გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210017002196312
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/33511-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე დ------ კ---------ი

წარმომადგენელი ლ------–-–---–ი

მოპასუხე ი--- ბ--------–--ე

წარმომადგენელი ა------ ბ---------–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2011 წლის 18 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაუქმდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ N0---------------------- მოპასუხე ი--- ბ--------–--ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2011 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დ------ კ---------მა მოპასუხე ი--- ბ--------–--ისაგან სარგებლიანი სესხის საფუძველზე ისესხა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ------–---- ი----- გ-------ს ქ.N--, ბინა N--. შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელე 2014 წლის მაისამდე იხდიდა სარგებელს, რა პერიოდშიც სრულად მოხდა ვალდებულების შესრულება, თუმცა მოპასუხე დღემდე არ ხნის იპოთეკას უძრავ ქონებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების კაბალური პირობების მიუხედავად, მოხდა ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, ამასთან, გასულია ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადაც და მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ არის ხანდაზმული, შესაბამისად, იპოთეკისგან უნდა გათავისუფლდეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იქნეს მოსარჩელეზე აღრიცხული.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ მისი მხრიდან მოპასუხის მიმართ არსებული ვალდებულება პირნათლად სრულდებოდა იმ პერიოდშიც კი, როდესაც იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, რა დროსაც მოპასუხეზე გადასაცემი თანხები მის შვილს - მ---–----- კ------- მიჰქონდა და აღნიშნულზე მოპასუხე ხელწერილსაც კი უწერდა. ხოლო რაც შეეხება მის დაკავებამდე თავად მის მიერ გადახდილ თანხებს, აღნიშნული შეადგენს სამჯერ გადახდილ 450 აშშ დოლარსა და საშუამავლო გადასახადს - 600 აშშ დოლარს, რაზეც არ აქვს მოპასუხის ხელწერილები, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხეზე ჯამურად გადახდილი აქვს 21000 აშშ დოლარი იმ თანხის ჩათვლით, რაზეც წარმოდგენილია ხელწერილები და იმ თანხის ჩათვლითაც, რაზეც ხელწერილები არ გააჩნია, რის გამოც მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მისი მხრიდან ვალდებულება სრულად შესრულებულია და იპოთეკისგან უნდა გათავისუფლდეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი--- ბ--------–--ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, იგი სარჩელს არ სცნობდა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მის წინაშე არსებული ვალდებულებები სრულად არ ყოფილა შესრულებული. მართალია იგი, როგორც კრედიტორი და იპოთეკარი, სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელწერილებს თანხის გადაცემასთან დაკავშირებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დ------ კ---------ს არ აქვს სრულად შესრულებული ვალდებულება, მან მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხვნით სწორედ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე 4 დღით ადრე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ კრედირტორის მოთხვნა იყო ხანდაზმული, არის უსაფუძვლო, შესაბამისად მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2011 წლის 18 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ი--- ბ--------–--ემ მოსარჩელე დ------ კ---------ს 3%-იანი სარგებლით ასესხა 15 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით - 2011 წლის 18 ნოემბრამდე ვადით. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფა მოხდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე ქ------–---- ი----- გ-------ს ქ.N--, ბინა N--.

 

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

 

2016 წლის 03 სექტემბრის მოანაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იქნა ი--- ბ--------–--ის იპოთეკით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 18 აგვიტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-16)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2012 წლის 31 იანვრის ხელწერილის თანახმად, მოსარჩელის შვილმა - მ---–----- კ---------მა მოპასუხე ი--- ბ--------–--ეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელზე გადასცა 3 000 აშშ დოლარი ძირი თანხის - 15 000 აშშ დოლარის შემცირების მიზნით და პროცენტი სამნახევარი თვის - 1500 აშშ დოლარის ოდენობით, რის შესაბამისადაც დ------ კ---------ს გადასახდელი რჩებოდა მხოლოდ 12 000 აშშ დოლარი. ამავე ხელწერილში გაკეთდა მინაწერი, რომ მოპასუხე ი--- ბ--------–--ე თანახმა იყო აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება კიდევ გაგრძელებულიყო 6 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 31 იანვრის ხელწერილი (ს.ფ. 19)

 

4.3. წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით (თარიღი უცნობია), ი--- ბ--------–--ის მიერ მითითებულია, რომ აგვისტოს თვიდან მოსარჩელეს მოსაცემი ჰქონდა 8000 აშშ დოლარი, ხოლო 3 პროცენტი კი - 500 აშშ დოლარი, 150 აშშ დოლარი და 150 აშშ დოლარი კი გადახდილი აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 20)

4.4. 2012 წლის 28 თებერვლის ხელწერილის მიხედვით კი, ი--- ბ--------–--ემ მოსარჩელის შვილსაგან - მ---–----- კ---------ისაგან მიიღო 12 000 აშშ დოლარის თებერვლის თვის 3% - 360 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 28 თებერვლის ხელწერილი (ს.ფ. 22)

4.5. 2012 წლის 31 ივლისის ხელწერილის მიხედვით კი, ი--- ბ--------–--ემ მოსარჩელისაგან აიღო 12 000 აშშ დოლარი ძირი თანხიდან 4 000 აშშ დოლარი და შესაბამისად, ძირი თანხა გადასახდელი დარჩა 8000 აშშ დოლარი მოსარჩელეს, თუმცა მოპასუხემ იქვე მიაწერა, რომ მას ასაღები ჰქონდა 12 000 აშშ დოლარის პროცენტი 5 თვისა, რაც შეადგენდა 1800 აშშ დოლარს.

 

იგივე შინაარსისაა ხელწერილი, რომელზეც თარიღი მითითებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 31 ივლისის ხელწერილი (ს.ფ. 21)

- ხელწერილი (ს.ფ. 23)

 

4.6. 2013 წლის 25 ივლისის ხელწერილის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 2000 აშშ დოლარი ძირი თანხის დაფარვის მიზნით, რის შედეგადაც ძირი თანხა დარჩა 6000 აშშ დოლარი და ასევე ძველი პროცენტები.

 

ამავე ხელწერილში მიწერილია, რომ 2013 წლის 01 აგვისტოს მოსარჩელეს დარჩა 6000 აშშ დოლარი და 3 პროცენტი 180 აშშ დოლარი.

 

2013 წლის 25 ივლისით დათარიღებულ კიდევ ერთ მინაწერში და მითითებულია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან ჩაიბარა 1000 აშშ დოლარი დარჩენილი 6000 აშშ დოლარი ძირი თანხიდან და ძირი თანხა გადასახდელი დარჩა 5000 აშშ დოლარი, ასევე ძველი დავალიანება პროცენტები 5000 აშშ დოლარი - 3 პროცენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 31 ივლისის ხელწერილი (ს.ფ. 21)

- ხელწერილი (ს.ფ. 23)

4.7. 2013 წლის 25 დეკემბრის ხელწერილის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 1000 აშშ დოლარი ძირი თანხის დაფარვის მიზნით, რა დროსაც მას გადასახდელი დარჩა 4000 აშშ დოლარი და „პროცენტი 5000$ 3% პროცენტი“.

 

ამავე ხელწერილის მორე მინაწერის საფუძველზე კი, 2014 წლის 27 აპრილს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ჩაიბარა 1000 აშშ დოლარი დარჩენილი 4000 აშშ დოლარიდან და „დარჩა 3000$ ძირი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 25 დეკემბრისა და 2014 წლის 27 აპრილის ხელწერილები (ს.ფ. 25)

4.8. 2014 წლის 14 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ი--- ბ--------–--ემ 2011 წლის 18 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით მიმართ ნოტრიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რაც ნოტარიუსის მიერ დაკმაყოფილდა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ მიეთითა დ------ კ---------ი, ხოლო კრედიტორად კი ი--- ბ--------–--ე.

 

მხარეთა განმარტებით, აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი დღემდე არ არის აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 14 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 43-45)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ------ კ---------ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამევე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

 

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2011 წლის 18 აგვისტოს სამი თვის ვადით დაიდო სესხის ხელშეკრულება 15 000 აშშ დოლარზე ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიჩნია, რომ 2012 წლის 31იანვრის ხელწერილი ვერ მიიჩნევა 2011 წლის 18 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაგრძელებად. შესაბამისად, 2011 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულება ამოიწურა ვადის გასვლის გამო 2011 წლის 18 ნოემბერს. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 31 იანვრის ხელწერილით გადახდილია სამნახევარი თვის სარგებელი 1500 აშშ დოლარის ოდენობით ეს მაშინ, როდესაც ხელშეკრულება სულ სამთვიანი იყო, შესაბამისად, სასამართლოს მისჩნია, რომ 2011 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 თავიანი სარგებელი დ------ კირისკიდის მიერ სრულად გადახდილია, რაც შეადგენს 1350 აშშ დოლარს, ამდენად, გადახდილი 1500 აშშ დოლარიდან დარჩენილი 150 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს ძირი თანხის დაფარვაში, ისევე როგორც ამავე ხელწერილში მითითებული 3000 აშშ დოლარი. ამასთან, ვინაიდან 2012 წლის 31 ივლისს კვლავ გადახდილია 4000 აშშ დოლარი ძირი თანხის დაფარვის მიზნით, შესაბამისად, 15000 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 150 აშშ დოლარი, 3000 აშშ დოლარი და 4000 აშშ დოლარი. ასევე ძირი თანხის დაფარვაში უნდა ჩაითვალოს 2012 წლის 28 თებერვლის ხელწერილში მითითებული თანხა 360 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე ე.წ. 3 თვის სარგებელი, რაც მითითებულია ხელწერილში (თარიღი უცნობია) (ს.ფ. 20), რაც შეადგენს 500 აშშ დოლარს, 150 აშშ დოლარსა და 150 აშშ დოლარს.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 25 ივლისის ხელწერილი, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 2000 აშშ დოლარი და 1000 აშშ დოლარი ძირი თანხის დაფარვის მიზნით.

 

2013 წლის 25 დეკემბრის ხელწერილის თანახმად კი, მოსარჩელემ მოპასუხეს კიდევ გადაუხადა 1000 აშშ დოლარი, ასევე 2014 წლის 27 აპრილს - 1000 აშშ დოლარი ძირი თანხის დაფარვის მიზნით.

 

ამდენად, საქმეში არსებული ყველა ხელწერილში არსებული თანხების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მოპასუხეზე გადაცემული თანხებიდან 1350 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს თავდაპირველი - 15 000 აშშ დოლარის 3% ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 3 თვიან ვადაზე, ხოლო დანარჩენი თანხები კი უნდა გამოაკლდეს მხოლოდ ძირ თანხას 13650 აშშ დოლარს, კერძოდ, 10310 აშშ დოლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი, როგორც თავად უთითებს, მის მიერ სამჯერ გადახდილი 450 აშშ დოლარი და 600 აშშ დოლარის დამადასტურებელი გადახდების მტკიცებულებები, რასაც არ ეთანხმება და არ სცნობს მოპასუხე ი--- ბ--------–--ე, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ნაწილში მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას ვერ გაიზიარებს.

 

7.2. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუზველზე, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია 2011 წელს 3 თვის ვადით და მოსარჩელეს მოპასუხის წინაშე ვალდებულების შესრულება ბოლოჯერ განხორციელდა 2014 წლის 27 აპრილს, თუმცა 2014 წლის 14 ნოემბერს ი--- ბ--------–--ის მიმართვის შედეგად ნოტარიუსის მიერ 2011 წლის 18 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უკვე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. მართალია, როგორც თავად მოპასუხე მხარემ განაცხადა, ამჟამად მათ აღსრულებაზე მიმართული არ აქვთ, თუმცა კრედიტორს აღსრულებისთვის აქვს 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, კრედირტორის მიერ თავისი უფლების გამოყენებით - სააღსრულებო ფურცლის აღებით მის მიერ არ ყოფილა დარღვეული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის, როგორც კრედიტორის, მოთხოვნები მოვალის ანუ მოსარჩელის მიმართ ამჟამად არ არის ხანდაზმული და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი კი სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არც მოპასუხეს ეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელისა თუ სახელმწიფოს მიმართ. ამდენად, საქმის წარმოების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ------ კ---------ის სარჩელი მოპასუხე ი--- ბ--------–--ის მიმართ 2011 წლის 18 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე იპოთეკის გაუქმების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

2. ორივე მხარე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე