გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3-----------------
N 2/27995-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.11.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე თ------ ც------ე
წარმომადგენელი დ-------- ს--–----ე
მოპასუხე სს ,,ე-–------------------ი“
წარმომადგენელი გ-------– ხ---–--ე
დავის საგანი სარჩოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–------------------ს“ მოსარჩელის თ----- ც------ის სასარგებლოდ 2017 წლის 16 ოქტომბრიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 230 ლარის ოდენობით;
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–------------------ს“ მოსარჩელის თ----- ც------ის სასარგებლოდ 2007 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე პერიოდის სარჩოს 27600 ლარის ოდენობით კომპენსაცია.
მოსარჩელის განმარტებით იგი 1974 წლიდან მუშაობდა ქარხანაში ,,ე-–------------------ი“. 1986 წლის 17 ნოემბერს, მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა. მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგად მოსარჩელეს დაენიშნა პენსია, რომელსაც იღებდა 10 წლის განმავლობაში. მოსარჩელე აცხადებს, რომ 1995 წელს, მას უკანონოდ შეუწყდა პენსიის მიღება. მოსარჩელე ითხოვს სარჩოს ყოველთვიურად 230 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას და ასევე, 2007 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე პერიოდის მიუღებელი სარჩოს - 27 000 ლარის ოდენობით ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების ნაწილში და, ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს დაკისრების ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე 1974 წლიდან მუშაობდა ქარხანაში ,,ე-–------------------ი“ გალვანიკოსის თანამდებობაზე . 1986 წლის 17 ნოემბერს, მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- აქტები წარმოებაში უბედური შემთხვევის შესახებ;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.2. მოსარჩელეს საწარმოო ტრავმის შედეგად დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი, რომელიც 1992 წლიდან განესაზღვრა უვადოდ. მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებიდან 1995 წლამდე იღებდა ყოველთვიურ პენსიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი
- წარმოდგენილი ცნობები (ს.ფ. 28-36);
- მხარეთა განმარტებები;
3.1.3. მოპასუხე კომპანიის 2018 წლის 23 აგვისტოს წერილის თანახმად, მოსარჩელის თანამდებობის შესაბამის თანამდებობაზე მოპასუხე კომპანიაში მომუშავე პირთა საშუალო ხელფასი შეადგენს 2016 წლის განმავლობაში თვეში საშუალოდ 256.79 ლარს, 2017 წლის განმავლობაში თვეში საშუალოდ 295,18 ლარს, ხოლო 2018 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, თვეში საშუალოდ 199.97 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხე სს ,,ე-–------------------ის“ გენერალური დირექტორის წერილი;
3.1.4. თ----- ც------ის დაბადების თარიღია 1951 წლის 1 ოქტომბერი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ----- ც------ის პირადობის მოწმობის ასლი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლიდან 2014 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდისთვის სარჩოს ანაზღაურების ნაწილში, ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2007 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის 16 ოქტომბრამდე მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს აღნიშნულ დავის საგანზე სასარჩელო მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 16 ოქტომბერს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება ის დრო, როცა მან ვერ მიიღო სარჩო ხელფასის სახით. ბოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი მოსარჩელეს დაუდგა 1995 წელს, როცა მან მისი განმარტებით ვერ მიიღო კუთვნილი პენსია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2017 წლის 16 ოქტომბერს, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1995 წლიდან 2014 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდისთვის მოთხოვნილ სარჩოს ანაზღაურებაზე გასულია სასარჩელო მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობა ვადა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 16 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდისთვის, სარჩოს 5520 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,144-ე, 408-ე,411-ე,992-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს საწარმოო ტრავმის შედეგად დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი, რომელიც 1992 წლიდან განესაზღვრა უვადოდ. მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებიდან 1995 წლამდე იღებდა ყოველთვიურ პენსიას (იხ. 3.1.2. უდავო ფაქტობრივი გარემოება). შესაბამისად, დადასტურებულია, რომ დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით.
მოცემულ მომენტში, სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის მიუღებელი და სამომავლო სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე და აღნიშნავს, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად განხორციელდეს ე.წ. რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს მართებულად, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაეხადა კომპენსაცია დაზარალებულისათვის. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ მოსარჩელის პირადობის მოწმობის ასლით დგინდება, რომ მოსარჩელე 2016 წლის 1 ოქტომბრიდან პენსიონერია (იხ. 3.1.4 უდავო ფაქტ. გარემოება). პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე საწარმოო ტრამვის არარსებობის შემთხვევაში იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმ პერიოდისათვის მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. შესაბამისად, სადავო პერიოდში, კერძოდ 2016 წლის 1 ოქტომბრიდან, მოსარჩელე ვერ შეასრულებდა საწარმოში შრომით მოვალეობას და მასზე ვერც დასახელებულ პერიოდში განხორციელებული სახელფასო ცვლილებები გავრცელდებოდა, რადგან, მისი დაბადების თარიღის (1951 წლის 1 ოქტომბერი), გათვალისწინებით 2016 წლის 1 ოქტომბერს იგი უკვე საპენსიო ასაკის იქნებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშებას(იხ., სუსგ Nას-789-746-2015, 22.02.2016წ.)
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 1 ოქტომბრიდან მოპასუხეზე სარჩოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდისთვის სარჩოს ანაზღაურების ნაწილში, ხანდაზმულია. (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდისთვის სარჩოს ანაზღაურების ნაწილში, ხანდაზმულია და ამასთან, მოპასუხე უარს აცხადებს აღნიშნული სარჩოს ანაზღაურებაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის ოქტომბრიდან, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისთვის მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება.
უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის 2018 წლის 23 აგვისტოს წერილის თანახმად, მოსარჩელის თანამდებობის შესაბამის თანამდებობაზე მოპასუხე კომპანიაში მომუშავე პირთა საშუალო ხელფასი შეადგენს 2016 წლის განმავლობაში თვეში საშუალოდ 256.79 ლარს, 2017 წლის განმავლობაში თვეში საშუალოდ 295,18 ლარს, ხოლო 2018 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, თვეში საშუალოდ 199.97 ლარს (იხ. 3.1.3. უდავო ფაქტ. გარემოება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩოს ოდენობა, თვეში 230 ლარი, შესაბამისობაშია მოსარჩელის თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე მოპასუხე კომპანიაში მომუშავე პირთა საშუალო ხელფასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია 2014 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდისთვის სარჩოს ანაზღაურების ნაწილში, რაც აღნიშნული პერიოდისა და ყოველთვიური ოდენობის 230 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 5520 ლარს, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 5520 ლარის ნაწილში. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ.ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად 165.60 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე თ----- ც------ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ე-–------------------ის“ მიმართ სარჩოს დაკისრების თაობაზე;
2. მოპასუხე სს ,,ე-–------------------ს“ მოსარჩელე თ----- ც------ის სასარგებლოდ დაეკისროს 5520 ლარის გადახდა;
3. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ე-–------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის 165.50 ლარის გადახდა;
4 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია