განაჩენი

სისხლის სამართლის 03.01.2019
საქმის ნომერი
190100118002729754
თარიღი
03.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-821-18

(N012201018001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

03 იანვარი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი ხატია ხაჩიძე,დაცვის მხარე: ბრალდებული გ----------------ე

პირადი ნომერი: №1----------;

დაბადებული: 11.06.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

რეგისტრაციის მისამართი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზ--------ი;

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, ინტერნატების დასახლება, ტ----------------–--------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 22:40 საათზე, ქ. რუთავში, შარტავას გ--------------ე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გ----------------ე შეყვა მისთვის უცნობ ქ-------------–---–ს, რომელსაც თვალებზე და პირზე ააფარა ხელი და მოსთხოვა არ ეყვირა, რის შემდეგაც ხელი შემოხვია ყელზე, მოუჭირა და ფიზიკური ზეწოლით აიძულა დახრა. ასევე, ერთი ხელი მოუჭირა ყელზე, ხოლო მეორე ხელი მოჰკიდა მკერდზე, უთხრა, რომ ყოფილიყო ჩუმად და ძალის გამოყენებით უბიძგა კიბისკენ, რა დროსაც ქ-------------–---–მა შეძლო დაყვირება; გ----------------ემ აღნიშნულის გამო კვლავ ააფარა ხელი პირზე და უთხრა, რომ მოკლავდა. ქ-------------–---–მა თავის დაცვის მიზნით გ----------------ეს უკბინა მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ქ-------------–---–ს გაუშვა ხელი, თუმცა არ მისცა გაქცევის საშუალება, კვლავ მოსჭიდა ორივე ხელი და ზეწოლით გულაღმა დააგდო ძირს, თვითონ მოექცა ზემოთ, ხელით ძლიერად დააწვა ყელზე და ცდილობდა მის დამორჩილებას.

გ----------------ის ქმედებებით ქ-------------–---–მა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ განიცადა სექსუალური ხასიათის ძალდატანებითი ზემოქმედება, ფიზიკური და ფსიქიკური იძულება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა, გ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: შეტყობინებებს დანაშაულის შესახებ, მოწმეების: ქ-------------–---–ის, ნ-------------–---–ის, მ-----------–--–---–ის, ნ-------------–---–ის, ა--------–-----–---–ის, მ-----------–--–---–ი გამოკითხვის ოქმებს და მათგან მიღებულ ინფორმაციას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს თანდართული ფოტოცხრილით, ბრალდებულის დაკავების ოქმს, სასწრაფოს მიერ გაცემულ სამედიცინო ბარათებს, ტანსაცმლის ამოღების ოქმს და ამოღებულ ტანსაცმელს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2019 წლის 03 იანვარს გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისათვის, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებისათვის, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) პირის ფიზიკურ იძულებაში; 2) პირის ფსიქიკურ იძულებაში. ქმედების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია პირი აიძულონ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------------ემ ჩაიდინა იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ----------------ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ბრალდებულის მიერ ჩადენულ ქმედებას და მის მომეტებულ საშიშროებას, რომ ძალადობა, განსაკუთრებით ქალთა მიმართ, გლობალური პრობლემაა. მართალია, გ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, მაგრამ სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელის სახე და ზომა დაკავშირებულია არა მარტო დანაშაულთან, არამედ ბრალდებულის პიროვნებასთანაც. ჩადენილ ქმედებას და ბრალდებულის პიროვნებას შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია რა მარტო დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ ჩადენილი ქმედების ხასიათზე, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებაზე და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და მის პიროვნებას შორის და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

გ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გ----------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი წესით(ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში);

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

2. გ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გ----------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი წესით(ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში);

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი