული განსხვავებები სიჩქარესა და კვალის სიგრძეს შორის კი გამოწვეულია სხვადასხვა შემთხვევაში ექსპერტისათვის განსხვავებული კითხვების დასმით. კომისიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისას მას მოუწია მიწოდებულ ფოტომასალაზე მეტი ყურადღების გამახვილება და აღნიშნულის მიხედვით შემთხვევის ადგილზე კვალის მყარი წერტილების აღება, რადგან მას უნდა გაეცა ასევე პასუხი კითხვაზე, თუ რომელ ავტომობილს ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე დატოვებული სამუხრუჭე კვალი.
სასამართლო სრულად იზიარებს თ------ დ-----იძის მიერ ჩატარებული კომისიური ექსპერტიზის დასკვნას და მიიჩნევს, რომ მასში გონივრული ეჭვის შეტანის არავითარი ლოგიკური საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მისი საბოლოო დასკვნები არ გამორიცხავენ პირველ დასკვნაში ჩამოყალიბებულ მონაცემებს. სასამართლო იზიარებს ექსპერტ თ------ დ-----იძის განმარტებას იმის შესახებ, რომ სამუხრუჭე კვალის მანძილი არის გადამწყვეტი ფაქტორი ავტომობილის სიჩქარის გამოთვლისას და ეთანხმება მის მიერ მიღებულ დასკვნას, რომლითაც უტყუარად დადგენილია, რომ 33 მეტრიანი სამუხრუჭე კვალის შესაბამისად, ი----- კ-------ი მოძრაობდა 78 კმ/სთ სიჩქარით, დარჩენილი 7.1 მეტრიანი კვალი კი მხოლოდ შესაძლოა დაეტოვებინა იმავე ავტომობილს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ ი----- კ-------ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა,სასამართლო ვერ გაიზიარებს კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემულ დასკვნას, რომლის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და მასთან თანდართულ სქემაზე მოცემული კვლებიდან ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭებით დატოვებულია მხოლოდ 20 მეტრი სიგრძის კვალი, ხოლო სხვა დანარჩენი არ შეიძლება დატოვებული ყოფილიყო ავტომობილის საბურავით. აღნიშნული დასკვნის ირგვლივ დაიკითხნენ მისი ავტორები - ლ-–- ა-------–--ე და დ----- გ---–-----ი. ლ-–- ა-------–--ემ ჩვენებაში მიუთითა სამუხრუჭე სისტემა „აბს“-ის მახასიათებლების შესახებ, რის საფუძველზეც შეეცადა დაესაბუთებინა, რომ 20 მეტრი სიგრძის კვალის გარდა, შემთხვევის ადგილზე არსებული სხვა კვალი, არ შეიძლება მივიჩნიოთ ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიერ დატოვებულად, თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კუთხით არ აქვს სპეციალური ცოდნა და ამ მიმართულებით ექსპერტს არ წარმოადგენს. ლაშა ა-------–--ის განმარტებით, აღნიშნულ საექსპერტო კვლევაში მისი მონაწილეობა შემოიფარგლა მხოლოდ ფოტოსურათების დამუშავებით, რითაც შემდგომ იხელმძღვანელა ავტოტექნიკურმა ექსპერტმა - დ---თ გ---–-----მა. დ----- გ---–-----მა დაკითხვისას გამორიცხა, რომ 20 მეტრზე მეტი სიგრძის კვალი დაეტოვებინა ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მისი განმარტებით, ამ დასკვნამდე მივიდა იმიტომ, რომ ფოტოსურათებზე 20 მეტრ სიგრძეზე მეტ კვალს უბრალოდ ვერ ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ეს შეიძლება მხოლოდ გაურკვეველი ჩრდილი იყოს. ყურადსაღებია, რომ დ----- გ---–-----ი შემთხვევის დღეს შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და თავისი თვალით არ უნახავს ობიექტურად იქ არსებული სამუხრუჭე კვალი, განსხვავებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებისაგან, რომლებმაც თავად ნახეს ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება. დ----- გ---–-----ი ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის გარეშე გამორიცხავს ზ-----ბ ა--–------ის, თ------ ჩი---–---–ის, გ------ი მ---------ის და ნოდარ ხ------–---–ის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ გამორიცხულია 20 მეტრზე მეტი სიგრძის კვალი დაეტოვებინა ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, მაშინ, როდესაც ფოტოსურათებზე შეუიარაღებელი თვალით ვიზუალური დაკვირვებითაც აშკარად ჩანს, რომ სახეზეა არა გაურკვეველი ჩრდილი, არამედ ავტომანქანის საბურავის სამუხრუჭე კვალი. დ----- გ---–-----მა, დაკითხვისას, ასევე განმარტა, რომ 20 მეტრზე მეტი კვალის სიგრძე თავისი ფორმით და მახასიათებლებით არ შეიძლება დატოვებული იყოს ავტომობილის მიერ, თუმცა არ დაუსაბუთებია, თუ რა არგუმენტზე დაყრდნობით მივიდა იგი ამ დასკვნამდე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მისი განმარტებით, ფოტოებზე იგი უბრალოდ ვერ ხედავს ავტომანქანის სამუხრუჭე კვალს, გარდა მის მიერ დადგენილი 20 მეტრისა. აღსანიშნავია, რომ დ----- გ---–-----ის ჩვენებით, „აბს“-ის სამუხრუჭე სისტემით აღჭურვილი ავტომანქანა მკვეთრი დამუხრუჭებისას არ ტოვებს თანაბარ კვალს და მისი საწყისი მონაკვეთი განსხვავდება მისი გაგრძელებისგან, ამიტომ შესაძლებელია დამუხრუჭების შემდეგ რამდენიმე მეტრის მანძილზე მუხრუჭის თვალით ხილული აშკარა კვალი საერთოდ არ დარჩეს, რაც თავისთავად შეცვლის მუხრუჭის სიგრძეს.
სასამართლო კატეგორიულად არ იზიარებს ადვოკატის დასკვნით სიტყვაში გაჟღერებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ დ----- გ---–-----ის და ლ-–- ა-------–--ის განმარტებები თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა იქნეს გაზიარებული, რომ ისინი წარმოადგენენ მრალვალწლიანი სტაჟის მქონე ექსპერტებს, რომლებიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავენებ. სასამართლო მიუთითებს, რომ არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში კი დ----- გ---–-----ის და ლ-–- ა-------–--ის განმარტებები არ შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სქემას, ფოტოსურათებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირების ჩვენებებს), გარდა ბრალდებულის ტენდენციური ჩვენებისა, რაც მიუთითებს მათ მიერ მიღებული დასკვნების მცდარობაზე. სასამართლოს აზრით, მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული პირები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებენ, თავისთავად არ შეიძლება მიუთითებდეს მათ მიერ მიღებული დასკვნების უტყუარობაზე, მით უმეტეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა ურთიერთთავსებად მტკიცებულებებს.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ, შპს „ბილდინგ ექსპერტის“ ექსპერტ თ------ ჭ------ის მიერ გაცემულ, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული 40.1 მეტრი სიგრძის კვალის წარმოშობა ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისგან ტექნიკური თვალსაზრისით გამორიცხულია, რადგან „აბს“-ის სისტემით აღჭურვილი ავტომობილები დამუხრუჭებისას საბურავის კვალს, მით უმეტეს, უწყვეტს, საერთოდ არ ტოვებენ. ამ მიმართებით ყურადსაღებია თ------ ჭ------ის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას საკვლევად წარედგინა შემთხვევის ადგილზე გადაღებული შავ-თეთრი ფოტომასალა, იგი არ ჩასულა შემთხვევის ადგილზე, არ შეუსწავლია იქ არსებული ვითარება, არ დაუთვალიერებია ი----- კ-------ის ავტომანქანა, შავ-თეთრ ფოტოებზე კი არ ჩანდა კვალი, რომელიც შეიძლება ზემოაღნიშნულ ავტომანქანას დაეტოვებინა. ასეთ პირობებში, გაუგებარია, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე, როგორ მივიდა თ------ ჭ------ე აღნიშნულ დასკვნამდე და რის საფუძველზე დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული 40.1 მეტრი სიგრძის კვალის წარმოშობა ი----- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისგან ტექნიკური თვალსაზრისით გამორიცხულია. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს თ------ ჭ------ის მიერ გაცემულ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც, იმავდროულად, არსებითად ეწინააღმდეგება ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო დანაშაული, რომელიც იმავდროულად არღვევს ადამიანის სიცოცხლის კონსტიტუციურ უფლებას, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება მძღოლის მიერ ავტომობილის მართვისას ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და/ან ექსპულუატაციის წესების დარღვევაში, რომელიც იწვევს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ანალოგიურ შემთხვევებში გადამწყვეტია არამარტო იმ გარემოების დადგენა, ფორმალურად გადააჭარბა თუ არა მძღოლმა ავტომობილის სიჩქარის კანონით დადგენილ ზღვარს, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია გაირკვეს დაშვებული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაშიც რამდენად შეარჩია მძღოლმა ავტომობილის ადეკვატური სიჩქარე, რაც მას საშუალებას მისცემდა მუდმივად ეკონტროლებინა სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი ლეტალური შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი----- კ-------ის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. ამასთან, ზემოთ მიმოხილული მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ი----- კ-------ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (მ------ გ----------ის სიცოცხლის მოსპობა), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ი----- კ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
დაბოლოს, სასამართლო, შეფასების სახით, მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
3. სამართლებრივი შეფასება:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- კ-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი----- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ. მას შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია, იგი დაუყოვნებლივ შეეცადა მ------ გ----------ისათვის დროული სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას. ამასთან, მან ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების აღსრულებას.
ი----- კ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს დანაშაულის ჩადენისას ავტომობილის მართვას საამისო უფლების აკრძალვის პერიოდში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ი----- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ქმედების განხორციელების სახეს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
ი----- კ-------ის მიერ ჩადენილი სატრანსპორტო დანაშაული განეკუთვნება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ, მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებელ დანაშაულთა რიგს, რომელიც იმავდროულად ხელყოფს ადამიანის სიცოცხლის ხელშეუვალ უფლებას. სიცოცხლე, ადამიანურ ღირებულებებს შორის, ერთადერთი განუმეორებელი და შეუფასებელი ღირებულებაა, ამდენად, მისი მოსპობის შემთხვევაში, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, დამნაშავის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. როგორც საქართველოს კონსტიტუციით და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით, ასევე არაერთი საერთაშორისო აქტით სიცოცხლის უფლება გარანტირებულია და მისი ხელყოფის ყოველი შემთხვევა მკაცრად უნდა იქნეს რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სამართლიანობის კონტექსტში, ყოველთვის დაცული უნდა იყოს პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის ფუნდამენტური პრინციპი.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმ უმძიმესი, გამოუსწორებელი შედეგისა, რაც ბრალდებულის ქმედებამ გამოიწვია, ი----- კ-------ი და მისი ოჯახის წევრები დაზარალებულის ოჯახების წევრებთან დღემდე შერიგებულნი არ არიან. ი----- კ-------ი წარსულში არაერთხელ არის ადმინისტრაციული წესით სახდელშეფარდებული საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევების გამო. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მას დანაშაულის ჩადენისას ჩამორთმეული ჰქონდა ავტომობილის მართვის უფლება, ვინაიდან წარსულში ავტომანქანას მართავდა მთვრალ მდგომარეობაში. ამჯერად ი----- კ-------ის მიერ ჩადენილ გაუფრთხილებელ ქმედებას შედეგად მოჰყვა 10 წლის მ------ გ----------ის სიცოცხლის მოსპობა, რომელიც ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. დასახელებული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლოა მიღწეულ იქნეს ადეკვატური საპატიმრო სასჯელის გამოყენებით.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ. მას შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია, იგი პირველივე შესაძლებლობისთანავე შეეცადა მ------ გ----------ისათვის დროული სამედიცინო დახმარების გაწევას. მან ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ასაკს, მის ოჯახურ მდგომარეობას და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ი----- კ-------ი 30 წლისაა, არის დასაოჯახებელი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, დაკავებამდე იყო უმუშევარი.
ამდენად, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობის და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, ი----- კ-------ს სატრანსპორტო დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების და მისი წარსული ცხოვრების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, ი----- კ-------ს 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე, 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი----- კ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. მსჯავრდებულ ი----- კ-------ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო, მათ შორის, 2018 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით და ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განჩინების საფუძველზე დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 27 მარტიდან.
3. მსჯავრდებულ ი----- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ავტომანქანა ,,BMW“, სახელმწიფო ნომრით „W--------“, რომელიც განთავსებულია გორის რაიონის სოფელ სვენეთში მდებარე „გორის სიტის“ სპეციალურ ავტოსადგომზე და ი----- კ-------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ---ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ი----- კ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· ავტომანქანის საღებავის ნიმუში, მ------ გ----------ის ტანსაცმლიდან ამოღებული ლაქსაღებავის მიკრონაწილაკები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ნატეხები და ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები დაქტილოფირებით, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ---ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს;
· მ------ გ----------ის ტანსაცმელი: ერთი ცალი წინდა, ერთი ცალი ოთახის ფეხსაცმელი, შარვალი, ტრუსი, მაისური, ბიუსჰალტერი და თმის შესაკრავი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ნანა გაბაძეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე