გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 080210017002010763
საქმე N2/2014-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი 2018 წ ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - კ---ი თა----;
წარმომადგენელი - რო------- ხუ--–--–ავა;
მოპასუხე - ი--- იო----;
წარმომადგენელი - ნათია ჩხეტიანი, ნინო შავგულიძე, ი--- გიორგაძე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ი--- იო----ს (პ/ნ 6----------) კ---ი თავაძის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ 14 400 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, კ---ი თა----მ ი--- იო----ს პირველად თანხა ასესხა 2011 წელს 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მოგვიანებით, 2014 წლის 10 თებერვალს კვლავ გადასცა 4400 აშშ დოლარი. თანხა მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა სრულად 2015 წლის 10 თებერვლამდე. მან მოპასუხე ი--- იო----ს რამდენჯერმე სთხოვა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სარჩელში აღნიშნული თანხა ვალად აიღო ბინის დაგირავების საფუძველზე, რაზეც შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2012 წლის 24 თებერვალს და იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართი: ქ.ქუთაისი, ხ--------ს ქუჩა #54 ბინა 18, საერთო ფართი 67.63 კვ.მ. მოსარჩელემ გადასცა თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა გაესტუმრებინა 2015 წლის 10 თებერვლამდე. ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა 2015 წლის 12 იანვარს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ცდილობს მეორედ მიიღოს უკვე აღებული თანხა, რაც დაუშვებელი და უკანონოა, რაც შეეხება წარმოდგენილ ხელწერილს, არ არის შესრულებული მის მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა თავის მოთხოვნას, მოპასუხის წარმომადგენლებს სადავო ხელწერილის ი--- იო----ს მიერ შესრულების ფაქტი, სადავოდ აღარ გაუხდიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 24 თებერვალს ი--- იო----ს (მესაკუთრეს) და კ---ი თა----ს (იპოთეკარი), შორის გაფორმდა იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ი--- იო----ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ხ--------ს ქუჩა #54 ბინა 18, საერთო ფართი 67.63 კვ.მ. მითითებული ხელშეკრულებით, კ---ი თა----მ ი--- იო----ს გადასცა 10000 აშშ დოლარი, უძრავი ქონება კი გადავიდა იპოთეკარის მფლობელობაში ორი წლის ვადით. მას უკან უნდა დაებრუნებინა ბინა იგივე მდგომარეობაში, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 24 თებერვლამდე.
2015 წლის 12 იანვარს კ---ი თა----მ და იონგა იო----მ შეწყვიტეს 2012 წლის 24 თებერვალის ხელშეკრულება, მესაკუთრის მიერ იპოთეკარის მიმართ ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ. 37);
- 2015 წლის 12 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 36);
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-42);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ ი--- იო----ს აქვს კ---ი თავაძის ვალი 14 400 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულებას მხარეებს აკისრებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4.1 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე სესხის სახით გადაცემული 14 400 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას და მოთხოვნას აფუძნებს ხელწერილზე, სადაც სადაც მითითებულია შემდეგი: „მე ი--- იო----, მცხოვრები ხ--------ს ქ. 54/18, მივაგირავე ჩემი კუთვნილი ბინა, იგივე მისამართზე 2011 წელში 10000$. ამჟამად 2014 წლის 10 თებერვალს ვაგრძელებთ ხელშეკრულებას 1 წლის ვადით, თანხის დამატებით. ვიმატებ კ---ი თავაძისაგან 4400 $ და შეავსებს 600 დოლარს 23 თებერვალს. ამ ხელწერილს ძალა აქვს 2015 წლის 10 თებერვლამდე. ხელს ვაწერ ჩემს შედგენილ ტექსტს ი--- იო----“.
მოსარჩელისვე განმარტებით, აღნიშნული ხელწერილი არის ვალის აღიარება, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ 2012 წლის 24 თებერვალს ი--- იო----ს (მესაკუთრეს) და კ---ი თა----ს (იპოთეკარი), შორის გაფორმდა იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ი--- იო----ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ხ--------ს ქუჩა #54 ბინა 18, საერთო ფართი 67.63 კვ.მ. მითითებული ხელშეკრულებით, კ---ი თა----მ ი--- იო----ს გადასცა 10000 აშშ დოლარი, უძრავი ქონება კი გადავიდა იპოთეკარის მფლობელობაში ორი წლის ვადით. მას უკან უნდა დაებრუნებინა ბინა იგივე მდგომარეობაში, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 24 თებერვლამდე.
ასევე დადგენილია, რომ შეთანხმებულ ორ წლიან ვადაში, ანუ 2014 წლის 24 თებერვლამდე, ი--- იო----მ ვერ დააბრუნა მიღებული თანხა 10000 აშშ დოლარი. სწორედ ამ პერიოდში, 2014 წლის 10 თებერვალს ი--- იო----მ დაწერა სადავო ხელწერილი, სადაც მიუთითა, რომ კ---ი თა----ს 2011 წელს მიაგირავა ბინა 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ და ხელშეკრულებას კვლავ აგრძელებდნენ ერთი წლით (2015 წლის 10 თებერვლამდე), თანხის 4400 აშშ დოლარის დამატების პირობით.
ამდენად, წარმოდგენილი ხელწერილი არის არა ვალის აღიარების დოკუმენტი, არამედ 2012 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმება, თანხის - 4400 აშშ დოლარის დამატების პირობით. ის, რომ ხელწერილში ნახსენებია 2011 წელი, არ ნიშნავს, თითქოს სახეზეა ორი 2011 და 2012 წლის ხელშეკრულებები. მოპასუხის განარტებით, „2011“ წლის მითითება არის ტექნიკური შეცდომა, რაც სასამართლოს დამაჯერებლად მიაჩნია, რადგან როგორც ხელწერილში, ასევე 2012 წლის 24 თებერვალის ხელშეკრულები საუბარია ბინის გირავნობაზე, რაშიც იგულისხმება ი--- იო----ს კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობა კ---ი თავაძის მიერ. ამასთან, ორივე დოკუმენტში პირველად გადაცემული თანხის ოდენობაა 10000 აშშ დოლარი. თუკი სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გაუგებარია, მაშინ როცა არსებობდა 2011 წლის ხელშეკრულება, რომელიც გაგრძელდა 2014 წლის 10 თებერვალს 2015 წლის 10 თებერვლამდე და გულისხმობდა ქ. ქუთაისში ხ--------ს ქ. 54/18-ში მდებარე ი--- იო----ს კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობას კ---ი თავაძის მიერ, თანხის გადაცემის სანაცვლოდ, რატომ გაფორმდა საჯარო რეესტრში სხვა ხელშეკრულება, იგივე მხარეებს შორის, იმავე პერიოდში (2012 წლის 24 თებერვლიდან 2014 წლის 24 თებერვლამდე), იგივე უძრავი ქონების სარგებლობის თაობაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 10 თებერვალს ი--- იო----მ და კ---ი თა----მ გააგრძელეს 2012 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულება, რა დროსაც დამატებით, მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 4400 აშშ დოლარი, რომელიც 10000 აშშ დოლართან ერთად უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 10 თებერვლამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 361-ე მუხლით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ 2015 წლის 12 იანვარს კ---ი თა----მ და იონგა იო----მ შეწყვიტეს 2012 წლის 24 თებერვალის ხელშეკრულება, მესაკუთრის მიერ იპოთეკარის მიმართ ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების გამო. ამ დოკუმენტში მითითებული არაა, კონკრეტულად რა ოდენობის თანხა მიიღო მოსარჩელემ მოპასუხისაგან, თუმცა ვინაიდან 4400 აშშ დოლარი დამატებული იქნა 10000 აშშ დოლარზე, სწორედ 2012 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში, იგულისხმება, რომ მოპასუხემ სრულად დაფარა დავალიანების თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, კ---ი თა----ს სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1035.50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ვინადაინ სარჩელი არ დაკმაყოფილდა აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, მას მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯი 400 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით ი--- იო----ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით 03.05.01.107..01.018) დადებული ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. კ---ი თავაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. კ---ი თა----ს ი--- იო----ს სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯი 400 ლარის ოდენობით.
4. გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით ი--- იო----ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით 03.05.01.107..01.018) დადებული ყადაღა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი კუპრაძის ქ. N11) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე