გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2018
საქმის ნომერი
330210017001800078
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3-----------------

N 2/4049-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.11.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე მ----- ჯ------–---–ი

მოპასუხე შპს ,,ა---––--------“

წარმომადგენელი გ---- ც----------ე

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება; პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს შპს ,,ა---––--------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 9750 ლარის ოდენობით გადახდა;

 

1.2. დაეკისროს შპს ,,ა---––--------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის გადახდის ყოველი დაგვიანებული დღისთვის ასანაზღაურებელი დაყოვნებული ხელფასის 0.07% 2016 წლის 17 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

მოსარჩელემ 2017 წლის 03 ივლისის დაზუსტებული სარჩელით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 141-154).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, მასსა და მოპასუხეს შორის დადებული 2012 წლის 1 ივნისის უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იგი მუშაობდა მოპასუხე შპს ,ა---––--------“-ში მთავარი ინჟინრის პოზიციაზე. მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1300 ლარს ხელზე ასაღები თანხის სახით. 2016 წლის 17 აგვისტოს მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას არ მიუღია კუთვნილი ანაზღაურება 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 17 აგვისტომდე პერიოდისათვის, რაც შეადგენს 9750 ლარს. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხეზე დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში აღარ წარმოადგენდა კომპანიის თანამშრომელს და მას განმარტებული ჰქონდა სიტყვიერად, რომ შეწყვეტილი იყო შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის 28 დეკემბერს. შესაბამისად, მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული 2012 წლის 1 ივნისის უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე შპს ,ა---––--------“-ში მთავარი ინჟინრის პოზიციაზე. მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1300 ლარს ხელზე ასაღები თანხის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2012 წლის 1 ივნისის შრომითი ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 17 აგვისტოდან.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული 2012 წლის 1 ივნისის უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იგი მუშაობდა მოპასუხესთან 2016 წლის 17 აგვისტომდე და 7 თვენახევრის ხელფასის მიუღებლობის შემდეგ დატოვა სამსახური.

 

მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 04 იანვრიდან და აღნიშნულის დასტურად მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, კერძოდ შპს ,,ა---––--------“-ის დირექტორის 2015 წლის 28 დეკემბრის N-- ბრძანებას, რომელშიც მითითებულია, რომ შპს ,,ა---––--------“-ის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2016 წლის 04 იანვრიდან გათავისუფლებული იქნას მოსარჩელე მ----- ჯ------–---–ი მთავარი ინჟინერის თანამდებობიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებიან იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე 2016 წლის 17 აგვისტომდე დადიოდა სამსახურში, თუმცა მოპასუხე აცხადებს, რომ მოსარჩელე სამუშაოებს ასრულებდა არა მისთვის, არამედ მისი მოიჯარისთვის, ხოლო თავად მოპასუხისათვის მოსარჩელემ სამუშაო შეასრულა მხოლოდ ერთხელ, ვინაიდან 2016 წელს მოპასუხემ მხოლოდ ერთხელ აწარმოა პროდუქცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხის მოიჯარე კომპანიას შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 დეკემბრის ბრძანება, რომელზეც აპელირებს მოპასუხე, მოსარჩელეს არ ჩაბარებია და შესაბამისად აღნიშნული ბრძანებით ვერ დადასტურდება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის17აგვისტოდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო ანაზღაურების 9750 ლარის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9750 ლარის 0.07%-ის ოდენობით 2016 წლის 17 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 და 31-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 17 აგვისტომდე პერიოდის სახელფასო დავალიანება ჯამში 9750 ლარის ოდენობით, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ამ პერიოდისათვის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 17 აგვისტოდან (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება).

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არ იყო შეწყვეტილი 2016 წლის 17 აგვისტომდე და მოსარჩელე ასრულებდა მასზე შრომით ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2016 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს (ნახევარი თვის) სახელფასო დავალიანების -9750 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთერთობის ფარგლებში, ანუ, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 17 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 9750 ლარის 0.07%-ის დაკისრება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება მოსარჩელის მიმართ და არ უხდიდა მას ხელფასს ხელშეკრულების შესაბამისად იმ პერიოდში, როცა ისინი იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9750 ლარის 0.07%-ის ოდენობით 2016 წლის 17 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად როგორც სახელფასო დავალიანების, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 366.21 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369- ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს მ----- ჯ------–---–ის სარჩელი შპს ,,ა---––--------"-ის მიმართ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

 

2. მოპასუხე შპს ,,ა---––--------"-ს მ----- ჯ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 9750 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე შპს ,,ა---––--------"-ს მ----- ჯ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 17 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, სახელფასო დავალიანების 9750 ლარი 0,07%-ის გადახდა;

4. მოპასუხე შპს ,,ა---––--------"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 366.21 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია