განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
160100117002033995
დავის ტიპი
117 2
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100117002033995

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/171-17 15 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N024050317001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი

თამთა როყვა

სხდომის სახე : ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი ძიძიგური

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ემზარ გეთიაშვილი

 

ბრალდებული: ზ------- მ--------ი

მამის სახელი: მუსტაფა

დაბადებული: 1-----–-–--------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დმანისი, სოფელი იაღუფლო

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნიალი იბრაგიმოვა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის 29 ივნისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ზ------- მ--------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 05 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე, დმანისის რაიონის სოფელ იაღუფლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გორაკზე, ზ------- მ--------ი და ნატიკ ოსმანოვი ჩხუბობდნენ, რა დროსაც გასაშველებლად მისულ ი-----– გ-------ს ზ------- მ--------მა თავში მუშტის დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია ი-----– გ-------ის სიკვდილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1 ზ------- მ--------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 05 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე, დმანისის რაიონის სოფელ იაღუფლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გორაკზე, ზ------- მ--------ი და ნატიკ ოსმანოვი ჩხუბობდნენ, რა დროსაც გასაშველებლად მისულ ი-----– გ-------ს ზ------- მ--------მა თავში ჩაარტყა მუშტი, რამაც გამოიწვია ი-----– გ-------ის სიკვდილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნატიკ ოსმანოვი. მან განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს ზ------- მ--------თან, ხუდაიათ იუსუბოვთან, ი-----– გ-------თან, რამის ალახიაროვთან, რაგიფ იუსუბოვთან ერთად წავიდა საქეიფოდ, დმანისის რაიონის სოფელ იაღუფლოში, გორის თავზე. გორაზე იმყოფებოდნენ დილის 10 საათიდან. დაახლოებით 5-6 საათზე იგი შეკამათდა ზ------- მ--------თან. ვითრების გასარკვევად ჩავიდნენ იქვე არსებულ ფერმასთან. მათთან მივიდა ი-----– გ-------ი, ხოლო ხუდაიათ იუსუბოვი, რამის ალახიაროვი ზემოთ დარჩნენ. ნატიკ ოსმანოვმა განმარტა, რომ მას ზ------- მ--------მა დაარტყა, წაიქცა, წამოდგა და თავადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ აშველებდა ი-----– გ-------ი, რომელსაც თავის არეში ჩაარტყა ზ------- მ--------მა და ი-----– გ-------ი დარტყმის შედეგად წაიქცა. მათ ი-----– გ-------ს მიასხეს წყალი, სასწრაფოც გამოიძახეს, შემდეგ კი ავტომანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს, სანამ სასწრაფო მოვიდოდა. ფერმა, სადაც თავად კამათობდა ზ------- მ--------თან მდებარეობს გორიდან დაახლოებით 100-150 მეტრში. ნატიკ ოსმანოვმა განმარტა, რომ მას და ზ------- მ--------ს აშველებდა ი-----– გ-------ი და მისთვის უცნოია, რატომ დაარტყა მას ზ------- მ--------მა. ასევე დაადასტურა, რომ მან ი-----– გ-------ს დაარტყა მუშტი თავის არეში. ნატიკ ოსმანოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხევვიდან დაახლოებით 10-17 დღეში ი-----– გ-------ი გარდაიცვალა საავადმყოფოში. ნატიკ ოსმანოვმა ასევე დაადასტურა, რომ ამ სამი პიროვნების გარდა ჩხუბის დროს იქ სხვა არავინ ყოფილა, ასევე მისთვის უცნობია უნდოდა თუ არა ზ------- მ--------ს ის შედეგი, რაც მისმა დარტყმამ გამოიწვია ი-----– გ-------ის მიმართ. მოწმის განმარტებით, მას ი-----– გ-------ის მეუღლე შეხვდათ მას შემდეგ, რაც ავტომანქანით მოყავდათ ი-----– გ-------ი და ისიც ჩაისვეს მანქანაში. ნატიკ ოსმანოვმა დაადასტურა, რომ იგი მეგობრობს ზ------- მ--------თან, იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, ჩხუბის მიზეზი არ ახსოვს. მოწმისავე განმარტებით ზ------- მ--------ი ხედავდა თუ ვის აყენებდა დარტყმას, რადგან მასსა და ზ------- მ--------ს შორის მანძილი იყო დაახლოებით 5 მეტრი. მან ასევე დაადასტურა, რომ ჩხუბის ხმაზე შემთხვევის ადგილას იკრიბებოდა ხალხი.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა რამის ალახიაროვი. მისი ჩვენება შესაბამისობაშია ნატიკ ოსმანოვის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან. მან განმარტა, რომ ნატიკ ოსმანოვი და ზ------- მ--------ი ჩხუბობდნენ მათგან მოშორებით, მათ აშველებდა ი-----– გ-------ი, ის მათ შორის იყო უფროსი, ზ------- მ--------მა დაარტყა ი-----– გ-------ს, რომელიც გახდა ცუდად. აღნიშნულის შემდეგ ის გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც დაახლოებით 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა. რამის ალახიაროვმა დაადასტურა, რომ ი-----– გ-------ს ზ------- მ--------მა დაარტყა ერთხელ, რატომ დაარტყა არ იცის. რამის ალახიაროვმა განაცხადა, რომ როგორც დაინახა დაარტყა სახეში, ზუსტი ადგილი არ დაუნახავს სად დაარტყა, იყო ნასვამი და ზუსტი გარემოებები არ იყო მისთვის ცნობილი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ხუდაიათ იუსუბოვი. მისი ჩვენებაც შესაბამისობაშია რამის ალახიაროვის და ნატიკ ოსმანოვის ჩვენებებთნ. მან განმარტა, რომ ზ------- მ--------ი და ნატიკ ოსმანოვი შეკამათდნენ სუფრაზეც, მან გაიყვანა ზ------- მ--------ი. ამის შემდეგ ზ------- მ--------ი და ნატიკ ოსმანოვი შეკამათდნენ სუფრიდან მოშორებით, სოფლის მხარეს და მათ აშველებდათ ი-----– გ-------ი. ხუდაიათ იუსუბოვმა განმარტა, რომ იგი მოჩხუბრებს ხედავდა დაახლოებით 60 მეტრიდან. ხუდაიათ იუსუბოვმა განმარტა, რომ მან დაინახა ზ------- მ--------ის მოქნეული მუშტი, რომელიც ი-----– გ-------ს მოხვდა თავის არეში. მან განმარტა, რომ დააზიანა ზ------- მ--------ის ავტომანქანა, რადგან გაბრაზდა მასზე ნატიკ ოსმანოვთან ჩხუბის გამო. მან ასევე განმარტა, რომ მას ზ------- მ--------თან ჩხუბი არ მოსვლია. უთხრა, რომ აუნაზღაურებდა მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკიტხა რაგიფ იუსუბოვი. მან განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს იაღუფლოს გორაზე ქეიფობდნენ ბიჭები,მათ შორის იყო მისი ბიძაშვილი რამის ალახიაროვი. რაგიფმა განმარტა, რომ მივიდა მასთან, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი შვილი იყო ავად და გაერკვია, ვინ წაიყვანდა საავადმყოფოში. რაგიფ იუსუბოვმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ნატიკ ოსმანოვსა და ზ------- მ--------ს შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. თავად იმყოფებოდა ავტომანქანასთან ხუდაიათ იუსუბოვთან, რამის ალახიაროვთან ერთად. ხუდაიათ იუსუბოვმა ზ------- მ--------ს უთხრა წასულიყო სახლში, რადგან არ სურდათ ეჩხუბათ. ამის შემდეგ ზ-------ი წავიდა, ხოლო მან მანქანა დაქოქა და წავიდა. მოშორებით დაინახა, რომ ზ------- მ--------ი და ნატიკ ოსმანოვი ჩხუბობდნენ. მივიდა მათთან, აკავებდა ზ------- მ--------ს. ნატიკ ოსმანოვი მიდიოდა მის დასარტყმელად, რა დროსაც წაიქცა, შემდეგ კვლავ გაგრძელდა მათ შორის ჩხუბი. მოწმემ დაადასტურა, რომ ი-----– გ-------ი იყო მოჩხუბრებისგან მოშორებით, არ ერეოდა. როდესაც ჩხუბი გაგრძელდა ი-----– გ-------ი მივიდა გასაშველებლად, ზ------- მ--------ს უთხრა არ ეჩხუბა. რაგიფ იუსუბოვის განმარტებით ამის შემდეგ მას ი-----–ი არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ მაშინ როდესაც იწვა მიწაზე, მაგრამ ვინ დაარტყა და როგორ დაარტყა მას არ დაუნახავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც მისთვის ცნობილია ი-----– გ-------ი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა ტუკაზბან იუსუბოვი. მან განმარტა, რომ 2017 წლის მარტის თვეში, შეიძლება იყო 5 რიცხვი, დაახლოებით ხუთ საათზე საქონელი ჰყავდა გაყვანილი გარეთ, რა დროსაც შემოესმა ხმაური და გაემართა იმ ადგილისაკენ საიდანაც ხმა ისმოდა. მან განმარტა, რომ რაგიფ იუსუბოვი არის მისი შვილი, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მისი შვილიც იმყოფებოდა გორაზე. როდესაც მივიდა დაინახა რაგიფი, რომელიც იდგა ზ------- მ--------ის მანქანასთან. მათ მანქანაში ჩასვეს ზ------- მ--------ი და წაიყვანეს თავისი სახლისაკენ. ტუკაზბან იუსუბოვმა განმარტა, რომ მას შვილმა უთხრა, რომ აშველებდა ბიჭებს, თუმცა ვის აშველებდა არ უთქვამს, ასევე განმარტა, რომ სხვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცოდა და არც ი-----– გ-------ი, ასევე მისი მეუღლეც არ დაუნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხვისას მუზამფარ კურბანოვმა განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს ეზოში აკეთებდა ტრაქტორს, შემოესმა ხმაური დაახლოებით 100-150 მეტრიდან. ყვიროდნენ და ითხოვდნენ დახმარებას. მოწმემ დაადასტურა, რომ მან დაინახა ი-----– გ-------ი, რომელიც იწვა ძირს, ასხამდნენ წყალს, ხელ-ფეხს უმოძრავებდნენ, სთხოვეს მანქანით საავადმყოფოში წაეყვანათ. ნატიკ ოსმანოვი და ხუდაიათ იუსუბოვიც ჩასხდნენ მანქანაში, მათ მანქანაში ჩაისვევს ასევე ი-----– გ-------ის მეუღლეც და წავიდნენ საავადმყოფოში. 5-6 საათში კი თბილისიდან მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ი-----– გ-------ი წაიყვანეს თბილისში. მუზამფარ კურბანოვმა ასევე განმარტა, რომ სხვა მისთვის არაფერი იყო ცნობილი, მხოლოდ გაიგო, რომ ი-----– გ-------ს დაარტყა ზ------- მ--------მა, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ემმა გიუმ--------ამ განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს, დაახლობით 5-6 საათი იქნებოდა, დაახლოებით 80 მეტრში დაინახა ზ------- მ--------ი და თავისი მეუღლე ი-----– გ-------ი. ხელში ეჭირათ თუ არა რაიმე მას არ დაუნახავს. ასევე დაადასტურა, რომ იქ შეკრებილნი იყვნენ ხუდაიათ იუსუბოვი, ნატიკ ოსმანოვი, დაადასტურა, რომ დაინახა ი-----– გ-------ს უკნიდან თავში როგორ დაარტყა ზ------- მ--------მა. ამის შმედგე კი ი-----– გ-------მა გონება დაკარგა, გადაყვანილ იქნა ჯერ ადგილობრივ, ხოლო შემდეგ თბილისის საავადმყოფოში და ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ განმარტა, რომ დარტყმის შემდეგ დაინახა როგორ გაიქცა ზ------- მ--------ი, გაიქცა ფეხით, მარტო იყო თუ არა არ ახსოვს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილას შეკრებილი იყო ბევრი ხალხი. ემმა გიუმ--------ამ განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის საკითხს ანდობდა სასამართლოს.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ემზარ ქრისტესიაშვილი. მან განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით. დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, განმარტა, რომ მან დაზარალებული დაკითხა ორჯერ, ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდეგ როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე, დაზარალებულის მიერ მისთვის მეცემული ჩვენებით განმარტებულია სხვაობა მის ჩვენებებს შორის. ასევე განმარტა, რომ მის მიერ დაინიშნა მთელი რიგი ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა ბრალდებულისა და გარდაცვლილის ტანისამოსი. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ბრალდებულისა და გარდაცვლილის ტანისამოსს აღენიშნებოდათ ურთიერთშეხება.

 

სასამართლოს ჩვენება მისცა ასევე ბრალდებულმა ზ------- მ--------მა. მან განმარტა, რომ ნატიკ ოსმანოვთან, ხუდაიათ იუსუბოვთან, ი-----– გ-------თან ერთად საქეითოდ წავიდა სოფლის ბოლოს, მაღალ მთიან ადგილას. მათ იყიდეს ძეხვი, პური არაყი. ზ------- მ--------მა განმარტა, რომ რამდენიმე ხანში მას სურდა წამოსვლა, ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა, რა დროსაც მას ნატიკ ოსმანოვმა დაუძახა, უთხრა გაეჩერებინა მანქანა. ნატი ოსმანოვი მისკენ მოდიოდა გინებით, მას მოყვებოდნენ სხვებიც. ზ------- მ--------მა განმარტა, რომ მას ხუდაიათ იუსუბოვმა გაუბზარა ავტომანქანის წინა საქარე მინა, ხოლო ნატიკ ოსმანოვმა დაარტყა, ამის შემდეგ გადმოვიდა ავტომანქანიდან, იქ მყოფი პირები გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, თავზე იფარებდა ხელებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე მივიდა რაგიფ იუსუბოვის დედა, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ზ------- მ--------მა განმარტა, რომ ჩხუბი დაიწყო ნატიკ ოსმანოვმა, ურტყავდა ყველა, მათ შორის ი-----– გ-------იც. ზ------- მ--------ის განმარტებით მან წამოსვლისას ი-----– გ-------ი შემთხვევის ადგილზე ჯანმრთელად დატოვა, მისთვის მუშტი არ დაურტყამს. ზ------- მ--------ის ჩვენების თანახმად, მან მანქანიდან გადმოსვლისას ერთხელ დაარტყა ნატიკ ოსმანოვს, რის შემდეგაც ძირს დაეცა. სხვები კი მას მუშტებს და წიხლებს ურტყამდნენ.

 

ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N001502417 დასკვნის თანახმად ი-----– გ-------ის სიკვდილის მიზეზია თავის ბლაგვი ტრავმა სისხლჩაქცებვებით ქალას ღრუში და თავის ტვინში მისი შემდგომი დარბილებებით.

 

გვამის გამოკვლევისა და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 05.03.17წ-დან 17.03.17წ-მდე მკურნალობის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დაუდგინა: სისხლჩაქცევები თავის ქალას ღრუში და ტვინში, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ნაჭდევი თავის მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალო კავშრშია სიკვდილის დადგომასთან. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით სიკვდილი დადგა 17.03.17წ. 04:40 საათზე, გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ თარიღს.

 

გარდა ამისა, გვამზე აღინიშნება სამედიცინო მანიპულაციებისა და ოპერაციის კვლები, წარმოებული მკურნალობის მიზნით.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ი-----– გ-------ი მკურნალობდა ამბულატორიულად 09.01.17წ. დიაგნოზით: თხემის მიდამოს დაჩირქებული ათერომა, ჩაიტარდა თავისა და კისრის კანის სხვა ადგილობრივი დესტრუქცია, რაც სიკვდილთან მიზეზ-შედეგობრივად კავშირში არ იმყოფება.

 

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ი-----– გ-------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერებები: დიაზეპამი და ნორდაზეპამი, სანარკოზე საშუალება თიოპენტალის მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმის პროდუქტი) - პენტობარბიტალი და M-ქოლინობლოკატორული საშუალება - ატროპინი. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტოპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი ალექსი ბარათაშვილი. მან დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ბლაგვ საგანში იგულისხმება მუშტიც. მიყენებული დაზიანება იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილი ი-----– გ-------ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი.

 

2017 წლის 4 მაისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N324/ტრ დასკვნის თანახმად გამოკვლევაზე წარმოდგენილ ი-----– გ-------ის სვიტრის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

- ი-----– გ-------ის შავი ფერის პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია თერმული ზემოქმედების და რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.

- ი-----– გ-------ის ჟაკეტის, ნაცრისფერი პერანგის, ტრუსის, სპორტული შარვლის, შარვლის და ქამრის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.

- ზ------- მ--------ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

- ზ------- მ--------ის სარვლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.

- ნატიკ ოსმანოვის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

- ნატიკ ოსმანოვის შარვლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.

- ხუდაიათ იუსუბოვის ტანსაცმლის ზედაპირზე რაიმე სახლის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.

- რამის ალახიაროვის ქურთუკის ზედაპირზე არსებული ზედაპირული დაზიანებები წარმოქმინილია რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.

- რამის ალახიაროვის სვიტრის და შარვლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.

 

2017 წლის 20 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N169/ქმ დასკვნის თანახმად ზ------- მ--------ის პულოვერის ზედაპირზე აღმოჩენილი მუქი იისფერი პოლიეთერულ ბოჭკოს ნაწილაკებს და ი-----– გ-------ის პულოვერის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მუქი იისფერ პოლიეთერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება. ზ------- მ--------ის პულოვერის ზედაპირზე აღმოჩენილ მუქი ყავისფერი გარდამავალი უფერო გამჭირვალეში პოლიეთერულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ნატიკ ოსმანოვის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მუქი ყავისფერი გარდამავალი უფერო გამჭირვალეში პოლიეთერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტი თეა მიქაძე. მან განმარტა, რომ მასთან წარდგენილი იყო სამი ფუთა, რომელთა მთლიანობაც არ იყო დარღვეული. დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2017 წლის 5 მარტის ი-----– გ-------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ქ. თბილისის შპს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. აღნიშნული კლინიკის სანიტრამა თამარ აზმაიფარაშვილმა გამოძიებას წარმოუდგინა ი-----– გ-------ის ტანსაცმელი. მოკლე სახელოიანი შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის გრძელ სახელოიანი ჯემპრი, შავი ფერის სპორტული შარვალი ორივე გვერდზე თეთრი ზოლით, ლურჯი ფერის შარვალი, სალტაზე შავი ფერის ქამრით, შავი ფერის პერანგი მოთეთრო ზოლებით და ნაცრისფერი პერანგი მოთეთრო ზოლებით. ოქმში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნულ ტანისამოსს ვიზუალური დათვალიერების შედეგად ხევის ან რღვევის კვალი არ აღენიშნებოდა. აღნიშნული ტანისამოსი მოთავსდა პაკეტში და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბონდო მენაბდიშვილმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული აქვს ი-----– გ-------ის ტანსაცმლის ამოღება. განმარტა, რომ ტანსაცმელი ამოღებულ იქნა თბილისში, საავადმყოფოში, სანიტრისგან. მის მიერ მოხდა ტანსაცმლის აღწერა დალუქვა, შესაბამისი ოქმის შედგენა. ოქმზე მითითებულ იქნა ასევე ხელმოწერები.

 

2017 წლის 6 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დმანისის რაიონის სოფელ იაღლუფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა ექსპერტი ფირან დევნოზაშვილი, მოწმე მუზაფარ კურბანოვი, თარჯიმანი რუსლან აბდურახმანოვი, ოქმი შედგენილია გამომძიებელ ფირუზ დევნოზაშვილის მიერ. ოქმში მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს გორას, მუზაფარ კურბანოვას სახლიდან ჩრდილოეთით ორას მეტრ მანძილში გორის ფერდობზე მოწმის მიერ მითითებულ იქნა ადგილი, სადაც ნახა ძირს მწოლიარე, უგონო მდგომარეობაში მყოფი ი-----– გ-------ი, რომელსაც ბოთლით წყალს ასხამდნენ ნატიკ ოსმანოვი, ხუდაიათ იუსუბოვი. ხსენებულ ადგილას შეინიშნებოდა ფეხის კვლები, ხოლო დაახლოებით 15 მეტრში კი მოწმის მითითებით იდგა ნატიკ ოსმანოვის ავტომანქანა. მითითებულ ადგილზე შეიმჩნეოდა ავტომანქანის საბურავების კვლები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებელი ფირუზ დევნოზაშვილი და ექსპერტი ფირან დევნოზაშვილი. ფირუზ დევნოზაშვილმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში. გამომძიებლის განმარტებით შემთხვევის ადგილი მათ მიუთითა მოწმემ, მათ მიერ ასევე დათვალიერებულ იქნა ადგილი, სადაც იყო გარდაცვლილი და ასხამდნენ წყალს და მანქანა, რომელიც ეკუთვნოდა ბრალდებულს, რომლითაც შემთხვევის ადგილზე იყვნენ მისულნი.

 

აღნიშნული გარემოებები შესაბამისობაშია მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ფირან დევნოზაშვილის ჩვენებასთან. მან დაადასტურა, რომ მონაწილეობდა, როგორც ექსპერტი შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ღამით, ესწრებოდა მოწმე და თარჯიმანი, მოხდა სურათების გადაღება ,,ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატით.

 

2017 წლის 6 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ზ------- მ--------ის ტანსაცმელი: ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და შავი, წითელი და მოსერო ფერით გაწყობილი სვიტრი. შარვალს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ხოლო სვიტრზე შეიმჩნეოდა ლაქები და მარჯვენა მხარეს იღლიასთან აღენიშნეოდა სავარაუდოდ გარღვევის კვლები.

 

ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N001243917 დასკვნის თანახმად გარეგანი დათვაიერებით ზ------- მ--------ს 06.03.17 წელს არენიშნება ნაჭდევი მარჯვენა მხრის სარტყლის მიდამოში, სისხლნაღღენთი მარცხნივ გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N001720517 დასკვნის თანახმად ნატიკ ოსმანოვს 07.03.17 წელს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის 7 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა რაგიფ იუსუბოვთან. მისივე თანხმობით მოხდა მის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენების გადამოწმება.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა გამომძბელი გურამ ნინაშვილი, მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტების, ,,ინგოროყვას“ კლინიკიდან სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღების.

 

მოწმის სახით სასამართლოში ასევე დაკითხულია თარჯიმანი რუსლან აბდურახმანოვი. მან განმარტა, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტებში, მოწმეთა დაკითხვაში.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ემმა გიულმ--------ას, არზუმან გ-------ის და რომან გ-------ის განცხადება, სადაც აღნიშნული, რომ თანახმა არიან ზ------- მ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რასთან დაკავშირებითც მათ არ ექნებათ პრეტენზია.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებანი და დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ზ------- მ--------მა ი-----– გ-------ს თავის არეში ერთხელ ჩაარტყა მუშტი. აღნიშნული გამომდონარეობს მოწმეების ნატიკ ოსმანოვის, ხუდაიათ იუსუბოვის, რამის ალახიაროვის ჩვენებებიდან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიდან, საიდანც დგინდება, რომ ი-----– გ-------ს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული აქვს დაზიანება. სასამართლო ვერ გაიზიარებს ზ------- მ--------ის ჩვენებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ მას ყველა გორაზე შეკრებილი ადამიანი, მათ შორის ი-----– გ-------ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და შემთხვევის ადგილიდან წამოსვლისას ი-----– გ-------ი დატოვა ჯანმრთელად, შემდეგ გარემოებათა გამო: მოწმეები ნატიკ ოსმანოვი, ხუდაიათ იუსუბოვი და რამის ალახიაროვი ადასტურებენ, რომ ჩხუბი მიმდინარეობდა ნატიკ ოსმანოვსა და ზ------- მ--------ს შორის, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად ბრალდებული, როდესაც განმარტავს, რომ მას თავდაპირველად დაარტყა ნატიკ ოსმანოვმა ავტომანქანაში, შემდეგ კი გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაზიანება მიაყენე ნატიკ ოსმანოვს. ყველა ზემოაღნიშნული მოწმე ცალსახად უთითებს, რომ ი-----– გ-------ი კომფლიქტში არ ერთვება და მხოლოდ ბოლოს გასაშველებლად მიდის ნატიკ ოსმანოვთან და ზ------- მ--------თან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად დაზიანებები მიყენებული აქვთ ნატიკ ოსმანოვს და ზ------- მ--------ს. აღნიშნული მოწმეების ჩვენებები შესაბამისობაშია საქმეზე ჩატარებულ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, დასკვნის თანახმად ი-----– გ-------ის ტანისამოსს არ აღენიშნება რაიმე ფიზიკური დაზიანების კვალი. ასევე მოწმეთა ჩვენებებიდან ცალსახად დგინდება, რომ ზ------- მ--------მა ი-----– გ-------ს დაარტყა მხოლოდ ერთხელ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. ზ------- მ--------ს ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

 

საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩაენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. პირდაპირი განზრახვით ქმედების ჩადენისას საჭიროა პირს გაცნობიერებული ჰქონდეს ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. არაპირდაპირი განზრახვისას კი პირი ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას არ სურს ეს შედეგი, თუმცა შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

 

სასამართლომ უნდა შეაფასოს ზ------- მ--------ი ქმედების ჩადენისას მოქმედებდა განზრახ, თუ განზრახვის გარეშე. ამ საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქმედების ჩადენისას ზ------- მ--------ს არ გამოუყენებია სპეციალურად სხეულის დასაზიანებლად მომარჯვებული რაიმე მჭრელი, მჩხვლეტავი ან სხვა ისეთი მყარი საგანი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ადამიანისათვის მძიმე ან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დაზიანების მიყენება. რაც შეეხება ზ------- მ--------ის მიერ მუშტის ერთხელ განზრახ დარტყმას ი-----– გ-------ისათვის თვის არეში, ძნელად სავარაუდოა, რომ ეს განზრახვა შედეგის სახით მოიცავდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მსჯავრდებულსა და გარდაცვლილს შორისაც, ფიზიკური აგებულებისა და ძალის თვალსაზრისით, არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი სხვაობა მის სასარგებლოდ, რაც სათანადო საფუძველს მოგვცემდა გვევარაუდა, რომ ქმედების ჩადენისას ზ------- მ--------ი შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა, ანდა თუნდაც მას ინტელექტუალურად შეცნობილი ჰქონდა ერთხელ მუშტრის დარტყმით ისეთი შედეგის დადგომა, როგორიცაა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანება სისხლჩაქცევები ქალას ღრუში და თავის ტვინში მისი შემდგომი დარბილებით, რადგან ასეთი დასკვნისათვის საქმეში უტყუარი მტკიცებულებები არ მოიპოვება.

 

საქმეში არ არსებობს რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომ ქმედების ჩადენისას ზ------- მ--------ი ითვალისწინებდა ხსენებული მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობას. ამიტომ in dubio pro reo – ს პრინციპის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში იმის ვარაუდი, რომ მსჯავრდებულ ზ------- მ--------ს მოსალოდნელი შედეგის მიმართ შეიძლება ჰქონოდა განზრახი ან თვითიმედოვნებითი დამოკიდებულება, უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ, რადგან ასეთ ვარაუდს არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის 10-ე მუხლის თანახმად გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ უნდა განვიხილოთ საკითხი, იმ ვითარებასა და პირობებში, რომელთა არსებობისას ზ------- მ--------ი ახორციელებდა თავის ქმედებას, იყო თუ არა შესაძლებელი, გაეთვალისწინებინა იმ მძიმე შედეგის დადგომა, რაც საბოლოოდ მოჰყვა ამ ქმედებას ი-----– გ-------ის გარდაცვალების სახით. ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით, საშუალო დონის ადამიანსაც კი შეეძლო გაეთვალისწინებინა რომ ადამიანისათვის თავის არეში მუშტის ძლიერმა დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაცემა, რის შედეგადაც შესაძლოა, მან მიიღოს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და სიკვდილიც დადგეს, არსებულ ვითარებაში სავსებით შესაძლებელი იყო მსგავსი შედეგის დადგომა. ქმედების ჩადენის მომენტში ზ------- მ--------მა არ გამოიჩინა ელემენტარული წინდახედულება იმასთან მიმართებით, რომ თავში ძლიერი დარტყმით შეიძლებოდა, ისეთი ტრამვის მიღება, რასაც ი-----– გ-------ის სიკვდილი მოჰყოლოდა.

 

ამრიგად, სარწმუნოდ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ------- მ--------ის ქმედების სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს, კერძოდ: მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 116–ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში ზ------- მ--------მა ჩაიდინა დაუდევრობით.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.4. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ------- მ--------მა ი-----– გ-------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

4.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ------- მ--------ი არ არის ნასამართლევი, შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ზ------- მ--------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, კმაყოფაზე ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

5.3. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ზ------- მ--------ს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზ------- მ--------ის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ზ------- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

ზ------- მ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

ზ------- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა დაევალოს შსს დმანისის რაიონულ სამმართველოს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

პლასტმასის ბოთლი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ი-----– გ-------ის, ნატიკ ოსმანოვის, ხუდაიათ იუსუბოვის და რამის ალახიაროვის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

ზ------- მ--------ის ტანსაცმელი და ავტომანქანა ,,ოპელვექტრა“ სახელმწიფო ნომერი IYI-964 დაუბრუნდეს ზ------- მ--------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ფორმა N100 დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე