გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2018
საქმის ნომერი
330210018002328637
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/6314-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე გი-------------

წარმომადგენელი მზ-----------–-- ალ-------------------

მოპასუხე სს „ე------------------------“

წარმომადგენელი შა-–-------------

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე სს „ე-------------------------ათვის“ მოსარჩელე გ-------------ის სასარგებლოდ 812 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სს „ე-------------------------“ წარმომადგენლებმა, ო------------------–----–---------------–----------ში, უნებართვოდ გაჩეხეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ხეები. მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 812 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2.1. ენერგოკომპანიის კონტრაქტორების მოქმედება მართლზომიერი იყო, რადგან მცენარეების გაჩეხვის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში იმ გარემოებების აღმოფხვრა, რასაც ადგილი ჰქონდა ზემოხსენებული მცენარეების შემთხვევაში- აღნიშნული მცენარეები დარგული იყო უშუალოდ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში, ამ ხაზების ქვეშ, რაც კატეგორიულად აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნული ნარგავების ტოტები უშუალოდ შეხებაში იყო ელექტროგადამცემ ხაზთან და ქმნიდა ელექტრო გადამცემი ხაზის დაზიანების პირდაპირ საშიშროებას. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება, მათ შორის მისი გაწყვეტა, პირდაპირი საფრთხის შემცველია როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელებისათვის, ასევე იმ აბონენტებისა და მათი ქონებისათვის, რომელთა ელექტრომომარაგება ხორციელდება ამ ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს განაწილების ლიზენზიანტის ვალდებულებას, რომ მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საშიშროება და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. ქ/ს გ------------ან გამომავალი ფიდერი N3 შესაბამის ტერიტორიაზე აშენებული იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, ნაგავები მოგვიანებით გაშენდა. 2.2. ელექტროგადამცემი ხაზების გასუფთავება მცენარეებისაგან მოხდა 2016 წლის ნოემბერში, ხოლო ზიანის ოდენობის შეფასება განხორციელდა 2017 წლის აპრილში. დასკვნაში ასახულია მხოლოდ მოჭრილი ხე-მცენარეების ჩამონათვალი და შეფასება, მასში არ არის აღნიშნული ვინ მოჭრა ეს ნარგავები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2500 კვ.მ. მდებარე ოზ----------------–----–------ში, სოფელ კ-------ში, (ს/კ N2--0--1-.---) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ-------------ის სახელზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.16-17).

 

3.1.2. გ-------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სს „ე-------------------------“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. გ-------------ისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემამდე, ნაკვეთზე განთავსებული იყო ელექტროგადამცემი ხაზი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოპასუხის ახსნა-განმარტება.

საქართველოს ეროვნული არქივის წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სს „ე-------------------------“ წარმომადგენლების მიერ, მოსარჩელე გ-------------ისათვის 812 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი. მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

 

ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

მოსარჩელე ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს, რომ მოპასუხის წარმომადგენლებმა 2016 წლის ნოემბერში მოჭრეს 7 ძირი თხილი და 1 ძირი კაკალი. მოპასუხე არ უარყოფს ხე-მცენარეების მოჭრის ფაქტს, თუმცა სადავოდ ხდის დასკვნაში მითითებული რაოდენობის ნარგავების მოჭრას მისი თანამშრომლების მიერ. ზიანის მიყენებისა და მისი ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ერთვის ფოტომასალა. ფოტოსურათები გადაღებულია დასკვნის მომზადების დროს, 2017 წლის მაისის პერიოდში, ანუ შემთხვევიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ. ამასთან, დასკვნაში ასახულია მხოლოდ გაჩეხილი ხე-მცენარეების რაოდენობა და მათი ღირებულებები. ამ მტკიცებულებით შეუძლებელია დადგინდეს 2016 წლის ნოემბერში მოპასუხის მიერ ხე-მცენარეების მოჭრის ფაქტი. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი 7 ძირი თხილისა და 1 ძირი კაკლის მოჭრის ფაქტი.

 

„ელექტროგადამცემი ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, ეს წესი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამასთან, ამ წესის მიზანია ელექტრონული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულია, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვა. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს განაკაფების ზოლის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ტოტების მოჭრის სამუშაოები მათი შემდგომი გატანით. მე-13 პუნქტიდან გამომდინარე, ელექტროგადამცემი ხაზის საავარიო-ადღგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის ფარგლებში, მასთან მისასვლელ გზებში და განაკაფებში იმოძრაოს შეუზღუდავად ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, გი-------------ს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მცენარეებისა და ხეების დარგვა შეეძლო მხოლოდ მოპასუხესთან წინასწარი შეთანხმებით. ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სს „ე-------------------------თან“ შეთანხმებით ხეების დარგვის ფაქტი არ დგინდება. მოპასუხე ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების, საავარიო-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, განეხორციელებინა ისეთი სახის სამუშაოები, როგორიცაა ხეებისა და ტოტების მოჭრა. მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიერ მითითებული რაოდენობის ხეების მოჭრის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, კი მოჭრა განხორციელდა აღნიშნული მიზნის მისაღწევად, რაც გამორიცხავს მისი წარმომადგენლების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 997-ე მუხლის შესაბამისად, კი, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წელს სს „ე-------------------------“ თანამშრომლების ქმედებით განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხე-მცენარეების მოჭრა, (ამ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, მოპასუხის თანამშრომლების მიერ, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული რაოდენობის კაკლისა და თხილი მოჭრის ფაქტი), რაც განპირობებული იყო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ელექტრონერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მოპასუხის თანამშრომლების ბრალეულობას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რადგან არ დგინდება, სს „ე-------------------------“ თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის 812 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. გ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

მოსამართლე მაკა ჭედია