გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 080310017002232991 18 დეკემბერი, 2018 წელი
საქმე №3/1491-2017 ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე, ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - შ--–--------------ე
წარმომადგენელი - დ---------–-------–--–--------–--ე
მოპასუხე - სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - დირექტორი ი-----–---–--ე
წარმომადგენელი - მ-------------------ე
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლი) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ-----------------ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხე სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლას გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ,,შ--–--------------ესთან’’.
მოსარჩელის წარმომადგენელების განმარტებით, შ--–--------------ე არის მეწარმე სუბიექტი, იგი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წლიდან, მის საქმიანობას წარმოადგენს რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობა. შ--–--------------ემ მონაწილეობა მიიღო სსიპ N31-ე საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ N3577 ტენდერში, რომელიც გულისხმობდა სკოლის ტერიტორიაზე კვების ობიექტის მოწყობას, სადაც მოსარჩელე ცნობილი იქნა გამარჯვებულად, რის შემდეგაც სკოლასთან უნდა გაფორმებულიყო იჯარის ხელშეკრულება. 2017 წლის 13 ნოემბერს შ--–--------------ეს სსიპ N31 საჯარო სკოლისაგან, ეცნობა, რომ აუქციონში მონაწილე რეგისტრირებულ უნდა ყოფილიყო კვების პროდუქტების მწარმოებლად/დისტრიბუტორ საწარმოდ და ჰქონოდა არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, რომლითაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრის ამონაწერით, ვინაიდან ამონაწერის თანახმად ბიზნეს ოპერატორად რეგისტრირებულ იქნა შ--–--------------ე 2015 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, უნდა წარედგინა კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამდასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
შ--–--------------ის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი იქნა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რითაც დასტურდებოდა საწარმოს საქმიანობის ტიპი, ასევე სასაქონლო ზედნადებები, სესხის ხელშეკრულება, რაც ადასტურებდა მის მიერ აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წელზე მეტი ვადით მუშაობის გამოცდილებას.
2017 წლის 15 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ ქალაქ ქუთაისის N31 საჯარო სკოლამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის N31 საჯარო სკოლას N MES 1 17 01542390 წერილით ეცნობა, რომ სკოლა მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეფორმებინა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რადგან მან კანონით დადგენილ ვადაში ვერ წარადგინა ასევე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რაც მოსარჩელისათვის აუქციონის გამოცხადების დღიდან იყო ცნობილი. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, სკოლის მიერ რამოდენიმეჯერ წერილობით მიეთითა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებაზე.
2. მესამე პირის პოზიცია
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მ-----------------ემ სარჩელი არ ცნო.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შ--–--------------ე 2005 წლის 07 ივლისიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - (ს/კ 60001026---), იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ა-------ის ქ. N139/36.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 12-13);
3.1.2. 2015 წლის 15 ოქტომბრის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე ,,შ--–--------------ის’’ საქმიანობის ტიპს წარმოადგენს (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ფქვილი და ფქვილოვანი პროდუქცია, ჩაი, ყავა, უალკოჰოლო სასმელები, მარილი, ზეთი, მარგარინი, მაიონეზი, სხვა ცხიმი, საკონდიტრო ნაწარმი, სასადილო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 15-16);
3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით ინდ. მეწარმე ,,შ--–--------------ის’’ ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს - რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობათა რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 14);
3.1.4. დადგენილია, რომ შ--–--------------ეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, საქმიანობის სახე საცხობი, ბუფეტი. სერტიფიკატის გაცემის თარიღია - 01.10.2014 წელი.
დადგენილია, რომ ი.მ. ,,შ--–--------------ე’’ რეგისტრირებულია ბიზნეს ოპერატორად. სერტიფიკატის გაცემის თარიღი 15/11/2017 წელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N021-12845 სერტიფიკატი (იხ. ს.ფ. 29);
- N01102 სერტიფიკატი (იხ. ს.ფ. 30);
3.1.5. დადგენილია, რომ ინტერნეტ ვებ. გვერდზე - Auction.ge გამოცხადდა აუქციონი (N35777) სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის ბუფეტის ფუნქციონირებისათვის იჯარის ფორმით გადაცემისათვის; აუქციონის დაწყების თარიღი - 09.10.2017, დასრულება - 14.10.2017.
აღნიშნული აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობით: 1. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირებისათვის; 2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს; 3. ფართი იჯარით გაიცემა 1 წლის ვადით ინვენტარის გარეშე; 4. მოიჯარე ვალდებულია სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი; 5. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები; 6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები და გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას; 7. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს; 8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 9. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 10. მოიჯარის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა(ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისას; 11. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 12. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 13. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე განაცხადა უარი; 14. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვების სკოლაში’’ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად; 15. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციები სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ; 16. აუქციონის მონაწილე რეგისტრირებული უნდა იყოს კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ (წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრიდან) და ჰქონდეს კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; 17. საქართველოს კანონმდებლობის (საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი’’) შესაბამისად უნდა წარადგინოს მისი ობიექტის შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს ობიექტის მზადყოფნას ბავშვთა კვების ორგანიზების უზრუნველყოფისათვის;
აუქციონში გამარჯვებულ პირმა, აუქციონის პირობებში მითითებული დოკუმენტაცია, კერძოდ, ობიექტის შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაცია (ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრიდან) და კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
აუქციონის პირობებში მითითებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება არ გაფორმდება და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
აღწერილობა: იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის ძირითადი შენობის პირველ სართულზე განთავსებული 26,68კვ.მ. ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის პირობების შესახებ (იხ. ს.ფ. 80-81);
3.1.6. დადგენილია, რომ სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მიერ გამართული N35777 აუქციონის გამარჯვებულს წარმოადგენდა შ--–--------------ე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს, შ--–--------------ემ წერილობით მიმართა სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის დირექტორს და განმარტა, რომ მან გაიმარჯვა აუქციონში, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და ითხოვა ხელშეკრულების გაფორმება.
აღნიშნულ მიმართვის პასუხად, სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის 2017 წლის 13 ნოემბრის NMES 4 17 01 398042 წერილით შ--–--------------ეს ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი, კერძოდ აუქციონით განსაზღვრული იყო შემდეგი ორი პირობა: 1. აუქციონის მონაწილე რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ და ჰქონოდა კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; აღნიშნული დადასტურებული უნდა ყოფილიყო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრის ამონაწერით. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მის მიერ როგორც 2017 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადებული N35777 აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ, წარდგენილი იქნა ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ კვების პროდუქტების საწარმოდ რეგისტრირებულია 2017 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით. ასევე წარდგენილია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ 2005 წლიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ბიზნესოპერატორად 2015 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით. ამავე წერილით განმცხადებელს ეთხოვა, წარედგინა კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დასადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (მაგ: იჯარის ხელშეკრულება, ცნობა და სხვ.) ამავე წერილით განემარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აუქციონში მონაწილეს უნდა წარედგინა მისი ობიექტის მზადყოფნა ბავშვთა კვების ორგანიზების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული სერტიფიკატის ნაცვლად, მიეს მიერ წარდგენილი იქნა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისობის შეფასების აქტი N03-49/ა. ამასთან ეცნობა, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო აუქციონის პირობებში მითითებული სერტიფიკატი. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მითითებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შ--–--------------ესა და სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლას შორის გაფორმდებოდა ხელშეკრულება.
შ--–--------------ის 2017 წლის 22 ნოემბრის N1431893 განცხადებით ირკვევა, რომ მან კვლავ წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და მოითხოვა ხელშეკრულების გაფორმება.
აღნიშნული წერილის პასუხად, 2017 წლის 24 ნოემბრის N MES 1 17 01437892 წერილით შ--–--------------ეს მის N1431893 განცხადებაზე განემარტა, რომ განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 83-ე მუხლზე მითითებით მიეცა დამატებით 5 დღის ვადა ინფორმაციის წარდგენის მიზნით.
2017 წლის 28 ნოემბერს, შ--–--------------ის მიერ წარდგენილი იქნა ორი N1445913 და N1445913 განცხადება, რომლითაც შ--–--------------ე ითხოვდა დამატებით წარდგენილი დოკუმენტების მიღებასა და ხელშეკრულების გაფორმებას.
სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის 2017 წლის 28 ნოემბრის N MES 4 17 01446011 წერილით ირკვევა, რომ შ--–--------------ის 2017 წლის 28 ნოემბრის N1445913 განცხადების პასუხად, სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლამ განიხილა შ--–--------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და კვლავ განემარტა, რომ 2017 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადებული N35777 აუქციონით განსაზღვრული იყო შემდეგი ორი პირობა: 1. აუქციონში მონაწილე რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო კვების პროდუქტების მწარმოებლად/დისტრიბუტორ საწარმოდ და ჰქონოდა კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთ წლიანი გამოცდილება; 2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონში მონაწილეს უნდა წარედგინა მისი ობიექტის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებდა ობიექტის მზადყოფნას ბავშვთა კვების ორგანიზების უზრუნველსაყოფისათვის. ამავე წერილით განმარტებული იქნა, რომ შ--–--------------ის მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს N1445913 განცხადებით წარდგენილი სერტიფიკატი შეესაბამება აუქციონის პირობით მოთხოვნილ სერტიფიკატს. ხოლო რაც შეეხება, კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთ წლიან გამოცდილებას, წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით არ დასტურდება, რომ გადასახადები გადახდილია კვების ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ამავე წერილით ეთხოვა, წარედგინა შესაბამისი დოკუმენტი (მაგ: იჯარის ხელშეკრულება, ცნობა და სხვ.) ასევე განემარტა, რომ მითითებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შ--–--------------ესა და სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლას შორის გაფორმდებოდა ხელშეკრულება.
ამავე წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებაზე მითითებით აქვე ეცნობა, რომ აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. განმცხადებელს ამავე წერილით შეახსენეს, რომ აუქციონი დასრულდა 2017 წლის 14 ოქტომბერს, დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2017 წლის 28 ნოემბერი. დადგენილია, რომ აღნიშნული წერილი შ--–--------------ემ ჩაიბარა 2017 წლის 28 ნოემბერს.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 4 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ შ--–--------------ემ მიმართა სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლას და აცნობა, რომ ვინაიდან წერილი ჩაბარდათ 2017 წლის 28 ნოემბერს ვერ მოასწრო დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა და ითხოვა დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გაგრძელება. ამასთან, განცხადებას დაურთო სესხის ხელშეკრულების თაობაზე განაცხადი, სესხის ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადებები.
სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის 2017 წლის 05 დეკემბრის N MES 2 17 01476700 წერილის თანახმად, ვინაიდან აღნიშნული განცხადება არ შეიცავდა განმცხადებლის ხელმოწერას, შ--–--------------ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე და 83-ე მუხლებზე მითითებით, მიეცა დამატებითი ვადა 5 დღის ოდენობით ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.
შ--–--------------ის 2017 წლის 12 დეკემბრის N1524910 განცხადებით დგინდება, რომ შ--–--------------ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი დოკუმენტების წარდგენის მიზნით მოითხოვა ვადის გაგრძელება.
სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის 2017 წლის 15 დეკემბრის N MES 1 17 01542390 წერილის თანახმად, ინდ. მეწარმე შ--–--------------ეს, მისი 2017 წლის 12 დეკემბრის N1524910 განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’ მე-4 მუხლის მე-121 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონი დასრულდა 2017 წლის 14 ოქტომბერს, შესაბამისად დოკუმენტაციის წარდგენის და ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა იყო 2017 წლის 28 ნოემბერი. ვინაიდან დოკუმენტაციის წარდგენის და ხელშეკრულების გაფორმების კანონმდებლობით დადგენილი ვადა იყო გასული, მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (იხ. ს.ფ. 82);
- 13.11.2017 წლის NMES 4 17 01 398042 წერილი (იხ. ს.ფ. 86-87);
- განცხადება (იხ. ს.ფ. 88);
- 24.11.2017 წლის NMES 1 17 01437892 წერილი (იხ. ს.ფ. 106);
- განცხადებები (იხ. ს.ფ. 107-108);
- 28.11.2017 წლის NMES 4 17 01446011 წერილი (იხ. ს.ფ. 109-110);
- მიმართვა, განაცხადი, სესხის ხელშეკრულებები (იხ. ს.ფ. 111-119);
- 05.12.2017 წლის NMES 2 17 01476700 წერილი (იხ. ს.ფ. 125);
- მიმართვა (იხ. ს.ფ. 127);
- 15.12.2017 წლის NMES 1 17 01542390 წერილი (იხ. ს.ფ. 128);
3.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს შედგა ბიზნესოპერატორის ი.მ. ,,შ--–--------------ის’’ შესაბამისობის შეფასების აქტი, რომლის თანახმად, საცხობში განთავსებულია ზედმეტი ნივთები; საცხობი არ არის უზრუნველყოფილი ცხელი წყლის მიწოდებით; საცხობი არ არის აღჭურვილი ნედლეულის (ფქვილის) ფქვილის განსათავსებელი სადგამით; საცხობის შესასვლელში არ არის მოწყობილი დეზობარიერები; სამაცივრე დანადგარები არ არის აღჭურვილი ტემპერატურის საზომი ხელსაწყოთი; საცხობი არ არის აღჭურვილი მექანიკური სავენტილაციო საშუალებით; ზოგიერთი გასანათებელი მოწყობილობა არ არის დაფარული დამცავი ფართით (პლაფონით); ბიზნესოპერატორმა ვერ წარადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული (მიკრობიოლოგიური) კვლევის ოქმი; სამაცივრე დანადგარში არსებული ნედლეული (ნახევარფაბრიკატები) არ არის მარკირებული სათანადოდ დამზადების თარიღისა და დროის მითითებით; ბიზნესოპერატორი არ აწარმოებს ჩატარებული სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ ჩანაწერებს. (აქვე გაკეთებულია ხელით მინაწერი: არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოფხვრილია).
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ნოემბერს სსიპ ქუთაისის N38 საჯარო სკოლასა და შალვა გორბონიძეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება N45;
აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2017 წლის 5 ოქტომბრის შეთანხმებით შევიდა ცვლილება და მესამე მუხლს დაემატა ერთ-ერთი პუნქტი (3.3.1.) სასკოლო კვების ორგანიზებისას ჯანსაღი კვების პრინციპებთან დაკავშირებით.
საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების თანახმად, გადასახადის გადამხდელია მეწარმე ფიზიკური პირი შ--–--------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაბამისობის შეფასების აქტი N03-49/ა (იხ. 83-85);
- იჯარის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 31-36);
- შეთანხმება (იხ. ს.ფ. 37-38);
- საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები (იხ. ს.ფ. 39-50);
4.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2.1 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ამავე კოდექსის 24.1-ე მუხლის თანახმად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ამავე კოდექსის 651-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე - სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლამ გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ,,შ--–--------------ესთან’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის საბოლოო მიზანს წარმოადგენს მოპასუხე მხარესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების გზით სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა. მოცემულ შემთხვევაში, დავის შინაარსიდან გამომდინარე, სახეზეა ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმთავრეს პირობა - მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნება ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა - აუქციონში მონაწილეობის გზით იჯარის ხელშეკრულების დადება - გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების დარღვევა, ინტერესის შელახვა თავისი არსითა და შინაარსით გამომდინარეობს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევა/დაცვა, შესრულება/არშესრულებიდან. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითადი ელემენტები: საქმეში მონაწილე სუბიექტები (მხარეები) და დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
6.2. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არ გაიყიდა/არ გადავიდა სარგებლობაში, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვა. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვა ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა) პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
მითითებული ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში – ქონების სააგენტო), ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების/ სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში /მართვის უფლებით გადამცემი ორგანო, სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან www.nasp.gov.ge.
,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას; ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს სახელმწიფო ქონების საწყისი წლიური სარგებლობაში გადაცემის თანხის არანაკლებ 10%‐ს და არაუმეტეს 80%-ს. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი წლიური სარგებლობაში გადაცემის საფასური განისაზღვრება სარგებლობაში გადასაცემი ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ, წლიური სარგებლობაში გადაცემის საბაზრო საფასურზე ნაკლები ოდენობით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი წლიური სარგებლობაში გადაცემის საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას; ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს; კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას; ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების შესახებ პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა;
ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში’’, რომელიც წარმოადგენს მეთოდურ რეკომენდაციას და ორიენტირებულია სკოლაში ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილი კვების სტანდარტების დანერგვისაკენ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის ბუფეტის ფუნქციონირებისათვის იჯარის ფორმით გადაცემისათვის გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი. აღნიშნულის აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობით: 1. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირებისათვის; 2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს; 3. ფართი იჯარით გაიცემა 1 წლის ვადით ინვენტარის გარეშე; 4. მოიჯარე ვალდებულია სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი; 5. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები; 6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები და გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას; 7. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს; 8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 9. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 10. მოიჯარის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა(ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისას; 11. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 12. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 13. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე განაცხადა უარი; 14. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვების სკოლაში’’ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად; 15. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციები სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ; 16. აუქციონის მონაწილე რეგისტრირებული უნდა იყოს კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ (წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრიდან) და ჰქონდეს კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; 17. საქართველოს კანონმდებლობის (საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი’’) შესაბამისად უნდა წარადგინოს მისი ობიექტის შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს ობიექტის მზადყოფნას ბავშვთა კვების ორგანიზების უზრუნველყოფისათვის;
ამასთან, დამატებითი განმარტებული იყო, რომ აუქციონში გამარჯვებულ პირს აუქციონის პირობებში მითითებული დოკუმენტაცია, კერძოდ ობიექტის შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაცია (ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრიდან) და კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლა ვალდებული იყო აუქციონში მონაწილე პირისათვის მიეწოდებინა ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია და პირობები, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხებოდა სკოლის ბუფეტს და, შესაბამისად, ორიენტირებული უნდა ყოფილიყო ბავშვ(ებ)ის ინტერესებზე, მოთხოვნებისა და უფლებებზე, სკოლა არ იყო შეზღუდული აუქციონში მონაწილე სუბიექტისათვის დაედგინა დამატებითი მოთხოვნა ყველა სხვა ინფორმაციის წარდგენის სავალდებულოობის თაობაზე, რომელსაც ობიექტის სარგებლობაში გადამცემი ორგანო (სკოლა) ჩათვლიდა მიზანშეწონილად იჯარის ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიეთითებინა აუქციონის პირობებში. ასევე საყურადღებოა, რომ სკოლა ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების შესაბამისად (პირველი მუხლის მე-6 პუნქტი) აუქციონის პირობებს ათანხმებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან.
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების შესაბამისად, აუქციონში მონაწილე სუბიექტი, სარგებლობაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების შესახებ სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის უფლებით იყო აღჭურვილი. ამდენად, იმ შემთხვევისათვის თუ აუქციონის პირობები თავისი შინაარისითა და პრეტენდენტისათვის წაყენებული მოთხოვნებით შეიცავდა დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტაციის მიღების (მოპოვების) აუცილებლობას, შ--–--------------ეს ჰქონდა შესაძლებლობა აუქციონის გამოცხადების დღიდან (2017 წლის 9 ოქტომბრიდან) მის დასრულებამდე (2017 წლის 14 ოქტომბრამდე) და შემდეგ დამატებით 45 დღის განმავლობაში (ხელშეკრულების გაფორმების ვადის დასრულებამდე პერიოდში) ესარგებლა უფლებით და მოეხდინა მისი შესაძლებლობების სრული რეალიზება.
დადგენილია, რომ სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მიერ გამართული N35777 აუქციონის გამარჯვებულს წარმოადგენდა შ--–--------------ე, რომელიც ვალდებული იყო აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა ობიექტის შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაცია (ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრიდან) და კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს შ--–--------------ემ წერილობით მიმართა სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის დირექტორს და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და ითხოვა ხელშეკრულების გაფორმება. ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიმდინარე, არაერთი წერილობითი სახის კომუნიკაცია მიმართული იყო საბოლოოდ ხელშეკრულების გაფორმებისაკენ, რის გამოც სკოლის ადმინისტრაცია შ--–--------------ის განცხადებაზე პასუხებში მიუთითებდა სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის აუცილებლობაზე, რომელის თაობაზე ასევე გამოცხადებული აუქციონის პირობებშიც იყო მითითებული და რომლის წარდგენის შემთხვევაშიც, კანონით დადგენილ ვადაში აუქციონში გამარჯვებულთან გაფორმდებოდა ხელშეკრულება.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 28 ნოემბრის N MES 4 17 01446011 წერილით ირკვევა, რომ შ--–--------------ის N1445913 განცხადების პასუხად, სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლამ მიმართა შ--–--------------ეს და აცნობა, რომ (იმ დროისათვის) წარსადგენი ჰქონდა დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებდა კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთწლიან გამოცდილებას. ასევე ეცნობა, რომ აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონი დასრულდა 2017 წლის 14 ოქტომბერს, დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2017 წლის 28 ნოემბერი. აღნიშნული წერილი შ--–--------------ემ ჩაიბარა 2017 წლის 28 ნოემბერს.
ასევე დადასტურებულია, რომ 2017 წლის 4 დეკემბრის წერილით შ--–--------------ემ მიმართა სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლას და აცნობა, რომ ვინაიდან წერილი ჩაბარდათ 2017 წლის 28 ნოემბერს ვერ მოასწრო დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა და ითხოვა დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გაგრძელება. ამასთან, განცხადებას დაურთო სესხის განაცხადი, სესხის ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადებები.
სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის 2017 წლის 05 დეკემბრის N MES 2 17 01476700 წერილის თანახმად, ვინაიდან აღნიშნული განცხადება არ შეიცავდა განმცხადებლის ხელმოწერას, შ--–--------------ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე და 83-ე მუხლებზე მითითებით მიეცა დამატებითი ვადა 5 დღის ოდენობით ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად. 2017 წლის 12 დეკემბრის N124910 განცხადებით შ--–--------------ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დოკუმენტების წარდგენის მიზნით მოითხოვა ვადის გაგრძელება.
სსიპ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის 2017 წლის 15 დეკემბრის N MES 1 17 01542390 მიმართვის თანახმად, ინდ. მეწარმე შ--–--------------ეს ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’ მე-4 მუხლის მე-121 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონი დასრულდა 2017 წლის 14 ოქტომბერს, შესაბამისად დოკუმენტაციის წარდგენის და ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა იყო 2017 წლის 28 ნოემბერი. ვინაიდან დოკუმენტაციის წარდგენის და ხელშეკრულების გაფორმების კანონმდებლობით დადგენილი ვადა იყო გასული, მოთხოვნა ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი იქნა სესხის ხელშეკრულებები და სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც ადასტურებდა კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებას, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს და მოპასუხის დავალდებულებას გააფორმოს მოსარჩელესთან ხელშეკრულება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მის მიერ წარდგენილი იყო ყველა დოკუმენტაცია, რაც ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენდა. საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, რომლის წარდგენის აუცილებლობა გაწერილი იყო გამოცხადებული აუქციონის პირობებში და შესაბამისად, მისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობილი იყო იმთავითვე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამატებითი წარდგენილი დოკუმენტაცია, ხელშეკრულების გაფორმების ვადის ამოწურვის დროისათვის, არ შეიცავდა მხოლოდ ი.მ. შ--–--------------ის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს. მოპასუხის მიერ შ--–--------------ისადმი მიწერილ წერილებში კი განმარტებული იყო, რომ აუქციონში გამარჯვებულს უნდა წარედგინა კვების (პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაციისა და) პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგალითად სხვა სუბიექტთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტაცია კი, მოსარჩელის მიერ არ იყო წარდგენილი კანონით დადგენილ ვადაში, რაც ნიშნავდა, რომ აუქციონში გამარჯვებულმა ვერ შეასრულა აუქციონის პირობები.
,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები. ხოლო, მე-4 მუხლის მე-93 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული პირობები.
,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის მე-121 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.
დადგენილია, რომ N35777 აუქციონი დასრულდა 2017 წლის 14 ოქტომბერს, ხოლო, კანონით დადგენილი წესით, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა იყო აუქციონის დასრულებიდან 10 დრე, ხოლო ხელშეკრულების დადების ბოლო ვადა იყო - 2017 წლის 28 ნოემბერი.
ზემოდასახელებული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეხდინა თავისი უფლებების რეალიზაცია და კანონით დადგენილ ვადაში წარედგინა აუქციონით პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რაც მან არ განახორციელა.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში აუქციონის გამოცხადება და შესაბამისი პროცედურები გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით, ხელშეკრულების დადება წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების შედეგს. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება გულისხმობს ურთიერთობის მხარეთა უფლებას, ნებას შევიდნენ, ან თავი შეიკავონ გარკვეულ სამართალურთიერთობებში შესვლისგან, ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელია მხარეთა თანმხვედრი, თავისუფალი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისკენ. ხელშეკრულების დადების თავისუფლება (თავისუფალი ნების გამოვლენა) გულისხმობს, რომ ხელშეკრულების პირობები ყალიბდება მხარეთა შეხედულებით, სურვილით, აუცილებლობითა და რიგ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაწესებითა და შეზღუდვებით. იმისთვის, რომ ხელშეკრულება ჩაითვალოს დადებულად, ხელშეკრულების მხარეების მიერ მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე და სამართალმდგომარეობაზე. არსებითად კი ითვლება პირობები, რომლებიც დასახელებული იქნება, როგორც არსებითი ერთერთი მხარის, მოცემულ შემთხვევაში, სკოლის მიერ. სამოქალაქო კოდექსის 327.2-ე მუხლის თანახმად, არსებითად მიჩნეულია პირობები რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. აღსანიშნავია, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს, არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. ხელშეკრულების დადებისათვის კი აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების თავისუფლებას ახასიათებს მნიშვნელოვანი პირობა - დაუშვებელია ხელშეკრულების დადების იძულება/ძალდატანება, გარდა მცირე გამონაკლისებისა, რომელიც დაკავშირებულია მონოპოლიურ საქმიანობასთან, ან მოთხოვნებთან რომლებიც პირდაპირ კანონიდან გამომდინარეობს.
ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის ხელშეკრულების დადების დავალდებულება ეწინააღმდეგება ზემოხსენებული ნორმების მოთხოვნებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შ--–--------------ის მიერ არ იქნა შესრულებული გამოცხადებული აუქციონის ყველა პირობა, ხოლო სსიპ ქ. ქუთაისის N31 საჯარო სკოლა ვალდებული იყო ხელშეკრულება გაეფორმებინა აუქციონის დასრულებიდან 45 დღის ვადაში - 2017 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას მხარეთა შორის ურთიერთობა სამართლებრივი შედეგით - ხელშეკრულების დადებით დასრულებულიყო.
სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არ დაეკისრება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ--–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი