განაჩენი

სისხლის სამართლის 31.12.2018
საქმის ნომერი
160140018002759668
დავის ტიპი
151
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160140018002759668

საქმე #1/292-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - თამარ სისვაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------ სა---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - სა--- მუ----- (დაბადებული - 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: მა-------–ის რაიონი, სოფელი შუ-–-------------------------------).

 

ადვოკატი - ზუ---- და-–---–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თარჯიმანი - ნა--–- იბ---------ა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ კაჩაგანში მდებარე აზ-----ების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, სა--- მუ----მა დანის დემონსტრირებით და სიტყვებით ,,უნდა მოგკლა" სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს დუ------- აზ-----ას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სა--- მუ----მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს, საღამოს საათებში იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში რა დროსაც გადაწყვიტა ენახა მისი ყოფილი მეუღლე და ეთხოვა შერიგება, იგი მივიდა მა-------–ის რაიონის სოფელ კაჩაგანში მდებარე აზ-----ების ოჯახში რა დროსაც სახლის ეზოში დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს დუ------- აზ-----ას.

 

2.2. სა--- მუ-----ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - დუ------- აზ-----ას გამოკითხვის ოქმს, მოწმის - ფა------ ბა--------ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს.

 

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ სა--- მუ-----ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებმა საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან ყოფილი მეუღლე და პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 2.2. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ კაჩაგანში მდებარე აზ-----ების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, სა--- მუ----მა დანის დემონსტრირებით და სიტყვებით ,,უნდა მოგკლა" სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს დუ------- აზ-----ას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. . ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სა--- მუ----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლითაც სა--- მუ----ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს სა--- მუ-----ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას სა--- მუ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ჩადენილი ქმედება.

 

4.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. რეკომენდაციის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, რეკომენდაცია მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ.

 

4.7. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.

 

4.8. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ:

 

საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან. რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ოპუზის საქმეში განმცხადებელი და დედამისი განმცხადებლის ქმრის სისტემატური ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლნი იყვნენ, რაც დაგვირგვინდა დედამისის მოკვლით. სასამართლომ დაასკვნა, რომ თურქეთში საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვდა ოჯახური ძალადობის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნას და ეფექტიან ამოქმედებას, აგრეთვე დადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, გაეტარებინა პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად. ამას ერთვოდა ისიც, რომ გამოძიება იყო არასაკმარისად სწრაფი, შესაბამისად, განცხადებლის დედის მიმართ დაირღვა მე-2 მუხლი და თავად განცხადებლის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი, აგრეთვე დაირღვა მე-14 მუხლი, როგორც მე-2, ისე მე-3 მუხლთან მიმართებით.

 

4.9. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ზემოაღნიშნულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების პირობებში ითვალისწინებს სა--- მუ-----ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს - მან ქალის, ყოფილი მეუღლის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული (სიცოცხლის მოსპობის მუქარა), რაც ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, სა--- მუ-----ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სა--- მუ----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 (ერთი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

4.10. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.11. ამდენად, განაჩენის 4.9.-4.10. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სა--- მუ----ს საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და სა--- მუ-----ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: დანა თავისი შალითით და ნერწყვის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით გათვალისსწინებული წესთ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სა--- მუ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

სა--- მუ----ს 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

სა--- მუ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სა--- მუ----ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს - 2018 წლის 6 ნოემბრიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: დანა თავისი შალითით და ნერწყვის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით გათვალისსწინებული წესთ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი