გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - თ----- ჩ------ე
წარმომადგენელი - მ----- რ-----–--–---–ი
მოპასუხე - ო----- მე----–-–---–ი
წარმომადგენელი - თ-- კ-----------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ო----- მე----–-–---–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3--- აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება;
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის დასაწყისში ცოლად მოიყვანა ლ--–ა მე----–-–---–ი. მეუღლის მშობლებმა შესთავაზეს საცხოვრებლად მათ საკუთრებაში არსებულ ბინაში გადასვლა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული 3--- აშშ დოლარად. მას უნდა გაესტუმრებინა იპოთეკარი, გაერემონტებინა ბინა, რის შემდგომაც მეუღლის მშობლები მასზე გადააფორმებდნენ ბინას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მიიღო ეს წინადადება, გაყიდა მის საკუთრებაში არსებული ბინა გ-–----ში, გააკეთა რემონტი მეუღლის მშობლების ბინაში, ასევე გაისტუმრა იპოთეკარის 3--- აშშ დოლარი. რვა თვის შემდგომ ურთიერთობა მეუღლესთან და მის მშობლებთან დაეძაბა, რის გამოც წამოვიდა მათი ბინიდან და მოსთხოვა ო----- მე----–-–---–ს 3--- აშშ დოლარის დაბრუნება, რაზედაც მიიღო უარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2012 წლის 29 ნოემბერს ნ---- დ-------–---–სა და ო----- მ--------–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ო----- მ--------–---–მა ნ---- დ-------–---–ისაგან ისესხა 3--- აშშ დოლარი 18 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ო----- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ქ. ქ----ს კ------ა #2.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22).
3.1.2. ნ---- დ-------–---–სა და ო----- მ--------–---–ს შორის 2014 წლის 19 მაისის შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა 2012 წლის 29 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება (ს.ფ. 23-24).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ნ---- დ-------–---–ისათვის ო----- მ--------–---–ის ვალის - 3--- აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოსარჩელის განმარტებით, გამსესხებელს ნ---- დ-------–---–ს ო----- მ--------–---–ის ნაცვლად გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხა 3--- აშშ დოლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელწერილი, სადაც ნ---- დ-------–---–ი მიუთითებს, რომ თ----- ჩ------ემ გაუსტუმრა 3--- აშშ დოლარი ო----- მ--------–---–ის უძრავი ქონების იპოთეკის გასაუქმებლად (იხ. ს.ფ. 25-26). მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა აღნიშნული გარემოება და თავის მხრივ წარმოადგინა ნ---- დ-------–---–ის 2016 წლის 13 დეკემბრის ხელწერილი, სადაც ნ---- დ-------–---–ი განმარტავს, რომ ო----- მ--------–---–მა დაუბრუნა 3--- აშშ დოლარი. ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ნ---- დ-------–---–ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს მისი 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელწერილის გაუქმებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ნ---- დ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ თანხა გადაუხადა ო----- მ--------–---–მა, ხოლო 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელწერილი დაწერა გაუაზრებლად თ----- ჩ------ის თხოვნით (იხ. 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე მოწმის ჩვენება და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მოპასუხის ვალის გასტუმრებას.
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ თ----- ჩ------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 385-ე, 986-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად - პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ვალი და იგი არა მოვალემ არამედ მესამე პირმა გაისტუმრა.
კერძო სამართალში დამკვიდრებული პრინციპის თანახმად, არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს შესაბამისი საფუძვლის გარეშე. ზემოხსენებული ნორმა, უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც არეგულირებს სამი პირის ურთიერთობას. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირი არ არის შებოჭილი კრედიტორის მიმართ არანაირი ვალდებულებით. შესაბამისად, მისი შესრულება არ ეფუძნება სამართლებრივ საფუძველს. კანონმდებელი უკუმოთხოვნის უფლებას ანიჭებს ვალდებულების შემსრულებელს, ამ შესრულებით გამდიდრებული პირისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ საფუძვლის გარეშე გამდიდრება მოიცავს, როგორც ვითომ-კრედიტორის ქონებრივი აქტივის გაზრდას, ისე - მის მიერ სხვა პირის ხარჯზე ქონების დაზოგვას. შესაბამისად, სსკ-ის 986-ე მუხლის შინაარსი შეიცავს ზოგადად უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელ კონსტრუქციას, სადაც მესამე პირის მოქმედება იწვევს სხვა პირის გამდიდრებას, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამგვარ ვითარებაში,შემძენი ვალდებულია დააბრუნოს მის მიერ მიღებული სიკეთე, მიუხედავად იმისა, თუ ვისმა ქმედებამ გამოიწვია მისი გამდიდრება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ვალის გასტუმრების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს სსკ 986-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი შემადგენლოობა, რის გამოც სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში ღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნვლეყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----- ჩ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე