განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
160141318002400123
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002400123

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/110-18 12 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031140418003)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია, გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: იზოლდა მელიქიშვილი, მაკა რევია

 

ბრალდებული: ნ---- ნ------------ი

მამის სახელი: შახფაშა

დაბადებული: 1967 წლის 16 იანვარი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, აკ. წერეთლის ქუჩა N5

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ნ---- ნ------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ნ---- ნ------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 14 აპრილს დილით, ქ.მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, მონუმენტის ,,კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მარჯვენა ფეხზე ჩაცმული შავი ფერის წინდაში უკანონოდ პირადად ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 42,05 გრამს. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოვლენილი იქნა, მარნეულის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 10:05-10:20 საათებს შორის ჩატარებული ნ---- ნ------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სახმან მუსაევი. მან განმარტა, რომ 2018 წლის აპრილში მუშაობდა მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაადასტურა, რომ მის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ---- ნ------------ი იმყოფებოდა მარნეულში, ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული მან პატაკით შეატუობინა ხელმძღვანელობას, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხულ იქნა მოწმის სტატუსით.

 

2018 წლის 14 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 14 აპრილს 10:05-10:20 საათებში, ქ.მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, არსებულ ,,კიდევაც დაიზრდებიან“ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ნ---- ნ------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ფეხზე ჩაცმული შავი ფერის წინდიდან ამოღებული იქნა ორი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება - სავარუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

პირადი ჩხრეკა ჩატარებულ იქნა გამომძიებლების ელმარ კალაევის და ვასილ ქველაძის მიერ. ოქმის თანახმად ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი ნანული გოგიანი, ოქმი კი შედგენილ იქნა გამომძიებელ მამუკა მატიაშვილის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ვასილ ქველაძე, მან განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მან ელმარ კალაევთან ერთად შეაჩერა ნ---- ნ------------ი, რომელიც მოძრაობდა 26 მაისის მოედანზე ძეგლის მიმდებარედ. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ნ---- ნ------------ის წინდიდან ამოღებული იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. რის შემდეგაც იგი იქნა დაკავებული. მოწმემ დაადასტურა ჩხრეკის ოქმზე შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა.

 

სასამართლოს ანალოგიური ჩვენება მისცა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ელმარ კალაევმა. მან განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვასილ ქველაძესთან ერთად პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ნ---- ნ------------ს. მოწმის განმარტებით, მათ ნ---- ნ------------ს ჰკითხეს ჰქონდა თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი და მან წარმოადგინა ნარკოტიკული საშუალება - შავ პაკეტში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა თარჯიმანი ნანული გოგიანი. მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეზე მოანაწილეობდა ნ---- ნ------------ის პირად ჩხრეკაში. იგი თარგმნას ახორციელებდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ნანული გოგიანმა დაადასტურა მის მიერ შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა. მან დამატებით განმარტა, რომ არ ახსოვს თუ საიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება.

 

მოწმის სახით გამოკითხული მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელის მამუკა მატიაშვილის განმარტებით, იგი მონაწილეობას იღებდა ნ---- ნ------------ის პირადი ჩხრეკასა და დაკავებაში. საგამოძიებო მოქმედებები ჩატრდა ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩაზე. მოწმის ჩვენებით ნ---- ნ------------ს მარჯვენა ფეხზე წინდის ქვეშ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და როგორც მათ ნ----მა განუმარტა ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება და ეკუთვნოდა მას. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა თარჯიმნის მონაწილეობით. ასევე მონაწიელობდნენ მისი თანამშრომლები ვასილ ქველაძე და ელმარ კალაევი. შედგენილი იქნა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები. ამოღებული ნივთიერება დაილუქა და მასზე შესრულდა სათანადო ხელმოწერები. მოწმემ დამატებით განმარტა რომ მას წინდის ფერი არ ახსოვს. ჩხრეკა მიმდინარეობდა დღის საათებში, ნ---- ნ------------ის თანხმობით.

 

მოწმის სახით გამოიკითხა გამომძიებელი რომან ბოლქვაძე. მისი ჩვენებით დგინდება, რომ მან ნ---- ნ------------ს გააცნო ბრალის დადგენილება. ასევე ჩაატრა მისი სახლის ჩხრეკა. იგი ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 14 აპრილს 10:23 საათზე, ქ.მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, არსებულ ,,კიდევაც დაიზრდებიან“ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ---- ნ------------ი.

 

2018 წლის 14 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N856/სქ-1048/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდეგნილი: 2(ორი) ცალი მოგრძო ფორმის შავი და შემდგომ თეთრი-მწვანე ზოლებიან პოლიეთილენის ნაჭრებში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით-112,04 გრამი და გამოშრობის შემდეგ ნივთიერება, წონით -94,62 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით -42, 05 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნათია ორჯონიკიძემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 14 აპრილს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის N856/სქ-1048/ქრ დასკვნის სისწორე. მოწმე ნათია ორჯონიკიძემ დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთიერება იყო დალუქული და მისი მთლიანობა არ იყო დარღვეული. მათ მიერ მოხდა შესაბამისი მასლისათვის ფოტოების გადაღება. ასევე მოწმის მითითებით ,,ჰეროინს“ არ აქვს ფერი და ამ კონკრეტულ შემთხევაში იყო მოყავისფრო.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და დათვალიერებული იქნა ნივთიერი მტკიცებულება- ნარკოტიკული საშუალება.

 

უდავოდ ცნობილი 2018 წლის 14 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N004012018 დასკვნის თანახმად გნეტიკური კვლევით დადგინდა რომ პაკეტში, წარწერით : ... შესაფუთი მასალები..“ მოთავსებულ შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტებსა (ობ.N1) და მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტებზე (ობ N1ა) იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, იქნა მოწმეების მახმუდ კურბანოვის, სამირ ისმაილოვის, გიორგი მოსიაშვილის, თამარ გვიშიანის, ალექსანდრე დადიანიძის და სოფიო იობაშვილის გამოკითხვის ოქმები. შესაბამისად, მითითებულმა მტკიცებულებებმა შეიძინა პრეიუდიციული შინაარსი და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

ბრალდებულმა ნ---- ნ------------მა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა არ იცოდა რაოდენობის შესახებ. მისთვის უნდა მიეცათ 16-17 გრამი, რაშიც გადაიხადა 500$.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.

 

დანაშაული გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ნ---- ნ------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

2.2. ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე ნ---- ნ------------მა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას დაადასტურა რომ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. მისი განმარტებით, არ იცოდა ნარკოტიკული საშუალების ოდენობის შესახებ, თუმცა იქვე განმარტა რომ ვარაუდობდა რომ ეს იქნებოდა დაახლოებით 16-17 გრამი. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, იმის თაობაზე რომ მისთვის უცნობი იყო ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რადგან აღნიშნული დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით.

 

თუმცა, იმ პირობებშიც რომ სრულად ყოფილიყო გაზიარებული ბრალდებულის პოზიცია, სასამართლო მიუთითებს რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. 2018 წლის 14 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N856/სქ-1048/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდეგნილი: 2(ორი) ცალი მოგრძო ფორმის შავი და შემდგომ თეთრი-მწვანე ზოლებიან პოლიეთილენის ნაჭრებში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით-112,04 გრამი და გამოშრობის შემდეგ ნივთიერება, წონით -94,62 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით -42, 05 გრამს. აღნიშნული ოდენობა ცალსახად წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია რომ ნ---- ნ------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ნ------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ---- ნ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს.

 

4.2. ნ---- ნ------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ნ---- ნ------------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 14(თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ნ---- ნოვრუოზვს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ---- ნ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

 

ნ---- ნ------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 აპრილიდან.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ნ---- ნ------------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ნ---- ნ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ნ. ნ------------ის სისხლის ნიმუში, ორი ცალი მოგრძო ფორმის პოლიეთილენის ნაჭერი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე