გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34619-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე სს ''თ----------ი''
წარმომადგენელი ს--–-------–----–---–ი
მოპასუხე მ--ა ნა-------–---–ი
წარმომადგენელი ი-----–------------–--ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მ--ა ნა-------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4833.29 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3999.78 ლარი, პროცენტია 558.13 ლარი და ჯარიმაა 275.38 ლარი.
1.2. მ--ა ნა-------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 ივნისიდან) 2014 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე, 3999.78 ლარზე აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 119.99 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 2879.84 ლარისა.
1.3. მ--ა ნა-------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 17 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4837.92 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3999.82 ლარი, პროცენტია 561.68 ლარი და ჯარიმაა 276.42 ლარი
1.4. მ--ა ნა-------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 ივნისიდან) 2014 წლის 17 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (3999.82 ლარი) აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 119.99 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 2879.86 ლარისა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ--ა ნა-------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 2014 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული სარგებლის და ჯარიმის ნაწილში, ასევე 2014 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული სარგებლის და ჯარიმის ნაწილში, ჯამში 9671,21 ლარის ოდენობით. ხოლო მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო.
(9.12.2018წ, სხდომის ოქმი 12:09:24 წთ)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ----------სა“ და მ--ა ნა-------–---–ს შორის 2014 წლის 11 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, რომელსაც ემატება 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 19)
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 20-22)
3.1.2. მ--ა ნა-------–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2016 წლის თებერვალში და სრულყოფილად არ გადაიხადა სათანადო თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 2014 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბართით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4833.29 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3999.78 ლარი, პროცენტია - 558.13 ლარი და ჯარიმაა - 275.38 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 44)
- გადახდების ისტორია (ს.ფ 29-36)
3.1.3. სს „თ----------სა“ და მ--ა ნა-------–---–ს შორის 2014 წლის 17 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, რომელსაც ემატება 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 23)
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 24-26)
- TBC Prime-ის განაცხადი (ს.ფ 27-28)
3.1.4. მ--ა ნა-------–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2016 წლის თებერვალში და სრულყოფილად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 2014 წლის 14 ოქტომბრის საკრედიტო ბართით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4837.92 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3999.82 ლარი, პროცენტია - 561.68 ლარი და ჯარიმაა - 276.42 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 44)
- გადახდების ისტორია (ს.ფ 37-43)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''თ----------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მ--ა ნა-------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 2014 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული სარგებლის და ჯარიმის ნაწილში. ასევე 2014 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული სარგებლის და ჯარიმის ნაწილში, ჯამში 9671.21 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს სარჩელის ამავე ფარგლებში სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით, მოპასუხისთვის ორივე საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2050 წლამდე, რა დროსაც მოსარჩელეს აქვს გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი. შესაბამისად, სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული.
ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს თანხის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს სს “თ----------ი”-ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 ივნისიდან) 2014 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3999.78 ლარზე აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 119.99 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 2879.84 ლარისა. მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 ივნისიდან) 2014 წლის 17 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3999.82 ლარზე აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 119.99 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 2879.86 ლარისა.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სს „თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს შესაბამისი პროპორციის სახელმწიფო ბაჟი და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. სს თ----------ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს სრულად:
1.1. მ--ა ნა-------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4833.29 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3999.78 ლარი, პროცენტია 558.13 ლარი და პირგასამტეხლოა 275.38 ლარი.
1.2. მ--ა ნა-------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 ივნისი) 2014 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (3999.78 ლარი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 119.99 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 2879.84 ლარისა.
1.3. მ--ა ნა-------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 17 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4837.92 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3999.82 ლარი, პროცენტია 561.68 ლარი და პირგასამტეხლოა 276.42 ლარი
1.4. მ--ა ნა-------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 ივნისიდან) 2014 წლის 17 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (3999.82 ლარი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 119.99 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 2879.86 ლარისა.
2. სს თ----------ს დაუბრუნდეს 19-------- წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (462.92 ლარი) ნაწილი 145,05 ლარი.
3. მ--ა ნა-------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 467,87 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯი 500 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე